საქართველოს ერთიანი ნაცმოძური პოლიტბიურო იუწყება, რომ 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, როცა მთელი ქართველი ხალხი თავის წილხვედრ ღვთისმშობელს მისი წილხვედრი ქვეყნის გადარჩენას, აყვავებას და დიადი ნაცმოძური პარტიის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ შემდგომ გამდგრადებას და მეტ სარგებელს ევედრებოდა, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა, გარედან ადრე თვალებში ჩახედილი მოღალატე პუწინის, და შიგნიდან – ადრე ნდობით აღჭურვილი მილიარდერის ქურქში გახვეული ოლიგარქის ბორის ივანიშვილის, – თამადობით ისევ ვერაგად შემოუტიეს ჩამოუშლელ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის სიმბოლოს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – მსხ (მეტი სარგებელი ხალხს!)!
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მმართველმა და ბრძენმა ძალამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დადებულიყო ერთიანი ნაცმოძების დეპუტატთა კანდიდატების ყოვლისწამლეკი სია, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა ჩატარებულიყო ჰაერიდან ავია და კოსმოსური დაკვირვება 11 ქართულ ქალაქში ნაცმოძური მობილიზაციის აღლუმზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო აუდიტის სამსახურმა ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლის და ერის ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ერის უპირველესი სატრაპის სტატუსი მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიაგნო თავის ყველაზე განმაცვიფრებელ სტატუსს – მსხ-ს, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ახალი ნავსაყუდელი დაიდო ერის სინდისის დასაყუდებლად, და როდესაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყო მეათმემილიონე ტურისტი ვგკ ვვს (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი – ვინმე ვლადიმერ სოკორი), ქვეყნის მტრებმა მოსალოდნელად მოულოდნელი ლახვარი ჩასცეს ჩვენს დემოკრატიას!
მაგრამ – ნურას უკაცრავად!
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ბორის ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა: ხარება მ.-მ, გოგია უ.-მ, ბეემვე ხ-მ, კოჭოია ჭ.-მ და კლარა ყ.-მ გაითამაშეს საკუთარი გატაცების ინსცენირება. ეჭვი რომ არავის შეპარვოდა, ისინი გავიდნენ კახეთის ტყეებში და საეჭვოდ დიდხანს დუმდნენ. შემდეგ მათ განახორციელეს თვითგაკოჭვა (გაზპრომის აგენტის, ცნობილი ინგლისელი ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის მეთოდიკით) და მოახდინეს თავისი ადგილსამყოფელის ესემესირება შსს ოპერატიული მუშაკის, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ენვერ ქიბროწ…-ლის მობილურზე. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ გაეტყუებინათ ქვეყნის ყველა ქვეითთა ბრიგადები, სატანკო-მოტორიზებული კოლონები და არტილერია ლოპოტას ხეობაში, გაეშიშვლებინათ ქვეყნის ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები და მიეცათ გავეშებული მტრისათვის ქვეყნის ჯერგადაუცემელი ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი შანსი!
მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ – ნურას უკაცრავად!
ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერშიფმა და ერის უცვლელმა მესაჭემ (დღეგრძელი იყოს დიდი პრაპორშჩიკი!) მყისვე გაშიფრეს მტრის ვერაგული გეგმები და კოვზი ნაცარში ჩაუგდეს (მსხ!)
კახეთის სოფელ ლაფანყურაში იქნა შეყვანილი საპოლიციო ნაწილები ქვეყნის აწმთავარი პოლიციელის და ადრე – თავდაცვის მინისტრის, სწორუპოვარი ახალაიას ხაზის არქიტექტორის, ქვეყნის ახალი ხერხემლის – ბაჩანა როლანდოვიჩ ახალაიას მენეჯმენტით! პოლიციური, საციხო, უფლებადამცავი, სადისტური და თავდაცვითი უნარ-ჩვევების უზადო პროპორციამ განაპირობა ჩამოუშლელი ტაქტიკა – მტრის პიკაპური დევნის და მოწინააღმდეგეზე წერტილოვან-დეფისური საავიაციო დარტყმების კომბინირებით. ტანკების ნაცვლად შეყვანილი იქნა მფრინავი ტანკები, რომლებიც აუწერელ ზარალს აყენებენ ლაფანყურაში გამაგრებულ სადივერსიო ნინძიათა რაზმეულს და მტრისგან იცავენ ლოპოტის დამსვენებლებს – თან ისე აკეთებენ ამას, რომ ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ სპეცნაზელებს არ ავიწყდებათ ღიმილით ნომერში საუზმედ მიართვან ნანატრი ბეკონი და ორანჯჯუსი! რაზეც ტურისტების ასევე ღიმილიან გაგებას იმსახურებენ ხურდაში (მსტ! – მეტი სარგებელი ტურისტებს!)
ამავდროულად კახეთის კუდი, სოდი, მოდი, წადი და ჩფწ („ჩემს ფეხებს წავალ!“) დანაყოფები ატარებენ საძიებო-ოპერატიულ-ენისგამხსნელ-აღიარებაამოგლეჯვით სამუშაოებს ზემოთ დასახელებულ დაკავებულებთან, რამაც უკვე გამოიღო ნაყოფი – უკვე 2-მა პირმა აღიარა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ მთელი ოპერაციის დაგეგმვა, დაფინანსება და იდეოლოგიურ-ლობისტური მხარდაჭერა განხორციელდა ბორის ივანიშვილის მიერ და მისი პოლიტიკური ალიანსის ადამიანური რესურსების გამოყენებით! ამასვე ემსახურებოდა ბერა ივანიშვილის კონცერტები, სადაც მაყურებელს ჩუმად დაურიგებდნენ პარაშუტებს, რომლებიც გაშლის შემდეგ სატელიტურ თეფშებად გადაიქცეოდნენ (პარაშუტულ-თეფშური მოსყიდვის მერამდენე მცდელობა!)
საქართველოს უშიშროების საბჭოს და მისი ქორების მიერ განხორციელდა ოპერატიული გეგმა ენვერი-DDD გეგმის ამოქმედება:
საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მიეცა დავალება ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით მოახდინონ მტრის დისკრედიტაცია
სტუდენტ გვარამიას მიეცა დავალება სასწრაფოდ დაასრულოს მუშაობა სცენარზე „ოქტომბრიდან – ოქტომბრამდე“.
საქართველოს უდიდეს ალპინისტ პარლამენტარს მიეცა დავალება შეავსოს სალუსტრაციო ცხრილი წინასწარ შეთანხმებული კანდიდატურებით.
ბატონ გიგა ნასარიძის ორგანიზაციას მიეცა დავალება საკუთარი და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყოველ 10 მეტრში ჩაასონ პალოები „საქართველო არ იყიდება!“, გარდა შემდეგი ობიექტების ტერიტორიებისა: „ენგურჰესი“, „თელასი“, „მადნეული“, „თბილისის წყალი“, თბილისის რკინიგზა და საქართველოს კანცელარია.
დაინიშნოს სამარშრუტო ხაზები ლაფანყური-გორის ჰოსპიტალი, რომელზეც მარშრუტირება განახორციელონ სასწრაფო დახმარების მიკროავტობუსებმა ჩართული სირენებით და ბანერებით – „მსხ!“ „N5“ „მსხ!“. ფანჯრებზე განთავსდეს სისხლიანი ხელების ანაბეჭდები! აღნიშნული ტრანსპორტით რეგიონიდან სასწრაფოდ გამოყვანილ იქნას 105 წელზე მეტი ხნის ნებისმიერი ქალბატონი და ჩატარდეს მათი გინეკოლოგიური ექსპერტიზა საჭირო მტკიცებულებების მისაღებად.
ქვეყნის ყველა სამხედრო და არასამხედრო ჰოსპიტლის სახურავზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში სამდეიცინო თუ არასამედიცინო ვერტმფრენების აფრენა თუ დაფრენა, იქედან შავ ნაჭერში გახვეული პარალელეპიპედის ფორმის საგნების გატანა-შემოტანით. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს ჩვეულებრივი და გამართული – „მიმართეთ პრეს-ცენტრს!“
მოხდეს საპრეზიდენტო სასახლიდან ცხრა დაბურულმინებიანი ლიმუზინის ერთდროული გამოსვლა და ქვეყნის ცხრა კუთხეში გადანაწილება მტრის კვალის დასაბნევად.
მოხდეს მეტეოსამსახურის სრული და საყოველთაო მობილიზაცია მოღრუბლული ცის უზრუნველსაყოფად.
მომზადდეს ჯაჭვი საქართველო იმ 11 ქალაქში, სადაც უნდა ჩატარებულიყო საარჩევნო დემონსტრაციები. საქართველოს მთელს ტერიტორიას გადაეფაროს თალხი ზეწარი, რომლის შეკერვა დაევალოს ლაურა ღაჭავას გაკოტრებულ ფირმას.
მომზადდეს ნიადაგი საარჩევნო დამკვირვებლების სასწრაფო იძულებითი ევაკუაციისათვის. ვინც უარს განაცხადებს, ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, რომ შედეგებზე თავად იღებს პასუხისმგებლობას და რომ გადასვენების ხარჯების დაფარვაზე პრეტენზია არ გააჩნია!
გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა
პრეზიდენტი გადადგეს გენერალსიმუსად და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოვდეს ყველასათვის. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს პლასტიკური ოპერაცია ყველაფრის შეცვლით (მგზნებარების გარდა!).
არჩევნები გადატანილ იქნას…
სადღეისოდ მთელი საერთაშორისო მედია მხარს უჭერს საქართველოს მარადჩამოუშლელი გმირული მთავრობის თავგანწირულ ბრძოლას ურიცხვი და გათავხედებული მტრის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პოლკოვნიკმა მაკკეინმა უკვე გამოთქვა სურვილი უხელმძღვანელოს მოიერიშეთა ავიარაზმს.
ჩვენთან არს კალისტრატე!
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
საქართველოს მთავრობა იქცა მსოფლიო მასშტაბის კლოუნად, რომელიც კოლუნადაში ისეთ საშიშ სათამაშოებს იყენებს, როგორიცაა ვერტმფრენები, ბომბები, და სამხედრო ძალა… და ნამდვილ ადამიანებს აკისრებს ჭანჭიკების და სათამაშო სამიზნეების როლს… დააკვირდით, ნაციონალური არხები ჯერჯერობით არ აქტიურობენ ამ ყველაფრის გაშუქებაში. მათ უნდათ ჯერ პანიკა დათესონ და მერე პანიკით მოცული ხალხი ანახონ საქართველოსაც და მსოფლიოსაც!.. ძალიან დიდია ფსონი… ძალიან ბევრს კარგავდნენ აქამდე, ხოლო ახლა, თუ მათ თამაშს არ ავყვებით და მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს რა მასშტაბის „ორსონ უელსთან“ აქვს საქმე, ბევრს კი არა, ყველაფერს დაკარგავს, ვინძლო პლასტიკურმა ოპერაციამაც აღარ უშველოს! ამიტომაა, რომ მათ სპექტაკლში ჩაბმული სტატისტებიც ძალიან ნერვიულობენ და სახეებს მალავენ! იციან, რომ გიჟის პროვოკაციაში მონაწილეობა ძალიან სახიფათოა, იმის გარანტიაც არ გაქვს, რომ გადარჩები და არ გაგასაღებენ, როგორც თანამზრახველს, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცის და არც იმის, თავს სხვისი სიგიჟით გაიმართლებ – ხომ გეტყვიან, კი მაგრამ შენც გიჟი ხომ არ იყავიო?!
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქამდე მკაცრ იზოლაციაში ჰყავთ ის პირები, რომელთა „განსათავისუფლებლად“ დაიწყო ვითომ ეს გიგანტური სპეცოპერაცია! მათ არავისთან არ აკონტაქტებენ! სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა მიდის, რომ რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალა მოიპოვონ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე. ასევე უცნაურია, რომ არ გვაჩვენებენ დაჭრილებს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სადღაც მიიყვანეს დაჭრილები, მაგრამ ექიმები ამის შესახებ ჟურნალისტებისგან იგებენ… ხურჩის დროსაც „დაიჭრა: ერთი ქალი, რომელიც კვნესოდა და მეგრულად იძახდა, რა ვიცოდი, თუ მართლა დავიჭრებოდი, რატომ არაფერი მითხარითო!“
მართალი გითხრათ, რაღაც მსგავს მოდელირებას ველოდი, თუმცა არა ასე მასშტაბურს, და თანაც - უფრო ზუგდიდთან. არაა გამორიცხული, ეს გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდეს და მთავარი სპექტაკლი მაინც სამეგრელოში დადგან. განმუხური და ხურჩა ძალიან კარგად „გამოუვიდათ“…
განმუხური… ხურჩა… ლაფანყურა… „7 ნოემბრის გადატრიალების მცდელობა“… პატარკაციშვილის „შეთქმულება“… „მუხროვანის ბუნტი“… „მოდელირებული ქრონიკა“… კოჭოიები… ენვერები… ბომბებიანი ტუშონკები… „იმედის“ განადგურების მცდელობები… ამერიკის საელჩოს აფეთქებები… კოჭოიები… კოჭოიები… რამპა… ცუმპა… რამპა…
ნუთუ განვითარებული მსოფლიო ახლაც ვერ ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი სულ სხვა „თეატრშია“?