მე–20 საუკუნის 60–იანი წლები, ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთით მდებარე შოტლანდიაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. სწორედ ამიტომ, უილიამ და მარგარეტ იანგების მრავალშვილიანი ოჯახი გლაზგოდან შორეულ ავსტრალიაში – ქალაქ სიდნეიში გადაბარგდა, სადაც მომავალში შეიქმნა როკ’ნ’როლის ლეგენდად შერაცხული AC/DC, რომელმაც ავსტრალიურ როკ ჯგუფთაგან, პირველმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება.
სახელწოდება „AC/DC“, მტვერსასრუტის უკანა მხარეზე ნაპოვნი წარწერის მიხედვითაა შერჩეული და იმავდროულად გულისხმობს იმ უშრეტ ენერგიას, რასაც ძმები მალკოლმ და ანგუს იანგები, თავიანთ რეპერტუარს შთაბერავდნენ, თუმც ინიციალების მნიშვნელობას, ძმები იმ დროისათვის არ უწყოდნენ...
ჯგუფის პორტრეტის შექმნაში ბიჭებს დაიკოც ჩაერიათ. მისი რჩევით, ანგუსმა სცენაზე სკოლის მოსწავლის ფორმა ჩაიცვა და დებიუტიც სულ მალე, 1973 წლის 31 დეკემბერს, სიდნეის პატარა ბარში „Chequers” შედგა.
1974 წელი მუსიკოსებმა წარმატების მიღწევის მიზნით, გამუდმებულ ხეტიალში გაატარეს, რაშიც მათ მძღოლი რონალდ ბელფორდი (მეტსახელად ბონ სკოტი) ეხმარებოდათ. არამდგრადი შემადგენლობის კოლექტივი ერთ–ერთი კონცერტის წინ, მხოლოდ ძმების ამარა დარჩა. იანგები იძულებულნი გახდნენ, რომ სცენაზე მომღერლად მძღოლი გაეყვანათ. დებიუტი იმდენად ამგდები და შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ბონ სკოტმა, სიცოცხლის ბოლომდე დაიმკვიდრა ადგილი AC/DC–ში...
მალკოლმის და ანგუსის უფროსი ძმის – ჯორჯის ჯგუფში ბას გიტარისტად მოსვლის შემდეგ, დრამერ ტონი კერტისის თანხლებით, ბიგ ჯო უილიამსის „Baby Please Don’t Go” სინგლის სახით და იმავდროულად შესანიშნავ სატელევიზიო ვერსიადაც გამოიცა, სადაც ბონ სკოტი მოსწავლე გოგონას განასახიერებს. ტელედებიუტმა ძმები იანგები და მათი დაიკო იმდენად აღაფრთოვანა, რომ წარმატების ძიებაში მყოფმა საკმაოდ არასერიოზული იმიჯის მქონე ჯგუფმა, იმ დროისათვის უაღრესად პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და პრაქტიკულად დაარსების პერიოდშივე, ვიდეო კლიპების კეთებას შეუდგა. 1975 წლისათვის ეს საკმაო ფუფუნებასთან ერთად, მაინცდამაინც კომერციულ ნაბიჯს თითქოს არ წარმოადგენდა, მაგრამ შედეგმა არ დააყოვნა და უკვე 80–ების დასაწყისში, როდესაც ჯგუფი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა, მათი ვინილის დისკების პარალელურად, მსმენელს მაგალითად ჯგუფის 1975 წლის ცნობილი ჰიტის, Long Way To The Top–ის, თვალწარმტაცი კლიპის ხილვაც შეეძლო.
AC/DC ყოველთვის ზრუნავდა ფართო აუდიტორიის ყურადღებაზე. მისი მსმენელები კი ძირითადად სკოლების მაღალკლასელები იყვნენ, რომელთაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ კონცერტებით. ამ ამბავს თავის მხრივ,ზოგჯერ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოსდევდა ხოლმე, რადგან ძმები იანგები და კომპანია იმდაგვარ ბუგი–დუჟს აფრქვევდნენ დარბაზში, რომ მალე მათ შესახებ მთელს მსოფლიოში შეიტყვეს...
AC/DC–ს რეპერტუარი, მართლაც რომ ახალი სიტყვა იყო როკ’ნ’როლის ისტორიაში. ექსტრავაგანტულობის მიუხედავად, AC/DC–ს სასცენო იმიჯი, არ შეესატყვისებოდა არც გასული საუკუნის 70–იანებისათვის მოდურ პანკურს, არც კლასიკური ჰარდ–როკ ჯგუფებისას, თუმც იდეური თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე და ვირტუოზული დაკვრიდან გამომდინარე, ჯგუფი უფრო ახლოს ალბათ ამ უკანასკნელთან იმყოფებოდა.
მალე AC/DC ლონდონის პრესტიჟულ Marquee Club–ში მიიპატიჟეს, რასაც 1976 წელს რიჩი ბლეკმორის Rainbow–ს ერთ–ერთ კონცერტზე, მათი გამახურებელ ბენდად წარდგომა მოჰყვა. ცოტა ხანში AC/DC–ს Black Sabbath–ის წინ გამოსვლაც შესთავაზეს, მაგრამ ამ უკანასკნელთა ბას გიტარისტ გიზერ ბატლერსა და მალკოლმ იანგს მომხდარი ჩხუბის გამო, ღონისძიება ჩაიშალა...
ასეთ ხრიკებზე წასვლის უფლება AC/DC–ს უკვე ჰქონდა, ვინაიდან ამ დროისათვის ჯგუფი უკვე თავად არის ჰედლაინერი და სხვადასხვა როკ ფესტივალებზე გამოდის Rainbow, Savoy Brown, UFO, Rush, Aerosmith და სხვა აღიარებულ როკ ჯგუფებთან ერთად.
გარდამავალი პერიოდი ჯგუფს 1979 წელს დაუდგა, როდესაც უდიდესი წარმატების მქონე Highway To Hell–ს, 1980 წლის თებერვალში მომღერალ ბონ სკოტის ალკოჰოლური შეტევის შედეგად გარდაცვალება მოჰყვა. AC/DC ამ დროისათვის უკვე მომდევნო ალბომ Back In Black–ზე მუშაობდა და მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდა.
ერთ–ერთი ვერსიით იანგებს წარმოდგენა არ ჰქონიათ მომღერალ ბრაიან ჯონსონის შესახებ და ჯგუფში მისი მიწვევა ერთ–ერთმა ინკოგნიტო თაყვანისმცემელმა შესთავაზათ, მაგრამ მეორეს მხრივ ამგვარი დაშვება საკვირველია, რადგან ჯგუფი Geordie და მათ მიერ შესრულებული The House Of The Rising Sun, ბრიტანეთში მაინც, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ბრაიან ჯონსონი დღემდე AC/DC –ის მომღერალია და მის სახელთანაა დაკავშირებული ბოლო 30 წლის მანძილზე ჯგუფთან დაკავშირებული მრავალი სასიკეთო ამბავი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ალბომი Back In Black, სადაც მის დებიუტზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული ჯგუფის მომავალი წარმატებების თვლსაზრისით. აქაურმა ჰიტმა You Shook Me All Night Long მთელი მსოფლიოს ჰიტ პარადები მოიარა დისკოთეკების ჩათვლით და საბოლოოდ შედარებით „გაზრდილი“ AC/DC თაყვანისმცემელთა წინაშე, უკვე მომდევნო ალბომით For Those About To Rock წარდგა. 1981 წელს ამ ალბომმა ამერიკის ჩარტები დაიპყრო, ხოლო საკვირველი კი ისაა, რომ AC/DC–ს დისკოგრაფიაში მასზე ღრმააზროვან და ძნელად მოსასმენ ალბომს ვერ აღმოაჩენთ. ალბომის სახელწოდების მატარებელი ენერგიული გამხსნელი ხომ ტიპიური ჰარდ როკ ბენდისათვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგეტიკასა (რასაც AC/DC არასოდეს უჩიოდა) და თემის ორიგინალურ განვითარებაზე, რაც AC/DC–ს კრედო არასოდეს ყოფილა.
მალე ჯგუფში ახალი დრამერი საიმონ რაიტი გამოჩნდა და 80–იან–90–იან წლებსაც AC/DC შესაშური ჟანრობრივი ერთგულებით შეუდგა. ამ პერიოდს ეკუთვნის ჯგუფის ორი ყველაზე ცნობილი ჰიტი Heatseeker და Thunderstruck. AC/DC უკვე საბოლოოდ არენა როკ ბენდად იქცა და 1985 წლის Rock In Rio ფესტივალზე ავსტრალიური კოლექტივი 400 000 მსმენელის წინაშე Yes, Queen, Iron Maiden, Scorpions და Whitesnake–თან ერთად წარსდგა.
რამდენადაც დიდი იყო შემოქმედებითი პაუზები, იმდენად მატულობდა მსმენელთა მოლოდინი AC/DC–ს მორიგ გამოჩენაზე. ალბათ ამის შედეგია, რომ ჯერჯერობით უკანასკნელი - 2008 წლის სტუდიური ალბომი Black Ice, 1981 წლის For Those About To Rock–ის მსგავსად, ამერიკის ჰიტ პარადების სათავეში განლაგდა.
ამავე წელს კი ბონ სკოტს ავსტრალიაში ძეგლი აღუმართეს. არ იმსახურებდა, თუ?