აგვისტოს ომი და მისი თანამდევი პოლიტიკა (პირველი ნაწილი)

აგვისტოს ომი და მისი თანამდევი პოლიტიკა (პირველი ნაწილი)

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს კატასტროფული დამარცხებიდან 4 წელიწადი გავიდა და დღეს, 2012 წლის აგვისტოში, ჩვენდა სამარცხვინოდ, იგივე პრეზიდენტი, მთავარსარდალი და ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას. არც ერთი თავმოყვარე ერი არ დაუშვებდა ამგვარი საშინელი ტრაგედიის სულისჩამდგემელების ხელისუფლებაში დარჩენას. ქართველმა ერმაც უამრავჯერ დააფიქსირა თავისი ნება ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ამ ნების უსირცხვილოდ ფეხქვეშ გათელვა ადასტურებს თუ რა ავტოკრატული, მოძალადე რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას, რომლის ბოროტმოქმედების აპოთეოზი იყო 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევა, რამაც ამ ვანდალური აქტის მთავარ შემოქმედს, მრავალი სამარცხვინო თიკუნის მფლობელს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი თიკუნი შემატა - მიხეილ სისხლისმსმელი. 

ყველას გვემახსოვრება პარლამენტის სხდომის ის კადრები, რომელშიც პარლამენტის წევრს პეტრე მამრაძეს აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურად შეფასებისთვის სახეში ურტყამს ნაცხელისუფლების გამორჩეულ ოდიოზურ ფიგურად ქცეული კაკო ბობოხიძე. ამ დარტმაში განსხეულდა ნაცხელისუფლების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ ხელისუფლების პოზიციას აღნიშნულ ომთან დაკავშირებით და საკუთარ რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებას არგუმენტირებულად ასაბუთებენ. უფრო მეტიც, ამ ადამიანებს, უკანასკნელ ხანს, ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილი, სამშობლოს სიძულვილშიც კი ადანაშაულებს.

დასკვნა რომ გავაკეთოთ, ნაცრეჟიმს სამშობლოსა და ხალხის მტრების  იარლიყების დარიგებით მე-20 საუკუნის ავბედითი 30-იან წლების მსგავსად სულისმხუთავ ატმოსფეროში სურს ამოახრჩოს ქართველი ხალხი.

მაინც რატომ ღიზიანდებიან ასე მწარედ ნაცხელისუფლების მესვეურები აგვისტოს ომის სხვაგვარი კუთხით წარმოჩენის გამო? როგორც ჩანს, ეს მათთვის მართლაც მტკივნეული მაზოლია, რაც სურთ საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი არ გახდეს, რომ საყოველთაო, სამართლიანი, გამანადგურებელი ბრალდების წინაშე არ აღმოჩნდენენ, თორემ საკუთარი პოზიციის სიმართლეში დარწმუნებულები რომ იყვნენ, მაშინ ამგვარი მძაფრი რეაქცია, ლოგიკურად, არ უნდა ჰქონდეთ.

სავარაუდოდ, აგვისტოს ომის შესახებ არსებობს გარკვეული საიდუმლოებები, რომელთა გამჟღავნებას საშინლად უფრთხიან ამ ომის მთავარი მოქმედი პირები. აქედან გამომდინარე, ღირს ამ თემაზე მსჯელობა. უფრო მეტიც, ამ რეჟიმის დასრულებისთანავე სამართლებრივი გარემოს პირობებში უნდა შეიქმნას კომპეტენტური საგამოძიებო კომისია (პაატა დავითაიას კომიკურ კომისიას არ ვგულისხმობ, მის მიერ შედგენილი ცრუ დასკვნები თავად უნდა გახდეს მის მიმართ  დანაშაულის დაფარვისათვის წაყენებული ბრალდების საფუძველი). ამ კომისიის მიერ ჩატარებული მასალების მოძიებისა და ანალიზის საფუძველზე საქმე უნდა გადაეცეს დამოუკიდებელ სასამართლოს, სადაც კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგონ ამ ავანტიურის წამომწყებმა გვამებმა. ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, რომ ანალოგიური კომისია  შეიქმნას 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ქართული არმიის შეჭრის თაობაზეც, რამაც განუზომელი მსხვერპლი და მარცხი მოუტანა საქართველოს.

ცნობილია, რომ ამგვარი კომისია შექმნილიც იყო, რომელსაც შესანიშნავი იურისტი და მოქალაქე ალექსანდრე შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა და უდიდესი შრომაც გასწია სიმართლის დასადგენად, მაგრამ რეალური დამნაშავეების გამოკვეთის შიშით ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნული  კომისიის მუშაობა შეაჩერა და ამჟამად მტვრით იფარება ეს უნიკალური მასალები. სააკაშვილს, როგორც თითქოს, სამართლიანობისათვის მებრძოლს, თავის დროზე შეეძლო განეახლებინა გამოძიება, მაგრამ მისი ამ საკითხის უგულველბელყოფა იმის ნიშანია, რომ მან ხელი დააფარა შევარდნაძეს, როგორც მის პოლიტიკურ მამობილს. ამავე დროს, როგორც ჩანს, არ სურდა საქართველოში შექმნილიყო პრეცედენტი დანაშაულებრივი პოლიტიკისათვის სახელმწიფოს მეთაურის დასჯისა, რაც მასაც თავზე დამოკლეს მახვილივით დაეკიდებოდა. არადა, ამგვარი გამოძიების თანამედროვე მაგალითი შექმნილია ინგლისში, სადაც საპარლამენტო კომისია ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის, ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის აღნიშნულ ომში ჩაბმის მიზანშეწონილობას არკვევს.

სჯობს ისევ ამ წერილის უშუალო თემას მივუბრუნდეთ. აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, რომელსაც თავისი დიდი პოლიტიკური გამოცდილების გამო ბევრი რამ დაეჯერება, ამბობს: „პოლიტიკაში არაფერი ხდება შემთხვევით, თუ რაიმე მოხდა, ესე იგი ასე იყო ჩაფიქრებული ...“ ამ სიტყვებს ეხმიანება ცნობილი ამერიკელი მკვლევარის რალფ ემერსონის წიგნის “უხილავი ხელის” ეს ფრაზები: ”ხალხი ელოდება მთავრობისგან, რომ ის დაიცავს მას საზიანო მოვლენებისგან.  თუ ეს მოვლენები მაინც ხდება, ხოლო მთავრობის ოფიციალური წევრებისგან თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობიდან გამომდინარე მათი თავიდან აცილების მოლოდინია,  მაშინ არსებობს მათი წარუმატებლობის 2 ახსნა:

  1. მოვლენები მათზე ძლიერი აღმოჩნდა და მათი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო;

ან

  1. მოვლენებს მიეცა საშუალება ასე განვითარებულიყო იმიტომ, რომ ოფიციალურ პირებს სურდათ, რომ ასე მომხდარიყო.

ძნელი გასაგებია ჩვეულებრივი დამკვირვებლისათვის, რომ დაუჯერებელი მოვლენები შეუძლებელია თავიდან არ იქნას  აცილებული, რადგან ჰუმანური და შეგნებული ადამიანები, როგორც წესი,  არ უშვებენ საზიანო მოვლენებს. მგეგმავები, რომლებიც მუშაობენ საიდუმლოდ მოვლენების დასაგეგმად, რომელთა განხორციელება ხალხს არ სურს, წარმოადგენენ შეთქმულების წევრებს. ვებსტერი შემდეგნაირად განსაზღვრავს შეთქმულებას: „ადამიანების გაერთიანება, რომლებიც მუშაობენ საიდუმლოდ, ბოროტი და უკანონო მიზნით“.შეთქმულები არა მარტო უნდა მუშაობდნენ საიდუმლოდ, მათ მთელი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რომ მათი გეგმები ყველასთვის მისაწვდომი არ გახდეს. ასეთ შემთხვევაში შეთქმულების პირველი ამოცანაა დაარწმუნონ ხალხი მასში, რომ შეთქმულება არ არსებობს. ეს ყველაფერი შეთქმულების ფესვების აღმოჩენას ძალიან ართულებს”.

ამ საინტერესო წიგნის ამხელა პერიფრაზი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემს ხელთ არსებული მასალების საფუძველზე ვეცდები ამ სტატიაში აგვისტოს ომის მიზეზების შესახებ ახლებური მიდგომები და ვერსიები გამოვკვეთო, რომელიც მართლაც შეთქმულების საბურველში  ხვევს ამ ტრაგედიას.

ცნობილი ფაქტია, რომ სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდგომ პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან განახორციელა. ამ ვიზიტის შთაბეჭდილებებით მოხიბლული მიხეილი მაშინ ასე ჟღურტულებდა ჟურნალისტთან:

- მე მივხვდი,რომ შევარდნაძე ყოველთვის ატყუებდა პუტინს და ამიტომ არის პუტინი ასეთი ეჭვიანი! ხომ გესმით? პუტინს არ შეეძლო შევარდნაძესთან საერთო ენის გამონახვა, რადგან შევარდნაძე არავისთან მიმართებაში არასოდეს არაფერ ს არ ასრულებდა! როგორც კი პუტინს შეფასებებში დავეთანხმე, ურთიერთობა მაშინვე დათბა. და მე დავინახე, რომ პუტინი სიტუაციას ხედავს გაცილებით ფართოდ, ვიდრე მისი გარემოცვა. და მე ვენდე.

- მე რომანტიკოსი ვარ, მაგრამ  მერწმუნეთ, რაღაც მინახავს და ვიცი - პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სწორედ ასეა. მე ვენდე მას და არ შევმცდარვარ. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა... ამიტომ, ახლა რუსეთში თავსგაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე სხვაგან. პუტინი, თავისი აზროვნების სტილით, გაცილებით თანამედროვე და პრაგმატულია, ვიდრე დასავლელ პოლიტიკოსთა უმრავლესობა.

-პუტინმა მხარი დაუჭირა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ კონცეფციას, რითაც აიძულა აჭარის ლიდერი,  ეწარმოებინა საქართველოსთან უფროკონსტრუქციული დიალოგი.

-ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯის შესახებ რუსეთს წინასწარვე ეცოდინება.  ყოველდღე მესმოდა, რომ მე ვარ პრორუსული აგენტი, რომელიც კრემლის მითითებებით მოქმედებს. მადლობა ღმერთს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების სევდიანი ფურცელი უკვე გადავშალეთ. იმედი მაქვს - სამუდამოდ.

ქვეცნობიერიდან წამოსული მოსაზრება წამოსცდა სააკაშვილს, როცა საკუთარი თავი კრემლის აგენტობას დაუკავშირა, როცა ამის შესახებ არავინ ეკითხებოდა. საქმეც იმაშია, რომ სააკაშვილს რუსეთის ხელისუფლების მიმართ განაწყენების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, პირიქით, პუტინის რუსეთი სააკაშვილის ძალაუფლების განმტკიცებას უჭერდა მხარს ვარდების რევოლუციიდან დაწყებული, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იგორ ივანოვი ვარდოსნების პრეტენზიებს არ დაუპირისპირდა და ამით შევარდნაძის მხრიდან ხელისუფლებაზე უარის თქმაში დიდი როლი შეასრულა, დამთავრებული აჭარაში  აბაშიძის რეჟიმის დასრულების ხელშეწყობით, სადაც ასევე პუტინის ემისარმა იგორ ივანოვმა ითამაშა დიდი როლი. პუტინს რომ მოენდომებინა აბაშიძის რეჟიმის შენარჩუნება, მას იმ პერიოდში ბათუმში ჰყავდა საკმაოდ ძლიერი სამხედრო ბაზა და მისი საშუალებით თბილისს აბაშიძისთვის ცხვირწინ ბუზის აფრენის საშუალებასაც არ მისცემდა და ამის იურიდიულ გამართლებასაც,  როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ჰეგემონი ქვეყანა,  ჩვეულ სტილში მოახერხებდა. ამის შესახებ თავად პუტინი ამბობს: ”რუსეთ-საქართველოს შორის არსებობდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი აჭარის მოვლენებში არ ჩაერეოდა, იქ რუსული ბაზების არსებობის მიუხედავად "ჩვენ არც ჩავერიეთ. შემდეგ მან მითხრა: დიახ, თქვენ ნამდვილად შეასრულეთ სიტყვა",

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების პერსპექტივის დასამტკიცებლად არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ წონიანი არგუმენტი. კერძოდ, ეს არის რუსული სამხედრო ბაზების ჯერ კიდევ 1999 წლის სტამბოლის ხელშეკრულების თანახმად გაყვანა, რაც სრულიად უმტკივნეულოდ და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე განხორციელდა. პუტინს აქაც რომ მოენდომებინა რუსულ ჩექმას საქართველოში ყოფნის მიზეზს კიდევ მოუძებნიდა, თუნდაც იგივე ახალქალაქში ფარულ ორგანიზებას გაუწევდა სომეხი ავტონომისტების გამოსვლებს, რომლებიც მაგ ბაზაზე იყვნენ დამოკიდებულნი.მისცემდა მათ რუსულ პასპორტებს და მათი დაცვის მოტივით დიდ პრობლემებს შეუქმნიდა საქართველოს. ფუჭი იქნება იმის მტკიცება, რომ სომხებში არ მოიძებნება დიდი სომხეთის მოტრფიალე რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც უარს იტყვიან ამგვარ რუსულ თამაშში აქტიურ მონაწილეობაზე. აფხაზეთში მარტო ბაგრამიანის ბატალიონის “გმირობების” გახსენებაც კმარა ამ ვერსიის რეალური საშიშროება რომ ვირწმუნოთ. საქართველოს ხელისუფლებამ თუ განაგრძო თავისი ბეცი პოლიტიკა რუსეთთან დამოკიდებულებაში, მომავალში ახლაქალაქში ნაღმის ჩადება სრულიად არ არის გამორიცხული.

თუ რუსეთის იმპერიული არსებობის 400 წლიან ისტორიას გადავხედავთ და მხოლოდ უარყოფით მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუნდაც მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, რუსეთი საშინელებად მოგვეჩვენება და მისგან რაც შეიძლება შორს ყოფნა სჯობს, მაგრამ, რახან რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი ბედისწერაა, მითუმეტეს, აფხაზეთ-სამაჩაბლოს საკითხში, მაშინ მოვლენების არატენდეციური აღქმით, არა მარტო წარსულში, არამედ რუსეთის ამ ეპოქის  პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი  ბევრი პოზიტივის დანახვა შეიძლება, რომელიც უკვე ისტორიული რეალობაა.იგივე გორბაჩოვის ხანიდან, ხომ ფაქტია, რომ მან სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა იმპერიის რღვევას მასშტაბური სისხლისღვრებისა და ომის გარეშე მიაღწია, გერმანიას გართიანების საშუალება მისცა და ვარშავის აგრესიული სამხედრო ბლოკიც ისტორიულ სანაგვეზე მოისროლა. საეჭვო იქნება იმის მტკიცება, რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდაო.რუსეთში იმპერიული ძალები რომ მძლავრი ყოფილიყო, ხმასაც ვერავინ ამოიღებდა. ათეული წლების მანძილზე ისეთი მკაცრი დიქტატორული სისტემა იყო შექმნილი, რომ მშიერი თუ მაძღარი სსრკ კიდევ დიდ ხანს გაძლებდა, მითუმეტეს, უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების პატრონი იყო, რომელთა მარტო ექსპორტს მილიარდობით ვალუტა შემოჰქონდა საბჭოთა სახელმწიფოსთვის. ბოლო-ბოლო კუბისა და ჩრდილო კორეის დიქტატორული რეჟიმები ძლებენ უკვე მერამდენე ათეული წელია სსრკ-ს ფინანსური ინექციების გარეშეც კი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად მასზე იყო დამოკიდებული. ხოლო ჩინური მოდერნიზაციის მსგავსი რეფორმები რომ განეხორცილებინათ საბჭოეთში, რომელმაც ცხადად აჩვენა, რომ ერთპარტიულ არადემოკრატიულ სისტემაშიც შეიძლება ეკონომიკური პროგრესის მიღწევა შესაბამისი კონტროლისა და რეფორმების საშუალებით, მაშინ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციაზე და მასში არსებული რესპუბლიკების რეალური სუვერენიტეტის შესახებ ოცნებაც კი განუსაზღვრელი ვადით წარმოუდგენელი იქნებოდა.

აგვისტომდელ  რუსეთთან კი დასავლეთი თანამშრომლობდა საერთაშორისო ურთიერთობების ისეთ მნიშვნლეოვან პრობლემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ავღანეთსა და ერაყში, მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების და  ეკოლოგიის საკითხებზე და რაც მთავარია, რუსეთს დასავლეთთან მაშტაბური ეკონომიკური პროექტები აკავშირებს,  მარტო ის ფაქტი, რომ ევროპის დიდი ნაწილი რუსულ გაზზე 40%-ით არის დამოკიდებული, ცხადს ხდის თუ რა დონის სასიცოცხლო მნიშვნელობის პარტნიორია დასავლეთისათვის რუსეთი, ხოლო რუსეთისათვის დასავლეთი.

ზემოაღნიშნული ანალიზი ამტკიცებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური გზებითაც შეიძლებოდა ყოველგვარი პრობლემის მოგვარება მტკიცე გარანტიისათვის საერთასორისო შუამავლების ჩართვით, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო პოლიტიკური ნება დ აურთიერთკომპრომისის გზა.ბევრს მიაჩნია, რომ შესაძლოა ნატოში შესვლის სურვილზეც გვეთქვა უარი ( როგორც ვხედავთ, მანდედან ჩვენთვის სახეირო მაინც არაფერი გამოდის) და აქცენტი ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებზე გაგვეკეთებინა, რაც რუსეთს იმდენად არ აღიაზიანებს, ოღონდ, რუსეთს მოეცა ჩვენს ტერიტორიებზე მშვიდობიანი გზით იურისდიქციის აღდგენის უფლება.

ისიც უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში სამშვიდობო პოლიტიკაში უკვე აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი. გერმანიის  საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში ჩამოსული იყო თბილისში კონფლიქტის მოგვარების გეგმის შესათანხმებლად. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერდა აშშ-ს კონგრესი და მოსკოვიც არ იყო მისი პრინციპული მოწინააღმდეგე. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება საბოლოო ჯამში მოგვიტანდა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გარანტიას, აფხაზ და ოს ხალხთან დაახლოების შესაძლებლობებს. პარალელურად, თუ საკუთარ ქვეყანას გავხდიდით ეკონომიკურად მიმზიდველ დემოკრატიულ ქვეყნად, მაშინ საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

სააკაშვილი კი, რუსეთთან კონფრონტაციისა და კონფლიქტის გადაწყვეტის ყოვლად არარაციონალურ, დამღუპველ გზას დაადგა. ამასთან დაკავშირებით უამრავი საკმაოდ კომპეტენტური მტკიცებულება არსებობს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იხსენებს: “ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.
ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არშეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: -ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?
-სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქონ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.
მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რაშედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა”.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ომის მთავარი მიზეზია ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, დაანგრევდა რუსეთის არმიას...
ეს იყო მთელი მაშინდელი უშიშროების საბჭო, რომელიც სრულიად არასერიოზულად უყურებდა რუსეთთან ომს. აპრილში შედგა შეხვედრა, რომელსაც ჩემთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ: დავით ბაქრაძე, კახა ლომაია და ვანომერაბიშვილი, როდესაც მე ვეკამათებოდი პრეზიდენტს და  ვეუბნებოდი, რომ ომის გაჩაღების შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად ჩაებმებოდა ბრძოლაში და დაგვამარცხებდა, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მართალს ვამბობდი, პირიქით, ისინი საწინააღმდეგოსაც კი ამბობდნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც უკიდურესად გართულდა ვითარება აფხაზეთში. მახსოვს, ჩემს კაბინეტში შემოსული "ვაჟკაცებიც", რომლებიც მეუბნებოდნენ,  ნუ გეშინიათ, ქალბატონო ნინო, ჩვენ მოვუგებთ რუსეთს ომსო!”

კითხვაზე: ლაპარაკობენ, რომ არსებობდა ერთგვარი გარიგება რუსეთსა და საქართველოს შორის და რუსები სააკაშვილს ჰპირდებოდნენ კონფლიქტში ჩაურევლობას...ბურჯანაძე პასუხობს:
“არის ასეთი მოსაზრებაც, თუმცა, როგორც ვიცი, ასეთი გარიგება არსებობდა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლის დონეზე. მაშინ სააკაშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სამხედრო კონფლიქტისას რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრი, თუ რუსებისგან გვექნება ათასპროცენტიანი გარანტია, რომ რუსული ჯარი არ  ჩაერთვება ომში-მეთქი, ეს მე ვუთხარი პრეზიდენტს 3 აგვისტოს ჩვენი შეხვედრისას. ეს გარანტია შეიძლება მიგვეღო მხოლოდ და მხოლოდ პუტინისა და მედვედევისგან. საშუალო რანგის გენერლის გარანტიების მიხედვით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაყოვლად გაუმართლებელია. ეს არის ამ ხელისუფლების კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა”

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თიკა კანდელაკმა, აქ არა აქვს მნიშვნელობა ამ პიროვნების ავკარგიანობას, რომელზეც ყველას თავის წარმოდგენა აქვს, შალვა რამიშვილის გადაცემა "ცენტრში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა: "მიხეილ სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ აგვისტოში რუსეთზე დარტყმას გეგმავდა", კანდელაკის თქმით, სააკაშვილმა მას პირად საუბარში უთხრა, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდად არ ჩაივლიდა. “მან პირად საუბარში მითხრა, რომ გეგმავდა დარტყმას რუსეთზე და ეს იცოდა მთელმა მისმა გარემოცვამ"

ახლა თავად სააკაშვილის სიტყვები გავიხსენოთ, რომელიც ადასტურებს მის დაუოკებელ ლტოლვას ტერიტორიების ყველანაირი საშუალებით დაბრუნებისა:

“ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - აცხადებდა 2007 წლის  4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი.

ანალოგიურ დაპირებებს აძლევდა სააკაშვილი აფხაზეთიდან ლტოლვილებს: “მე გაძლევთ სიტყვას, რომ თუ ეს არჩევნები ჩავატარეთ ნორმალურად, შემდეგ ზამთარს ვიქნებით ბევრად უფრო ნორმალურ კლიმატურ პირობებში. ჩვენ დავბრუნდებით სახლებში, ამის გარანტიას და პირობას გაძლევთ. არაფერი არ მითქვამს ასე კონკრეტულად. ჩვენ ასჯერ გვითქვამს და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ სახლებში დაბრუნება გვინდა...”

რეალობას მოწყვეტილ აზროვნება სფილოსოფიურ იტერმინი იდეალიზმი ჰქვია. იდეალისტურ აზროვნებას რა უჭირს, სხვა თუ არაფერი, ტვინს ავარჯიშებს, მაგრამ იდეალისტურად წარმართულ პოლიტიკას ქვეყნისთვის უბედურება მოაქვს, რაც ნაცრეჟიმის პოლიტიკის შედეგად სახეზეა და ამას დანახვა უნდა, რომ კიდევ უარეს დღეში არ აღმოვჩნდეთ.