აგვისტოს ომი და მისი თანამდევი პოლიტიკა (მეორე ნაწილი)

აგვისტოს ომი და მისი თანამდევი პოლიტიკა (მეორე ნაწილი)

ნაცრეჟიმის პროპაგანდა აგვისტოს ომის შესახებ სიმართლის ჩასახშობად არ ერიდება არანაირ სიცრუეს და პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების როკის გვირაბში შემოჭრის შემდეგ გავხსენით ცეცხლი, აბა რა უნდა გვექნა, უბრძოლველად ხომ არ დავნებდებოდითო, ხოლო ვინც ამ პოლიტიკის დამღუპველობას ამხელს, მას ქვეყნის მოღალატედ აცხადებს. არადა, ფაქტები მართლაც სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს.

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს: “ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს. დღემდე არავინ იცის, ვინ განახორციელა ეს თავდასხმა. საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, რომ არც გამოიძია, განაცხადა, ეს თავდასხმა განახორციელეს ოსმა სეპარატისტებმაო და დაიკავა სარაბუკის მთა, რომლის დაკავებაც იყო ჟვანიასა და კოკოითის მიერ 2004 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. ამის შემდეგ დაიწყეს ოსებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა”.

ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემების მიხედვით 7 აგვისტოს დღის 3 საათზე ეუთოს პატრულმა გორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი ქართული არტილერიის და სარაკეტო დანადგარების დიდი რაოდენობა შენიშნა.

ამავე დამკვირვებელთა ანგარიშების მიხედვით, შეტევის დაწყებამდე ქართული სოფლების მიმართულებით სროლები არ ისმოდა. სულ მცირე ოთხი სოფლიდან ორი, რომლებიც ქართული მხარის მტკიცებით სროლის ქვეშ მოყვნენ, დამკვირვებელთა ბიუროს სიახლოვეს (ცხინვალში) მდებარეობს და დამკვირვებლები ამბობენ, რომ ისინი საარტილერიო ცეცხლის ხმას მათ სიახლოვეს გაიგონებდნენ.

უფრო მეტიც, დამკვირვებლებმა ჭურვების აფეთქება მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც 23:35 საათზე ქართული შეტევა დაიწყო. 23:45 საათზე ჭურვები 15-20 წუთის ინტერვალებით ფეთქდებოდა, აღნიშნავენ ისინი.

8 აგვისტოს 12:15 საათზე გენერალ-მაიორმა მურატ კულახმეტოვმა, რომელიც რუსულ სამშვიდობოებს მთავარსარდლობდა სამხრეთ ოსეთში, დამკვირვებლებს შეატყობინა, რომ მის დანაყოფებში მსხვერპლია.

12:35 საათზე დამკვირვებლებმა 100-მდე ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს მთელ ცხინვალში, მათ შორის, 48 - დამკვირვებელთა სიახლოვეს, რომელიც საცხოვრებელ სექტორში მდებარეობს და თავადაც დაზიანდა დაბომბვის გამო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა 8 აგვისტოს დილისთვის განაცხადა ორი რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვისა და ხუთის დაჭრის შესახებ.

ქალაქის დაბობმვის კომენტირებისას ქართველებმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ ოსები მშვიდობიანი მაცხოვრებელების სახლებში იარაღს მალავდნენ, რამაც ისინი ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცია.

მოვლენათა ქართული ვერსია ომის დაწყების მომენტშივე საკამათო გახადა რაიან გრისტმა, ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა და ეუთოს მთავარმა წარმომადგენელმა საქართველოში. გრისტმა განაცხადა, რომ იმ ღამეს ის ყველა მხარესთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა.  ”ჩემთვის ცხადი გახდა, რომ დარტყმები განურჩევლად ხორციელდებოდა და არ იყო პროვოკაციის პროპორციული, თუ ამ პროვოკაციას საერთოდ ჰქონდა ადგილი,  ჩემი აზრით, ამ შეტევის მიზანი ქალაქის აღება იყო.”

მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში დაარწმუნა დიპლომატები, რომ დარტყმებს ჰქონდათ შეზღუდული და შერჩევითი ხასიათი, გრისტმა მათთვის ბრიფინგი გამართა, სადაც დამკვირვებელთა მონაცემებზე დაყრდნობით თავისი შეფასებები გააჟღერა. ამის შემდგომ მალევე მან გაურკვეველ ვითარებაში დატოვა პოსტი.

მეორე ბრიფინგი პოდპოლკოვნიკმა იანგმა ოქტომბერში სამხედრო ატაშეებისთვის ჩაატარა, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იანგი დამკვირვეელთა შეფასებებს სრულად დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც 7 აგვისტოს ღამეს ქართული სოფლები მასირებული დაბომბვის ქვეშ არ ყოფილა. ”ქართული მხარის მტკიცების მიხედვით, თუ ის რაიონები მძიმე არტილერიით დაიცხრილა, ჩვენი ხალხი ამას გაიგებდა, ეს კი არ მომხდარა, მათ გაიგონეს მხოლოდ არარეგულარული სროლები იარაღიდან”.

”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ეუთოს დამკვირვებლების პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებულობაში, - ამბობს ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი მარტა ფრიმენი, - თუმცა გარკვეულ დროს ცალკეულ რაიონებში ჩატარებული მონიტორინგი არ შეიძლება განხილულ იქნას იზოლირებულად, როგორც სრულყოფილი დასკვნების გამოტანის საფუძველი’”.

დამკვირვებლები არ ადასტურებენ, რომ ქართული სოფლები იმ საღამოს მასირებული დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თეზისი, რითაც გამართლებულია ქართული მხარის შეტევა.

ქართველი მაღალჩინოსნები უარყოფენ ზემოაღნიშნული ანგარიშის მონაცემებს და დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, არ მიიღონ ისინი მხედველობაში.

”არ ვიცი ეს რა ინფორმაციაა და რით არის გამყარებული,- ამბობს გიგა ბოკერია, - არსებობს მასა მტკიცებულებებისა ქართულ სოფლებზე მუდმივი თავდასხმების შესახებ და რუსული სამხედრო დაჯგუფებების ზრდის თაობაზე, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არ ცვლის მოვლენების ზოგად სურათს. ვინ დათვალა ეს აფეთქებები? - კითხულობს ის, - ”ეს საკმაოდ უცნაურად ჟღერს”.

კრემლი სრულად ეთანხმება დამკვირვებელთა დასკვნებს. როგორც თავის წერილობით  განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კარასინმა მიუთითა, ისინი ასახავენ ”მოქმედებების რეალურ მსვლელობას ქართული აგრესიის დაწყებამდე.” და დასძინა, რომ ანგარიში ”უარყოფს” თბილისის ბრალდებებს რუსეთის მხრიდან დაბომბვების შესახებ, რომელსაც მან მითიური უწოდა.

დამკვირვებლები საერთაშორისო ჯგუფის წევრებიიყვნენ, რომლებიც ეუთოს მანდატის ეგიდით მუშაობდნენ. მათ დასკვნებს თბილისში ორი კონფიდენციალური ბრიფინგი მიეძღვნა, რომელიც აგვისტოსა და ოქტომბერში დიპლომატებისთვის გაიმართა. ორივე ბრიფინგის შინაარსი The New York Times-თვის მასში მონაწილე პირებისგან გახდა ცნობილი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უმთავრესი საკითხი არ შეიცვალა საქართველოსთვის 7 აგვისტოს 19:00 საათსა, როცა სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და 23:30 საათებს შორის, როცა მან შეტევის ბრძანება გასცა. ამაზე პასუხი დღემდე არ არის.

გაზეთი „შპიგელი“ წერს: ტალიავინის კომისიის წევრები ვერადა ვერ ეღირსნენ საქართველოს ხელისუფალთაგან ეგრეთწოდებულ "ბრძანება 2-ს "სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ", რომელიც 7 აგვისტოს გაახმიანა მაშინდელმა ქართველმშვიდობისმყოფელთა სარდალმა მამუკა ყურაშვილმა.

ფაქტია, რომ გენერალი ყურაშვილი შემდგომში იძულებული გახდა რომ პირადი თვითნებობისთვის დაებრალებინა კონსტიტუციური წესრიგის შესახებ საკუთარი გამონათქვამები, მაგრამ სააკაშვილი ვერსად გაექცევა ამ ვიდეორგოლს, სადაც ის ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნასა და შეტევაზე ლაპარაკობს. http://www.myvideo.ge/?video_id=717800

საერთაშორისო სამართლის დარგში ჰამბურგელი სპეციალისტი ოტო ლიუჰტერნჰანტი ასეთ დასკვნამდე მივიდა: "რამდენადაც ქართველებმა დაარტყეს რუს მშვიდობისმყოფელთა ბაზას ცხინვალში, რუსეთს ჰქონდა თავისდაცვის უფლება გაეროს წესდების 51-ემუხლის შესაბამისად”.

ევროსაბჭოს ეგიდით მოქმედმა ტალიავინის ფაქტების დამდგენმა კომისიამ საბრალდებო განაჩენი გამოუტანა საქართველოს ხელისუფლებას იმ ფაქტების დადგენით, რომლითაც მტკიცდება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება.

ვისაც წაგვიკითხავს, ერთხელ კიდევ გადავხედოთ რა წერია ტალიავინის კომისიის დასკვნაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით:
3.) “ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში. თუმცა, ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში მზარდი დაძაბულობების, პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია."

14.) ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო ფართომასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი შემოგარენის
მიმართულებით 2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია საქართველოს მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოს გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება, როგორც უფლებამოსილების არმქონე პირის მიერ გაკეთებული და სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა."

16.) “მისიას არ შეუძლია განიხილოს საქართველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო
შემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის რუსული წარმოშობის, რომლებიც რუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს. გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით. ასევე, რუსული გაერთიანებული სამშვიდობოების ბატალიონის გარდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა რუსული საჯარისო ნაწილები, 2008 წლის 8 აგვისტოს 14:30 წუთამდე. ასევე აღმოჩნდა, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს ოპერაციები საქართველოს  სამიზნე ობიექტების წინააღმდეგ, რომელიც გასცდა სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციულ საზღვრებს ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დილას, ესე იგი, იმაზე ადრე, რასაც რუსეთის ოფიციალური წყაროები იუწყებიან."

19.) “არსებობს კითხვა იმის შესახებ, იყო თუ არა საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამართლებული საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენება, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7/8 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვის ოპერაციით დაიწყო. კითხვაზე პასუხია არა. საქართველოს გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ პუნქტი, როგორც ეს განსაზღვრულია, კონკრეტულ შესასრულებლად სავალდებულოა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში, როგორიც არის 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შესახებ, ვრცელდება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემთხვევაშიც. რომც დავუშვათ, რომ საქართველო განხორციელებულ შეტევა სიგერიებდა, ანუ მისი რეაქცია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართველებით დასახლებულ სოფლებზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხს წარმოადგენდა, საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს შეიარაღებული პასუხი უნდა ყოფილიყო აუცილებელი და პროპორციული. შეუძლებელია დავუშვათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის მასიური სარაკეტო დანადგარებითა და მძიმე არტილერიით შესაბამისობაშია აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნასთან იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო სოფლები. საქართველოს სამხედრო შეტევის კანონსაწინააღმდეგო ხასიათიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის მიერ განხორციელებული საპასუხო თავდაცვითი სამხედრო ქმედებები ნამდვილად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილ თავდაცვის კანონიერების პრინციპებს."

ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელიც ტალიავინის დასკვნის მიხედვით მიიღეს და უფრო მეტი სამართლებრივი ძალაც გააჩნია, თითქმის ანალოგიური პუნქტებია ჩამოყალიბებული.

მეხუთე პუნქტი:

“2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედროების მიერ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ცხინვალის დაბომბვამ ეს ესკალაცია ახალ დონეზე გადაზარდა, სახელდობრ სრულიად ღიად აშკარა ომში.მძიმე შეიარაღებისა და კასეტური ბომბების გამოყენებამ სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე, გამოყენებულ იქნა არაპროპორციული ძალა ქართული მხარის მიერ, თუმცა მისსავე ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული კონფლიქტის მშვიდობიანი ძალებით გადაწყვეტის ვალდებულების დარღვევას”.

ტენდეციურობაში რომ არ ჩამეთვალოს, მოვიყვან ამავე რეზოლუციის მე-6 პუნქტს, სადაც რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულობებრივი ქმედებებიც არის აღწერილი, მაგრამ, მე განზრახ ვამახვილებ საქართველოს ხელისუფალთა უგუნურ პოლიტიკაზე ყურადღებას, რადგან ამის გამო  ჩვენი ქვეყნისთვის თავზე დამტყდარი საშინელი შედეგები შემდგომში, როგორც წესი, იოტისოდენადაც არ იცვლება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროსა თუ ევროსტრუქტურების მიერ ჩვენს სასარგებლოდ გამოტანილი უამრავი რეზოლუციითა და გადაწყვეტილებით და ფარატინა ქაღალდად დარჩენის გამო მხოლოდ გულის მოფხანვის ფუქნციასღა თუ ასრულებს. 

მეექვსე პუნქტი:

“ამავდროულად რუსეთის მიერ განხორციელებული კონტრ-იერიში, მათ შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში, წარმოადგენს პროპორციულობის და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უპატივცემულობას, არღვევს ევროსაბჭოს პრინციპებს, რომლის შესრულებაზეც რუსეთს, როგორც მის წევრ ქვეყანას აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა. ამას მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, აგრეთვე თავდასხმები ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სუვერენიტეტზე პირდაპირ თავდასხმად და ამგვარად ევროსაბჭოს წესდების უხეშ დარღვევად, ანდა რუსეთის მცდელობად, გააფართოვოს თავისი გავლენა "ახლო საზღვარგარეთის" სახელმწიფოში, რაც აკისრებს დამატები თვალდებულებას, დაგმოს მსგავსი კონცეფცია”.

 ამ დღეებშიც, როცა სააკაშვილი და მისი თანამეინახენი ლამის მოღალატეებად აცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც იზიარებს ტალიავინის კომისიისა და ევროსაბჭოს ასამბლეის დასკვნებს, მაშინ თავად რატომ მოაწერეს ხელი თანხმობის ნიშნად აღნიშნულ დოკუმენტებს?

 

აგვისტოს ომის შეფასებისას უფრო შორს წავიდა ბელგიის სენატის თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში ჟოზი დიუბე, მან მიხეილ სააკაშვილს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა. "სააკაშვილი, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ სიტუაციაზე, სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილია. სწორედ ასეთი უნდა მიიღოს იგი ყველამ" –აცხადებს სენატორი ბელგიურ გაზეთ "სუარისათვის" მიცემულ ინტერვიუში.  "რუსეთის რეაქცია მოსალოდნელი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა პრინციპი "ძალადობა წარმოშობს ძალადობას, მთელი პასუხისმგებლობა კი მომხდარზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება". სენატორის მტკიცებით "მიხეილ სააკაშვილის ეს აგრესია წინასწარ იყო დაგეგმილი". "ამას მოწმობს ისრაელიდან და ევროკავშირიდან მოწოდებული დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე ამერიკისა და ისრაელის მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლების საქართველოში ყოფნა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები შეაფასებენ იმ უბედურების ხარისხს, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა ავანტიურიზმმა ჩაითრია და დემოკრატიული გზით შეცვლიან ხელისუფლებას"

არანაკლებ უარყოფით შეფასებას აძლევენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას დასავლეთის სხვა დიდი სახელმწიფოების პოლიტიკური მოღვაწეები.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა მილიბენდმა BBC-ისთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისის მოქმედებები უპასუხისმგებლო იყო და პირობა დადო, რომ მთელი სერიოზულობით მიუდგება საქართველოს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს:
  ”ვფიქრობ, საქართველოს მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო. რუსეთის პასუხი კი - არაპროპორციული და არასწორი, სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარები გამო აღმოვჩნდით ამ დღეში. თბილისში ჩემი ვიზიტის დროს, რასაკვირველია, მე წამოვწიე საქართველოს ხელისუფლების სამხედრო დანაშაულობებისა და სხვა საბრძოლო მოქმდებების საკითხი უმაღლეს დონეზე”.

BBC-ის დოკუმენტური ფილმის “დასავლეთი , დემოკრატია - პუტინი”მე-3-ე სერიაში აგვისტოს კონფლიქტის პროცესებზე შესანიშნავი მასალებია თავმოყრილი, რომელიც განსჯისა და სწორი ანალიზის საფუძვლებს იძლევა. http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&v=RUX3oE7cbm4&NR=1

 ამ ფილმში კონდოლიზა რაისი იხსენებს, რომ ივლისში ლავროვმა დამირეკა და მითხრა, სააკაშვილი ცეცხლს ეთამაშება, დაარწმუნეთ, რომ მოაწეროს ხელი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებასო, მე ვუპასუხე, დამშვიდდი, მას სურს ნატოში და თუ ის ძალას გამოიყენებს, მაშინ თაობების მანძილზე ვერ შევა ნატოშიო.

კონდოლიზა რაისი 9 ივლისს ჩამოდის თბილისში და ძალის გამოუყენებლობის შესახებ    ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთავაზობს სააკაშვილს, თან აფრთხილებს: დაეყრდენით საერთაშორისო საზოგადოებას, თუ ჩაებმებით რუსებთან ომში, თქვენ წააგებთო. საააკაშვილი სიტყვიერად  ეთანხმება აღნიშნულ წინადადებას.

ამავე ფილმში მოყვანილია პუტინის სიტყვები,  რომ შეიქმნა საშიში პრეცედენტი კოსოვოს სახით. ეს არის ორი დაბოლოების მქონე ჯოხი, რომელიც შეიძლება მათვე მოხვდესო. ეს სიტყვები პუტინს ნათქვამი აქვს დსთ-ს ერთ-ერთ სამიტზე, სადაც სააკაშვილიც იმყოფებოდა, რითაც აშშ-ს ფავორიტ სააკაშვილს მიანიშნა, რომ ამ ჯოხის თავის მოხვედრის კანდიდატი სწორედ საქართველოაო. იმის ნაცვლად, რომ ამ გაფრთხილების შემდეგ სააკაშვილს მართლაც საშიშროება ეგრძნო და ფრთხილი დიპლომატიური პოლიტიკა ეწარმოებინა, სრულიად საპირისპირო გზას დაადგა. აღნიშნული მოსაზრების  დასამტკიცებლად ამ ფილმის ის ეპიზოდიც კმარა, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ამბობს: ეკა ტყეშელაშვილმა დამირეკა, რომ ჩვენ ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასო. მე ვუთხარი, იყავით ფრთხილად,  თქვენი მთავარი უპირატესობაა რუსეთის აგრესიის მსხვერპლად ყოფნა და ამას ნუ დაკარგავთ-თქო.

გასაოცარია და აქვე არის იაკობაშვილის ერთი მრავლისმეტყველი ფრაზა - სააკაშვილმა ტელეფონით გასცა ბრძანება სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ, მერე მომიტრიალდა და მითხრა: როგორ ფიქრობ,  ამ კონფლიქტის შემდეგ ჩვენ ისრაელელები გავხდებით თუ პალესტინელებიო.