ბოლო პერიოდში, სააკაშვილი ქვეყნის მეორე პირთან ვირტუალურ ურთიერთობას ამჯობინებდა. ნინო ბურჯანაძესთან სააკაშვილის დაპირისპირება ტელე-ეთერით გაკეთებული განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. მის განცხადებებს ნინო ბურჯანაძე დუმილით პასუხობდა. გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
დასავლეთი ქართული ოპოზიციური პარტიებისგან ერთიანობას ითხოვდა. დასავლეთის სურვილი გასაგებია - დასავლეთი ვერ დაეყრდნობა დაქუცმაცებულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ერთნაირი შემართებით ებრძვიან შევარდნაძის ხელისუფლებასაც და ერთმანეთსაც. მოკლედ, ქართულ ოპოზიციურ პარტიებს სულხან-საბასეული სიბრძნე - ძალა ერთობაშია, - დასავლეთმა შეახსენა.
თავად ოპოზიციის ლიდერებიც მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ, არსებული ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა. პარტიები კოორდინირებულ მოქმედებას იწყებენ. გადის დრო და ისევ ისმის კითხვა: ვინ გახდება ლიდერი?
მიხეილს ზურაბისთვის პირველობა არ ეთმობოდა, ეს მისთვის კაპიტულაცია იქნებოდა ჟვანიასთან, ამიტომაც სააკაშვილი ახალ თამაშს იწყებს. 2002 წლის მიწურულში ნინო ბურჯანაძის რეიტინგი იზრდება. ვიტალი ხაზარაძის, ჯორბენაძისა და რჩეულიშვილის წყევლა მას ლოცვად შეერგო. სააკაშვილის თანამებრძოლები ნინო ბურჯანაძეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ეპატიჟებიან და აცხადებენ, თუ ოპოზიცია გაერთიანდა, სიაში პირველ ნომრად სწორედ ნეიტრალური ნინო ბურჯანაძე უნდა იყოს.
რატომ გააკეთა ეს მიხეილმა? აქ ორი ვერსიაა, თუმცა, ორივეს ერთ დასკვნამდე მივყავართ. მათემატიკაშიც ასეა, არსებობს ამოცანის ამოხსნის რამდენიმე გზა, პასუხი კი ერთი და იგივეა. სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძის გალიდერების გეგმა ზურაბ ჟვანიას გულის გასახეთქად ააწყო. მისი გათვლა მარტივი იყო - არც მე, არც შენ, პირველი ნინო იყოს.
მეორე ვერსია კი იმაში მდგომარეობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობაზე სწორედ ზურაბ ჟვანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს ნინო ბურჯანაძესთან, ოღონდ ამ პროცესში ფოსტად სულაც არ იყენებდა ტელევიზიას. სააკაშვილმა კი თავისი განცხადებით და ღია მესიჯით ჟვანიას „ააფცქვნა“ ეს იდეა, ისევე, როგორც თავის დროზე დემოკრატიული ფრონტის შექმნის იდეა. მიზანი აქაც ჟვანიას მწყობრიდან გამოყვანა იყო. როგორ იქცევა ჟვანია? გამოდის და აცხადებს, რომ თანახმაა, სიაში მეათე ადგილზე იყოს. ოღონდ კი გაერთიანდეს ოპოზიცია.
ჟვანიამ გაცილებით უკეთესად იცის ჭადრაკის თამაში პოლიტიკაში. მის ემოციურ სტაბილურობას თვით ქვეყნის სტაბილიზატორი შევარდნაძეც კი ვერ არღვევს, არა თუ მიხეილი. მოკლედ, ჟვანია არ „აიჭრა“, ის გუშინაც აცხადებდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ნეიტრალური ნინო ბურჯანაძე ყველაზე მისაღები კანდიდატურაა.
ბურჯანაძე მაქსიმალურად იკავებდა თავს კომენტარებისგან და ლიდერობაზე ღია თანხმობას ყოველთვის გაურბოდა, თუმცა, კულუარულად ცნობილი იყო, რომ იგი თანახმა იყო, სათავეში ჩასდგომოდა გაერთიანებული ოპოზიციის სიას. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილის დაპატიჟებული ქალბატონი ლიდერობაზე საბოლოოდ ისევ ჟვანიამ და გამყრელიძემ დაითანხმეს.
მიხეილის თანამებრძოლები ახმოვანებენ მიხეილის სურვილს - ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ სიას სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგებაო. ბურჯანაძისთვის მისი ხუშტური მიუღებელი აღმოჩნდა და საერთოდ უარი თქვა სიაში ჩაწერაზე.
სააკაშვილმა ვირტუალური დაპირისპირება ახალ ხარისხში აიყვანა. როცა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ბურჯანაძემ ფართომასშტაბიანი კონსულტაციები წამოიწყო ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, მასთან მხოლოდ სააკაშვილი არ მივიდა და ამის შესახებაც ტელევიზიით შეატყობინა, მანდ არ გეახლები, სადმე ყავაზე დავსხდეთო.
ბურჯანაძეზე მორიგი იერიში სააკაშვილმა ისევ ტელევიზიით მიიტანა, პირველ არხზე, გადაცემაში „რა ხდება“, კოკა ყანდიაშვილმა პირდაპირ ჰკითხა, რაიონებში ჯორბენაძეს რომ საპროტესტო აქციებით ხვდებიან, იგივე ბურჯანაძის ვიზიტების დროს რატომ არ ხდებაო. სააკაშვილი უცბად ვახტანგ რჩეულიშვილად იქცა და განაცხადა რომ ბურჯანაძე საერთოდ არ არის ხელისუფლება და ქვეყანაში მეორე პირი იგი მხოლოდ ქაღალდზეაო. სააკაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ნინო კარგი გოგოა, რომ ძალიან უყვარს, რომ მისი მოადგილე იყო, რომ თავად შეიტანა ლომის წილი მის გასპიკერებაში, მაგრამ... , მაგრამ ის, რომ თავადაა ამ ქვეყანაში ყველაზე ძლიერი.
პარალელურად, ბურჯანაძესთან კონსულტაციებს განაგრძობენ ჟვანია და გამყრელიძე. ამერიკაში გამგზავრების წინ ბურჯანაძე უკვე ღია მინიშნებას აკეთებს, რომ მას პარტიულ სიაში ვიხილავთ. სად? „ჩემი სიმპათიები იმდენად აშკარაა, რომ დაკონკრეტება არცაა საჭირო“, - ასეთია ბურჯანაძის პასუხი. მოკლედ, ჟვანია და ბურჯანაძე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე „გაერთიანებული დემოკრატების“ სიით იბრძოლებდა საპარლამენტო არჩევნებში, პარალელურად კი კენჭს მაჟორიტარად ქუთაისში იყრიდა.
სააკაშვილი ამერიკიდან დაბრუნებულ ბურჯანაძეს ისევ დაუპირისპირდა. გაღიზიანებული სააკაშვილი აცხადებს, რომ თავის ამომრჩეველს ვერ აუხსნის, ნაციონალურმა მოძრაობამ, ასე წარმატებულმა პარტიამ რატომ დაუთმო ლიდერობა ბურჯანაძეს. მოგვიანებით მის აგრესიას კორექტირებას უკეთებს კოტე კემულარია და აცხადებს, რომ ოპოზიციას ლიდერი არ ეყოლება და ლიდერები სიის შუაში იქნებიან. მოკლედ, მიხეილი მზადაა, აღარც თვითონ იყოს პირველი, ოღონდ კი პირველებად ბურჯანაძე და ჟვანია არ იხილოს.
საკრებულოელი გიორგი ტაბიძე კი, რომელსაც სააკაშვილის საკრებულოდან წამოსვლის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეობის ან მდივნობის კანდიდატად განიხილავენ, არ გამორიცხავს, რომ დაჩეხილი სიების ვარიანტი გათამაშდეს, ანუ გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისში სხვა სია ექნება, რაიონებში - სხვა. თბილისურ სიაში ლიდერები შუაში იქნებიან, რეგიონებში კი - თავში, ოღონდ ყველა რეგიონის სიას სხვადასხვა ლიდერი ეყოლება, მაგალითად, იმერეთის სიის თავში ბურჯანაძე იქნება, სამეგრელოს სიის თავში - ჟვანია და ა.შ.
მოგვიანებით სააკაშვილი ულტიმატუმს უყენებს პარლამენტის თავმჯდომარეს, ცხადია ისევ ვირტუალურად, ტელევიზიით და პირველობისთვის სამ მოთხოვნას უყენებს: ბურჯანაძე შევარდნაძეს ღიად უნდა დაუპირისპირდეს, ბურჯანაძემ მხარი უნდა დაუჭიროს ჩინოვნიკებისთვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას და მესამე - „ნაცმოს“ სოციალურ პოლიტიკას. იქვე საინტერესო მინიშნებასაც აკეთებს - მესამე პრინციპს იზიარებს, პრობლემა არ არისო.