აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დანიელ ფრიდმა, რომელიც სხვა ამერიკელი დიპლომატებისგან გამორჩევით ყოველთვის ბევრად ობიექტურ შეფასებებს იძლეოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, „ვაშინგტონ პოსტში“ 2008 წლის 20 აგვისტოს განაცხადა:“საქართველომ არასწორად გათვალა კრიზისის შედეგები. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს ისევე სწრაფად შემოიერთებდა, როგორც 4 წლის წინ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონს (იგულისხმება აჭარა). ის (სააკაშვილი) ფიცხი კაცია, რომელმაც ამერიკის რჩევა არ გაითვალისწინა.“
ამერიკული პრესა იმ პერიოდში აგვისტოს მოვლენების შესახებ საოცრად ადეკვატურ შეფასებებს აკეთებდა. 12 აგვისტოს“ნიუ იორკ ტაიმსი”წერს:
“ბევრი ფიქრობს რომ სააკაშვილი ძალზე ჯიუტი და დაუდევარია,რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება,როდესაც სასწრაფოდ თავდასხმა ბრძანა სამხრეთ ოსეთზე ოლიმპიური თამაშების წინა ღამეს და სერიოზულად ვერ გათვალა რუსეთის მოტივაცია სამხედრო გზით პასუხისა. ამ კრიზისმა აჩვენა, რომ მას შეუძლია დააყენოს საკუთარი ამბიციები ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესებზე მაღლა”
2008 წლის 17 აგვისტოს “ვაშინგტონ პოსტი” წერდა:
“შვიდი აგვისტოს ღამესა და 8 აგვისტოს დილას სააკაშვილმა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება გასცა და ქალაქის დასაკავებლად შეიარაღებული კოლონა გაუშვა. ისე ჩანს, რომ მას რუსეთის მხრიდან ძალისმიერი ჩარევის შემთხვევაში, დასავლეთის იმედი ჰქონდა,მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაცია, რუსი მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ და/ან დაიჭრნენ ქართველების თავდასხმის შედეგად. ქართველების მხრიდან ეს იყო დიდი შეცდომა”.
2008 წლის 20 აგვისტოს იგივე “ვაშინგტონ პოსტი” წერდა: “ბოლო დროს საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ბევრი ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილმა თავი მახეში გაიბა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე იერიშის მიტანით, რამაც თავის მხრივ რუსეთს საბაბი მისცა ძალისმიერი მეთოდით ეპასუხა ამ იერიშზე. ამერიკამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა სააკაშვილისნაირ მერყევ ლიდერს იმის წარმოდგენის საშუალება მისცა, რომ ამერიკა ყოველმხრივ მის გვერდით იდგა.
ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში პატარა ქვეყნები ხშირად ერთვებიან კონფლიქტებში იმის იმედით, რომ დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოები მათ დაეხმარებიან”.
ფრანგული გაზეთი Le Temps – სტატიაში „ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი აღიარებული ქვეყანა იქნება“წერს:
„აფხაზეთში ყველა საზეიმო სუფრა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოთი იწყება“ – გვიხსნი სეშმაკური ღიმილით ვიაჩესლავ ჩილიკბა, კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტის მრჩეველი – „რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“.
როგორც ვხედავთ, აგვისტოს ომის დაწყების ნაწილში შეფასებები მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა და გავლენიანი პრესის მხრიდან თითქმის იდენტურია. ამის შემდეგ საინტერესოდ ჟღერს რუსეთის მაშინდელი პრემიერის პუტინის სიტყვები, რომელთა შინაარსი კონცეპტუალურად სრულიად არ განსხვავდება ზემოთ აღნიშნული ფრაზებიდან, რაც ამ ხელისუფლებისათვის კიდევ ერთ სამარცხვინო დარტყმად მიმაჩნია:“მაშინ როცა ერაყში ამერიკის ჯარები შევიდნენ მოგონილი საბაბით მასობრივი განადგურების იარაღის ძებნის მიზნით, ის იქ ვერ მოძებნეს, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური მაინც ჩამოახრჩვეს. აქ კი მოხდა თავდასხმა არამარტო ოსებზე და რუსეთის მოქალაქეებზე, არამედ სამშვიდობო ძალებზეც, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ და ბევრი მათგანი დაიღუპა კიდეც. ამისთვის ვინმეს პასუხი ხომ უნდა ეგო.აგვისტოს ომი იყო დანაშაული ქართველი ხალხისა და მისი სახელმწიფოებრიობის წინაღმდეგაც. მან განიცადა საშინელი დარტყმა მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რომ არ ყოფილიყო ეს აგრესია, რუსეთი განაგრძობდა მცდელობას საქართველოს ტერიტორიული გაერთიანებისათვის. უბრალოდ,ამ აგრესიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს შეუძლებელია და უნდა იქნას მიღებული ის ღონისძიებები, რომლებიც ამგვარ სისხლისღვრას აღარ დაუშვებს. ამასთან დაკავშირებით ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყეტილებას რა პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ პოლიტიკოსებს,რომლებმაც გამოიწვიეს ასეთი მძიმე და დრამატული შედეგები. “
სააკაშვილისხელისუფლებისანტირუსულირიტორიკისა და ბოლოს საომარ მდგომარეობაში აღმოჩენის მთავარი მოტივი სწორედ ის გაბატონებული აზრია, რომ რუსეთი არის ცრუ და აგრესიული ქვეყანა, რომელთანაც აზრი არა აქვს დიპლომატიური გზებით ურთიერთობებისა და სადაო საკითხების მოგვარებას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მოქმედებას ამართლებენ მის მიერ ცხინვალის ავანტიურის განხორციელების მერეც, რომლის შედეგადაც დამატებით დავკარგეთ კოდორის ხეობა, ლიახვისა და ქსნის ხეობები და ახალგორის რაიონი, დაახლოებით 4000 კვ.კმ. ტერიტორია. დახოცილია ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე, გადაბუგულია ათობით ქართული სოფელი, ლტოლვილად არის ქცეული ათეულათასობით ადამიანი. ქართულმა ჯარმა მიიღო ცოცხალი ძალის საკმაოდ დიდი დანაკარგი, დიდი მორალური და მატერიალური ზიანი. საქართველოს ეკონომიკას მიადგა მილიარდობით დოლარი ზარალი.გადამწვარია ბორჯომის უნიკალური ხეობის ათასი ჰექტარი ტყე. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის რაც ყველაზე დამანგრეველია, რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით ბევრად გაართულა მათი დაბრუნებისათვის ბრძოლის საკითხი.
აღნიშნული პოლიტიკის გამართლების საფუძვლად ნაციდეოლოგებს მოჰყავთ ის მოსაზრებები, რომ 15 წელია რუსეთი სამშვიდობო მისიით იდგა აფხაზეთ-ცხინვალში და ამ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა საერთოდ არ ჩანდა. ამიტომ რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების საშუალებით ამერიკა-ევროპა ჩვენი პრობლემებით მეტად დაინტერესდება და მათი თანადგომით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების მეტი შანსი გაჩნდებაო. ამავე დროს, უახლოეს ხანში რუსეთის დასუსტებისა და დაშლის იმედიც კი ჰქონდა ზოგიერთ ცხელთავიანს. ამ მოსაზრებათა საფუძვლად მათ მიაჩნიათ დასავლეთის მზარდი ინტერესები შუა აზიისა და კასპიის რეგიონის ენერგორესურსების მიმართ, რომლის გატარების დერეფნად კავკასია და კონკრეტულად საქართველო მოიაზრება, როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი ფორპოსტი ევროპასა და აზიას შორის. ამ პოლიტიკური კონცეფციის რეალიზებული გამოხატულება იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება და ანალოგიური, ნაბუკოს ბევრად მასშტაბური პროექტის დაგეგმვა.
რამდენად პერსპექტიულია ამგვარი გათვლები, ამაზეც შეიძლება არგუმენტირებული მსჯელობა. ვერავინ უარყოფს, რომ აშშ-სა და დასავლეთის მძაფრი დაინტერესების საგანი გახდა კასპიისა და შუა აზიის რეგიონის ენერგორესურსებისადმი მიღწევადობის საკითხი. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლ ჰარვი წერს: ,,იმპერიები ხშირად აფართოვებენ საკუთარი უსაფრთხოების საზღვრებს არა აგრესიული ქმედების საპასუხოდ, არამედ უკეთესი თავდაცვითი პოზიციის მისაღწევად. კასპიის ენერგეტიკული რესურსების ათვისება და მისი უსაფრთხოება ნატო-ს სამხრეთი ფლანგის დაცვის გარანტია. ამგვარი რეფლექსი ისევე ძველია, როგორც თავად იმპერიების არსებობა. იგი რომის იმპერიის ექსპანსიის საფუძველს წარმოადგენდა. ლოგიკა მდგომარეობდა შემდეგში: იმისათვის, რომ დავიცვათ რომი, მას გარშემო მეორე რომი უნდა შემოვავლოთ,“
ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელების მცდელობას წარმოადგენდა 1997 წელს აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას განცხადება: ,,ევროპის სრულ უსაფრთხოებაზე საუბარი არ შეიძლება, სანამ კასპიის სახელმწიფოები ამ უსაფრთხოების ზონის გარეთ იქნებიან.“
ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის რეგიონში აშშ-ს სტრატეგიის შესახებ წერს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი პოლ სტარობინი 1999 წლის გაზაფხულზე ჟურნალ National Journal
“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: “მიუხედავად ყველაფრისა, აშშ წარმოშობის დღიდან ექსპანსიონისტურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ტეხასი, ალიასკა, ჰავაი - ამერიკამ ყველაფერი ეს ,,გადაყლაპა. ამჟამად ამერიკა უკვე აღარ ყიდულობს და აღარც იპყრობს ტერიტორიებს, იგი უბრალოდ ,,ითრევს“ მათ - ზოგჯერ გარკვეული მიზნით, ხშირად კი სრულიად განუსჯელად - საკუთარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული გავლენის სფეროებში. ამჯერად ამერიკის ყურადღება მსოფლიოს ერთ-ერთი ეგზოტიკური ნაწილისაკენ არის მიპყრობილი, სადაც მისი გავლენა ხელშესახები და თვალსაჩინო არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს რეგიონი 21-ე საუკუნის ძირითადი სტრატეგიული და ეკონომიკური დაპირისპირების ასპარეზად ყალიბდება. ეს თურქეთის აღმოსავლეთით მიმდებარე ცენტრალური აზიის უზარმაზარი სივრცეა, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს - აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს მოიცავს “.
გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეჟინსკი ცნობილ წიგნში “დიდი საჭადრაკო დაფა” წერს: ,,რომი სიმპერიის ექსპანსიაც სწორედ ამგვარად განხორციელდა: ხდებოდა მოსაზღვრე ტერიტორიების კონფედერატობის პრინციპით თანდათანობითი ჩართვა ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, ძირითადად, ე.წ. მეგობარი ხელმწიფეების დახმარებით“.
ჩვენთვის მეტად საყურადრებოა ბჟეჟინსკის შემდეგი მოსაზრება: ,,ვალდებულებასა და იძულებას შორის დიდი განსხვავებაა. ჩვენ ვაიძულებთ კასპიის სახელმწიფოებს, გაზარდონ დამოუკიდებლობის შანსი, მაგრამ საკუთარ თავს უსაფრთხოების გარანტიების მიცემით ვერ დავავალდებულებთო“.
“დღეისათვის ქრისტიანობა საუკუნის იდეალმა - დასავლური ტიპის დემოკრატიამ - შეცვალა” -ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. სწორედ მის თავს მოხვევას ცდილობს გაბატონებული ძალა-აშშ კასპიის რეგიონისათვის. აი, რას ,,ქადაგებს“ ,,ახალ ჯვაროსანთა“ ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ბრაუნბეკი: ,,მსოფლიო სამ ნაწილში კომუნიზმის წინააღმდეგ ათწლეულების ბრძოლის შემდეგ ახლა გზახსნილია დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პლურალისტული საზოგადოების შესაქმნელად”.
ამიერკავკასიისა და კასპიის სახლემწიფოების უმრავლესობა მონაწილეობს პროგრამაში ალიანსის არაწევრი სახელმწიფოებისათვის, რომელიც ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სახელით არის ცნობილი. ამ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქმენეთს მუდმივი წარმომადგენლობები აქვთ ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში.
მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთმა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საკმაოდ დიდი ძალისხმევა გასწია კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისკენ სწრაფვისა და ექსპანსიისაათვის და იგი საკმაო წარმატებებსაც აღწევდა ამ კუთხით. ამას ხელს უწყობდა რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდგომ მიმდინარე მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ამას ერთვოდა დასავლური ფინანსური კაპიტალის კაბალაშიც მისი გახვევა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან (ისინი დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის აღიარებულ ინსტრუმენტებად არიან აღიარებულნი) კოლოსალური კრედიტების აღების გამო, რაც მის დასავლეთზე პოლიტიკურად დამოკიდებულებასაც განაპირობებდა. ყოველივე აღნიშნულმა რუსეთის სახელმწიფოებრიობა იმდენად დააასუსტა, რომ საკუთარი ძირძველი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვისთვის ვერც იცლიდა და არც ძალა შესწევდა.
ელცინის მიერ პუტინისათვის ხელისუფლების გადაცემამ კარდინალურად შეცვალა რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. პუტინმა, როგორც რუსეთის უშიშროების კადრმა, რომელშიც დომინირებდა რუსეთის ე.წ. “ველიკოდერჟავული” იდეები, საკმაოდ ეფექტურად დაიწყო რუსეთის ცენტრიდანული ძალებისადმი გამკლავება, რაც გამოიხატა მოკლე ხანში ჩეჩნეთში მკაცრი ზომებით სეპარატისტული მოძრაობის განადგურებით. ეკონომიკური კუთხითაც მოხერხდა ქვეყანაში წესრიგისა და მონოპოლისტთა აშკარა თვითნებობის ალაგმვა, რამაც ფინანსური სისტემის გაუმჯობესება, ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება და ბიუჯეტის შევსება გამოიწვია, ამ უკანასკნელს ხელს უწყობდა ნავთობპროდუქტებზე მსოფლიოში არნახულად გაზრდილი ფასებიც. ამის შედეგად პუტინის რუსეთმა გაისტუმრა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ძირითადი კრედიტები, რამაც მას მეტი პოლიტიკური ავტორიტეტი და დამოუკიდებლობა შესძინა. უკვე ბევრმა დაიწყო ლაპარაკი აშშ-ს ერთპოლუსიანი მსოფლიოსა და რუსეთის სახით ახალი პოლუსის შექმნის თაობაზე. პუტინის აშკარა დაპირისპირებამ ამ სიტყვებით აშშ-ს ინტერესებისადმი ერთპოლარული სამყარო მარავალპოლარუილი სამყაროს ფაქტის წინაშე დააყენა: “ჩვენ დღეს ვხედავთ არაფრით შეზღუდული, ჰიპერტროფირებული ძალის, სამხედრო ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში, უფრო მეტიც, ლამის მთელმა სისტემამ ცალკეული სახელმწიფოს უფლებისა, პირველ ყოვლისა ერთი სახელმწიფოს, განსაკუთრებით აშშ-ის, გადააბიჯა თავის ეროვნულ საზღვრებს თავისი არსით ყველა სფეროში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, რასაც თავს ახვევენ სხვა სახელმწიფოებს”. “რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ნატო არ არის უნივერსალური ორგანიზაცია, როგორც გაერო, იგი არის პირველ ყოვლისა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი და რა თქმა უნდა, საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა ეს ყოველი სუვერენული სახელმწიფოს პრეროგატივაა. ამაზე ჩვენ არც ვდაობთ, მაგრამ რატომ უნდა წამოსწიონ მათ ამისთვის თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურა თავიანთი გაფართოებისათვის ჩვენი საზღვრებისკენ?”
ჟურნალისტის კითხვაზე - “თქვენ გინდათ თქვათ რომ ევროკავშირი თამაშობს სხვადასხვა წესებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს? პუტინი პასუხობს, რა თქმა უნდა, კოსოვო როგორ ცნეს? დაივიწყეს პრინციპი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, დაივიწყეს რეზოლუცია 12/44, რომელიც თავად მიიღეს და მხარს უჭერდნენ, იქ შეიძლება ამის გაკეთება, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს არ შეიძლება. რატომ?”
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ამ განცხადებას აგვისტოს ომის დღეებში, რომ: “უკანასკნელ კვირას რუსეთის მოქმედებამ დააყენა კითხვის ქვეშ ყველა ჩვენი დიალოგის ყველა საფუძველი, რომელსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა უშიშროების სფეროში, როგორც ორმხრივ ურთიერთობაში, ისე ნატოსთან. თუ რუსეთი უარს არ იტვის თავის აგრესიულ პოლიტიკაზე და მოქმედებაზე საქართველოში, ეს არ მოახდენს კეთილ გავლენას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე მომავალი მრავალი წლის მანძილზე”. http://www.youtube.com/watch?v=aG9-AMs0sG8 კარგად გამოჩნდა რომ რუსეთის მხრიდან არანაირი დათმობა არ მოჰყვა. უფრო მეტიც, აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სიტემების განლაგების გეგმის საპასუხოდ რუსეთმა კალინინგრადში, ყოფილ პრუსიულ ქალაქ კენისბერგში, სადაც გერმანული ფილოსოფიის მეტრი ემანუელ კანტია დასაფლავებული, ისკანდერების ტიპის რაკეტების განლაგება დაგეგმა.
გამართლდა კარნეგის მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარის ოლკოტის წინასწარმეტყველება: ,,რუსეთი ძალზე დასუსტებული დათვია, მაგრამ თუკი მას ჯერ კიდევ შერჩა ძალა, გამოაჩინოს კლანჭები, იგი კასპიის ზღვის ქვეშ ნავთობსადენის გავლას არ დაუშვებს.“
მართლაც რუსეთის ტერიტორიიდან ევროპაში აზიური გაზის გადამზიდავმა მაგისტრალმა “ჩრდილოეთის ნაკადის” სახელწოდებით ნაბუკოს პროექტის განხორცილების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
როგორც ვიცით, ამგვარ დაპირისპირებას იმავე წელს ბუშის ადმინისტრაციის შეცვლისთანავე აშშ-ის მხრიდან რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გამოცხადება მოჰყვა, რაც პრინციპში რუსეთთან უკანდახევა და მსოფლიოში მისი მზარდი პოლიტიკური როლის აღიარება იყო.
რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებისა და მისი დაკმაყოფილების რეალური პოტენციალის შესახებ არ შეიძლება არ სცოდნოდა სააკაშვილის ხელისუფლებასაც, რაც არ უნდა თავქარიანი ყოფილიყო იგი. იქნებ, მართლაც პატრიოტული მოტივები ამოძრავებდათ და ის განცდა, რომ ომით წართმეულს მშვიდობიანად არავინ აბრუნებს? ამის შესახებ შესანიშნავი წერილი აქვს გამოქვეყნებული ამავე საიტზე ბრწყინვალე მოაზროვნეს და საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებულ სპეციალისტს, ცხონებულ კახა კაციტაძეს. “ საქმე ეხება ავადმყოფურ თეზისს: ”ომით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ ომით შეიძლება”.
რასაკვირველია, ამ თეზისების ავტორები არ იცნობენ მსოფლიოს სამხედრო და პოლიტიკურ ისტორიას, მაგრამ ნუთუ ის მაინც არ იციან, რომ გერმანიამ სსრ კავშირის მიერ მიტაცებული ტერიტორია, სახელად ”გდრ” სწორედაც ომის გარეშე დაიბრუნა. ომი სგარეშე დაიბრუნ აჩინეთმა ჰონკონგი. ომის გარეშე იბრუნებს სამხრეთ კორეა თავის ჩრდილოეთ ნაწილს, თავის დროზე კომუნისტური ჩინეთისა და სსრ კავშირის მიერ რომ შეიქმნა. კარგიო - იტყვის მკითხველი, აქ ხომ დიდ ქვეყნებზეა ლაპარაკი: გერმანიაზე, ჩინეთზე. ცხადია, ესენი დიდი ქვეყნები არიან, მაგრამ არა მხოლოდ მოსახლეობის ოდენობით, ეკონომიკის სიდიდის ან ჯარის გამო, არამედ იმიტომ რომ ბრძნულ პოლიტიკას ატარებენ და სულსწრაფები არ არიან.
ჩინეთი გრძელვადიან და მშვიდობიან კურსს ატარებს ტაივანის მიმართ. ხუძინტაოს სააკაშვილივით კი არ დაუძახია, ტაივანის სრუტეში ამერიკის ფლოტი შევიდა და ამიტომ მე ჩემს სამ მილიონიან არმიას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დავავალეო. ჩინეთი ტაივანთან აღრმავებს ისეთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ კულტურულ და სხვასახის კავშირებს, რომელიც თუგინდ გრძელვადიან მომავალში გამოიწვევს ჩინეთის ტერიტორიულ გამთლიანებას.
თუ ჩინეთი და გერმანია, მიუხედავად უძლიერესი სამხედრო პოტენციალისა წლები ელოდნენ ხელსაყრელ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისთვის, ეს ჩვენი ცანცარა ხელისუფლება რა გახდა თავისი განცხადებებით ახალ წელს ცხინვალში შევხდებიო. ეგვიპტემ ისრაელის არსებობის უფლებისაღიარების ფასად მშვიდობიანად დაიბრუნა თითქმის საქართველოს ხელა ტერიტორია - სინაის ნახევარკუნძული.
ასევე, ლიბანმა ისრაელის აღიარებით მიაღწია იმას, რომ დაიბრუნა ისრაელის მიერ დაკავებული სამხრეთ ლიბანი (სხვათაშორის, ადამიანები ვინც ამას მიაღწიეს მხდალები და პაციფისტები ნამდვილად არ იყვნენ და კარგად იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ: სადათიც, ჰარირიცა და რაბინიც ცხელთავიანმა ”პატრიოტებმა” მოკლეს: არ ესიამოვნათ, რომ მათი თეორია ”ომით დაკარგულის დაბრუნება მხოლოდ ომით შეიძლება” არ გამართლდა). სირიასაც კი ჰოლანის მშვიდობიანად დასაბრუნებლად ერთადერთი რამ სჭირდება - აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება, რაზეც ჯიუტად ამბობს უარს და იძახის ”ომით დაკარგული ომით თუ დაბრუნდებაო”. ჰოდა ელოდოს, როდის დაუბრუნდება...
შეიძლებოდა მოგვეყვანა ათობით მაგალითი ომით დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებისა მთელ დედამიწაზე - ლათინურ ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში და ოკეანეთშიც კი, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. მთავარია, რომ თეზისი - ”ომით დაკარგულს მხოლოდ ომით დაიბრუნებ” - როგორც გამოცდილება ადასტურებს, მცდარია. მეტიც - მავნეა და ახალი ომების პროვოცირებას თუ ემსახურება”.
მაშასადამე, ეს ვერსიაც გამოირიცხა, მითუმეტეს, ჩვენმა მთავარსარდალმა კარგად იცოდა, რომ სამხედრო გზით კონფლიქტის გადაჭრას რუსეთის მინიმუმი ნეიტრალიტეტის გარეშე ვერ გადაწყვეტდა, ხოლო რუსეთი რომ სამხედრო ძალით აღკვეთდა ამგვარ მცდელობას, ამის შესახებ სააკაშვილი პირადად იყო უამრავჯერ გაფრთხილებული პუტინის მიერ.
მაშ, რამ აიძულა სააკაშვილი ამგვარი ქვეყნის დამღუპველი გადაწყვეტილება მიეღო? არსებობს ერთი საინტერესო ვერსიაც, რომლის შესახებაც მხოლოდ სოციალურ ქსელებში საუბრობენ, მაგრამ სოლიდური საინფორმაციო საშუალებებით მასზე ლაპარაკი არ ყოფილა. შესაძლოა იმის გამოც, რომ ამ ვერსიის დოკუმენტებით დამტკიცება შეუძლებელია, რადგან იგი შეთქმულების (კონსპიროლოგიური) თეორიის კატეგორიას მიეკუთვნება და ამიტომ საზოგადოებისგან მკაცრად გასაიდუმლოებულია.
საქმე იმაშია, რომ 2008 წლის შემოდგომაზე ამერიკაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. რესპუბლიკელების პოლიტიკა ბუშის მეთაურობით იმდენად იყო დისკრედიტირებული, რომ მათ არც ერთ კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნდა. მხოლოდ რესპუბლიკელების ნეოკონსერვატორული ფრთის წარმომადგენელმა მაკ კეინმა გაბედა თავისი კანდიდატურის წამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამერიკული ელექტორატის მოთხოვნებს დიდწილად აკმაყოფილებდა აშშ-ის ისტორიული მტრის სსრკ-ს წინაააღმდეგ თავისი საბრძოლო ბიოგრაფიით და მისი მემკვიდრის რუსეთის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებით, წინასწარი გამოკითხვებით აშკარად ჩანდა, რომ მაკ კეინი დემოკრატების ლიდერს ობამას მკვეთრად ჩამორჩებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ამერიკელი ქორების თავში ამან მოამწიფა ერთი მზაკვრული და თავისი ჩანაფიქრით ეშმაკისეული გეგმა. ცნობილია, რომ ბუში და მაკ კეინი სააკაშვილს საკუთარ პოლიტიკურ პროექტად მიიჩნევდნენ და პოსტსაბჭოთა სივრცის ამერიკანიზაციის საქმეში უდიდეს როლს აკისრებდნენ. ამიტომაც დარბოდნენ ატეხილი საქონელივით გივი თარგამაძისა და ბოკერიას მეთაურობით ტაჯიკეთსა და უკრაინაში ნაცაქტივისტები ე,წ. ფერადი რევოლუციების საექსპორტოდ. რა ფიასკოც განიცადა ამ პროექტმა სხვა რესპუბლიკებში, ეგ სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ბუში თუ სააკაშვილისთვის ამერიკელი მამობილი იყო, მაკ კეინი პაპის როლს მაინც ასრულებდა. ამიტომაც სააკაშვილმა მას ეროვნული გმირის წოდებაც კი მიანიჭა. ფაქტობრივად კი საააკაშვილი იყო ამერიკელთა უსიტყვო მარიონეტი კავკასიაში და მათგან პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ ისიც მზად იყო ყველაზე საოცარი არაადამიანურად ვერაგული ბრძანებაც კი შეესრულებინა.