პოლიტიკა კურიოზებითაა აღსავსე და ხანდახან კომედიური ჟანრის პოლიტიკოსებს წარმოშობს.
მაგალითად, ბედის ირონია ყოველთვის თან სდევს ნოდარ ნათაძეს. ჯერ გამსახურდიას მოწინააღმდეგე იყო და უცბად ზვიადისტების გულშემატკივარი გახდა, შემდეგ სააკაშვილს აქილიკებდა და მოულოდნელად მის რევოლუციურ იდეებს დაუჭირა მხარი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ახლახან გავიგეთ, რომ ნოდარ ნათაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ვიხილავთ. კოტე კემულარია „ალიასთან“ აცხადებს, რომ ამ საკითხზე მართლაც იყო საუბარი. „ჩვენ დიდი სიმპათიები გვაქვს ბატონი ნოდარის მიმართ,“ - ამბობს იგი. „ალია“ ნოდარ ნათაძეს დაუკავშირდა:
გავიგეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას.
- ჩვენ მივმართეთ პროგრამა-მინიმუმით ყველა პარტიას, გარდა ყველაზე კარიკატურულისა. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პატიაშვილი, ჭაჭია და სხვა. ასეთ ძალებს ჩვენ არ მივმართავთ. გვინდა, ისინი დავრაზმოთ იმ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია დღევანდელი ხროვის გაპანღურება. ამ პროგრამა-მინიმუმში წერია, რომ გვინდა „ესენგედან“ გამოსვლა, რუსეთის ბაზების გაყვანა, არავითარი ორმაგი მოქალაქეობა, არავითარი ფედერალიზმი, არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ცხინვალის ზონაში, არავითარი კაპიტულაცია აფხაზეთში და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დაგვიწერს მხარს ამ საკითხებში. ახლა, არჩევნებში მონაწილეობას რაც შეეხება, მივიღებ მონაწილეობას დამოუკიდებლად. მხოლოდ მაჟორიტარული წესით.
და ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა გექნებათ. ასეა არა?
- ვნახოთ, ბოლომდე დაგვიჭერენ მხარს თუ არა და მერე ვილაპარაკოთ.
ბატონო ნოდარ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ თქვენ შეიძლება იყოთ მათ საარჩევნო სიაში.
- ლაპარაკობენ ამას?!
დიახ...
- პირადად ჩემზე?
დიახ.
- იცით, რა, მათ სიაში თუ ვიქნები, ვიქნები 137-ე ადგილზე, ან 235-ზე... ე.ი. სადღაც ბოლოში. როგორც ქართველი და მოქალაქე გავაკეთებ ამას იმისთვის, რომ ბლოკი შედგეს ნორმალური ან ნახევრად ნორმალური პარტიებისგან, მათ არ დავაკონკრეტებ.
სიმბოლურად სიაში დაფიქსირებას რა აზრი აქვს?
- ის აზრი აქვს, რომ შემეძლება მონაწილეობა მივიღო დებატებში, პოზიციის ჩამოყალიბებაში, ტაქტიკის განსაზღვრაში, სახელმწიფო ამოცანებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვაში, აი, ეს მინდა მე! მე საქმე მინდა, თორემ პარლამენტი კი არ მენატრება...
რომელ რაიონში აპირებთ კენჭისყრას?
- არ გეტყვით. ამას თქვენ არ გეტყვით! რასაც არ მინდა, იმას არასოდეს ვამბობ...
მაინცდამაინც „ნაციონალებთან“ ურთიერთობა რატომ გახდა თქვენთვის მისაღები, მაშინ, როცა ადრე ამ პარტიას „ნახევრად კარიკატურულს“ უწოდებდით?
- საქმე იმაშია, რომ კარგად ვაცნობიერებ რეალობას, საქართველოს დღეს 4 ძირითადი კოლონა უტევს. ერთი - შევარდნაძის გუნდი, მეორე - ასლან აბაშიძის გუნდი, მესამე - ნათელაშვილის გუნდი, მეოთხე - ჟვანიას გუნდი. შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, მე-3 - ჟვანიას გუნდი, მეოთხე - ნათელაშვილის... ამის გარდა, კიდევ ჰყავთ ერთი კარიკატურული ჯგუფი, რომლის ამოცანაა, ცრუ მანევრი გააკეთოს. აი, აქედან რომ უნდათ შემოტევა, იქიდან დაიწყებენ „ჩალიჩს“, რომ ყურადღება გადაიტანონ. ესენი არიან პატიაშვილი, ჭაჭია და მისთანები. ამათ არ მივმართავთ ჩვენი პროგრამა-მინიმუმით, „ნაციონალებს“ კი მივმართავთ.
პატიაშვილთან და ჟვანიასთან ყოველგვარ ურთიერთობას გამორიცხავთ, მაშინ როცა სააკაშვილს ერთთანაც და მეორესთანაც კონსულტაციები აქვს. ეს თქვენ ხელს არ გიშლით ნაციონალებთან ურთიერთობაში?
- მე მგონი, თქვენ სურათს ზუსტად ვერ ხატავთ. სააკაშვილის მოლაპარაკება ჟვანიასთან და პატიაშვილთან ეხება მხოლოდ საარჩევნო კანონს და არა სხვა რამეს.
რატომ, ისინი საერთო საარჩევნო სიაზეც მსჯელობენ და ხელისუფლების „გაპანღურებაზეც“...
- ისინი ხელისუფლების გადაგდებაზე მსჯელობენ, როგორც საარჩევნო კანონის ამოცანაზე და არა როგორც პოლიტიკურ ამოცანაზე. რაც შეეხება ერთობლივ საარჩევნო სიას, ამაზე ლაპარაკი არასოდეს არავის შორის ყოფილა. ნორმალური პარტიების ბლოკი თუ შედგება, ბუნებრივია, იმ ბლოკს ექნება თავისი საარჩევნო სია, რომელი პარტიებია ეს, ამას არ დავაკონკრეტებ.