ჩვენ ისედაც მითოლოგიურ პოლიტიკას ღმერთი რომ ჰყავდეს, ალბათ, იტყოდნენ: ტრადიციონალისტებს ღმერთი შემოსწყრაო. ტრადიციულად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ისინი საარჩევნო ოდისეას განაგრძობენ. ისე, ქართული პოლიტიკა იმდენად მითიურია, რომ ალბათ, დროა, ღმერთებიც გავაცოცხლოთ.
ბევრს შეიძლება არ ახსოვს, რომ ჩვენში მთავარ ღმერთს ანუ ქართველ ზევსს მორიგე ერქვა. ასე რომ, მორიგე ტრადიციონალისტებს პოლიტიკურ პარტნიორებთან „ამორიგევებს“ ხოლმე. ეს მძიმე და დამღლელი ხვედრია. მაგრამ რას იზამთ. ასეთია მითოსის წესი, როცა ღმერთები მორიგეობით იბუტებიან და გართობის მიზნით ათასგვარ სასჯელებს იგონებენ.
ტრადიციონალისტები ამჯერადაც არჩევანის წინაშე დგანან. ისინი მორიგეობით აწარმოებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს. აკაკი ასათიანის განმარტებით, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ტრადიციონალისტების ადგილი.
- რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და არავის ვკითხავ, განსაკუთრებით მათ, ვინც გუშინ შევარდნაძის გვერდით იყო პარტიაში.
მაგრამ გუშინწინ შევარდნაძის გვერდით თავად ასათიანი იდგა. ასე რომ, ჩვენი პრეზიდენტი მისთვისაც არ არის უცხო. მაშინ 1995 წელი იდგა. აკაკი ასათიანი დარწმუნებული იყო, რომ შევარდნაძე ფსონს მასზე დებდა. ამიტომაც თავად თითიც კი არ გაუნძრევია. მაშინ ის საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. შემდეგ, 1999 წელს ტრადიციონალისტებმა პოლიტიკური ფლირტი აბაშიძის კარზე გააბეს და შვიდპროცენტიანი ბარიერიც წარმატებით გადალახეს. მაგრამ მერე და მერე ისინი ჯერ ჟვანიას, შემდეგ სააკაშვილს დაუმეგობრდნენ. ბათუმმა სასწრაფოდ გამოაცხადა: არავისთან აღარ „დავბლოკდებით,“ ცუდად გვაქვს დაცდილი, ზოგი ალთას გაიქცა და ზოგი ბალთასო. ბუნებრივია, ისინი არა მხოლოდ ტრადიციონალისტებს გულისხმობდნენ, არამედ სოციალისტებსაც. თუმცა, ასათიანის გუნდს საკუთარი არგუმენტები აქვს. გუბაზ სანიკიძის განმარტებით, მათ თავად არ სურთ „აღორძინებასთან“ ურთიერთობა დათვებისა და მგლების გამო. ანუ, იმ ფიგურების გამო, რომლებიც მათთვის მიუღებელია. იგულისხმებიან პოლიტიკური დათვები: ხაჩიშვილი, გოგუაძე... სხვათა შორის, მათ სიებში მოხვედრას თავად „ამღორძინებელი“ სანდრო ბრეგაძეც ეწინააღმდეგება. ის არ გამორიცხავს პოლიტიკიდან წასვლასაც, თუკი აბაშიძე „დათვებს“ საარჩევნო „ბუნაგს“ გაუყოფს.
ტრადიციონალისტები დიდი ხანია რიგში დგანან. ისინი მყარ გარანტიებს ეძებენ. მაგრამ - ორი სახის გარანტიებს. პარტია სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს. იქამდე მაინც უნდა ახტეს, რომ შვიდ პროცენტს გადაახტეს. და მეორე, ყველაზე მთავარი - ეს კვოტებია.
მაგრამ როცა მოლაპარაკებები ოპოზიციასთან მიმდინარეობდა, ტრადიციონალისტებს ორი თუ სამი ადგილი შესთავაზეს. ასათიანი მძიმე არჩევანის წინაშე დადგა. ოპოზიციას თავისი არგუმენტები აქვს. კი, მაგრამ რამდენი ხმა შეიძლება მოუტანონ მათ ერთიანობას?
- მაგრამ რომელ ერთიანობას, სად არის ოპოზიცია? - კითხულობს თავის მხრივ ასათიანი.
გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლას. რატომ? ასათიანს კონსულტაციები ჯორბენაძესთანაც ჰქონდა. ასათიანი ამბობს, რომ ეს არ ყოფილა დაფარული. თუმცა, ბატონი აკაკი ამ თემაზე საკმაოდ გვიან ალაპარაკდა. სახმინისტრი მასთან ბიუჯეტის ან პენსიების პრობლემებს არ განიხილავდა. პარალელურად, მან ტონი გაამკაცრა ოპოზიციასთან. პოლიტლიდერების შეხვედრაზეც სასხვათაშორისოდ გამოჩნდა. საჯარო ბიბლიოთეკაშიც მოვიდა, დახურულ შეხვედრასაც დაესწრო, მაგრამ პრესის თანდასწრებით ოპოზიციასთან არ დაფიქსირებულა. წავიდა. დარბაზში მხოლოდ ნადირაძე დატოვა.
ამბობენ, ასათიანი-ნადირაძე შეიძლება ერთმანეთსაც დაშორდნენო. ქალბატონ მაიას გული შთაგონების წყაროსკენ, ანუ ჟვანიასკენ მიუწევს. აი, ასათიანმა კი ჯერ ასეთი წყარო ვერ იპოვა. ტრადიციონალისტებმა იციან, რომ მარტო დარჩენის შემთხვევაში შეიძლება პარლამენტს გარეთ დარჩნენ, მაგრამ აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან. „პირველი შემთხვევა ხომ არ არის?“ - კითხულობს სანიკიძე. თუმცა, ის აცხადებს, რომ ხმები მისი პარტიიდან წამოსვლის შესახებ გადაჭარბებული, არასწორი და მცდარია.
რამდენად მზად არის მაია - დატოვოს ასათიანი, რომელსაც 1995 წლიდან უწევს პოლიტიკურ პარტნიორობას, ძნელი სათქმელია. კულისებში არაფერს გამორიცხავენ. ისევე, როგორც ტრადიციონალისტებში. ვერც ასათიანი და ვერც სანიკიძე ვერ ამბობენ, როგორი იქნება ნადირაძის გადაწყვეტილება. ეს მას ჰკითხეთ - აცხადებენ ისინი. მაგრამ ქალბატონი მაია თბილისში არ გახლავთ.
აკაკი ასათიანს გაღიზიანება ეტყობა. ის, როგორც ჩანს, ოპოზიციაზე გამწყრალია. მაგრამ არჩევნებამდე მას საკმაო დრო აქვს საიმისოდ, რომ ახალი მორიგე პარტნიორი ფრთხილად შემოგვაპაროს. თუმცა, განსაკუთრებული არაფერი ხდება. პატარა პარტიები ყოველთვის ეძებენ პარტნიორებს. ესეც პოლიტიკის კანონია. მხოლოდ - დაუწერელი, თორემ დაწერილი რომ იყოს, ვინ შეასრულებდა?