„მიშა მნგრეველი“

„მიშა მნგრეველი“

მტკვრის კალაპოტზე კაზინოების და ბორდელების მშენებლობა იგეგმება, ბოტანიკურ ბაღში - კერძო სახლის.

„ამ მიწის ნაკვეთებს არ მოგცემთ!’ - გაცხარდა მიხეილ სააკაშვილი. რა გეგმა იმალება ამ ყველაფრის უკან და ვის ფინანსურ ინტერესებს იცავს საკრებულოს თავმჯდომარე? ყველაზე მეტად ოპოზიციის რომელი წარმომადგენელი იწერს პოლიტიკურ ქულებს ამომრჩევლის თვალწინ? „ალია“ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება:

- ჩვენ მზად ვართ, ამ ხალხს დავუბრუნოთ ის თანხები (ფაქტობრივად, კაპიკები), რომელიც მათ გადაიხადეს, ან მივცეთ საშუალება, უკან ამოიღონ ის ქრთამები, რაც ჩინოვნიკებს გადაუხადეს. ამაში ამ ადამიანებს ჩვენც დავეხმარებით.

მოქრთამული ჩინოვნიკების ვინაობას არ დაასახელებთ?

- ესენი არიან ქალაქის მთავრობის ის წევრები, რომლებიც მოვხსენით. მაგალითად, ქალაქის ყოფილი არქიტექტორი ლოლაშვილი. მან თბილისის ცენტრში მიწები კაპიკებად გაყიდა.

ორი კვირის განმავლობაში თქვენ უკანონო მშენებლობებს ანგრევდით, ახლა ხალხს შეძენილი მიწების ჩამორთმევითაც ემუქრებით. საბოლოო ჯამში, ეს თქვენ რეიტინგზე ცუდად არ იმოქმედებს?

- ჩვენ კი არა, კანონი ანგრევს ამ უკანონო მშენებლობებს. გააუქმეს საბავშვო მოედანი და ააშენეს ბენზინგასამართი სადგური, გაუქმდა საავადმყოფოს წინ გაჩერება. სხვათა შორის, ჩემი სკოლა იყო იქ. მე იმ გაჩერებაზე ვჯდებოდი ავტობუსში და მივდიოდი სახლში! ეს გაჩერება გაუქმებულია და რა ხდება ახლა? ქალი, რომელსაც მიჰყავს ბავშვი ეტლით, იძულებულია, გადავიდეს მანქანების სავალ ნაწილზე და ისე იაროს. ამ შემთხვევაში, ჩემთვის მთავარი არ არის რეიტინგზე ფიქრი.

„მიშა მნგრეველი“ - ეს სახელი არ გაღიზიანებთ?!

- ეს სახელი ვინც მოიგონა, შეუძლია კედელზე ჩამოიკიდოს! აქ საუბარია იმაზე, შევძლოთ და აღვკვეთოთ ქალაქში უკანონობა. ჩვენ ხელს შევუწყობთ მშენებლობებს. ახლა ვიწყებთ ძალიან სერიოზულ, მუნიციპალურ პროექტებს. კერძოდ, ვაკის რაიონში, დიღმის მასივში. დავამტკიცებთ კანონპროექტებს, გადავახდევინებთ რეალურ თანხას და არა იმ კაპიკებს, რომელსაც ისინი იხდიდნენ ბიუჯეტში. ადრე რომ ქრთამს იხდიდნენ, ახლა ბიუჯეტში შემოვატანინებთ ამ თანხას. ყოველ ასეთ მშენებლობაში მუნიციპალიტეტს დარჩება, ოფიციალურად, 5-დან 10 პროცენტამდე ბინების სახით! ჩვენ ამ ბინებს მივცემთ მიწისძვრით დაზარალებულებს ან გავყიდით მათ და ვუყიდით დაზარალებულ მოსახლეობას უფრო დიდი ფართის ბინებს სხვაგან. აი, ეს არის ჩვენი გეგმა.

ხომ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე მამალაძის მსგავსი და თანხების „მოტეხვაშიც“ დაგადანაშაულოთ?

- აქამდე იღებდნენ ქრთამს. ჩვენ მოვედით სათავეში. ამ ქრთამებში კი არ ვჯდებით წილში, ჩვენ ვამბობთ: „ქრთამს აღარ ვიღებთ, შემოიტანეთ ბიუჯეტში.“

მამალაძემ ბიუჯეტიდან 400 მილიონის „მოტეხვა“ დაგაბრალათ და ამაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ გაგიციათ.

- იცით, ლევან მამალაძის ბრალდებაზე დაახლოებით, ისეთივე კომენტარი შემიძლია გავაკეთო, ამაზონკის ნიანგმა ან ალიგატორმა პირი რომ დააღოს და ჩემზე რამე თქვას. ეს სასაცილოა! ლევან მამალაძე განმარტებებს უნდა აძლევდეს პროკურორს. საერთოდ, მამალაძეში კი არ არის პრობლემა, არამედ შევარდნაძის უბედურებაში, რომელიც მუდმივად შტამპავს ასეთ მოღვაწეებს. არ იქნება მამალაძე - იქნება ქათამაძე. არ იქნება ქათამაძე - იქნება ქორიძე. შევარდნაძეს არ შეუძლია ასეთი ხალხის გარეშე. მან, როგორც ცეკას მდივანმა, დაიწყო თავისი კარიერა კორუფციასთან ბრძოლით, დაამთავრა მამალაძის ნათლიმამობით. ეს სასაცილოა და იმავდროულად, ტრაგედიაა ადამიანისა. შევარდნაძემ ცხვარიჭამიაში რამდენიმე მომცრო სახლის ამშენებელს და ლაზიშვილს გაუმწარა სიცოცხლე, დღეს კი შეუქმნა სასათბურე პირობები მამალაძეს.

თემას გადავუხვევ. როგორც ჩანს, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო სიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებით.

- კარგი კონსულტაცია გვაქვს „გაერთიანებულ დემოკრატებთან“. ჩვენი კონსოლიდაციის საკითხი, ბლოკის ფარგლებში, ვფიქრობ, გადაწყვეტილია. ამ საკითხზე საბოლოოდ მაინც „ეროვნულ ძალთა გაერთიანებასთან“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მოვილაპარაკებთ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვიად ძიძიგურის და დავით ბერძენიშვილის პოზიცია.

საარჩევნო სიების დაკომპლექტების საკითხშიც?

- რა თქმა უნდა. ძიძიგურსაც და ბერძენიშვილსაც ჩვენთან ბლოკში აქვთ ვეტოს უფლება. თუ ისინი ვინმეს წინააღმდეგ წავლენ, ჩვენ მათ აზრს გავითვალისწინებთ.

ისინი პატიაშვილის და ჟვანიას თანამოაზრეების წინააღმდეგნი არიან.

- არა, ჯერჯერობით, არავის წინააღმდეგი არ არიან. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება პატიაშვილთანაც, ტრადიციონალისტებთანაც, ლეიბორისტებთანაც. მარტის განმავლობაში საბოლოოდ გამოიკვეთება ამ ბლოკის კონტურები, რა პრინციპებზე იქნება, რა ხალხი შემოვა, ვის რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს.