აგვისტოს ომი და  მისი  თანამდევი  პოლიტიკა (მეოთხე ნაწილი)

აგვისტოს ომი და მისი თანამდევი პოლიტიკა (მეოთხე ნაწილი)

საომარი მოქმედებები და ქვეყნის პოტენციურ მტერ სახელმწიფოსთან დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირება ყველგან და ყოველთვის ითვლებოდა ხალხის პატრიოტული გრძნობების გაღვივების საფუძველზე სახელმწიფო უშიშროების საკითხებისადმი  მისი ყურადღების კონცენტრირების აღიარებული საშუალება, რა დროსაც, თავისთავად, ხდება სხვა, თუნდაც საჭირბოროტო თემების მეორეხარისხოვან კატეგორიაში გადაყვანა.

აღნიშნული გეგმის განხორციელების იარაღად რესპუბლიკელ-ნეოკონსერვატორთა ფრთამ დიკ ჩეინის მეთაურობით, რომელიც იმ წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო და დიდი გავლენითაც სარგებლობდა, საუკეთესო კანდიდატად ამერიკაში განათლებამიღებული და ამერიკული საზოგადოებისათვის დემოკრატიული რევოლუციის ლიდერად ცნობილი საქართველოს ამბიციური და ექსცენტრიული პრეზიდენტი სააკაშვილი შეარჩია.

 შესაფერისი პოლიტიკური ფონის დასამკვიდრებლად უკვე 2005 წლიდან  ხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება - ცხინვალში დაძაბულობის ესკალაცია, რუსი მზვერავების აღმოჩენა და მათი შეურაცხმყოფელი ფორმებით ქვეყნიდან გაძევება, რასაც მოჰყვა საქართველოს მიმართ რუსეთის ეკონომიკური ემბარგო და ქართველი არალეგალების რუსეთიდან საჩვენებელი გამოძევება. თავდაპირველი მიზანი მიღწეული იქნა, დაიძაბა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ქვეყანამ ამერიკელთა თვალში აგრესიულ რუსეთთან საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის მამაცი მებრძოლის იმიჯი შეიძინეს.

ამასობაში 2008 წლის შემოდგომის ამერიკული არჩევნებიც მოახლოვდა და ამ დროს, პეკინის ოლიმპიადის გახსნის ღამეს ბომბის აფეთქების რეზონანსის მქონე სამხედრო კონფლიქტი იწყება საქართველოსა და რუსეთს შორის. შემდგომში თავად სააკაშვილს უთქვამს - მე თქვენ შეშლილი ხომ არ გგონივართ, რომ რუსეთისათვის ომი დამეწყოო. ამგვარივე განწყობა უნდა ჰქონოდა ამერიკულ  საზოგადოებას, როცა საქართველოსა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის თანაფარდობას გადახედავდა, სადაც რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კოეფიცენტი 20-30-ჯერ, სამხედრო ავიაციის ნაწილში კი 200-ჯერაც კი  აჭარბებდა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს.  ანუ, რუსეთი თავშეუკავებელი ძლიერი აგრესორის, ხოლო საქართველო აშკარა მსხვერლის როლში უნდა წარმოჩენილიყო.

ამის შემდეგ აქცენტი გათვლილი იყო იმაზე, რომ საქართველოს უნდა მოეხერხებინა გარკვეული ვადით რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა. უკიდურეს შემთხვევაში უნდა განხორციელებულიყო რუსების მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია თბილისის აღებით. ამ მოსაზრების გამამყარებელი ეჭვის საფუძველს ბადებს საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის გულახდილი აღიარება, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოსკოვში გამგზავრების წინ მას დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა და უთხრა,  რომ თბილისის საკითხი მაინც გადაწვეტილია და შენი ძალისხმევა ფუჭი მცდელობააო. განა, ამ სიტყვებში აშკარად არ ჩანს, რომ ბუში სარკოზის ნიჰილიზმისკენ უბიძგებდა, რომ კონფლიტის შეწყვეტისათვის საქმიანობა შეეჩერებინა და მოვლენები თავის ნებაზე მიეშვა. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომელიც მსგავსი კონტექსტის ეჭვებს ბადებს. კერძოდ, პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც ამერიკის არანაკლები მარიონეტი იყო, ურჩევდა სააკაშვილს, რომ არ მოეწერა ხელი სარკოზის გეგმისთვის, რადგან მას კაპიტულაციად აფასებდა და საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

ამერიკელი ნეოკონსერვატორებისთვის არც ის იქნებოდა ურიგო, თუ კი სააკაშვილის სიცოცხლე რუსეთის აგრესიას შეეწირებოდა. საომარი მდგომარეობის  ყოველი ზემოაღნიშნული შედეგი ამერიკაში რესპუბლიკელთა მხრიდან პოლიტიკური ისტერიის გაღვივების ღირებული საფუძველი გახდებოდა, რითაც რუსეთი ამერიკისა და მისი პოლიტიკური მოკავშირეების საშიშ მტრად გამოცხადდებოდა. ამგვარად  დაძაბულ პერიოდში კი გათვლა კეთდებოდა იმაზე, რომ ამერიკელი ამომრჩეველი  ომში გამოუცდელი სამოქალაქო პირის  დემოკრატი ობამას ნაცვლად პრეზიდენტად არჩევდა ჰყოლოდა პროფესიონალი სამხედრო და რუსეთის დაუძინებელი მტერი რესპუბლიკელი მაკ კეინი.

მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამერიკელთა არცერთმა გათვლამ არ გაამართლა. ჯერ იყო და ქართულმა ჯარმა ვერ გამოიჩინა შესაბამისი ბრძოლისუნარიანობა და რუსეთის რეგულარულ ძალებთან საომარი შეტაკების  პირველივე დღემ  ქართული სამხედრო იერარქიის მასობრივი პანიკა და აქედან გამომდინარე, მისი სრული მარცხი გამოიწვია.

მეორეც, რუსეთმა უარი თქვა თბილისის აღებაზე და საქართველოს სრულ ოკუპაციაზე საკუთარი ცივილიზებული სახის შენარჩუნებისა და დასავლეთთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობისათვის თავის არიდების  მოტივით, ხოლო მოკავშირე ამერიკის მხრიდან რეალური სამხედრო და პოლიტიკური დახმარების გარეშე დარჩენილმა სააკაშვილმა იგრძნო,  რომ მას მინიმუმი ხელისუფლების დაკარგვა, ან  უფრო მეტიც, სასიკვდილო საფრთხე ელოდებოდა და ამ საფრთხეთა გაცნობიერების შედეგად სასწრაფოდ 20012 წლის 12 აგვისტოს  აშკარა სამხედრო-პოლიტიკურ  კაპიტუალაციას მოაწერა ხელი და ამით სიცოცხლეც და ხელისუფლებაც შეინარჩუნა.

მართალია, სააკაშვილმა თავისი ამერიკელი პატრონების იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ მათ მიმართ სრული მორჩილებისა და  ერთგულების გამო  წინმსწრებად მიიღო პოსტის შენარჩუნების გარანტია, ჯერ კიდევ 2008 წლის იანვრის  არჩევნებზე, როცა ოპოზიციური ლიდერის მიერ მოგებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს პროამერიკულმა პარტიებმა ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან თითის დაქნევის შემდეგ სრულიად უბრძოლველად დათმეს, როცა, მინიმუმი, არჩევნების მეორე ტურის მოპოვება მძლავრი საპროტესტო გამოსვლებით კიდევ შეიძლებოდა, რადგან ხალხში ბრძოლის უდიდესი მუხტი არსებობდა.

 

ამავე დროს, სააკაშვილმა ომის დამთავრების შემდეგ 4 მილიარდიანი გრანტები და კრედიტები მიიღო ომის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციის სახით.

 

აღნიშნული მოვლენების შეფასებას ამ მოვლენებიდან მოგებული მხარის გამოვლენის მეთოდით თუ განვსაზღვრავთ, მიუხედავად ომში სასტიკი დამარცხებისა, მოიგო სააკაშვილმა, ხოლო წააგო საქართველომ. პრინციპში, თუ დავუკვირდებით, ასევე აფასებს კიდეც არსებულ ვითარებას სააკაშვილი. მან ხომ უამრავჯერ განაცხადა, რომ ამ ომის შედეგად ხელისუფლება მაინც შეინარჩუნა, რასაც მიიჩნევს მთელი საქართველოს გამარჯვებად, ხოლო  რუსეთის უდიდეს დამარცხებად.

 

რაც შეეხება დაკარგულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს,15 თებერვალს ბრიტანულ გამოცემაინდიფენდენტშიგამოქვეყნებულ  ინტერვიში სააკაშვილი ამბობს, რომ: ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა არისქვების გროვა“, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს”...

ტყუპისცალივით მსგავსი მსჯელობა აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვაშაძეს: «2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღწია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას, ისევე, როგორც ვერაფერი მიიღო ომით: მას დაეხარჯა 84 მილიონი, ხელში კი სახელურის გარეშე ორი ჩემოდანი შერჩა - ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებიც სიამოვნებით ხარჯავენ რუსების მილიარდებს».

მესმის, რომ ძნელი დასაჯერებელია  მოცემული ვერსია, მაგრამ იმაში, ალბათ, მაინც დამეთანხმებით, რომ მას საფუძვლად საკმაოდ ლოგიკური არგუმენტაცია გააჩნია. ანალოგიურად, ძნელი დასაჯერებელია ცნობილი დოკუმენტალისტის მაიკლ მურის ფილმი ფარენგეიტი 9/11, სადაც ბუშის ოჯახის ბინ ლადენის ოჯახთან ფინანსურ კავშირებზეა მოთხრობილი, ასევე ეჭვია შეტანილი 11 სექტემბრის ტერაქტის ოფიციალურ ვერსიაში და მასში მითითებულია აშშ-ს ადმინისტაციის კვალზე. ეს ფილმი 100 მილიონმა ამერიკელმა ნახა, რასაც დიდი წვლილი მიუძღვის ბუშის რეიტინგის სრულ გაუფასურებაში.http://www.kinopolus.ru/11341-farengejjt-911-fahrenheit-911-2004-onlajjn.html

 

ასეთივე ბრალდებებს მოიცავს რუსული ფილმი “ფსბ აფეთქებს რუსეთს”, რომელშიც რუსეთის ქალაქებში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას პუტინის ხელისუფლების ნამოღვაწარად მიიჩნევენ. http://www.kinopolus.ru/12329-fsb-vzryvaet-rossiju-zapreshhen-k-pokazu-na.html

მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველამ თავის მკვდარს მიხედოსო და მეც დავუბრუნდები სტატიის მთავარ თემას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სააკაშვილს პუტინთან ურთიერთობის ასე სწრაფად და შეუქცევადად გაფუჭების არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. სააკაშვილის პოლიტიკური ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებში პუტინი ყოველთვის მის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა, 2003 წლის ნოემბერში დაეხმარა ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში, 2004 წლის მაისში ხელი შეუწყო ასლან აბაშიძის რეჟიმის დემონტაჟში, სტამბოლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასაც არ აყოვნებდა. ამის გამო, როგორც ირკვევა, მადლობებიც უხდია სააკაშვილს პუტინისთვის და პუტინს პატიოსანი კაცის თვალები აქვსო,  საჯაროდაც აცხადებდა. ცნობილია ის ფაქტიც, რომ პუტინი სამხრეთ ოსეთის შესახებ მოლაპარაკების საწარმოებლად მზად იყო, ოღონდ განაცხადა, რომ აქ უკვე ცალმხრივ დათმობას აღარ ექნებოდა ადგილი. მაშასადამე, ამ ქართულ რეგიონზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის სანაცვლოდ მას ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები და ამაში განსაცვიფრებელი არც არაფერი არ არის.  დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთ კომპრომისებისა და ურთიერთ სასარგებლო გადაწყვეტილების მოძებნის ხელოვნებაა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი ამგვარი დიპლომატიის მცდელობა არავის გვინახავს, აღვირახსნილი კონფრონტაცია რუსეთთან და იარაღის ჟღარუნის რიტორიკა კი რამდენიც გინდა.

მახსენდება, ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ ქსელში საკმაოდ მასშტაბური გამოკითხვა ჩატარდა, სადაც დაახლოებით ასეთი კითხვა იყო დასმული: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობის მომხრე თუ იქნებოდითო. გამოკითხულთა 95%-მა დადებითი პასუხი გასცა ამ კითხვას. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების აკვიატებულმა ანტირუსულ გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობამ  გაართულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის საკითხი და მის ეკონომიკურ ინტერსებსაც დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს გამო, რომლის შედეგადაც ქართულმა სოფელმა ყოველწლიურად მრავალი ასეული მილიონი დოლარი შემოსავალი დაკარგა და გაპარტახების გზას დაადგა.

სამაგიეროდ, რატომღაც საქართველოზე ათჯერ დიდ უკრაინას არ ეთაკილება არათუ ტერიტორიული მთლიანობის საფასურად, არამედ გაზის ტარიფის დაწევისთვის რუსეთს გადასცეს ლამის 30 წლიანი იჯარით სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა. სომხეთის მაგალითიც  ყველასთვის ცნობილია, მან რუსეთთან სტრატეგიული სახელშეკრულებო ურთიერთობის წყალობით აზერბაიჯანს   ყარაბახი წაართვა და მისივე დახმარებით ასიათასიანი კარგად შეიარაღებული არმიაც მწყობრში ჰყავს თავისი ინტერესების დასაცავად და სანამ რუსეთი კავკასიის რეგიონიდან არ გავა, მანამდე ბუზსაც ვერავინ ვერ აუფრენს. ხოლო უახლოეს ათწლეულებში კავკასიიდან რუსეთის  გასვლის არგუმენტირებული პროგნოზი ჯერ არავის შეუქმნია.

სხვათა შორის, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის ბრძნული პოლიტიკა არჩია ისეთმა მებრძოლმა ქვეყანამ, როგორიც ფინეთია. მანამდე საჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებს ფინეთი დაუპირისპირდა გამოჩენილი ფინელი მხერდამთავრის (წარმოშობით შვედის, რომელმაც ფინური ენა წესიერად  არც კი იცოდა) მანერჰეიმის ხელმძღვანელობით, რომელსაც რუსეთში ჰქონდა დამთავრებული სამხედრო აკადემია და ნიკოლოზ მეორის-ის  ტახტიდან ჩამოგდებამდე რუსეთის არმიის ოფიცერი იყო. 1939 წლის 30 ნოემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე, როცა სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო სსრკ-ფინეთს შორის, ომში დაიჭრა და დაიღუპა 390 ათასი საბჭოთა და 80 ათასი ფინელი ჯარისკაცი, მაგრამ მანერჰეიმის თავდაცვითი ხაზის გარღვევის შემდგომ იძულებით დადებული ზავით  საბჭოთა კავშირს გადაეცა ფინეთის ტერიტორიები: კარელიის ყელი ქალაქებით ვიბორგი და სორტავალა, აგრეთვე რიგიკუნძულები ფინეთის ყურეში,  ხელშეკრულების შედეგად ლადოგის ტბა მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. სსრკ-ს არენდით გადაეცა ნახევარკუნძულ ჰანკოს ნაწილი 30 წლით სამხედრო საზღვაო ბაზის შესაქმნელად.

მიუხედავად ყველაფრისა, ფინეთის ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ იუხო კუსტიპაასიკივიმ, რომელიც 1946-1956 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო, ქვეყნის პარლამენტში საჯაროდ განაცხადა: “მთავარსა და განმსაზღვრელს ფინეთის საგარეო პოლიტიკაში უნდა წარმოადგენდეს კარგი ურთიერთობა ჩვენს დიდ აღმოსავლელ მეზობელთან სსრ კავშირთან. ჩვენ ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა გავატაროთ, რომელიც არ იქნება მიმართული საბჭოთა კავშირის საზიანოდ”.

1948 წელს ფინეთსა და სსრ კავშირს შორის გაფორმდამეგობრობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთდახმარებისხელშეკრულება.   ფინეთმა საბოლოოდ უთხრა უარი ნატოს და სხვა სამხედრო ბლოკებს და ნეიტრალიტეტის ახალი ნიმუში გვიჩვენა. ჯერ საბჭოთა კავშირთან და შემდგომ რუსეთთან კეთილმეზობლური პოლიტიკის წყალობით, რაც გეოპოლიტიკურ რეალობაზე იყო დაფუძნებული, ფინეთმა რუნველყო როგორც საკუთარი უსაფრთხოება, ისე დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება. მისთვის რუსეთში ღიაა არამარტო გასაღების ბაზარი ფინური საქონლისვთის, არამედ დასაქმების ბაზარიც მურმანსკის ოლქში. “თუ ფინეთმა ომის დამთავრებიდან მესამე წლისთავზე რუსეთთან მეგობრობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარება შეძლო, ჩვენ რატომ ვერ უნდა გადავდგათ მსგავსი ნაბიჯი?” წერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გივი გურეშიძე.

აქ არავინ იფიქროს, რომ ტერიტორიული დათმობის ხარჯზე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი. საქართველოში ბევრად მეტი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს რუსეთს, ვიდრე ჰქონდა ფინეთში და ამას მასთან მოლაპარაკების დროს დიპლომატიური გამოყენება ჭირდება.

საინტერესოდ მსჯელობს ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრ რარი: «უნდა დაველოდოთ, ვინ შეცვლის სააკაშვილს. ამაზეა დიდ წილად დამოკიდებული საქართველოს პოლიტიკა. შეუძლებელია, საქართველოს მუდამ ამერიკის 51-ე შტატად ჰქონდეს საკუთარი თავი წარმოდგენილი. შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ჯორჯიის შტატი. საქართველო სხვა გეოპოლიტიკური დისლოკაციის შემადგენლობაშია და ამერიკის მარადიული პარტნიორი ვერ იქნება».

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი მიჩელი მეტად საყურადღებო სიტყვებს ამბობს ამერიკის შესაძლებლობებზე საქართველოსთან მიმართებაში: “საქართველო - საკუთრივ რეგიონშიც და მსოფლიო მასშტაბითაც - შეერთებული შტატების ახლო მოკავშირედ აღიქმება, ზოგის აზრით, ლამის ვასალადაც კი. და როცა მას თავს დაესხა რუსეთი, ძლიერი და აგრესიული მეზობელი, შეერთებულმა შტატებმა არა თუ ვერ გააკეთა ვერაფერი - გააჩნია, როგორ გსურთ ამის დანახვა. კონფლიქტამდეც ნათელი იყო, რომ შეერთებული შტატები ბევრს ვერაფერს მოიმოქმედებდა, მაგრამ სწორედ კონფლიქტმა დაგვანახა ასე თვალნათლივ, რომ რუსეთი ვერ გავაჩერეთ და მეგობარს ვერ დავეხმარეთ - როგორ დიპლომატიურ, პოლიტიკურსა თუ სამხედრო საშუალებებსაც უნდა ვფლობდეთ”.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, უილიამ როჯერსი აცხადებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ,,აძლიერებს რუსეთის ეჭვს რეგიონში ჩვენი ინტერესების მიმართ, - და აქედან გამომდინარე, - ეს ყველაფერი იმ ინტერესების საფასურად გვიჯდება, რომლებიც რუსეთში გაგვაჩნია, იქნება ეს შეთანხმებები შეიარაღების შემცირებაზე, ვაჭრობა, სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) რეფორმების განხორციელება და ა.შ.“

„საქართველოსთან უფრო მჭიდრო და ძლიერ სამხედრო კავშირებზე გადასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მხრივ… ჩვენ ვერ ვხედავთ იმ გეოგრაფიული უპირატესობის, მოცულობისა და შესაძლებლობების განეიტრალების გზას, რომელიც რუსეთს აქვს“ (ინფორმაცია მოსკოვში ამერიკის ელჩის ჯონ ბაიერლის 2009 წლის ივნისის დეპეშიდან).

ჰანს მორიტცენი – დანიის სამეცნიერო კვლევებისი ნსტიტუტის (კოპენჰაგენი) უფროსი მკვლევარი პირდაპირ წერს: “რუსეთის ანალიტიკურ ცენტრებში საქართველოს დესუვერენიზაციის სამი შესაძლო გზა განიხილება: ”ერაყის ვარიანტი” - საქართველოს სრული ოკუპაცია და კონტროლირებადი რეჟიმის დასმა; ”იუგოსლავიის ვარიანტი” - საქართველოს ანკლავებად დაშლა, რომლებსაც თავიდან არ ექნებათ საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ტერიტორიებს გააკონტროლებენ რუსეთის ”მშვიდობისმყოფელები”; ”სომალის ვარიანტი” - მართვადი ანარქიისა და ”ყველა ყველას წინააღმდეგ” ომის მხარდაჭერა. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის დე-იურე აღიარება იმაზე მეტყველებს, რომ აქ ”მართვადი ქაოსისა” და საქართველოს ”ანკლავიზაციის” სიმბიოზის განხორციელების მცდელობასთან გვაქვს საქმე და რუსული პოლიტიკის ეს მიმართულება მომავალში უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს. საქართველოს დასჯის რუსული ვარიანტები და მათი ხორცშესხმის მცდელობა, წამოჩიტული იმპერიული ოცნებების მიხედვით, მკაცრი მაგალითი გახდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, უპირველესად უკრაინისთვის. ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად არის დასახული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა ლეგიტიმურობის  ახალი კრიტერიუმების დაწესება. ამისთვის ”ახალი საბჭოთა რუსეთი” მსოფლიოს სთავაზობს  მონროს გეგმისმისეულ ინტერპრეტაციას: ”პოსტსაბჭოთა სივრცეში ლეგიტიმურნი არიანმ ხოლოდ ის რეჟიმები, რომლებიც მეგობრობენ რუსეთთან, სხვები შეცვლას, ან განადგურებას იმსახურებენ”.

ამ რეალური საშიშროების გაცნობიერებამ მაინც უნდა მიგვიყვანოს იმ საღ პოლიტიკამდე, რასაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი საქართველოში მორიგი სტუმრობისას გვირჩევდა: “მესმის, რომ 2008 წლის ომისშემდეგ თქვენთვის ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ეს აუცილებელია. ქართველები რუსებს უნდა ესაუბრონ, თუნდაც იმიტომ რომ რუსები მიხვდნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია.თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს დიდ მეზობელს, რადგან ისინი თქვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები არიან, მესმის, რომ თქვენ მოუთმენლები ხართ და სწრაფად გსურთ პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა ორი წელი არც ისე ბევრი დროა. ასეთი კონფლიქტების მოგვარებას კი ბევრად დიდი დრო ესაჭიროება”.

სხვათაშორის, როცა მარტო რუსეთიდან არსებულ საფრთხეებზე ვმსჯელობთ, არ იქნება სწორი დავივიწყოთ ჩვენს საზღვრებთან ახალი მძლავრი გეოპოლიტიკური მოთამაშის თურქეთის არსებობა, რომელმაც ამ ბოლო დროს მზარდი გეოპოლიტიკური ინტერესები დააფიქსირა. ამის შესახებ საყურადღებო წერილი გამოაქვეყნა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ. თურქეთის ამბიციებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს, ეგ სხვა სტატიის თემად დავტოვოთ, თუმცა ჩვენს ისტორიულ მტერზე (და არა მეგობარზე, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ) მინიშნება იმიტომ გავაკეთე,  რომ ჩვენი გაუთვლელი პოლიტიკის შედეგად, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე, არ გაგვიხდეს სათქმელი.

არსებული ვითარების შესანიშნავ ანალიზს აკეთებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე: ”რუსებს სურთ იხილონ იმის გარანტიები, რომ საქართველო მინიმუმ არ განიხილებოდეს მათ თვალში რუსეთის დაშლაზე ორიენტირებული ამერიკული ძალების ფორპოსტად.   მეორეს მხრივ, ახალი გეოპოლიტიკური რეალობები, იგივე თურქეთის ამბიციების ზრდა, როგორც მსხვილი რეგიონალური სუპერსახელმწიფოსი, პერსპექტივაში, თავისთავად წარმოაჩენს რუსეთის, როგორც რეგიონალური ბალანსის როლს. და გონივრული, სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, საქართველო საინტერესო პარტნიორად შეიძლება იქცეს რეგიონის ყველა მსხვილი მოთამაშისთვის. ოღონდ ამისთვის უპირველესად საჭიროა, როგორმე თავად ჩვენ გავთავისუფლდეთ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პატრონი-ყმის ეგზისტენციალური როლისგან და დავიწყოთ საკუთარი თავის, როგორც სრულფასოვანი პარტნიორის აღქმა”.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, Heritage Foundation-ის მეცნიერ-თანამშრომლის ლიუკ კოფის თქმით, საქართველო ამტკიცებს, რომ მზადაა არ ჩართოს ნატო კონფლიქტების დარეგულირებაში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან:
„საქართველოს ნატოში გაწევრინების გზაზე, მთავარი დაბრკოლება დასავლეთის აზრით, რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდინარე ოკუპაციაა. ეს რეგიონები ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ. კერძო რეჟიმში, საქართველოს ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ სიხარულით დათანხმდებიან ნატოში გაწევრიანების კომპრომისულ სქემას, რომლის თანახმად უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ნატოს წესდების მე-5 მუხლი დროებით, ამ საკითხის რუსეთთან დარეგულირებამდე, ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდება“.

ალბათ, ძნელი გასაგები არ არის რაზე მიანიშნებენ ჩვენი ბედოვლათი ნაციდეოლოგები ნატოს მესვეურებს, რომ ისინი მზად არიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ისე შევიდნენ ნატოში, რომ მათ გამო პრობლემებს არ შეუქმნიან ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს კი,ასე თუ მოხდა, ნიშნავს, რომ რუსეთის ორბიტიდან საქართველო სამუდამოდ გავა უაფხაზეთოდ და უსამაჩაბლოდ მათი დაბრუნების ყოველგვარი პერსპექტივის დაკარგვით. დავუშვათ პრობლემის გადაწყვეტის ამგვარ გეგმაზეც შეიძლება მსჯელობა,  მაგრამ, როცა ამ უმნიშვნელოვანეს საპასუხისმგებლო საკითხზე ლაპარაკობენ, ამის შესახებ საკუთარ ხალხს არ უნდა შეუთანხმდნენ? ბოლო-ბოლო მათი პაპების მიერ დატოვებულ მამულებზე ხომ არ არის საუბარი?

ნატო-საქართველო-რუსეთის საკითხს ეხება  აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შემდეგი სიტყვები: " ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა: ნატო რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის ძიებაში უნდა იყოსო" .

მერკელმა კი პირდაპირ ბრძანა: “კანდიდატები, რომლებიც რეგიონალურ კონფლიქტებში არიან ჩათრეულნი და რომლებსაც საშიშროება მოაქვთ, ვერ გახდებიან ნატოს წევრებიო”.

რუსი ექსპერტის ალექსანდრე სკაკოვის აზრით, "საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების არანაირი ალბათობა არ არსებობს".

"ამჟამად საქართველო რუსეთთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია. შეუძლია კი ნატო-ს იმქვეყნის მიღება, რომელიც ბირთვულ დერჟავასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება?! ეს კოლექტიური თვითმკვლელობის ფორმა იქნებოდა", -
მისივე აზრით, "საქართველო ნატო-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწევრიანდება, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს".

"მაშინ ბრიუსელისკენ გზები დაგვილოცია! თუმცა საქართველოს თავად ნატო იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც დაკარგული პროვინციების დაბრუნების საშუალება. უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს არა ნატო, არამედ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სჭირდება და ვფიქრობ, ალიანსში ეს ესმით".

ამ ვითარებაში კი საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ჯიუტად იმეორებს:  "მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის გაერთიანებაა და ნატო-ში გაწევრიანების გზა ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია".

დიდ წინააღმდეგობაში ხართ ჩავარდნილი ბატონო ნაციდეოლოგებო ქვეყნის გაერთიანებისა და ნატოში შესვლის ერმანეთთან მიბმით.

The American Conservative სათაურით "სააკაშვილის წინდაუხედავი ნაბიჯები" სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი დენიელ რელისონი წერს, "სააკაშვილის უგუნურება შესაძლოა, რუსეთის მთავრობისთვის იმის საბაბად იქცეს, რომ საქართველო "დომოდედოვოს" აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულოს".

ამის საფუძვლად რელისონი მიხეილ სააკაშვილის The Independent-თან გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, რომლის მიხედვით, "მოსკოვის აეროპორტში თვითმკვლელი ტერორისტის მოწყობილი აფეთქება, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული პოლიტიკისთვის გადახდილი "სამაგიერო" იყო".

.დენიელ რელისონს მიაჩნია, რომ "სააკაშვილის უხეში განცხადება თითქოს საგანგებოდ იმისკენაა მიმართული, რომ მოსკოვს გაუჩნდეს საბაბი, კიდევ უფრო გააუარესოს საქართველოსთან ურთიერთობა და თბილისთან მიმართებაში კიდევ უფრო ნაკლებად მოქნილად იმოქმედოს".

იგი აგრძელებს: "არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართველი ნაციონალისტი ტერაქტში გარდაცვლილ რუსებს უთანაგრძნობს, მაგრამ სახელმწიფოს გონიერ მეთაურს იმის ჭკუა მაინც უნდა ჰქონოდა, რომ მოსკოვის პროვოცირება არ მოეხდინა იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი ტერორისტების სისასტიკეზე რეაგირებისთვის ემზადება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სააკაშვილის წინდაუხედაობასა და უპასუხისმგებლობას. მფარველობა და მხარდაჭერა, რომელსაც მას აშშ უწევს, სახიფათოა ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც".

იქნებ, მოყვანილი მაგალითი მიაჩნია ვინმეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უკომპრომისო და გონივრულ ბრძოლად?

ან ეს განცხადება არის საქართგველოსთვის სიკეთის მომტანი სტრატეგიული ხედვა? სააკაშვილმა „ერთიანი კავკასიის“ მისეული ხედვა, სექტემბერში გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე წარმოადგინა: „ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებს ვეკუთვნით და მთების სხვადასხვა მხარეს ვცხოვრობთ, მაგრამ კულტურული და ადამიანური სივრცის თვალსაზრისით ცალ-ცალკე არანაირი კავკასია და ამიერკავკასია არ არსებობს, არსებობს ერთიანი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და ოდესმე მიბაძავს საქართველოს გზას და თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“.

მოკლედ, რუსებს უნდა  ეშინოდეთ, ახალი დავით აღმაშენებელი მოდის სააკაშვილის სახით ჩრდილოკავკასიის ერთიან კავკასიურ სახლში გასაერთიანებლად. სასაცილო იქნებოდა ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების პრეზიდენტის  მიერ რომ არ იყოს ნათქვამი, მაგრამ ეს სატირალია, როცა ამგვარი ავანტიურისტი პრეზიდენტი ჰყავს ქვეყანას.

იქნებ ეს პოლიტიკაა გონივრულობასთან ახლოს, რომელზეც ისევ დენიელ რელისონი წერს: მმართველ ელიტაში რუსეთი ფაქტობრივათ ძულთ. ამ კონკრეტულ მომენტში, საქართველოს პარლამენტში იმ რეზოლუციის მიღების საკითხს განიხილავენ, რომლის თანახმადმე-19 დამე-20 საუკუნეებში რუსების მიერ ჩერქეზების და ჩეჩნების დეპორტაცია ოფიციალურ გენოციდად უნდა იქნას აღიარებული, რაც რუსეთს აუცილებლად განარისხებს, ასევე ამ ჯგუფის წარმომადგენლებში უფრო მკაცრი ხაზის მომხრე ნაციონალისტებს წაახალისებს”.

ყოველივე ამის ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე საღი პოლიტიკის მომხრე პოლიტიკური ძალის გამოჩენის იმედს იძლევა ბიძინა ივანიშვილის ქვემოთ მოყვანილი განცხადება:”რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარება არ სურს, რადგან აფხაზეთთან და სოხუმთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს, ხოლო რუსეთთან მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს. ასეთ ვითარებაში ყველაზე მოხერხებულად თავს სწორედ რუსეთი გრძნობს: ერთი მხრივ, საერთოდ არ ელაპარაკება სააკაშვილის ხელისუფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც საერთაშორისო ზეწოლას გრძნობს - თუ არ ჩავთვლით ცალკეულ, თუმცა საკმაოდ პრინციპულ განცხადებებს. ამასთან, ფაქტია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსთის პრობლემა თავად რუსეთსაც მძიმე ტვირთად აწევს. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთს რეგიონში „სამხედრო ყოფნის გამყარების“ საშუალებას აძლევს”.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ განიხილავდა ის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს იმ ფონზე, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას – პუტინი საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად პასუხობს: „ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ქართველ ხალხთან და ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება გამოიებნება. მაგრამ ამაზე ახლა ნაადრევია საუბარი”. 

პოლიტიკური რადიკალიზმი საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის დამღუპველია. პოლიტიკის წარმართვა იმ ორიენტაციით, რომ საქართველოსთვის მხოლოდ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობა სჯობს ან მარტო რუსეთთან, ან ორივე ჩვენი ქვეყნის მტერია და ამიტომ  ორივეს ზურგი უნდა ვაქციოთ, არანაირად სიკეთის მომტან იარ იქნება საქართველოსთვის და ამას დღევანდელი პოლიტიკის შედეგებიც კარგად წარმოაჩენს. ასევე, ამ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განსაზღვრა მათ მიერ ჩადენილი სიკეთისა თუ ბოროტების შეფარდებით სრულიად ფუჭი საქმიანობაა, მითუმეტეს, ვერანაირად დაადგენ ზუსტად მათ შორის რომელია უფრო ბოროტი თუ კეთილი. არახალია, რომ ის სახელმწიფო აღწევს წარმატებებს, რომელიც თავის პოლიტიკას სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში წარმართავს არა წინასწარ დადგენილი კლიშეებითა და ჩარჩოებით, არამედ საკუთარი ინტერესების ზუსტი გათვლითა და არსებული ობიექტური რეალობის გათვალისწინებით.

ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამერიკის მიერ ატომური ბომბებით ასიათასობით ადამიანის განადგურებაზე, გლობალისტურ ექსპანსიონისტურ მიზნებსა და ეროვნული კულტურებისა და იდეალების ამოძირკვის სურვილებზე და აქედან გამომდინარე, მისი, როგორც ბოროტების მთესველი ჰეგემონური სახელმწიფოს მიუღებლობაზე, ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთზე, როგორც შოვინისტურ აგრესიულ სახელმწოფოზე და როგორც ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ ისტორიულ მტერზე, მაგრამ, მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, მეორე მსოფლიო ომში სწორედ ამერიკული ატომური ბომბებით განადგურებულმა იაპონიამ იაპონელი ხალხის მიმართ ამერიკის მხრიდან ამ მართლაცდა ისტორიული დანაშაულის გამო ამერიკის მიმართულებით მტრული პოლიტიკა რომ წარმართოს, ის ამით პრაქტიკულად რაიმე მოგებას ნახავს გარდა გარკვეული მორალური გრძნობის დაკმაყოფილებისა და გულის მოფხანისა?

ან ფინეთმა და გერმანიამ მტრობა რომ დაუწყონ რუსეთს,იმავე მეორე მსოფლიო ომის შედეგებით რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცების გამო (ერთს ხომ კარელიის მხარე წაართვა, მეორეს ძველი პრუსიის კენიგსბერგისმხარე), რა დღეში ჩაიგდებენ თავს? ხომ დაკარგავენ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რუსული გაზისა და ნავთობის რესურსების გამოყენების საშუალებას, მრავალმილიარდიან ბიზნესპროექტებს და ატომური ომის საფრთხეშიც შესაძლოა ჩაიგდონ თავი.

ასევე, იაპონიას მძაფრად სურს კურილიის კუნძულების დაბრუნება რუსეთისგან, მაგრამ ამის გამო რუსეთთან აშკარა კონფრონტაციამდე არასოდეს მისულა. არსებული პოზიციები კარგად აქვთ გაცნობიერებული ჩვენზე მრავალგზის ძლიერ სახელმწიფოებს და ყველა ცდილობს, მიუხედავად ძველი უთანხმოებებისა, ამ დიდ სახელმწიფოებთან ნორმალური, ურთიერთსასარგელო და უფრო მეტიც, სტრატეგიული ურთიერთობა იქონიონ.

ამიტომ შინაგანი რწმენით ვამბობ, რომ ანტიამერიკული კამპანიის წარმოებაც წამგებიანია საქართველოსთვის, ისევე როგორც მწვავე ანტირუსული პოლიტიკის წარმოება იყო უგუნურობა. საქართველოს თუ სურს პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი და საერთოდ, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მაშინ მან უნდა მოახერხოს მსოფლიოს უძლირეს სახელმწიფოებთან საერთო ენის გამონახვა და აქამდე არსებული კონფრონტაციული პოლიტიკის თანამშრომლობის ლიანდაგებზე გადაყვანა. სხვაგვარად ჩვენ ვიქნებით მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა ურთიერთშორის ჭიდილის მსხვერპლი თუ პოლიგონი, რაც სააბოლოოდ დაღუპავს ამ ქვეყანას.