მიხეილ სააკაშვილმა თავისი ფილოსოფიური კრედო გაგვიმხილა.
ეს შემთხვევით მოხდა.
ეს მოხდა ახალციხეში.
ეს მოხდა ახალ ციხეში.
და ამას შოთა რუსთაველს უნდა ვუმადლოდეთ.
შევეცდები, ბევრი არ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა ამ ბოლო თვის განმავლობაში. რომ მიხეილ სააკაშვილმა არ იცის ქართული პოეზია. ჩემი აზრით, მან ზოგადად არც პოეზია იცის და არც პროზა. მან არ იცის არც ქართული პროზა და პოეზია, და არც რომელიმე სხვა ეროვნული – მაგალითად, მისი სათაყვანებელი სინგაპურის პროზა-პოეზიაც… ან – გაცილებით უფრო დასაფასებელი და მდიდარი, და დედამისის სათაყვანებელი, თურქული ლიტერატურა… რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის საძულველ და მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს რუსულ ლიტერატურაზე…
არ არის მიხეილ სააკაშვილი ის კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა! ზომიერადაც კი არ მოსწონდა, ძლიერ სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ! არც არასდროს შეიყვარებს. და ამით, მართალი გითხრათ, არც ლიტერატურა წააგებს! რადგან მე, პირადად, მეწყინებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი გურამ დოჩანაშვილის გმირებიდან მარშალ ბეტანკურის ან პოლკოვნიკ სეზარის გარდა, რომელიც სხვა გმირის თვისებებითაც იქნებოდა კაზმული.
ასე რომ, ამ საკითხს – „მიშა და ლიტერატურის ცოდნა“ – დავუტოვებ ჩემთვის უაღრესად პატივსაცემ იმ პროფესიონალებს – ვასილ მაღლაფერიძეს, დავით მაღრაძეს და ზაზა შათირიშვილს, რომლებმაც ამ თემაზე თავისი ნიჭის ბრწყინვალე გაელვებით ქართველ ერს გული მოუოხეს და სიხარულის კურცხლი ადინეს! ბრავო, ბატონებო!
ხოლო მე ახალციხეში მიხეილ სააკაშვილის ფენომენალური გამოსვლის სხვა ასპექტზე მინდა შევჩერდე, რომელიც ასევე ლიტერატურას, კერძოდ, – ქართულ ლიტერატურას, კერძოდ, ქართული ლიტერატურის შეუდარებელ საგანძურს – შოთა რუსთაველის პოემას „ვეფხისტყაოსანს“ ეხება. (ის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ პოემაა და არა ლექსი, ამაზე, ზოგიერთი უნიკუმის გარდა, იმედია, შევთანხმდებით).
და კერძოდ, ეხება, „ვეფხისტყაოსნის“ შესავალს.
ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი და ეპილოგი სერიოზულ ფილოსოფიურ დატვირთვას ატარებს, სადაც ავტორი ცდილობს თავისი ფილოსოფიური შეხედულება გაგვიზიაროს სამყაროზე, ღმერთზე, ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლის არსზე.
მიხეილ სააკაშვილმა, მის ცნობილ გამოსვლაში, მრავალი ექსპერტის აზრით, დაუშვა უამრავი შეცდომა და დაამტკიცა, რომ ის „ვეფხისტყაოსნის“ აზრზე არ არის - ციტირებისას როსტევანის სახელის შემდეგ შეჩერდა… „ლაშქარ-მრავალის“ ნაცვლად იხმარა „უხვლაშქრიანი“ (რაც, ჩემი აზრით, რითმის სისწორის დაცვით რუსთაველის შესწორების არცთუ ყველაზე ცუდი მცდელობა იყო) და „მრავალ-ლაშქრიანი“ (ამის მოწონება კი ნაღდად მიჭირს…), და სხვა… მაგრამ იყო კიდევ ერთი ჩანაცვლებაც, რაშიც კატეგორიულად არ დავეთანხმები არცერთ ფილოლოგს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აქაც არასწორი ციტირება მოახდინა, ანუ – უმეცრებით შეეშალა.
ეს სტროფი მინდა აუდიტორიამ თავად მოისმინოს, რადგან ჩემი მთელი სტატია სწორედ ამ სტროფის, – უფრო სწორად, სტრიქონის – მიშასეულ ინტერპრეტაციას ეყრდნობა.
ეჭვი რომ არავის შეეპაროს, სწორედ იმ მედია-წყაროს ვიყენებ მაგალითად (ტელეკომპანია „იმედს“), რომლის პრეზიდენტისადმი ერთგულება (2008 წლიდან) მართლაც რომ საარაკოა:
http://www.youtube.com/watch?v=dHvvSv23Z24&feature=related
რუსთაველის ვერსიაში ჩვენ ვკითხულობთ:
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა.
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.“
სააკაშვილმა ამ სტროფის მესამე სტრიქონი თავიდან ისევე წაიკითხა, როგორც შოთას უწერია. მაგრამ შემდეგ განსხვავებული ვერსია მოგვაწოდა.
მან, გარკვეული შეყოვნების შემდეგ, რუსთაველი გადააკეთა (sic!) და ასე მოჰყვა ესე ამბავი:
„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა…“
(პაუზა)
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა!“
ბევრმა ექსპერტმა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დისონანსი პრეზიდენტს შეცდომად ჩაუთვალა! მე კი, სრული კატეგორიულობით მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო შეცდომა! ეს იყო შეგნებული ცვლილება, იმ ფილოსოფიური კრედოს ამოტრიალება, რაშიც მაგარი პრეზიდენტი მაგარ მელექსეს არ ეთანხმება!!!
რუსთველის აზრით, ქვეყანა ღმერთმა შექმნა და მერე ჩვენ – კაცთა – მოგვცა!
სააკაშვილი არ იზიარებს ამ მსოფლმხედველობას და ამბობს (ბევრი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რაც მან გაბედა, მაგრამ მას ამის საფუძველს მას საკუთარი ისტორიული გამოცდილება აძლევს!):
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა!“
ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, მიდის თუ არა სააკაშვილი ისე შორს, რომ სამყაროს შექმნასაც კაცის მოქმედების შედეგად განიხილავს, და უპირისპირდება თუ არა იგი ამით არა მარტო შოთა რუსთაველს, და ზოგადად – ნებისმიერ რელიგიას, არამედ – დარვინსაც (მე შენ გეტყვი და, გაუჭირდება!!!)… ამას იგი მომავალში გვეტყვის. სავარაუდოდ, გორის ციხის გახსნაზე, ან – გელათის გადაშუშვაზე… არაა გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი არც წავიდეს კოსმოლოგიაში ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებებზე და იმ შუალედური ვარიანტით შემოიფარგლოს, რაც დღეს სახეზეა. დავუშვათ, მართლაც იყო ვიღაც ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა თავისი ძლიერი ძალით, ან – ეს იყო ზეახალის აფეთქება, გალაქტიკის შეკუმშვა-გაფართოება, მარსელები ან ალფა-კენტავრის მაცხოვრებლები, რომლებიც თეფშით ან ჩაიდნით ჩამოფრინდნენ… ამ საკითხში, – სამყაროს შექმნის რეალური სურათის ახსნაში – მიხეილ სააკაშვილი (არჩევნებამდე მაინც) თავს იკავებს…
მაგრამ მან ერთხელ და სამუდამოდ, მკაცრად და უეჭველად განაცხადა, რომ უკვეშექმნილ სამყაროში ქვეყანა კაცმა მოგვცა!
ჩემი ვარაუდის სისწორეში რომ დარწმუნდეთ, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ კაცკურთხეულ პრეზიდენტს და დააკვირდით, – მის მიერ რუსთველის ინტერპრეტაციის შეცვლილ ვარიანტში ჩემი ჰიპოთეზის გრამატიკული მტკიცებულებაც არის – მძიმეები აღარ ფიგურირებს! „შეცდომა“ რომ მოსვლოდა, ჯერ ერთი თავიდანვე მოუვიდოდა ალბათ, და არა გამეორებისას! და, თანაც, რიტმიკა ასეთი იქნებოდა:
„ჩვენ, (პაუზა) კაცმა, (პაუზა) მოგვცა ქვეყანა“
ხოლო მიშა ასე იმეორებს:
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“!!! ყოველგვარი პაუზების, მიკიბ-მოკიბვების და ყოყმანის გარეშე!
ეხლა მე მოგიყვებით ჩემეულ ინტერპრეტაციას, ეს ყველაფერი როგორ მოხდა:
მიხეილ სააკაშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ ეს სტრიქონები (სავარაუდოდ, საერთოდ, „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი, ან სულაც – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც მაგარი ლექსი) – იმ დღეს პირველად წაიკითხა!!
ამაში არაფერი გასაკვირი არაა – სხვა პოლიტიკოსები წინასწარ კითხულობენ ციტატებს და იზუთხავენ, რომ მერე არ შეეშალოთ. მიხეილ სააკაშვილი კი, თავისი უბადლო მეხსიერების წყალობით (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ადრე. და ამას სააკაშვილის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი – ქ-ნი თინა ხიდაშელიც ადასტურებს!) ასეთ წინასწარ ზუთხვას არ საჭიროებს (ან – ადრე მაინც არ საჭიროებდა)… ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მას „ვეფხისტყაოსნის“ საციტირებელი სტროფები წინასწარ არ წაეკითხა?! - არ ჭირდებოდა, ბატონებო, კაცს! – მთელი 45 წელია, არ დასჭირვებია ეს სტრიქონები, ეს ლექსი – არ ჭირდებოდა, ისე იცხოვრა და იღვაწა! ისე ააშენა მსოფლიოში ალექსანდრიის შუქურაზე უფრო ცნობილი „დემოკრატიის შუქურა“! და მაინცდამაინც ახლა რატომ წაიკითხავდა, მე თქვენ გეკითხებით?!
ახლა, მოდით ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება, როცა უცნობ ნაწარმოებს ან სტროფებს კითხულობ?
როგორც წესი, ბევრ სიახლეს აღმოაჩენ! და გაოცდები!
და თუკი საქმე ისეთ მაგარ ნაწარმოებს ეხება, როგორიც ხსენებული ლექსია, რომლის შესახებ ხშირად შენს ირგვლივ მყოფი ხალხისაგან (ადრე – დავუშვათ, ლევან ბერძენიშვილისგან, ახლა – დავუშვათ, ნუგზარ წილაურისაგან) გაგიგია… მაგალითად, გაგიგონია, რომ ეს რაღაც ფენომენალური ღირებულების შედევრია და ა.შ… მაშინ ეს გაოცება შეიძლება იყოს ორგვარი – პოზიტიური – „აუუ, მართლა რა მაგარი ყოფილა, ტოო?!“ ან ნეგატიური – „ეუჰჰ, ეს რა სისულელე დაურეხვებია? ამაზე გიჟდება ყველა? ესაა პიკასოს ბიჭი?!“
აი, სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე რაბათის ციხის ისტორიულ გახსნაზე!
მოვიდა კაცი (და რა კაცი! როგორ ლომივით ხტუნვა-ხტუნვით შემოიჭრა სცენაზე სისხლისფერი პერანგის ამაყი ფრიალით!)!.. გაშალა ის ფურცლები, სადაც ვიღაც სპიჩრაიტერის მიერ დაწერილი უცნობი ტექსტი (ძირითადად, – ციტატები, ეწერა… თორე, აბა რუსეთის ხსენებას და მუმიების წყევლას რათ უნდა დაწერა და დამახსოვრება, ეს ხომ „მამაო ჩვენოსავით“ აქვს ქვეცნობიერში გადასული)… დაიწყო კითხვა და…
… და უცებ რას ხედავს – ეს ახალციხელი რუსთაველი იძახის – „ჩვენო ქვეყანა ღმერთმა მოგვცაო!“
- წარმოგიდგენიათ?
არადა, 2 წუთის წინ რომ აქე და ადიდე – „მაგარი მელექსე იყოვო“, როგორია ახლა საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა?.. თუ თვითმფრინავის ხმაც არ ისმის, მითუმეტეს!
მაგრამ მართლაც მაგარი მაშინაა ეს ხალხი (ნაცმოძელ პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი), რომ ნებისმიერი ავტორიტეტის ფეხებზე დაკიდება უნდა შეეძლოს! (ამას ხომ ნიკა რურუა vs. Riccardo Migliori-ც ცხადყოფს!)
და მიხეილ სააკაშვილი, როგორც სიბრძნის კიდობანი და მთელი ერის სახელით მოლაპარაკე ბეტონის ცნობიერების მქონე უდიდესი შეუვალი პოლიტიკოსი უცებ, ერთი ხელის მოქნევით, ჭრის ამ გორდეის კვანძს და გვეუბნება:
- ჩემო ძვირფასებო, ამას იქეთ იცოდეთ, რომ ქვეყანა ჩვენ, ღმერთმა კი არა, კაცმა მოგვცა!
როგორც ერთი სერიალის პოპულარული გმირი ამბობს – „მორჩა და გათავდა!“
ქვემოთ მე შევეცდები, შეგახსენოთ ის პერსონალური გამოცდილება, რამაც მიხეილ სააკაშვილს უფლება მისცა, რომ 9 საუკუნის განმავლობაში გაბატონებული აზრი მომენტალურად შეეცვალა, ანუ, რას ეყრდნობოდა იგი, როცა რაბათის ციხის გალავნიდან ისეთივე თავდაჯერებული იყო, როგორც მოსე სინას მთიდან დაბრუნებისას, ან იესო – ნეტარების ბორცვიდან ქადაგებისას.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა – „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა!“
პირველ რიგში, ალბათ გასარკვევია არა ის, ვინ იყო ის კაცი, არამედ ის, ვინ იგულისხმება პირველი პირის მრავლობით ნაცვალსახელში „ჩვენ“.
მიხეილ სააკაშვილი რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა იყოს (ერთ-ერთი მაინც), გასაგები აქსიომა იქნებოდა, რომ „ჩვენ“=“ხალხს“.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნაცმოძური რექსუბლიკის დაფუძნებელი მამაა და გასაგები მიზეზების გამო მისი „ჩვენ“ არასდროს არ უდრის ზოგადად „ხალხს“.
საკაშვილისთვის „ჩვენ“=“ჩვენს ხალხს“ !!!
ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში მე უკვე გითხარით, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცილიური დაცვის, უფრო სწორედ – სიცილიური თამაშის მიმდევარია. კერძოდ, იმ ვერსიისა, რომელსაც „ჩვენი საქმე“ (Cosa Nostra) ეწოდება და რომლის მთავარი პრინციპებია: „გამარჯვება ნებისმიერ ფასად!“ (რაც შეცდომით დავით აღმაშენებელს მიაწერა კაცკურთხეულმა) და ომერტა. და ამ თამაშში „ჩვენ“ ყოველთვის საკუთარ ოჯახზე/კლანზე ითქმის და არა ზოგადად ხალხზე.
რამდენადაც გავარკვიეთ, ვინ იგულისხმება „ჩვენ“-ში, გაცილებით ადვილი ხდება იმის გაშიფვრა, ვინ იყო ის კაცი, ვინც „ჩვენ“ (უფრო სწორედ – „ამათ“!) ქვეყანა მისცა.
ეს იყო ედუარდ შევარდნაძე.
მან ისინი მოიყვანა, ასწავლა, რაც თავად იცოდა, აღაზევა, მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში გამოიყვანა, მერე ცოტა წაეჩხუბა, მერე ძაან გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოლბა და ქვეყანა დაუტოვა. ანუ მისცა ქვეყანა!
აქვე მინდა გამოვთქვა ვარაუდი, რომელიც, იმედია, თქვენთვის დამაჯერებლად ჟღერს და ალბათ, მომავალში, ბატონი მიხეილი და მისი კლანის წევრებიც დაადასტურებენ:
ეს „კაცი“ ერთი არ ყოფილა!
სინამდვილეში ეს იყვნენ, სხვადასხვა „კაცები“, რომელთაც სერიოზული როლი ითამაშეს იმაში, რომ ქვეყანა მიშასთვის და მისი კლანისთვის/პარტიისთვის არის მიცემული (როგორც თავად პრეზიდენტი ირწმუნება – მინიმუმ 30 წლით, ხოლო როგორც მისი თანამდევნი ირწმუნებიან – სანამ რუსეთი და რუსული საფრთხე იარსებებს, ანუ – აწ და მარადის!).
აი, რამდენიმე მათგანი:
რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი, რომელმაც რუსეთის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, მოალბო გაჯიუტებული შევარდნაძე და სამეფოდ აკურთხა და დალოცა მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ ასევე მოალბო და გააქცუნა ასლან აბაშიძე და საერთოდ ალექსანდრე მაკედონელის სიმაღლეზე აიყვანა სააკაშვილის დიდება.
ჯორჯ ბუში, რომელმაც პირველად უწოდა მიხეილ სააკაშვილს და მის მიერ შექმნილ ქვეყანას დემოკრატიის შუქურა და ამით ბატონ პრეზიდენტი კაცკურთხეულად აქცია… რომელმაც დაიჯერა, რომ რუსეთის იმპერია სწორედ თბილისში ცდილობდა მის განადგურებას და ამისთვის ერთი დაჟანგული და უვარგისი „ლიმონკა“ მოიძია მხოლოდ… რომელმაც 2008 წლის 5 იანვარს ჯერ კიდევ არჩევნების დღეს, ხმების დათვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიულოცა „გამარჯვება“ მიხეილ სააკაშვილს და ამით უთხრა, მიდი მიაწექიო…
ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი და მისი უფროს-უმცროსი მეთიუ ბრაიზა, რომელთაც 2007 წლის 7 ნოემბერს ასწავლეს სააკაშვილს, როგორ დაეთმო ხელისუფლება ხელისუფლების გასაძლიერებლად, რა და როდის უნდა ეთქვა, და როგორ უნდა დაბრუნებულიყო ტახტზე… რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საკუთარ მთავრობას ცრუ ინფორმაციას აწოდებდნენ და შეცდომაში შეჰყავდათ იმის თაობაზე, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება… რომელთაც დიდი როლი ითამაშეს 2009 წლის საპროტესტო მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან წარმატებით ჩახშობის „გაპრავებაში“…
„გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“, რომლებიც 2006 წლიდან მოყოლებული დაქვეითებულ, ხოლო მერე კატასტროფულად დავარდნილ საპრეზიდენტო და მისი კლანის რეიტინგს არნახულ მწვერვალებამდე ბუქავენ და ბერავენ. აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ NDI- ის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.
ვილფრედ მარტენსი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ვალერია ნავადვორსკაია, გარი კასპაროვი, ანდრეი ილარიონოვი და სხვა უცხოელი დემოკრატები, ისევე როგორც იულია ლატინინა, ოლეგ-სანდრო პანფილოვი, ვლადიმერ სოკორი, და სხვა „ობიექტური ექსპერტ/ჟურნალისტები“, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მარად თვალს ხუჭავენ სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალურ-კლანურ უკანონობებზე და კარგი ჰონორარების თუ პირადი ამბიციების დაკმაყოფილების სანაცვლოდ არასოდეს იშურებენ დითირამბებს და აღტყინებულ სტატიებს…
რა თქმა უნდა ეს სრული სია არაა. იმის მიხედვით, როგორ თანდათან ივსება და სუქდება სააკაშვილის ნაპატივები რეჟიმი, სულ უფრო მეტ ფულს იხდის იგი საკუთარი მოდუდღნული სახის მაკიაჟში და სულ ახალ-ახალი „კაცები“ იხდიან ტანზე, რომ რეჟიმის მარადიულობა უზრუნველყონ…
ახლა კი მოდით იმაზე ვთქვათ, რა გზა გავლო ამ „ჩვენ“-მა, რომელთაც, მათ მერე რაც მიიღეს მფლობელობაში, „…ქვეყანა აქვთ უთვალავი ფერითა“ …
გაიხსენეთ, რას ამბობდა სააკაშვილი თავის პირველ წლებზე – სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით, ჩვენს უმრავლესობას ჯიბეში არასოდეს 40 ლარზე მეტი არ გვქონდა და, ძირითადად, ტროლეიბუსით დავდიოდითო! ალბათ, ამის ბრალია, რომ მერე ტროლეიბუსები ამოძირკვეს, როგორც საკუთარი დუხჭირი წარსულის გახსენების წყარო… თან თავად ხომ უკვე ყოველი ადრე ნაქონი ლარი მილიონად აქციეს და სხვებისთვის საჭირო ტროლეიბუსი რაღა საჭირო იყო?
გაიხსენეთ მარიკა ვერულაშვილი – ერთი ტლუ, ძალიან გაჭირვებული ქალბატონი, რომლის პროფესია სხვადასხვა ანკეტაში ხან იურისტი იყო, ხან – ჟურნალისტი, ხოლო ჩემი აზრით, მისი ძირითადი უნარ-ჩვევა მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან დგომა, მარადიული მწყაზარი ღიმილი და სააკაშვილის კოსტიუმიდან ბეწვების ნაზად აცლა იყო? ვინმემ ვიცით, რა ტალანტის გამო იქცა მარიკა ვერულაშვილი საქართველოს ერთერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად? დღეს ის 2008 წლის ომის დროს მისთვის საიდუმლოდ ცნობილ „ფაქტზე“ – 106 წლის ქალბატონის გაუპატიურებაზე უყვება კოშმარებს ყვარლის მოსახლეობას და ამით უნდა ხალხს „საკუთარი გზა“ და საკუთარი პარტიის „გამოცდილება“ დაავიწყოს.
გაიხსენეთ ვარდების რევოლუციის ყველაზე ცნობილი სახე – თეა თუთბერიძე – მარად მომკივანი, კალაშნიკოვივით მორატრატე, უცოდინარი, მეტიც – კატასტროფულად უცოდინარი სტუდენტი, რომლის დიპლომს სამიანები ენატრებოდა? როდესმე გიკითხავთ, ილიას უნივერსიტეტში რისი პროფესორია, როგორ და საიდან – ღირსი ქალბატონი თეა?
გაიხსენეთ ვარდების რევოლუციის კიდევ ერთი მეტყველი სახე – დავით კეზერაშვილი? მისი პირველი გამოსვლა ასპარეზზე, როგორ დედას აგინებდა ტელეფონში თავის უფროსს, გამოცდილ დიპლომატს? გაიხსენეთ მისი თავბრუსდამხვევი კარიერა, როდესაც 28 წლის უმეცარი უეცრად თავდაცვის მინისტრად იქცა და მთელი ხუთდღიანი ომი გაგლეჯილ კაიფში ისე გაატარა, რომ საერთოდ არც კი გამოჩენილა არც ჯართან და არც ხალხთან? ახლა, როცა უეცრად გამილიონერებულ და „ოპერის მეგობრად“ ქცეულ დავით კაპონე კეზერაშვილს საქართველოდან გატანილი ფულით ისრაელში წარმატებული ბიზნესი აქვს, განა ვინმეს ეპარება ეჭვი, მათ შორის მის მიერ დატერორებულ და დაყაჩაღებულ ასობით პატიოსან ბიზნესმენს, რომ კეზერას მინიმუმ უკვე ორი ქვეყანა „აქვს უთვალავი ფერითა“?
გაიხსენეთ ვლადიმერ ლადო ვარძელაშვილი – სრული მრგვალი 0 ყოველვარი ჯოხის გარეშე (ყოველ შემთხვევაში – 0-ის წინ), რომლის მიერ საშუალო სკოლის ატესტატის აღება სერიოზული პრობლემების და გაწევ-გამოწევების შემდეგღა მოხდა… როდესმე გაგიგიათ, რა დაამთავრა, სად ისწავლა, სად მუშაობდა, რა იცის, გარდა იმისა, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია!“, რომ იანვარში მთელი წლის პრემია უნდა გამოიწერო საკუთარ თავზე წინასწარ, და რომ ერის სასახელო სპორტსმენებს „ძვლები უნდა დაუმტვრიოს“? საიდან მოვიდა ეს მომხიბვლელი, ცისფერთვალება ნეანდერტალელ-მილიონერი, თავის მეორე (უბრალოდ) ნეანდერტალელ-მილიონერ უდესიანთან ერთად?
გაიხსენეთ კიდევ ერთი სახელოვანი „ჩვენ“-იანი, მხედრიონელი ნიკოლოზ რურუა, რომელიც ომში ვერაფრით სახელგამოჩენის შემდეგ კულტურული ოჯახიდან წარმომავლობის გათვალისწინებით კულტურის მინისტრად გაამწესეს (კიდევ კარგი, რომ ეს ოჯახი ჟორიკა რურუას გარდა კიდევ ერთი შვილის პატრონია, თორემ ტრადიციები და სიამტკბილობა მერე უნდა გვენახა!). მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ნიკოლოზს ზემოთდასახელებულებთან შედარებით, ტვინი აშკარად მომადლებული აქვს, მორალთან ყოველთვის მწყრალად იყო. ადვილად შეეძლო ყველასთვის მიედო თავთან პისტოლეტი და, აქედან გამომდინარე, ყველაზე ეძახა „საოცრად სულელი“, თუნდაც ისე, რომ მათ შესახებ და მათი გამონათქვამების შესახებ ბევრი არაფერი სცოდნოდა. რაც კულტურის კულტის ნაცვლად პისტოლეტის კულტის შედეგია…
გაიხსენეთ არაფრის მცოდნე მომღიმარი ბარბები – ვერა ქობალია, ხათუნა კალმახელიძე, ნინო კალანდაძე!.. ხომ იცით, რატომ გახდნენ მინისტრები, რა უნარ-ჩვევების წყალობით? გაიხსენეთ იმავე უნარ-ჩვევის წყალობით დაწინაურებული ალანა გაგლოევა, მის მიერ ავარიაში დასახიჩრებული ადამიანი (რომლის სახელი უკვალოდ ჩაფარცხეს), და მისი ბებიის გამოსაყვანად სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი სპეცოპერაცია, ლამის დაახლოებით იმ მასშტაბის, როგორც რიგითი რაიანის გადასარჩენად…
დაბოლოს გავიხსენოთ სააკაშვილის სამეფუკას („რექსუბლიკა“ სწორედ ამას ნიშნავს) ხერხემლები – ძველი, საქართველოს მედიისთვის მარადმუნჯი და რუსებთან გახსნილი ვანო და ახლანდელი – სამთავიანი ვეშაპი როლანდ-დათა-ბაჩო ახალაიები. და მოიფიქრეთ, დემოკრატიის რომელ სხვა პოტენციურ შუქურაში მიაღწევდნენ ასეთი ტალანტის მქონე პირები ასეთ სტატუსს, რომ ისინი არიან დემოკრატიული ქვეყნის ხერხემლები?
ვფიქრობ, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ხალხი, რომელთაც პრეზიდენტი „ჩვენ“-ში გულისხმობდა, ნამდვილად არ შეიტანს ეჭვს მის მიერ გამოთქმულ ამ ჭეშმარიტებაში, რომ „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“!
და ისინი, მიუხედავად მათი განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევებისა, უფრო კი – სწორედ ამიტომ, რომ სხვა არაფერი შეუძლიათ, კბილებით დაიცავენ საკუთარი განსაკუთრებულობის მარადიულად ჩათვლილ უფლებას.
—————————————————————
რამდენიმე მითი მაგარ მიშაზე:
„მან ამოძირკვა კორუფცია!“.
- უფრო სწორად, მან იმ ხალხის კორუფცია ამოძირკვა, ვინც მისი ერთგული არაა და იმ ხალხის კორუფცია დააკანონა, ვინც მისიანებია!
„მან ამოძირკვა კლანურობა!“
- უფრო სწორად, მან ცუდი (სხვა!) კლანების ბატონობა ჩაანაცვლა კარგი (საკუთარი!) კლანის ბატონობით! აბა, გადახედეთ მის სანათესაოს – მამამისი ერთი უბრალო ექიმიდან და საშუალო რანგის მოხელედან იქცა ინსტიტუტის დირექტორად და რამდენიმე კურორტის მფლობელად… დედამისი, ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უზომოდ ამბიციური პროფესორიდან იქცა რამდენიმე უნივერსიტეტის მფლობელად და თანადამფუძნებლად და მილიონერად, რომელსაც მისი შვილის საამებლად სხვადასხვა უმაღლესი მოხელეები 1 ლარად ქონებებს ჩუქნიან! განა ეს არ მიუთითებს ამ კლანის ღვთიურ (კურო-პალატურ) ხასიათზე, რომ ქალი მილიონერად გახდომის შემდეგაც კი სახელმწიფოსაგან 1 ლარად იღებს ასეულ ათასობით დოლარად ღირებულ ქონებებს და მის ლამის ყოველთვიურ უცხოეთში ვიზიტებს სახელმწიფო აფინანსებს? განა განსაკუთრებული ნიჭით არ გასხივოსდნენ პრეზიდენტის ძმები, რომლებიც უხილავი ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ზოლუშკად არა, მაგრამ მილიონრებად გადაიქცნენ? განა საოცარი ფენომენი არ არის პრეზიდენტის ბიძა, რომელიც თან რუსეთის კგბ-ს ფუნქციონერი იყო და თან რუსეთთან „სამკვდრო-სასიცოცხლოდ“ გადაკიდებული დისწული აღზარდა; თან გაეროში განიარაღების საკითხებში მაღალი რანგის პოსტი ეკავა და თან იარაღით ვაჭრობის ბიზნესში მოიდგა წელი; და იმ დროს, როცა მისი დისშვილი რუსებს რისხვიანი რიხით ელაპარაკებოდა, ბიძამისი რუსებს (საკუთარ ძმაკაც გენერალოვებს) აბარებდა საქართველოს ოქროს და სპილენძს!
შოთასგან მიშას განსხვავების კიდევ ერთი სერიოზული ასპექტი.
შოთა, – ამტკიცებს რა, რომ ქვეყანა ღმერთმა მოგვცა ჩვენ, კაცთა, – იქვე ამბობს:
„მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.“
ეს კი ნამდვილად ვერ ჯდება მიხეილ სააკაშვილის მსოფლმხედველობაში.
მართალი გითხრათ, არ მახსენდება სააკაშვილის აზრები იესო ქრისტეზე. ნაცმოძრაობის ერთგული მიმდევრებისათვის, რომლებიც ბუდისტები, ან – უფრო ზუსტად „ბუდა-ბარისტები“ არიან, განვმარტავ, რომ მე-12-13 საუკუნეთა ზღვარზე, როდესაც, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველი წერდა თავის მაგარ ლექსს, თუნდაც ეს ახალციხეში, ან სულაც – უდეში მომხდარიყო, აქ სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა იყო და შოთას სწორედაც რომ ქრისტე ღმერთი ეყოლებოდა მხედველობაში, და არა ბუდა, ან – მუჰამედი.
მაგრამ, მოდით, შევხედოთ ქრისტეს მიშა მაგარის თვალით.
ალბათ, არ ვიქნები მტყუანი, თუ ჩავთვლით, რომ მიშა მაგარი სულაც არ განიხილავდეს იქნება ქრისტეს მაგრად! მისი წარმოდგენით და „გაგებებით“ ქროსტე ალბათ არის ხელმოცარული კაცი, რომელსაც ებრაელთა მეფობის პრეტენზია ჰქონდა, და რომელმაც ეს ვერ დაამტკიცა… რომელსაც არ უფიქრია თავის მიმდევრების მიმართ კომპრომატების მოგროვება, რამაც საშუალება არ მისცა მათი მუდმივი ეფექტური შანტაჟი განეხორციელებინა და ნებისმიერი მათგანის მხრიდან ღალატი გამოერიცხა… ეს იყო ადამიანი, რომელმაც, მიშას აზრით, ვერ მოახერხა მის მიერ განხორციელებული მრავალრიცხვოვანი სასწაულის სწორი და ენერგიული პიარ-კომპანია, რის გამოც საბოლოოდ არჩევნებში უფრო ენერგიულ ბარაბასთან დამარცხდა… ქრისტეს არ მოსვლია თავში, რომ ტაძრიდან ბიზნესმენთა განდევნის ნაცვლად მათთვის სერიოზული თანხები შეეწერა და ისინი საკუთარი პარტიის ყულაბის მეწველ ძროხებად ექცია, რაც საჭირო მომენტში მას მისცემდა საშუალებას მოესყიდა პონტიუს პილატუსი და საკუთარი თავი არამცთუ გადაერჩინა, არამედ მომავალში თავად გამხდარიყო ამ გუბერნატორის უფროსი, თუ იუდეას იარაღის დაჟანგვის ხარისხით ცნობილ რომის იმპერიას წაართმევდა და საკუთარ სამეფოდ გამოაცხადებდა… რაც შეეხება იმას, რომ ქრისტემ ხალხის ცოდვების გამოსასყიდად საკუთარი სიცოცხლე დათმო და მოწამეობრივი სიკვდილი საკუთარი ნებით და შეგნებულად მიიღო, ეს ხომ ისეთი რამეა, რასაც მიშა ქრისტეს არამცთუ ვერასოდეს გაუგებს, ვერაფრით შეუნდობს! სააკაშვილის მიერ აწყობილ „სისტემაში“ იესო ნაზარეველს ციხეში თუ არა, ფსიქიატრიულში მოხვედრის მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ანდრეს ბრეივიკს.
ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რუსთაველის სიტყვები, რომ „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითაო“ , სააკაშვილისთვის მისაღები იქნებოდა?
აქ გადის კიდევ ერთი ძირეული სხვაობა „ახალციხელ მელექსესა“ და ახალციხის ციხის დამდგმელ რეჟისორს შორის. სააკაშვილი ვერაფრით შეეგუებოდა იმას, რომ იგი ასეთი ღმერთისაგან ყოფილიყო ხელდასმული, რომელიც შემდეგ მასაც საკუთარი ცხოვრებისადმი, პრინციპებისადმი და ქცევებისადმი შესატყვისობას მოსთხოვდა…
- მოწამეობრივი სიკვდილი არა, – კვახი! (სავარაუდოდ, ასეთი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის რეაქცია მეორე მაგარი წიგნის – ბიბლიის გაცნობისას, რაც არაა გამორიცხული პრემიერობის ჟამს აქვს დაგეგმილი კიდეც).
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, ჟურნალისტ ია ანთაძის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ყოროლისთავის საჯარო სკოლის დერეფანში გადაღებული ფოტო, სადაც ქართველი ლიტერატურის სიმბოლოები – შოთა, ილია, აკაკი და გალაკტიონი მხარს უმშვენებენ ცენტრში გამოჯგიმულ მიშას, რომელმაც ვაჟას სურათი „ჩაანაცვლა“.
სურათს ასეთი სახელი აქვს: „შოთა, ილია, აკაკი, მიშა და გალაკტიონი“.
და ეს „ჩანაცვლება“ განსაკუთრებით სიმბოლურად ჩანს ამ დღეებში, როდესაც ჩარგალში „ვაჟაობის“ აღნიშვნაზე ბიძინა ივანიშვილის დაპატიჟების შემდეგ ვაჟას მუზეუმის დირექტორი, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი მოხსნეს.
ვაჟა-ფშაველას სამშობლოში მასპინძელი სტუმრის მიღებისთვის მოხსნეს.
იმ ე.წ. „ხალხმა“, რომელსაც კაც(ებ)ისგან ნაბოძები ქვეყნის პრეზიდენტი თავის ხალხად თვლის, და რომელთაც არ გაუგიათ და ვერც გაიგებენ სიტყვებს – „დღეს სტუმარია ეგ ჩემი…“ მოხსნეს დიდ პოეტის შთამომავალი იმისთვის, რომ მან საქართველოს მოამაგეს, საქართველოს უპირველეს ქველმოქმედს უმასპინძლა.
და სამუდამოდ კვალი რომ წაეშალათ, ამ – მაპატიეთ უცხო სიტყვა (მით უფრო – აგრესორული), მაგრამ ძალიან ზუსტად ერგება მათ ფაქტურას და – „მუდაგებმა“ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და უკვე ჩატარებული ვაჟაობა კიდევ ერთხელ დანიშნეს!!!
ესენი არიან ისინი, ვისაც საქართვეოლო თავიანთვის ნაჩუქარ ქვეყნად მიაჩნიათ! მათ ქვეყნიდან განდევნილი მილიონზე მეტი მოქალაქე კანონგარეშედ გამოაცხადეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს! მათ დაუკეთეს ჭაბუა ამირეჯიბს გზა მთაწმინდისკენ, მათ აუკრძალეს თეატრის რეჟისორობა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქართველ რეჟისორს… მათ მოკლეს და მერე არ გამოიძიეს საკუთარი მასწავლებელი – ზურაბ ჟვანია…
ისინი ებრძვიან ძეგლებს… მათ „თბილისობა“ გადააქვთ და გადმოაქვთ ისე, როგორც დავით აღმაშენებლის ძეგლი… მათ აქვთ თავისი „ვაჟაობა“, რადგან თუ შეიძლება, რომ სკოლაში ვაჟას სურათი მიშას სურათით ჩაანაცვლო, რატომ არ შეიძლება, რომ „ვაჟაობა“ მაშინ დანიშნო, როცა მიშას უნდა? ხომ შეიძლება, რომ ვაჟაობაზეც, დიდგორობაზეც და ნებისმიერ სხვა სახალხო დღესასწაულზე მხოლოდ ის ხალხი დაუშვა სიით, ვინც შენ მოგწონს? ხოლო სხვა ხალხი ამოიღო ამ სიიდან და საერთოდ ხალხის სიიდანაც, რადგან, თუკი ლუი XIV ამბობდა, „სახელმწიფო – ეს მე ვარ!“, ხოლო ელისაბედ I – „კანონი – ეს მე ვარ!“, მიშასაც ხომ სრული უფლება აქვს თქვას, „ხალხი – ეს მე ვარ! ეს ქვეყანა მე მომცეს, გარკვეულმა მაგარმა კაცებმა, მე ვარ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი!“
მათ ქვეყნის დროშა მიითვისეს! ისინი ქვეყნის დედაქალაქს ცვლიან! მათ ქვეყანაში მოსახლეობის შეცვლა უნდათ და ამას უკვე აღარც მალავენ! სწორედ ამიტომ უკრძალავენ ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობას ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ხელგაშლით ეპატიჟებიან უცხოელებს!
ისინი ხალხის ქონებას ითვისებენ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით სულ უფრო მდიდრდებიან. ისინი ერთმანეთს უკვე ციხეებს ჩუქნიან და მერე თავისთვის უფრო მაგარ ციხეს ითხოვენ!
ისინი მართლაც იმსახურებენ ციხეს!
უეჭველად!.. და დიდი ხნით!!!