დიდი დაკვირვება არ უნდა იმის მიხვედრას, რომ არქიმანდრიტ ქრისტეფორეს წერილში დასახელებული ფაქტები შორს დგას ჭეშმარიტებისგან.
კირიონი საკუთარი ნებით არასოდეს წასულა საქართველოდან. ეს იყო რუსეთის უწმინდესი სინოდის შეგნებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა, სამშობლოში მოღვაწეობის შესაძლებლობა არ მიეცა პატრიოტულად განწყობილი, დიდი ავტორიტეტის მქონე მღვდელმთავრისთვის.
1905 წელს, ავტოკეფალისტთა მოძრაობის პირველ ეტაპზე, კირიონი საქართველოში არ იმყოფებოდა და სწორედ ამის გამო ვერ მიიღო მანაწილეობა პროცესებში, მაგრამ მალევე ჩაერთო საქმეში და არცერთ ქართველ სასულიერო პირს არ დაუხარჯავს იმდენი ძალისხმევა რუსეთის უწმინდესი სინოდის რეაქციონერ ჩინოვნიკებთან ჭიდილში, როგორც მას. ამის შესახებ დიდძალი დოკუმენტური მასალა და ლიტერატურა არსებობს და საწინააღმდეგოს მტკიცება უფრო მეტია, ვიდრე წყლის ნაყვა.
კირიონს ყოველთვის პრინციპული პოზიცია ეკავა და კარიერული მოსაზრებით არასოდეს უვაჭრია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიით. იგი რეალურად განიცდიდა ხელისუფლებისგან დევნა-შევიწროებას და არასოდეს ყოფილა ამ მხრივ თანამოაზრეებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
ქრისტეფორეს წერილში აშკარად იგრძნობა დაპირისპირების მცდელობა კათოლიკოს-პატრიარქსა და მის ერთგულ თანამოსანგრე ამბროსი ხელაიას შორის. ავტორი, თითქოს, ამ უკანასკნელის დამცველად გვევლინება, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ღვაწლს და უკომპრომისო პოზიციას, რის გამოც სინოდისგან ვერა და ვერ ეღირსა ეპისკოპოსის ხარისხს. ყოველივე ეს გაკეთებულია პროვოკაციული მიზნით, რათა ამ ფონზე უფრო რელიეფურად წარმოჩენილიყო კირიონის,ვითომცდა, კოლაბორაციონისტური ბუნება. სინამდვილეში ეს იყო წმინდა წყლის დემაგოგია. ”ახალი სიტყვის” რედაქტორის ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამბროსი ხელაიას მიმართ სრულად გამოჩნდა ამ უკანასკნელის პატრიარქობის ჟამს, როდესაც ქრისტეფორე რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაუპირისპირდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერისხულ ერის სულიერ მწყემსს, ფაქტობრივად, სიცოცხლე მოუსწრაფა მას და კომუნისტების ხელშეწყობით თვითონვე გახდა მომდევნო კათოლიკოს-პატრიარქი. ამის თაობაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.
პასკვილის ავტორის მსჯელობა კირიონის მეცნიერული ნაღვაწის, თითქოსდა, გაბუქულობის შესახებ იმდენად არასერიოზულია, მასზე სიტყვის განგრძობა არც ღირს.
+ + +
კათოლიკოს-პატრიარქის დევნა მისი მკვლელობით არ დასრულებულა. მარტყოფის ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული აქტის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპურად განვითარდა და ცხადი გახდა, რომ გარკვეული ძალები ებრძოდნენ არა მხოლოდ კირიონII-ს, როგორც პერსონას, არამედ კირიონიზმს, როგორც მოვლენას, პროცესს და ამ პროცესის განმახორციელებელ გუნდს.
საბედნიეროდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და, კერძოდ, საკათოლიკოსო საბჭოში იყვნენ ჯანსაღი ძალები, რომლებმაც საღად შეაფასეს მომხდარი ფაქტი და მთელი არსებით დაუპირისპირდნენ ბოროტების მანქანას. მათ შორის მკაფიოდ გამოკვეთილ ფიგურას წარმოადგენდა კირიონის ერთგული თანამებრძოლი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე).დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ივლისს, სწორედ მისი ინიციატივით იქნა მოწვეული საეპარქიო კრება, რომელმაც განიხილა ”განსაკუთრებული საკითხები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო”.
თუ რამდენად კრიტიკულად იყო განწყობილი იმერეთის სამღვდელოება და მისი მწყემსმთავარი ლეონიდის ირგვლივ შემოკრებილი დასის მიმართ, ჩანს იქიდანაც, რომ კრებამ კატეგორიულად მოითხოვა არა მხოლოდ კათოლიკოსის თანამოსაყდრის, არამედ საკათოლიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობის გადადგომა, რომელსაც მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პატრიარქის ტრაგიკული დაღუპვის გამო.
ამის შემდეგ, იმერეთის სამღვდელოების აზრით, საეპარქიო საბჭოებს უნდა დაესახელებინათ წარმომადგენლები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი დროებითი მართველობის შექმნის მიზნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა ერთ-ერთი ეპარქიის მღვდელმთავარი.
პირველი, რაც ახალ დროებით მართველობას უნდა გაეკეთებინა, იყო იმ მიზეზების უმკაცრესი გამოძიება, რასაც შედეგად მოჰყვა მარტყოფის ტრაგედია. აქ იგულისხმებოდა როგორც ჟურნალ ”ახალი სიტყვის” საქმიანობის შესწავლა, ასევე სპეციალური კომისიის მიერ საკათოლიკოსო საბჭოში დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძისა და ქრისტეფორე კაპანაძის მოხსენებათა განხილვა. კრება მომხრე იყო, დაუყოვნებლივ აღკვეთილიყო დესტრუქციული ”ახალი სიტყვის” გამოცემა და დამდგარიყო მისი სარედაქციო საბჭოს წევრების- ქრისტეფორე ციცქიშვილის, ილია შუბლაძისა და ანტონ თოთიბაძის სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება, რომ იმერეთის სამღვდელოებამ პრინციპულად დააყენა თბილელი მიტროპოლიტის კათედრის გაუქმების საკითხი, რამაც ამდენი ცილობა და გაუგებრობა წარმოშვა კირიონსა და ლეონიდს შორის. თავის დროზე, 1917 წლის მარტში ამ კათედრის დაწესებას ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა, რადგან ეგზარქოსობის გაუქმების შემდეგ უკანასკნელი ეგზარქოსი პლატონი სწორედ თბილისის სამიტროპოლიტოს მეშვეობით აპირებდა გავლენისა და რეზიდენციის შენარჩუნებას. პლატონის განეიტრალების მიზნით ლეონიდმა ახლადაღდგენილი თბილელის კათედრა დაიკავა, მაგრამ იმან, რაც ეფექტური კონტრზომა აღმოჩნდა 1917 წლის მარტში, დესტრუქციული როლი ითამაშა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდეგ. ფაქტობრივად, ერთ ქალაქში მოღვაწეობდა ორი მწყემსმთავარი და, საკათოლიკოსო საბჭოს დებულებიდან გამომდინარე, რანგით მაღალი კირიონი სრულიად უმწეო აღმოჩნდა მისი ქვემდებარე მიტროპოლიტის წინაშე. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, როგორ მტკივნეულად აღიქვამდა ეს უკანასკნელი პატრიარქის საკადრო გადაწყვეტილებებს თბილელის სამწყსოში შემავალ ეკლესიებში და ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა მის მიერ სიონის საკათედრო ტაძარში წირვის ჩატარებას.
მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. კირიონის დაღუპვის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდა ორი, დაახლოებით თანაბარი სიძლიერის ბანაკი. ლეონიდის ფრთა მოპოვებულის დათმობას არც ფიქრობდა, იმერეთის ეპარქიის კრებამ კი აჩვენა, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებდა. საქართველოს ათეისტურად მოაზროვნე სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება ინდიფერენტულად უყურებდა ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. მან თავი არ შეიწუხა კირიონის მკვლელობის გარემოებათა დადგენითაც კი. ასეთ პირობებში ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, დაპირისპირებული დასებიდან რომელი უფრო მეტ ფხასა და ოპერატიულობას გამოიჩენდა.
ლეონიდეს დასმა იმარჯვა.
იმარჯვა და მერე როგორ...
1918 წლის 18 სექტემბერს საეკლესიო ოპოზიციის ლიდერი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელდა ხმები მისი მოწამვლის თაობაზე, რაც პათანატომიურმა გამოკვლევამ მთლიანად დაადასტურა. მკვლელი აღმოჩნდა მისივე სიძე, ვინმე რედიგერი, რომელმაც საჭმელში ვერცხლისწყალი შეურია მღვდელმთავარს...
ანტონის მკვლელობიდან ერთი თვეც არ იყო გასული, საკუთარი სახლის წინ უცნობმა მკვლელმა ტყვია დაახალა კირიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს...
სისხლისღვრა ამით არ შეჩერებულა. 1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში სიცოცხლეს გამოასალმეს ბერმონაზონი მირიანი და გერმოგენი, ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე რევოლვერით შეიარაღებული დავით დავითაშვილის თავდასხმისგან იხსნეს კირიონი. მართალია, ორიოდე კვირის ბოლოს პოლიციამ დააპატიმრა ფიზიკური მკვლელები, სოფელ ძეგვის მკვიდრნი- ვინმე აღდაჯანოვი, თუმანიანი და კვახაძე, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. დამკვეთებამდე მართლმსაჯულებამ ვერ, უფრო სწორად- არ მიაღწია.
ლეონიდეს ოპოზიცია, ფაქტობრივად, წელში გატყდა. მას დაუბრკოლებლად გაეხსნა გზა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტისკენ, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ მოუხდა ერთი წინაღობის გადალახვა. კირიონის მომხრე სამღვდელოების მცირე ჯგუფმა ( ნიკიტა თალაკვაძემ, მათე გორდეზიანმა, ქრისტეფორე კაპანაძემ, ტროფიმე ხუნდაძემ და სხვებმა) გააპროტესტეს საკათოლიკოსო საბჭოს1918 წლის 28 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილება ლეონიდის, როგორც თანამოსაყდრის, კათოლიკოს-პატრიარქად საეკლესიო კრების გარეშე არჩევის თაობაზე. მათ საგანგებო მიმართვაც კი მოამზადეს მომავალი ყრილობის დელეგატებისადმი, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს...
1919 წლის 23 თებერვალს თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად ეკურთხა, დავით დავითაშვილმა კი ასერიგად ნანატრი საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველის პოსტი ჩაიბარა.
+ + +
მალე ასი წელი შესრულდება მარტყოფის ტრაგედიიდან და დღეს ისევე აქტუალურია კითხვა- რა მოხდა იმ ავბედით ღამეს პატრიარქის სენაკში- როგორც საუკუნის წინათ.
ვინ დაგეგმა ეს უმძიმესი დანაშაული ერის, მისი წარსულისა და თანამედროვეობის, მომავლისა და თითოეული ჩვენგანის წინაშე?
ვინ გამოჰკრა თითი სასხლეტს?
ეს ის შემთხვევაა, როცა, თითქოს, ყველაფერი ვიცით, მაგრამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი მაინც არ გაგვაჩნია.
ვიცით, როგორ მეთოდურად ამზადებდა კირიონII-ის ზნეობრივ მკვლელობას მიტროპოლიტ ლეონიდეს დაჯგუფება.
ვიცით, ვინ იდგა ”ახალი სიტყვის” უზნეო პასკვილების უკან.
მაგრამ ისიც ვიცით, რომ პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
ადამიანები, ვინც იდეურად შეამზადეს საუკუნის მეორე წიწამური, არავის განუსჯია, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა. არა თუ განუსჯია, სწორედ ისინი დაეუფლნენ ქვეყნის საეკლესიო ცხოვრების სადავეს. მათ მიჰქონდათ მრევლამდე სახარებისეული პრინციპები, მათ შორის- ”არა ცილ სწამო” და ”არა კაც ჰკლა”.
არ დაუსჯიათ დავით დავითაშვილი, რომელსაც ქართული ინტელიგენციის წრეებში ბევრი ვინმე მკვლელობის უშუალო შემსრულებლად თვლიდა. პირიქით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ახალი პატრიარქის კეთილგანწყობით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კარიერული წინსვლის გზაზე.
არ დაუსჯიათ არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, რომელმაც უეჭველად იცოდა მკვლელის ვინაობა (თუ, საერთოდ,თვითონაც არ ერია ამ საქმეში). მას ხომ პატრიარქის სენაკის წინკარში ეძინა და მკვლელი, თუ არა მისი გვერდის ავლით, ვერანაირად მოხვდებოდა კირიონის საძინებელში.
არავინ დაინტერესებულა იმით, რა ძილქუში დააწვა არქიმანდრიტ ტარასის 1918 წლის 27 ივნისის შუაღამეს და რატომ ”ვერ” გაიგონა რევოლვერის რამდენიმე გასროლის ხმა?
ალბათ, არც ის გაუკვირდა ვინმეს, რომ ტრაგიკულად დაღუპულ პატრიარქთან ”დაახლოებულმა” არქიმანდრიტმა ტარასიმ დავით დავითაშვილის მიერ მიცემული 500 თუმნით ვლადიკავკაზში ძროხები იყიდა, ჩამორეკა და თბილისის სიახლოვეს დიდი ფერმა გაიჩინა.
ფაქტებისა და მოვლენების მღვრიე მორევში ძნელია თვალის მიდევნება, კირიონის მკვლელობასთან ასოცირებული პერსონებიდან ვის, სად, როდის და რა ვითარებაში წამოეწია სიკვდილის ცელი (მომავალ კათოლიკოს-პატრიარქებს, ლეონიდესა და ქრისტეფორეIII-ს არ ვგულისხმობთ. მათი აღსასრულის შესახებ ყველაფერი ცნობილია). არც ის ვიცით, ქენჯნიდათ თუ არა სინდისი მათ მიერ ჩადენილი საუკუნო ცოდვის გამო.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, იოსებ იმედაშვილის მოგონებიდან ირკვევა, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დავით დავითაშვილი ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, თუმცა ამან ვერ იხსნა რეპრესიებისგან. არსებობს ცნობა, რომ გადასახლებაში მყოფ ეგზარქოსების ნაჯაშუშარს პატიმრებმა მარჯვენა ხელი მოაჭრეს.
სვეტიცხოვლის ამგები ის არ იყო...
ჰქონდა თუ არა დავითაშვილისთვის მარჯვენის მოკვეთას კავშირი მარტყოფის ტრაგედიასთან?
ვინ იცის?
ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მიაღწევს ხოლმე დანიშნულების ადგილს.
+ + +
”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი კირიონII-ის მკვლელი დავით დავიდოვ-დავითაშვილი იყო, მაგრამ ამ საქმეში ზნეობრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან მისი ის ოპონენტები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ჟურნალ ”ახალი სიტყვის” გარშემო. ისინი უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, ცდილობდნენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ კირიონი არ იყო პატრიარქობის ღირსი. სამწუხაროდ, მიტროპოლიტმა ლეონიდემ ვერ დაიკავა პრინციპული პოზიცია. ა მ ა ნ წ ა რ მ ო შ ვ ა ჭ ო რ ე ბ ი კ ი რ ი ო ნ კ ა თ ო ლ ი კ ო სის მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ს თ ა ნ მ ი ს ი შ ე ს ა ძ ლ ო კ ა ვ შ ი რ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ. სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ახალი ერა, რაც ავტოკეფალიის აღდგენით დაიწყო, იმთავითვე ტრაგიკული და სისხლიანი ფურცლებით ჩაიწერა”.
ეს არის ამონარიდი პროფ. სერგო ვარდოსანიძის 2011 წელს გამოცემული შესანიშნავი მონოგრაფიიდან- ”XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები” (გვ. 44).
ბ-ნი სერგოს დამსახურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის შესწავლის საქმეში კარგადაა ცნობილი, თუმცა ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც მე, როგორც მკითხველსა და კოლეგას, უფლება მაქვს, მეტი სიმკვეთრე და კონკრეტიკა მოვითხოვო მის დასკვნაში.
რას ნიშნავს ”ვერ დაიკავა პრინციპული პოზიცია”?
რას ნიშნავს ”ამან წარმოშვა ჭორები”?
ნახევარსიმართლე არც სიმართლეა და არც სიცრუე. იგი უარესია, ვიდრე სიცრუე.
ჩვენ ბოლომდე უნდა გავუსწოროთ თვალი ჭეშმარიტებას, რაც უნდა მკაცრი იყოს იგი.
ჩვენ პირუთვნელი უნდა ვიყოთ ადამიანების შეფასებაში, თუნდა საქმე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორ საჭეთმპყრობელს ეხებოდეს.
დიახაც- მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ და მის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა ”ახალი სიტყვა”-მ ზუსტად ისეთივე როლი ითამაშეს კირიონ II-თან მიმართებით, როგორც 12 წლის წინ ავადსახსენებელმა ფილიპე მახარაძემ და მისმა ”მოგზაურმა”.
დიახაც- მომავალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, იმ დროისათვის არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ ზუსტად ისეთივე როლი ითამაშა კირიონთან მიმართებით, როგორც ”მოგზაურის” ყალბისმქმნელმა პუბლიცისტმა ვ.ნ-მ (ვანო ნაცვლიშვილი), რომელმაც თავისი სტატიებით წიწამურამდე ორი წლით ადრე შეამზადა ილიას მკვლელობა.
ამ ადამიანებმა იცოდნენ, ვის წინააღმდეგ ლესავდნენ მახვილს.
მათ იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ.
ისიც იცოდნენ, ვინ გამოჰკრა თითი სასხლეტს მარტყოფის მონასტრის ჩაბნელებულ სენაკში.
დიახ, იცოდნენ, მაგრამ არაფერი უღონიათ არც აგორებული ლოდის შესაჩერებლად და არც მომხდარის გამოსარკვევად.
ან რა უნდა ეღონათ- სისხლიანი კვალი ხომ უშუალოდ მათ კართან მიდიოდა.
ეს სიმართლეა და არა ჭორები.
ჟამთააღმწერლობა კი, როგორც საუკუნეების წინ ბრძანებდა ასწლოვანი მატიანის ავტორი, ”ჭეშმარიტის მეტყუელებაა და არა თუალ ახმა ვისთვისმე”.
+ + +
XX საუკუნეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ჟამი ქართული უმადურიანას აპოთეოზისა.
შვიდი წლის შემობრძანებული იყო იგი ქორონიკონთა სათვალავში, როცა სულგაყიდულმა და ეროვნებადაკარგულმა კოსმოპოლიტებმა ერის უგვირგვინო მეფე მოკლეს წიწამურის გზაზე.
ათი წლის შემდეგ ისტორიის მღელვარე ოკეანის მიერ ნათრევი და გვერდებშელეწილი ქართული სახელმწიფოს ხომალდმა, თითქოსდა, თავი დააღწია ქარაშოტს. მართალია, საერო ცხოვრებას იგივე კოსმოპოლიტები განაგებდნენ, მაგრამ ერის სულიერი მწყემსის მანტია მის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს არგუნა განგებამ.
და ამ შვილს მარტყოფის მონასტრის სენაკში დაახალეს ტყვია.
კიდევ ერთი ათწლეული მიიწურა ისტორიის ჟამსაბრუნავში და უმადურმა თანამედროვეებმა სულკურთხეულ ამბროსი ხელაიას მოუსწრაფეს სიცოცხლე.
მერე 1937 დადგა... და კიდევ ბევრი მამულიშვილი იმსხვერპლა ”კაენის სულის აღზევებამ”
საუკუნის დამლევამდე შვიდი წლით ადრე კიდევ ერთ დიდ შვილს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გავუგმირეთ საფეთქელი და ასე ”მაჟორულად” დავაგვირგვინეთ საუკუნის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ მიღებული ესტაფეტა (მკითხველმა , ალბათ, უკვე შენიშნა საბედისწერო მსგავსებანი მარტყოფსა და ჯიხაშკარში მოხდარ მკვლელობებს შორის).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
არც პირველი ვარ, არც უკანასკნელი, ვინც თავზარდაცემული და გაოგნებული სვამს დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებს- ეს რა ღვთის რისხვა ტრიალებს ჩვენს თავზე? რატომ არ ვუფრთხილდებით წინაპართა ფესვებიდან ამოზრდილ დიდ შვილებს? რატომ ვჭრით ტოტს და ვღუპავთ საკუთარ მომავალს?
ან- გვასწავლა კი ჭკუა მწარე გამოცდილებამ? მივხვდით კი დაშვებულ შეცდომებს, თუ კვლავ მზად ვართ, დაუნდობლად ჩავქოლოთ ნებისმიერი ვინმე, ვინც გაბედავს და ზემოდან გადაფრენით დაგვირღვევს გუგულის ბუდის ობივატელურ მყუდროებას?
ლათინებს უთქვამთ- Damnant, quod non intellegunt.
Da veniam fasso - ესეც უთქვამთ!
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბოლოსიტყვაობის ნაცვლად მხოლოდ ამას ვიტყვი- გამგები უეჭველად მიხვდება წინამდებარე პუბლიკაციის მიზანდასახულობას.