9 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სრულიად უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, რომ, თითქოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მხარს უჭერს ქურდულ სამყაროს და თითქოს ციხეში კრიმინალური სამყაროს გავლენა გაიზარდა.
კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკა რომ არ გადაიხედება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მტკიცე პოზიცია მრავალჯერ დააფიქსირა, ეს ასევე ძალიან მკაფიოდ დაადასტურა თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ვერავითარი წინააღმდეგობა და ინსინუაციები ამ მიდგომას ვერ შეცვლის.
რაც შეეხება, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების უსაფუძვლო და აზრს მოკლებულ განცხადებებს, გვსურს, შევახსენოთ მათ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება წინა ხელისუფლების მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ქურდული სამყაროს ე.წ. „ავტორეტეტებთან“. აღნიშნული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთდროულად, ერთი ან რამდენიმე დღით გადაჰყავდათ დაწესებულებიდან დაწესებულებაში და მათ ერთმანეთს ახვედრებდნენ. პარალელურად, მათთან შეხვედრის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე ერთი დღით გადმოჰყავდათ ე.წ. „მაყურებლები“. სწორედ კრიმინალური სამყაროს დახმარებით იმართებოდა სასჯელაღსრულების სისტემა და მართვის ეს მეთოდი, ძალადობასთან ერთად, მთავარ ადგილს იკავებდა პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ე.წ. „ავტორიტეტების“ სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენ შეგნებულად არ ვუთითებთ მათ მაიდენტიფიცირებელ არც ერთ დეტალს.
მაგალითად, 2011 წლის 18 თებერვალს N7 დაწესებულებიდან ორი ე.წ. „ავტორიტეტი“ გადაიყვანეს ჯერ N18, მოგვიანებით კი N6 დაწესებულებაში, სადაც ისინი 21 თებერვლამდე გააჩერეს. 21 თებერვალს მსჯავრდებულები N6 დაწესებულებიდან კვლავ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს.
იმავე სქემით, 2 მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის მუხლით იხდის, 2010 წლის 21 ივნისს N7 დაწესებულებიდან N6-ში გადაიყვანეს და იმავე დღეს ისევ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს.
ამ გადაყვანების მიზანი ერთ შემთხვევაში მოშიმშილე მსჯავრდებულების დამშვიდება და რეჟიმის აღდგენა იყო, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტისთვის დაწესებულებაში კიდევ სამი ე.წ. “ავტორიტეტის” შეყვანა გახდა საჭირო. მეორე შემთხვევაში რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი და ე.წ. „მაყურებელი“ შეახვედრეს ერთმანეთს, რათა ციხეები მათი გავლენის დახმარებით ემართათ.
დაწესებულებიდან დაწესებულებაში მსჯავრდებულების რამდენიმედღიანი გადაყვანა, თუ გავითვალისწინებთ თარიღებისა და დაწესებულებების დამთხვევას, გულისხმობს იმას, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელობა ხელს უწყობდა კრიმინალების შეხვედრას და ე.წ. „გარჩევების“ ორგანიზებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ეს დანაშაულებრივი ქმედება ვერ იქნებოდა მხოლოდ მათ ინიციატივაზე დაფუძნებული, რომ არა უმაღლესი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილება.