თემურ შაშიაშვილმა ზურაბ ჟვანიას ინიციატივა ოპოზიციის გაერთიანების შესახებ უარყოფითად შეაფასა.
იგივე პოზიცია აქვს მას შევარდნაძის ბლოკთან დაკავშირებითაც. რწმუნებულის აზრით, აღნიშნული გაერთიანებები მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად გამოდგება, გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი საქართველოს სისხლისღვრამდე მიიყვანს.
„საქართველოში ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკოსები, პრაქტიკულად, არ არსებობენ, ამიტომ მათი გაერთიანება ქვეყნისათვის უბედურება იქნება. თავის დროზე ასეთი გაერთიანების შექმნა ზვიად გამსახურდიამ შეძლო და უბედურად დაუბრუნდა უკან.
შეუთავსებელთა შეთავსებით მიღწეული გამარჯვება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ იქნება და ისევ სისხლისღვრამდე მივალთ. ისეთი ძალები, როგორიც სააკაშვილი და ჟვანიაა, ჯობია არ გაერთიანდნენ.
რაც ვიცი და რაც მომისმენია, იმაზე დაყრდნობით ვსაუბრობ, მეტს ნუ დამაკონკრეტებინებთ. ანალოგიური მოხდება პრეზიდენტის ბლოკშიც.“ - განაცხადა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ შაშიაშვილმა.