გუშინ საკრებულოში სხდომა ოცი წუთით დაგვიანებით დაიწყო. მერიის შესასვლელი ათასი ჯურის ხალხით იყო სავსე. სხდომათა დარბაზის კარს დაცვის წევრები იცავდნენ და შიგნით მხოლოდ საკრებულოელებს და ჟურნალისტებს უშვებდნენ.
ნახევრად ცარიელ დარბაზში მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდა და საუბარი 22 მაისის არშემდგარ სხდომაზე დაიწყო.
მან ჯერ საკრებულოს მდივანი, ზურაბ ჟვანია მიალანძღა.
- ცოტა უცნაური ელენთის შეტევა ჰქონდა, გუშინ მთელი დღე უნივერსიტეტში მუშაობდა და ცუდად მხოლოდ საკრებულოს სხდომისთვის გახდა?!
როგორც ყველგან და ყოველთვის, საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსავალი აქაც იპოვა და განაცხადა, კენჭი ვუყაროთ, მსგავს შემთხვევებში სხდომა უხუცესმა წევრმა წაიყვანოსო და მერე უკბილოდ იხუმრა:
- აუცილებელი არ არის, ეს ადამიანი კოტე ჩოლოყაშვილი იყოს. შეიძლება ვასო გოძიაშვილს ან ბეჟან კალანდაძესაც ვთხოვოთ.
სიამის ტყუპებივით გადაბმულმა გოძიაშვილი-კალანდაძის დუეტმა თავი სააკაშვილი-ჟვანიას ადგილას რომ წარმოიდგინა, სიამოვნებისგან დადნა.
სიტყვა ჯუმბერ შენგელიამ ითხოვა.
- გავარკვიოთ, რას აკეთებს ზურაბ ჟვანია უნივერსიტეტში, ვიკითხოთ, რექტორატში რას ასწავლის სტუდენტებს.
ლეიბორისტმა შატბერაშვილმა ეს ვერ მოითმინა და ადგილიდან რეპლიკების სროლა დაიწყო, რის შემდეგაც ჯუმბერ შენგელია შეურაცხყოფაზე გადავიდა.
- რა გინდა შენ საკრებულოში. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული, ახლა ტრაქტორზე უნდა იჯდე და მინდვრებს ხნავდე.
- ერთ ჭამაზე ორი კაცის სამყოფს რომ ჭამ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებია ეგ. 50 მიწის ნაკვეთი და რკინიგზის ჩიხი გაქვს შესყიდული. შენ თუ ხარ ინჟინერი, მოგიტან ნახაზს, დაგიდებ უკუღმა, თუ გამოიცნობ, ზედ რა ხატია, ხუთიანს დაგიწერ.
აქ უცებ მეორე ლეიბორისტს, პაატა ჯიბლაძეს, ნგრევის პირას მისული ვაზისუბნის მე-20 კორპუსი და მისი მობინადრეები გაახსენდა.
ნაციონალი კობა ბექაური, ლეიბორისტების წარმომადგენლის გამოჩენისთანავე, ხან ერთ მიკროფონთან ამოყოფდა სოკოსავით თავს, ხან - მეორესთან. თუმცა მნიშვნელოვანი და სენსაციური ვერაფერი თქვა, ამიტომ სიტყვა ისევ სხდომის ბელადმა ჩამოართვა.
- ჩვენი გაკეთებულია სახურავებისა და ლიფტების შეკეთების, სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამები. გავზარდეთ პენსიები, გავაკეთეთ ახალი სათამაშო მოედნები. ოთხი წელი ისხდნენ აქ ლეიბორისტები და რომელიმე თუ მაინც შეეცადა რამის გაკეთებას, პირიქით, არაფერში მხარს არ გვიჭერენ. გუშინაც ვითომ მიწისძვრით დაზარალებულები იყვნენ, თავისი პარტიის ხალხი შემოიყვანეს და აყალმაყალი ატეხეს.
- რატომ ვემალებით ხალხს, - რიტორიკული შეკითხვა დასვა ლეიბორისტმა გუგავამ, - ყველა მსურველს შეუძლია, საკრებულოს სხდომებს დაესწროს. ვიცი ეს რატომაც კეთდება. სააკაშვილმა შეთქმულება მოაწყო და ზუსტად ვიცი, ლეიბორისტი მდივნის და ჩვენი კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებას აპირებს.
ამან სააკაშვილი სულ გააგიჟა.
- ეს ყველაფერი სიცრუეა, პროვოკაციაა თქვენ მიერ წინ წამოწეული თემა და პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებ.
ამის თქმა და დარბაზის დატოვება ერთი იყო. ჟურნალისტები მის დევნაში კარგად ჩარაზული კარის წინ აღმოჩნდნენ. დაცვის წევრებმა სხდომათა დარბაზი დაკეტეს.
ცოტა ხანში სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავისი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა:
- შევარდნაძემ საკრებულოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. შიგნიდან კი ამას ლეიბორისტები აკეთებენ. არ ვაპირებ საკრებულოს სხდომების გადაქცევას დიდ ბაზრად, ყაყანის ადგილად, ჭაობად, სადაც ჩხუბის და აყალმაყალის გარდა, ისევე, როგორც პარლამენტში, არაფერი ხდება, არ შემიძლია მეგობრებთან ერთად გადაწყვეტილების მიღება.
რაში მდგომარეობდა ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია.
მოკლედ, საკრებულოში სიტუაცია საგრძნობლად დაიძაბა. ლეიბორისტებსა და ნაციონალებს შორის განხეთქილება დღითი დღე იზრდება და გამორიცხული არ არის, ფიგურების გადანაცვლებაც დაიწყოს. წინა საკრებულოში ხომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო...