პარლამენტის პლენარული სხდომების ტრადიციული მუშტი-კრივით თავმობეზრებულმა დეპუტატებმა გუშინ ორთაბრძოლის უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა „ახლების“ წარმომადგენელ სავით საგანელიძეს კასტეტით სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა. არსებობს ინფორმაცია, რომ საგანელიძეს ჩხუბის შედეგად თითი აქვს მოტეხილი და თვალის გუგის ფსკერი დაზიანებული. დაპირისპირება პარლამენტის ფოიეში დაიწყო და კულმინაციას ტუალეტში მიაღწია. ჩხუბის შემდეგ ცისკარიშვილმა პარლამენტი სასწრაფოდ დატოვა.
საგანელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლაც რთულია, მას შეიძლება საზღვარგარეთ მკურნალობა დასჭირდეს.
გუშინ საღამოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ ცისკარიშვილი პარტიიდან გარიცხა.
თავიდან სისხლიან დასასრულს არაფერი მოასწავებდა. საგანელიძე და ცისკარიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მშვიდად საუბრობდნენ. შემდეგ ორივე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში გავიდა, სადაც ორთაბრძოლა გაიმართა, უფრო სწორად, ერთის ბრძოლა მეორის წინააღმდეგ. საკმაოდ ზორბა აღნაგობის საგანელიძეს ჯერ მისალმებაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ „პატარა“ პეტრემ „ახალ“ დეპუტატს მარჯვენა თვალში კასტეტით შეიარაღებული მუშტი დაარტყა. დაპირისპირება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა და კმაყოფილმა „ნაციონალმა“ საგანელიძის დოსტების რისხვისგან თავს გაქცევით უშველა.
საგანელიძეს პირველადი სამედიცინო დახმარება პარლამენტის მამაკაცთა საპირფარეშოში აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით დეპუტატები აცხადებდნენ, რომ „ხულიგან დეპუტატს“ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე დამხმარე ჰყავდა მოყვანილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალებისა“ და „ახლების“ დაპირისპირება არახალი ამბავია, თუმცა ამ ურთიერთობებმა ცხვირ-პირ-დამტვრევის ფორმა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა ცისკარიშვილმა „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დროს „ნაციონალების“ მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ განცხადების გამო აღშფოთებულმა დავით კერესელიძემ ის პირდაპირ „მიკროფონიდან მოსხნა“ და პარლამენტის ფოიეში გაათრია. მაშინ ხელჩართული ჩხუბის შედეგად ცისკარიშვილს სახე მნიშვნელოვნად ჰქონდა დაზიანებული.
მათი დაპირისპირების გამო პარლამენტის სხდომა ჩაიშალა და ჩხუბი რამდენიმე დეპუტატს შორის გაჩაღდა. მოგვიანებით, კერესელიძემ ამ ინციდენტის გამო ბოდიშიც კი მოიხადა.
ცემა-ტყეპის სერიალი პარლამენტში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. მუშტი-კრივის ობიექტი კვლავ ცისკარიშვილი იყო. ის პრეზიდენტის ფრთის წარმომადგენელ ვაჟა ლილუაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მესამე დღეს კი, „ნაციონალების“ „ჩხუბისთავმა“ წარმომადგენელმა კერესელიძეზეც იძია შური: ლიფტთან მშვიდად მდგომ კერესელიძესთან მივიდა, დაარტყა და გაიქცა.
გუშინდელი ინციდენტის გამო ცისკარიშვილი, შესაძლებელია, არა მარტო მშობლიურ პარტიის, არამედ პარლამენტის მიღმაც დარჩეს. პარლამენტში ჩადენილი ხულიგნობის გამო მას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრა ემუქრება. „ახლების“ ლიდერი დავით გამყრელიძე აპირებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დასვას საკითხი ცისკარიშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე როსტომ დოლიძე აღნიშნავს, რომ მისი კომიტეტი უფლებამოსილია, მიმართოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.
გუშინ სპეციალური სანქციების გატარებით იმუქრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე და „ნაციონალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც. „ვიქნებით ძალადობის წინააღმდეგი და ჩვენს პარტიაში ხულიგნები არ გვჭირდება. ვინც ძალადობას გამოიყენებს, პარტიიდან გავრიცხავთ. ყელში ამომივიდა პარლამენტში არსებული ძალადობა.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
„ნაციონალების“ წარმომადგენლის ხულიგნობის გამო პლენარულ სხდომაზე აღშფოთება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც. მან მანდატურის სამსახურსა და სამთავრობო დაცვას პარლამენტში დეპუტატების იარაღით შემოშვება აუკრძალა. პარლამენტში არსებული კრიმინოგენული ვითარების გამო, ბურჯანაძე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის - კობა ნარჩემაშვილის მოწვევასაც აპირებს.
„ვუერთდები გამყრელიძის აღშფოთებას. ამ ფაქტს მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს. ვიფიქროთ სანქციებზეც, რადგან დეპუტატთა ქმედება დანაშაულის ნიშნებს იძენს. სამთავრობო დაცვის სამსახურსა და აპარატს ვთხოვ, უზრუნველყოს პარლამენტში დეპუტატების იარაღის გარეშე შემოშვება. ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, გაძევებული იქნება პარლამენტიდან.“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
„ამგვარი ფაქტები არღვევს პარლამენტარიზმის საფუძვლებს, რასაც არავის ვაპატიებთ. არ შეიძლება, დეპუტატები უსაფრდებოდნენ კოლეგებს და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამგვარ ქმედებებს წერტილი საბოლოოდ უნდა დავუსვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბება.“ - აღნიშნა „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
ამ ინციდენტს სხვა ფრაქციათა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. დეპუტატები ცისკარიშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას ერთხმად და კატეგორიულად მოითხოვენ.