"ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, როგორც პრემიერმა განაცხადა და მეც ასე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ქვეყნისთვის ენერგეტიკული სექტორის განვითარება და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვაა. ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. იმაზე დიდი ბედნიერება, როცა არავისზე ხარ დამოკიდებული, ქვეყნისთვის რა არის? როცა ენერგორესურსებს შენ თვითონ ფლობ და ხელგაწვდილი არ ხარ ვინმეს წინაშე. მითუმეტეს, როცა ქვეყანას პრობლემა არ ექნება ენერგომატარებლებზე, ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. " _ აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხუდონჰესის პროექტზე.
"სამეგრელო ზემო-სვანეთში დაგეგმილია ერთ-ერთი უსერიოზულესი პროექტის, ხუდონჰესის აშენება, რომელსაც მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მხარს ვუჭერ. თქვენ დასაქმების საკითხი ახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ ამ პროექტის განხორციელებით ათასობით ადამიანი დასაქმდება და ათასობით ოჯახი ამოისუნთქავს. ეს უბრალო პროექტი ხომ არ არის. 7 წლიანი ციკლის პროექტია და ამ ხნის განმავლობაში რამდენი ადამიანი ამოისუნთქავს, აბა თქვენ თვითონ დათვალეთ. 4000 ადამიანზეა საუბარი და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადგილობრივები, დასაქმდებიან ახალგაზრდები." _ განაცხადა ლევან შონიამ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს იმის უნარი, აუხსნას სვანეთის მოსახლეობას რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი
"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათთვისაც, ადგილობრივებისთვისაც. მათ ხომ შვილები, შვილიშვილები ჰყავთ და ნორმალურად ცხოვრება უნდათ. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა და გაურკვევლობა არ დარჩეს ამ საკითხის ირგვლივ. თანაც, ეს ხომ მხოლოდ სამეგრელოსთვის არ არის? მთელი ქვეყნისთვისაა. ეს არის ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი."