აგვისტოს მზიანი დღე იყო... ფთილა–ფთილა ღრუბლების ვიწრო ზოლი მხოლოდ თბილისი–ფოთის რკინიგზის გასწვრივ შეიმჩნეოდა. ღრუბელ–ღრუბელ ვერტმფრენით მიფრინავდა მაღალ–მაღალი, არ ეპუებოდა მტრის ურდოებს, მძლავრ მაჯაზე ჩამოეყრდნო მტკიცე ნიკაპი, დროდადრო ნერვული მოძრაობით ისწორებდა ნაადრევად გაჭაღარავებულ თმას, თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა.
ერთი–ორჯერ პილოტმა შეიხედა კაბინაში – ცეცხლს ნუ აკვესებ, ემანდ არ ავფეთქდეთო ამ სიკეთის ჟამს.
ვერც შავმა იუმორმა დააძლევინა შავი ფიქრები.
დარდს მოეცვა მთავარსარდალი: გრიმს როგორ გამიკეთებენო, განათება როგორი იქნებაო, ჟურნალისტს კითხვების თანმიმდევრობა ხომ არ შეეშლებაო, პეტლიჩკა ხომ არ შემაწუხებსო...
განა ცოტა სადარდებელი აქვს გაუბედურებული ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს, როდესაც პირდაპირ ეთერში სალაპარაკოდ ოკუპირებულ ზღვისპირა ქალაქში ღრუბელ–ღრუბელ მიფრინავს?
კვლავ შემოყო პილოტმა თავი კაბინაში – მტერი გამოჩნდაო.
„მტერი... – მწარედ ჩაიცინა მთავარსარდალმა – მტრის გამოჩენით მაკვირვებენ“.
მრავალჯერ მდგარა სიკვდილის წინაშე პირისპირ, მრავალჯერ ჩაუვლია მის წინაშე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ფილმად და სულ, სულ, ყოველთვის მტრებს აჩვენებდა და ახსენებდა უხილავი რეჟისორი.
ვერტმფრენი ღრუბელ–ღრუბელ მიფრინავს, კადრი კადრს მიყვება, მტრებს იხსენებს მთავარსარდალი:
„პირველ კლასში რომ იყო, ბაფთებიანი გოგონა, კევი რომ არ ათხოვა... რა ერქვა? ელენე. ახლა ქუჩაში ზის და ვაჭრობს. აუცილებლად ავკრძალავ გარევაჭრობას... ის ბიჭი? გელა თუ დიმიტრი... საკონტროლო რომ არ გადამაწერინა... უმუშევარი ყოფილა. ქსენია მასწავლებელი? ცხვირი მოიწმინდეო, და ბავშვები რომ დამცინოდნენ... შიმშილით მომკვდარა...“
მტრებს იხსენებს მთავარსარდალი – ნათესავებს, მეზობლებს, თანაკლასელებს, მასწავლებლებს, თანაკურსელებს, პროფესორებს...
„როგორ მეუბნებოდნენ?.. მამაშენს ერჩია, გოგო ყოფილიყავი და ბოზი, ვიდრე ბიჭი და ეფრეიტორიო! ახლა სად არიან?! სად ჩაკვდნენ?! ნეტავ, თუ გაიგეს, მთავარსარდალი რომ ვარ? მამა...“
მამა გაახსენდა... მამა იყო მისი ყველაზე დიდი ტკივილი, უმამობა. მრავალმამიანობამ დატანჯა, თუმცა ისიც ღრმად ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი – ტკივილი გაძლიერებსო. უახლოეს თანამებრძოლებს გადაწვდა ფიქრებით. მათი შვილები რომ გაიზრდებიან, ეჭვები დატანჯავთ, მამა მე ვეგონებიო – ნიშნისმოგებით გაიფიქრა.
ისევ შემოყო პილოტმა თავი, მტრის განლაგებაში მოძრაობა შეინიშნებაო. ილუმინატორში გაიხედა მთავარსარდალმა, მიაყურადა. ვერტმფრენს უცქერდნენ მტრის რიგითები, ზემდეგები, სერჟანტები, მიჩმანები, უფროსი და უმცროსი ლეიტენანტები. ორ მაიორს და ერთ პოლკოვნიკსაც მოჰკრა თვალი. „მაინც ვერ შემაშინებთ“ – ამის გაფიქრება იყო და...
მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შევიტყობთ, როგორ მოახტა მტერი ასობით და ათასობით ჯავშანტრანსპორტიორს, როგორ ეძახდნენ ერთმანეთს, ამას თუ მოვკლავთ, ინდოეთის ოკეანეში ფეხებსაც დავიბანთო... ერთმანეთს ასწრებდნენ, ზოგი მანქანაში ჯდებოდა, ზოგი ზემოდან ახტებოდა, გამალებულები ტენიდნენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს, ნაღმსატყორცნებს, ქვემეხებს, 1947 წლის მოდელის ავტომატებს... დიდი ფუსფუსი შეიქმნა.
„შენი დედა...“ – მთავარსარდლის ყურს პოლკოვნიკის გინება მისწვდა. გაეღიმა. მტრის არ ეშინოდა, ტყვიას არ უფრთხოდა, დედას რომ აგინებდნენ – მიჩვეული იყო და მიჩვეული რომ იყო, ეს არ იცოდა მტრის ამ პოლკოვნიკმა. ეს იცოდა მტრის სხვა პოლკოვნიკმა იქ, შორეული კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ქალაქში.
„შენი გაზრდილი ვარ, ძია“ – ეს სიტყვები მთავარსარდალმა, მისდაუნებურად, ხმამაღლა წარმოთქვა. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ–ერთი თანაავტორი, ვერტმფრენის პილოტი, შავი იუმორი რომ უყვარდა.
ღრუბელ–ღრუბელ მიფრინავდა თეთრი შვეულმფრენი, ფეხებს იპარსავდა და მაკიაჟში ბოლო შტრიხები შეჰქონდა ოკუპირებული ზღვისპირა ქალაქის ტელევიზიის ადგილობრივ დიქტორს, ოსტატ კალათბურთელთა ადგილობრივი გუნდის მარცხენა გარემარბის დას.
განათებაზე ფიქრობდა მთვარსარდალი, პეტლიჩკა ადარდებდა. მტრის არ ეშინოდა, ტყვიას არ უფრთხოდა, დედას რომ აგინებდნენ – მიჩვეული იყო. სამშობლოს მომავალი ადარდებდა, მამულის ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა: „რეჟისორი ჰარლინი იქნება, პრეზიდენტის როლს გარსია შეასრულებს, ოღონდ გამომეტყველება თავიდან ისეთი უნდა ჰქონდეს, აი, ოპერის კიბეებზე გოგოს რომ მოუკლავენ, ფილმის ბოლოს კი ისე უნდა იყურებოდეს... ჯოი ზაზას რომ კლავს – ბახ, ჯოი, ბუხ, ზაზა. ხალხის როლს ითამაშებს ბრბო, აღფრთოვანებას კულტურის მინისტრი გამოხატავს. პრემიერაზე შერონ სტოუნს დავპატიჟებ... მთავარსარდალი რომ არ ვიყო, ან რეჟისორი ვიქნებოდი, ან არქიტექტორი“.
იმედია, მკითხველს არ ესაჭიროება იმის შეხსენება, რომ ვერტმფრენს ჯავშანტრანსპორტიორები მისდევდნენ და მთავარსარდალი მიჩვეული იყო, დედას რომ აგინებდნენ.
და მაინც... როგორ დაუსხლტა შავ ბეტეერებს თეთრი ვერტმფრენი, რომელსაც შავი იუმორის მოყვარული პილოტი მართავდა? რამ იხსნა ქვეყანა და რას გადაურჩა თბ... თუმცა, ჩვენ არ ვიცით რომელი ქვეყნის მთვარსარდალზეა საუბარი და, აქედან გამომდინარე, არც მისი დედაქალაქის სახელწოდება ვიცით.
მაგრამ ვიცით ის, მხოლოდ ახლახანს, იმ ამბებიდან (შვეულმფრენს ჯავშანტრანსპორტიორები რომ მისდევდნენ და ადგილობრივი დიქტორი ფეხებს რომ იპარსავდა) ოთხი წლის შემდეგ რომ შევიტყეთ.
კერძოდ:
პოლიციის პოსტის მორიგე ოფიცერმა თითი დაინერწყვა, ფურცელი გადაკეცა, წიგნი („გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“) დახურა, ერთი გემრიელად გაიზმორა და ამ დროს შენიშნა შავი ლაქა, რომელიც უახლოვდებოდა და იზრდებოდა. ანუ, რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო და უფრო იზრდებოდა. „ეს რა ჩემი...“ – ჩაიბურტყუნა ოფიცერმა და მიხვდა, რომ შეცდა – „ეს ვინ ჩემი...“ უნდა ეთქვა.
მტერი იყო, კბილებამდე და ფრჩხილებამდე შეიარაღებული, ჯავშანმანქანებზე ამხედრებული, გაცოფებული, გადარეული და ისეთი იმედგაცრუებული, რომ ვაი საყვარელო!!!
„რას გვანან ეს ჭირიანები!“ – გაიფიქრა ოფიცერმა, ხმამაღლა კი, ხაზგასმული თავაზიანობით იკითხა, რა გნებავთო. აყაყანდნენ, მაგრამ რას აყაყანდნენ. ოფიცერმა ხელი ასწია – ან რიგრიგობით ილაპარაკეთ ანაც უკან გაბრუნდითო. მტრის ურდოებს ერთი ადამიანისსახედაკარგული არსება გამოეყო და ოფიცრის მშობლიურ ენაზე თქვა: „თქვენი მთავარსარდლის მოკვლა გვსურს. თქვენ არაფერს გერჩით. გაგვატარეთ, დავეწევით, მოვკლავთ, ინდოეთის ოკეანეში ფეხებს დავიბანთ და შინ დავბრუნდებით“
“დაამთავრე? – ჰკითხა ადამიანისსახედაკარგული არსებას პოლიციის ოფიცერმა – ახლა კი, მე მომისმინე. ჩვენი მთვარსარდალი ჩვენი ქვეყნის სახეა, დღევანდელობა და მომავალი. მომავალს თუ არ გავუფრთხილდებით, წინაპართა სულები დაგვსჯიან“.
ესა თქვა და „მაკაროვზე“ გაივლო ხელი.
რაღა დარჩენოდათ მტრის ურდოებს? გაბრუნდნენ კუდამოძუებულები.
ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ ახლახანს, იმ ამბებიდან (შვეულმფრენს ჯავშანტრანსპორტიორები რომ მისდევდნენ, ადგილობრივი დიქტორი ფეხებს რომ იპარსავდა და მტერი კუდამოძუებული რომ გაიქცა) ოთხი წლის შემდეგ შევიტყეთ, მაგრამ დღემდე არ ვიცით, სათანადოდ დააფასა თუ არა მთავარსარდალმა ფეხებგაპარსული დიქტორის მონდომება. მთავარსარდალი დუმს და დუმან გამნათებლები – პარლამენტის თავმჯდომარე (ქლიბი) და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (ბრტყელტუჩა). ფეხებგაპარსული დიქტორი აღარავის უნახავს.
მას შემდეგ დადის მთავარსარდალი და ფეხებგაპარსულ გოგოს ეძებს, ერთ დათვს გადაეკიდა, შენ შეჭამეო ფეხებგაპარსული გოგო. შეხვდება დათვს და ეუბნება, აბა, დაკრიჭე კბილებიო. დაკრიჭავს დათვი კბილებს და კბილებიდან ერთ–ერთი ოკუპირებული რეგიონი უჩანს. შენ კარგი დათუნია ყოფილხარო – ეუბნება მთავარსარდალი და უშვებს. ისევ შეხვდება და ისევ დააკრეჭინებს კბილებს და ასე გრძელდება უსასრულოდ. რაღა არ უჩანს კბილებიდან დათვს – ოკუპირებული რეგიონები, ელექტრო და გაზგამანაწილებელი კომპანიები, წყალსადენები, ინტერნეტის კაბელი, ჰიდროელექტროსადგურები, ოქროს საბადოები... ფეხებგაპარსული გოგონა კი არსად ჩანს. კარგი დათუნია ყოფილხარ, წადიო – ყოველ ჯერზე უშვებს მთავარსარდალი დათვს.
იმ ამბიდან (შვეულმფრენს ჯავშანტრანსპორტიორები რომ მისდევდნენ, ადგილობრივი დიქტორი ფეხებს რომ იპარსავდა და მტერი კუდამოძუებული რომ გაიქცა) მრავალმა წყალმა, რამდენიმე წყალდიდობამ და ერთმა ქარბორბალამ ჩაიარა. ხუთდღიან ომს მხოლოდ სამასიოდე ადამიანი შეეწირა, წყალდიდობამ სულ რაღაც ერთი ქალი და ორი ბავშვი ემსხვერპლა, მემორიალის აფეთქებისას დედა–შვილი დაიღუპა (ხე იჭრება, ნაფოტი ცვივა), დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი წამოედო მაღალი ძაბვის კაბელს, მაგრამ მსხვერპლი ასჯერ და ათასჯერ მეტიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ დაჩრდილავდა და ვერც დაჩრდილავს იმ გმირობას, რომლის შესახებაც სულ ახლახანს შევიტყვეთ.
მაგრამ ვინ იყო ის მთავარსარდალი და რომელ ქვეყანაში მოხდა ეს, დღემდე არ ვიცი. ისიც არ ვიცი, არსებობს თუ არა ქვეყანა, სადაც ასეთი რაინდები ცხოვრობენ. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო...
კამელოტი? ნუთუ, კამელოტი?..
ღრუბელ–ღრუბელ ვერტალიოტით მიფრინავდა მეფე არტური, გემრიელად იზმორებოდა პოლიციის ოფიცერი, სერ ლანსელოტი და ფეხებს იპარსავდა დედოფალი გვინივერა