ნათელაშვილი ოპოზიციას ოპოზიციად არ აღიარებს. სააკაშვილს, ჟვანიას, ზოდელავას და შევარდნაძეს ერთ ქვაბში ხარშავს: „ის, რომ სააკაშვილს ოპოზიცია ვუწოდოთ, ისეთივე აბსურდი იქნება, როგორც მე რომ თავი ლუდოვიკო მეთოთხმეტედ გამოვაცხადო.“
ლეიბორისტთა წარმომადგენლებმა საკრებულოში გუშინ ხმა არ მისცეს პენსიების 3 ლარით გაზრდას. „ალია“ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა.
- ყველამ ძალიან კარგად იცის და არავის სჯერა მათი ოპოზიციონერობის. ასევე, არ შეიძლება დავიჯეროთ შევარდნაძე-ზოდელავა-სააკაშვილის კოალიციური მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის არაკორუმპირებულობა და სიმართლე. ამათ თანაბრად გაიყვეს თანხა და მოსახლეობა სანაგვეზე მოისროლეს. აი, ამიტომ არ მივეცი ხმა.
კი, მაგრამ აქ ხომ პენსიების სამი ლარით გაზრდაზეა საუბარი და არა შემცირებაზე?
- როდესაც სააკაშვილი სასტუმროს ერთ ნომერში ერთი ღამის გათევაში 700 დოლარს იხდის...
თქვენ რა იცით, რამდენს იხდის სააკაშვილი სასტუმროში?
- ჩვენ ყველაფერი ვიცით, ჩვენ ყველგან გვყავს ჩვენი ხალხი. მოდით, დავუბრუნდეთ საკითხს. როცა პენსიონერებს მიუგდებს სამ ლარს, სააკაშვილია ამ შემთხვევაში პენსიაზე გასაშვები. თოთხმეტლარიან პენსიაზე 3 ლარის დამატებით, ვნახავთ, როგორ კომფორტში იგრძნობს თავს.
ბატონო შალვა, ის ფაქტი, რომ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეთ, ანუ ე.წ. ოპოზიციას, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ თქვენ მთავრობასთან თანამშრომლობთ.
- გამაგებინეთ ერთი, რომელ მთავრობასთან? ეს იყო პრეზიდენტის მიერ დანიშნული მერიის ბიუჯეტი. სააკაშვილმა წარმოადგინა მისი მთავრობის ბიუჯეტი.
ესე იგი, თქვენ აფიქსირებთ, რომ წინააღმდეგი ხართ, პენსიების გაზრდის, თუნდაც 3 ლარით?
- ჩვენ გვინდოდა, რომ თბილისში ყოფილიყო უფასო საავადმყოფო, სადაც წავიდოდა ზუსტად ის პენსიონერი, ჩაიტარებდა გამოკვლევას, იმკურნალებდა და ეს ყველაფერი დაჯდებოდა 500 ლარი. აი, ამ 3 ლარით, რა უნდა გააკეთოს კაცმა, გამაგებინეთ?
კი, მაგრამ ის 3 ლარიც ხომ საქმეა, რას ერჩით?
- თქვენ თუ სააკაშვილი-ზოდელავას პოპულარიზაციას ეწევით, პირდაპირ მითხარით და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ის დაწერეთ, როგორ დასცინიან ხალხს. ჩვენ სააკაშვილს იმიტომ დავუჭირეთ მხარი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომ ის გვეთანხმებოდა ჩვენს 4 საპროგრამო მოთხოვნაში. შევთანხმდით, რომ ერთად გადავაყენებდით კორუმპირებულ მერს. მან კი მასთან ერთად დაამტკიცა მთავრობა და გამოუცხადა ნდობა.
ეს იყო პირველი პირობა, რომელიც სააკაშვილმა დაარღვია. მეორე იყო უფასო სასწრაფო დახმარება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, იმიტომ, რომ ადამიანმა ნამდვილად არ იცის, მიქელ-გაბრიელი 2-ჯერ მიაკითხავს თუ 3-ჯერ. მესამე - ეს იყო მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების შეძენა, არც ეს გააკეთა.
ახლა სახურავების შეკეთება დაიწყეს ამ შევარდნაძის გამოზრდილებმა და ის არ იციან, რომ ძირგამოთხრილ შენობებს სახურავების გამოცვლა არაფერს არგებს. რომელ საბავშვო მოედნებზეა საუბარი, როდესაც წიგნის ფული არა აქვთ მის მშობლებს. ყველაფერი უკუღმა კეთდება. ჯერ იქამდე უნდა მიიყვანო ადამიანი, რომ სათამაშო მოედანზე მოუნდეს გასვლა. მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ წინასაარჩევნო პოპულიზმს აქვს ადგილი. ბიუჯეტიდან 193 მილიონი ლარი არჩევნებისთვის აქვთ გადანახული, ძვირადღირებული კლიპებისთვის და პლაკატებისთვის. ამ საქმეში სააკაშვილი, ჟვანია, ზოდელავა და შევარდნაძე ერთ ქვაბში იხარშებიან.