როგორც მაცნობეს, გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, პეტრე ცისკარიშვილი დისკოთეკას ხსნის. შენობა უკვე შეიძინა, აპარატურაც და სულ მალე აამუშავებს კიდეცო.
ჩემმა ინფორმატორმა თავისივე მოწვდილ ინფორმაციას კომენტარიც კი დააყოლა - მაგას ის ერჩივნა, დისკოთეკა კი არა, ძიუდოს შემსწავლელი კლუბი გაეხსნაო. თუმცა, რაკი ეს უკვე მოძველებული ხუმრობაა და როგორც იცით, მასა და დავით საგანელიძეს შორის წაკინკლავებას ე.წ. სამაგალითო შერიგება მოჰყვა, ამიტომაც ინფორმაციის პირველმა, უკომენტარო ნაწილმა უფრო დამაინტერესა.
სანამ პეტრე ცისკარიშვილთან დიალოგის ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში არ არის საუბარი იმ დისკოკლუბზე, რომელიც ასევე გლდანში, ახმეტელის მეტროსთან გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს.
პეტრე, როგორც მითხრეს, გლდანში დისკოთეკას ხსნით, მართალია?
- ვინ გითხრათ?
მკითხველმა. მართალია?
- არა, იქ მე არაფერ შუაში ვარ. ჩემი მეგობარი, ჩემი მეჯვარე აკეთებს...
უფრო კონკრეტულად, ვინ არის, სად მუშაობს, რა გვარია?
- ამის თქმა ჩემგან უხერხულია. იქნებ მას არ უნდა ვინაობის გამჟღავნება და მე ვერ გეტყვით.
რადგან ასეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დისკოთეკიდან „წილი“ შემოგივათ?
- არა, რას ამბობთ.
აბა, თქვენს სახელს რატომ უკავშირებენ? იმდენის მეჯვარე და მეგობარი ხსნის სხვადასხვა ობიექტებს...
- გეტყვით, რაც მოხდა. ამას წინათ ეს შენობა გაქურდეს, აპარატურა და რაღაც-რაღაცეები წაიღეს. მე ჩემს მეგობარს ამ საქმის გარკვევაში ვეხმარებოდი, პოლიციაშიც წავყევი და იქ რომ ვტრიალებდი, ეტყობა, ვიღაცამ დამინახა, ჩათვალა, რომ ეს დისკოთეკა ჩემი იყო და თქვენ დაგირეკათ. სწორედ ამ ქურდობის გამოა, რომ კლუბის გახსნა შეფერხდა.
ისე, როგორი იქნება და საერთოდ, რა ერქმევა ამ დისკოკლუბს?
- „ტროპიკსი“ ჰქვია და ძალიან გადაპრანჭული ნამდვილად არ იქნება, უფრო თინეიჯერებზეა გათვლილი.
ისე, ცეკვა მაინც თუ გიყვართ?
- როცა ეს დისკოკლუბი გაიხსნება, იქ აუცილებლად წავალ ხოლმე. მერე რა, რომ თინეიჯერული იქნება, სამაგიეროდ, ახლობლისაა.
მოკლედ, როგორც იტყვიან, ცეცხლი უკვამლოდ არ არისო და ა, ბატონო, კიდევ ერთი დასტური. ისე, როცა პეტრემ თავისი მეჯვარის ვინაობა დამალა, სწორედ ისე გამოუვიდა, ერთ ქართულ ფილმში რომ არის - ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და გვარსა და სახელს ვერ გეტყვითო. მე, რა თქმა უნდა, საუბრიდან ორიოდე წუთში გავიგე მისი მეჯვარის გვარი და სახელი, თუმცა, როგორც იტყვიან, არ გადავახტები ჩემს რესპოდენტს და რადგანაც ეს ისტორია ქურდობას თუ ყაჩაღობას უკავშირდება, მოდურად რომ გითხრათ, დუმილის უფლებას გამოვიყენებ.