ლეგენდარულ ტრიოზე კი იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მისი ორი წარმომადგენელი - კლავიშებზე შემსრულებელი კიტ ემერსონი და ბასისტი, გიტარისტი და მომღერალი გრეგ ლეიკი, გიორგობისთვეში დაბადებულან. პირველმა მათგანმა კარიერა Nice-ში დაიწყო და თავიდანვე მთელი მუსიკალური სამყარო აალაპარაკა, როგორც ახალმა ფენომენმა ფორტეპიანოს ისტორიაში ამ სიტყვის სრული გაგებით. კიტ ემერსონის დაკვრაში თავიდანვე ნათელი იყო კლასიკური როიალის საოცარი შეგრძნება ახალი მუსიკალური მიმდინარეობის განხრით, რასაც სულ ცოტა ხანში მისივე დიდი დამსახურებით Progressive/Art Rock დაერქვა, Are You Ready Eddy?-ის ტიპის როკ-ნ-როლსაც რომ ითავსებდა...
1969 წელს დაარსებულ Emerson, Lake & Palmer-ს როკ-ისტორია პირველ სუპერჯგუფად მოიხსენიებს, რადგან მისი მონაწილე სამივე მუსიკოსი უკვე ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა. კიტ ემერსონმა სახელი ზემოთხსენებულ Nice-ში გაითქვა, გრეგ ლეიკის მუსიკალური კარიერა რობერტ ფრიპის King Crimson-თან ერთად ჩაწერილ ორ ალბომს ითვლიდა, ხოლო დრამერმა კარლ პალმერმა კი სახელი ფსიქოდელიურ ჯგუფებში - Crazy World Of Arthur Brown და Atomic Rooster მოიხვეჭა. დამწყები მუსიკალური გურმანების საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ ტრიოს დისკოგრაფიაში გარკვევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და არავინ კამათობს, რომ ჯგუფის უძლიერესი პერიოდი 1970-1974 წლებში ჩაწერილ ერთიმეორეზე უკეთეს ალბომებს უკავშირდება. მათი მოსმენა ნამდვილად მოხიბლავს მუსიკალური გემოვნებით დაჯილდოებულ ადამიანს, თანაც მაინცდამაინც დიდ შრომასა და დროსაც არ მოსთხოვს ზარმაც კაცს, რომ ვერ გაურკვევია - ვინ არის კიტ ემერსონი... ერთი კი უნდა ითქვას, რომ ლეგენდარული ტრიო მთელი მოღვაწეობის განმავლობაში “ბილბორდის” ტოპ ოცეულში ერთადერთი კომპოზიციით - Fanfare For The Common Man არის წარმოდგენილი.
ნოემბერი ჰარდ-როკ (ან ნაწილობრივ) ჯგუფების ბენეფისითაა აღსანიშნავი და მოდით პირველი ორით დავიწყოთ, თანაც მათი “მოოქროვება” ერთდროულად - 1972 წელს მოხდა. ალბათ მივხვდებით, რა ალბომებია ესენი. პირველი მათგანი ჯგუფის ყველა დროის შედევრად იქცა და დღემდე ოთხი-ხუთი სიმღერა ამ დისკიდან მათ ყველა კონცერტზე სრულდება. გამოირჩევა საოცარი - ცოცხალი, სადა, ბუნებრივი ჟღერადობით, იმპროვიზაციის შეუზღუდავი შესაძლებლობებით, თემების ფანტასტიური ცვალებადობითა და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მესამე სიმღერაში ბას-გიტარის შთამბეჭდავი სოლოთი...
მეორე მათგანი კი შედარებით პირქუშია, ძალიან დიდი დრო ეთმობა მძლავრ-გიტარ-სიღრმისეულ ექსპერიმენტებს, რასაც შესანიშნავად ერგება როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ვოკალი, ასე რომ დაეჩვია ჩვენი ყური ათწლეულების განმავლობაში. ეს ტემბრი განუმეორებელია ალბომის ბალადური ყაიდის სიმღერაში, რომელსაც ვინილის პირველი გვერდის დამაგვირგვინებლად ენერგიული როკ-ნ-როლი ერთვის. მეორე გვერდზე კი აქამდე ორი წლით ადრე ჩაწერილი ალბომის დრამ-ბრაგუნის ნაცვლად, ჯგუფი უკვე გიტარის ინსტრუმენტული კომპოზიციით გვევლინება, რაც ერთგვარი მშვიდობის დესპანია მომდევნო მძლავრი სიმღერების წინ, აგრერიგად თავს რომ სტკენდა ჩვენი ბებიების თაობას...
სამწუხაროდ მათ არ იცოდნენ ალბომი “Benefit”, იმიტომ რომ იმ დროს “Aqualung”-იც კი ცოტამ თუ იცოდა. Jethro Tull-ის შედარებით ჩრდილში მყოფი მესამე ალბომი “ოქროსი” გამოსვლიდან რვა წლის შემდეგ შეიქმნა, რაც იან ანდერსონისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, ამ ჯგუფის მოყვარულების გონებრივი “სტატისტიკოსის ბლოკნოტისათვის” კი მაინც სასიამოვნოა, იმიტომ რომ ალბომში შევიდნენ To Cry You A Song, Teacher და რაც მთავარია Sossity; You're a Woman!
ნოემბრის თვეში გამოდის ალბომი, რომლის გარეკანზედაც გამოსახული მამაკაცი ფიჩხს რომ ეზიდება, ამ ჯგუფის იდეური ლიდერია სიბერეში. ძნელია, როკ-ისტორიაში აღმოაჩინო ვინილის დისკის საყოველთაოდ გამორჩეული ძლიერი ერთი გვერდი. მეორე გვერდი კი მთლიანობაში უფრო სიღრმისეული და არცთუ მარტივი მოსასმენია, ამიტომაც ბევრმა მსმენელმა არც იცის ხოლმე ამ გვერდის სიმღერების სათაურები, ისევე როგორც ერთი ქალბატონის მონაწილეობისა ალბომის პირველი გვერდის ერთ სიმღერაში და მისივე ცნობილი ფოტოგრაფიის შესახებ ჯგუფის წევრებთან ერთად, ხშირად ბას-გიტარისტი რომ ჰგონიათ ხოლმე... სამაგიეროდ ყველას სმენია ზღაპრები უკუღმა დატრიალებული ფირის შესახებ, რამაც დაბადა კიდეც “მარადიული ჭეშმარიტება” - როკი და სატანიზმი!
სატანა კი როკს მაინც ებრძოდა და წლების განმავლობაში სპობდა თვით The Beatles-ს, რადგან ჯერ მის ერთ-ერთ ლიდერს გაამპარტავნებას, ხოლო შემდეგ კი აქედან გამომდინარე ლეგენდარულ ჯგუფს დაშლას უქადდა. დღევანდელ სტატიაში კი ამგვარი აზრები იმიტომ მოგვყავს, რომ 1969 წლის 1 ნოემბერს ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში დიდებული Abbey Road მოექცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ The Beatles -ს ყველაფერი წინ ჰქონდა და რომ არა ქალბატონი იოკო ონო, ვისთან ერთადაც სულ რამოდენიმე დღეში ჯონ ლენონმა The Wedding Album ჩაწერა, ჯგუფი კიდევ კარგა ხანს იარსებებდა. Abbey Road გამოირჩეოდა როგორც ახალი იდეების სიმრავლით, ასევე საოცრად ლამაზი ჟღერადობით, რის უმთავრეს მიზეზადაც მაშინ ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ხმის ინჟინერი ალან პარსონსი იქცა, სულ რაღაც ოთხ წელიწადში მთვარის იდუმალი ფლოიდური მხარის საუნდის შემქმნელი...
Abbey Road ლეგენდარული ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავისი ბრილიანტით გაამდიდრა და ჯგუფის მოყვარულთა მეხსიერებაში დარჩა გამორჩეულ ალბომად, სადაც თითქოს ოთხივენი ლიდერები არიან. აბა ლენონ-მაკარტნის რომელ სიმღერას ჩამოუვარდება რინგო სტარის Octobuses Garden და ჯორჯ ჰარისონის Something და Here Comes The Sun? ალბომი მასიური ლენონისეული ჰიტით Come Together იხსნება, ხოლო ბოლოვდება მაკარტნისეული სამი ნაწილისაგან შემდგარი ბუმბერაზი კომპოზიციით. Carry That Weght კი თავის თავზე ზოგადად პოლმა წლების განმავლობაში საკუთარ თავზე აიღო და ათრია კიდეც The Beatles “სერჟანტ ფეფერსიდან” მოყოლებული სამი წლის განმავლობაში, იტანდა რა როგორც იოკო ონოს მუდმივ დასწრებას მათ რეპეტიციებზე, ასევე აბალანსებდა ურთიერთობებს ჯონსა და ჯგუფის დანარჩენ წევრებს შორის საკუთარი თავის ჩათვლით.
ამავე 1977 წელს როკ-მუსიკის რომანტიულ მხარეს წარმატებით იცავდა Queen, ხოლო ალბომი News Of The World კი შესაძლოა ყველაზე სრულყოფილიცაა მათ ისტორიაში. ალბომი იხსნება მასობრივად ცნობილი ორი სიმღერით We Will Rock You და We're The Champions, რასაც მოსდევს რკინისებრი როკ-ნ-როლი Sheer Heart Attack როჯერ ტეილორის უაღრესად ეფექტური დრამ გარღვევით. რომანტიული სიმღერების ნუსხას ალბომის დამაბოლოვებელი მერკურისეული ჯაზური პიანო-იმპროვიზაციით გაჯერებული My Melancholy Blues ავსებს, ხოლო ღრმააზროვან კომპოზიციათა რიგში ოქროს ასოებით შეიძლება ჩაეწეროს ჰარდ-როკული It's Late. ალბომმა ბილბორდის გამოკითხვაში ერთი წლის შემდეგ მესამე ადგილი დაიმკვიდრა, რაც მეორე მაჩვენებელია Queen -ის ისტორიაში. ამ მხრივ News Of The World მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამარჯვებულ The Game-ს ჩამოუვარდება. ნოემბრის თვეში Queen -ის დისკოგრაფია კიდევ ორ ალბომს Sheer Heart Attack და უკვე ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდგომ გამოსულ Made In Heaven-ს მოითვლის. თითქოს დიდი უნდა ყოფილიყო დაინტერესება ლეგენდარული ჯგუფის გამოუქვეყნებელ სიმღერებთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპაში ამ ალბომიდან პოპულარობა ოდენ Heaven For Everyone-ს ხვდა წილად, ხოლო ამერიკა კი მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ოთხეულის ფინალურ ნამუშევარს.
სამაგიეროდ ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით Metallica სარგებლობდა, რომლის ორი ალბომია - Master Of Puppets და შედარებით მოგვიანებით Ride The Lightning “გაოქროვებული” ნოემბრის თვეში. ასევე ნოემბრის თვეს უკავშირდება ცნობილ ბას გიტარისტ ჯეისონ ნიუსტედის დებიუტი დღესდღეობით უკვე კლასიკ-როკ ლეგენდად ქცეულ ჯგუფში.
ბევრი “ოქროს ჩანაწერი” ვახსენეთ, მაგრამ ალბათ ურიგო არ იქნება, თუ ამ ჯილდოს პირველ ლაურეატზეც ვიტყვით ორიოდე სიტყვას. ეს პიროვნება ლეგენდარული იტალიელი ტენორი - ენრიკო კარუზო გახლავთ. მის მიერ 1902 წლის 12 ნოემბერს ჩაწერილი ფირფიტა სულ მალე მილიონიანი ტირაჟით გაყიდულა. ნეტავი დღესდღეობით სად მოიპოვება ეს ფირფიტა? ან რა რეპერტუარია ზედ დატანილი? ცნობილია, რომ საოპერო პარტიების გარდა, ენრიკო კარუზო დიდ დროს უთმობდა ნეაპოლიტანურ სიმღერებს, არაერთხელ რომ შეუსრულებია ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის სცენაზე, რომელთანაც აკავშირებს ლეგენდარულ მომღერალს მოღვაწეობის ყველაზე ხანგრძლივი 1903-1920 წლების პერიოდი.
ნოემბრის თვის განხილვას კი საქსოფონის დაბადების დღის აღნიშვნით დავასრულებთ. საქმე ისაა, რომ შორეულ 1842 წელს ბელგიელმა მუსიკალური ინსტრუმენტების გამომგონებელმა ადოლფ საქსმა დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტის ჟღერადობას მიაღწია. რამდენი ინსტრუმენტია, დროს რომ ვერ გაუძლო და ოდენ აქა-იქ ეპიზოდური გამოჩენით გვახარებს თავს. საქსოფონის ნაირსახეობების გარეშე კი წარმოუდგენელია როგორც ცალკეული სიმღერები, ისე უმნიშვნელოვანესი მუსიკალური მიმდინარეობა, რომელსაც გასული საუკუნის დასაწყისში Jazz ეწოდა...