ნაცმოძრაობის წევრები ედპ-ს ლიდერის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან. მათ თვალში არ მოსდიოდათ სარიშვილი-ჟვანიას დაახლოება. ამიტომ მისი საქციელი სრულიად ბუნებრივად მიიღეს. „ალიას“ დავით ბერძენიშვილი ესაუბრება.
- ედპ-ს ლიდერის აღმოჩენა შევარდნაძის ბლოკში ჩემთვის სრულიად ნათელი იყო. ამ პარტიას დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს. ამიტომ პარტიული წარმომადგენლობის პარლამენტში გასაყვანად ედპ სახელისუფლებო გუნდს შეეკრა. ამ პარტიამ საკუთარ პერსპექტივებზე იზრუნა, მეტი არაფერი. ამ მხრივ, ყველაზე ნაკლები პრობლემა მას სახელისუფლებო გუნდთან ექნებოდა.
რატომ არ გამოინახა საშუალება, რომ ედპ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ყოფილიყო?
- ეს ჟვანიას უნდა ჰკითხოთ. იმიტომ, რომ ედპ-ს მოლაპარაკებები ჰქონდა „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ და არა ჩვენთან.
სარიშვილის თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ „გაერთიანებული დემოკრატებისათვის“ მისაღები გახდა “თეზი“...
- ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება.
თქვენ და „გაერთიანებული დემოკრატებიც“ ხომ არ დაუპირისპირდებით ერთმანეთს „თეზის“ გამო?
- ჩვენი პოზიცია ეკონომიკურ ზონებთან მიმართებაში მკაფიო და მკვეთრად ნეგატიურია. ჩვენ ვცნობთ ყველა პარტიის უფლებას განსხვავებულ პოლიტიკურ ტაქტიკაზე, მაგრამ მაინც დიდი პრობლემა შეიქმნებოდა ჩვენს შორის სპეციალური ეკონომიკური ზონის კანონად ცნობის შემთხვევაში. საბედნიეროდ, არანაირად არ მოხდება თავისუფალი ეკონომიკური ზონის კანონად ქცევა. ჟვანიას ფრაქციის ხმები ამას არ ეყოფა.
რამდენადაც ვიცი, ნაცმოძრაობის წევრების უსიამოვნება გამოიწვია პატარკაციშვილის აღიარებამ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მხარს უჭერს დათო გამყრელიძეს და ზურაბ ჟვანიას.
- ეს ყველაფერი აღვიქვით მშვიდად და წყნარად. იმიტომ, რომ პატარკაციშვილმა მეორე დღესვე დაუდასტურა შევარდნაძეს თავისი ლოიალობა. რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას პატარკაციშვილის განცხადებას არ ვანიჭებთ. ბატონმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს ამას ანტირეკლამად. არ ვთვლით, რომ რაიმე აზრის გამოთქმა განმსაზღვრელია ჩვენი ურთიერთობისთვის. პატარკაციშვილის, ჟვანიას და ბარამიძის ნათქვამი ფრაზები ერთმანეთის შესახებ არ არის ჩვენთვის არსებითი. ჩვენს ერთიანობას ამით საფრთხე არ დაემუქრება.