გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიიდან, სადაც ჯაბა იოსელიანის მრავალტომიანი საქმე ინახება, ერთი ტომი მოიპარეს.
მომხდარს მთაწმინდის რაიონის მოსამართლის, სერგო ლომსაძის დაკავების ფაქტს უკავშირებენ.
დაკარგული ტომი ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი, თუმცა არსებული ასლებით, დანაკარგი აღდგენილია. შექმნილი სიტუაცია თანამშრომლებს შორის და, საერთოდ უზენაეს სასამართლოში დაძაბულ სიტუაციას შეიძლება მივაწეროთ. თუმცა ამით იოსელიანის მომავალ სასამართლო პროცესს არაფერი დაშავებია.
არაოფიციალური მონაცემებით, ქურდობაში შინაურის ხელი უნდა ერიოს. თუ ამას პატიმრის გაქცევის ფაქტს მიუმატებთ, გამოდის, რომ უზენაეს სასამართლოში ყველაფერი წესრიგში ვერ უნდა იყოს. რაც შეიძლება მოსამართლე ლომსაძის დაკავების ნებართვას, მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმი ყიფიანმა მოაწერა ხელი, რადგან თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
არაოფიციალური მონაცემებით, ნებართვაზე ხელის მოწერამდე ყიფიანი უგრეხელიძეს დაუკავშირდა, მიიღო თუ არა მისგან პასუხი - დააკავეთო, მოაწერა ხელი და მოსამართლეც დააკავეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, განაცხადა,რომ მსგავს ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ქონია.
ცნობილია, რომ ფული რომელიც ლომსაძეს შეუტანეს, დანომრილი იყო და იგი დააპატიმრეს. თუმცა, მთაწმინდის რაიონის მოსამართლე შალვა რჩეულიშვილის დახმარებით, მალე გაათავისუფლეს.
თუ ამ არაოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ მინდია უგრეხელიძემ, როგორც იტყვიან ხელები დაიბანა და ყველაფერი ყიფიანს დააწვა კისერზე.
სიტუაციის გასარკვევად, „რეზონანსის“კორესპოდენტი ეწვია უზენაეს სასამართლოს. თავმჯდომარის მოადგილის მდივანმა სატელეფონო საუბარში მას უთხრა, ყიფიანი დაკავებულია და 20 წუთში დარეკეთო.
20 წუთის შემდეგ მდივანმა კორესპონდენტს რამდენჯერმე დაუკიდა ყურმილი. საბოლოოდ კი მან თქვა: „ყიფიანი პარლამენტში წავიდა...“