ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ინტრიგებისა და ცილისმწამებლური კამპანიის თაობაზე თავის დროზე მეტნაკლებად იყო ინფორმირებული ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი. მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ეს ფაქტები თანდათან მიეცა დავიწყებას და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სრულიადაც წარიხოცა ახალი თაობების მეხსიერებაში. მხოლოდ ჩვენს დროში, როდესაც მკვლევართათვის მანამდე დახურულ საარქივო ფონდებს ლუქი აეხსნა, გახდა შესაძლებელი მტვერწაყრილი დოკუმენტების გამომზეურება. თანამედროვე ისტორიკოსებისთვის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქივში დაცული მასალები. მათზე დაყრდნობით უკანასკნელ ოცწლეულში რამდენიმე საყურადღებო ნაშრომიც დაიბეჭდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის უახლესი წარსულის (XX საუკუნე) ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნისა და ჩაძიებული მკვლევრის, პროფ. სერგო ვარდოსანიძის მონოგრაფიები, რომლებიც, დაუფარავად ვიტყვი, სრული შოკი აღმოჩნდა პრობლემის ისტორიით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. სწორედ მან მოიძია და სამეცნიერო სივრცეში შემოიტანა მანამდე ტაბუდადებული საარქივო დოკუმენტები, რომელთა გაცნობის შემდეგ მკითხველის თვალწინ იშლება შემზარავი სურათი- როგორ მეთოდურად, თანმიმდევრულად ამზადებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ერთი გავლენიანი ჯგუფი კირიონII-ის სულიერ მკვლელობას და როგორ დაგვირგვინდა ეს კამპანია მისი ფიზიკური განადგურებით.
მომხრეთა ინფორმაციის საფუძველზე გამარჯვებაში წინასწარ დარწმუნებულმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ მძიმედ გადაიტანა დამარცხება, თუმცა, ემოციები მოთოკა და არჩევნების შედეგის გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში გარეგნულად დამშვიდებული შეეგება კათოლიკოს-პატრიარქს. ”მე მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტო არ ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ, რომ მთელი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში”- ასეთი სიტყვებით მიმართა მან საკურთხეველთან კირიონს, თუმცა, მომდევნო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რამდენად გულწრფელი იყო ეს განცხადება. ანტიკირიონულად განწყობილი მრჩევლებით გარშემორტყმული და მათ მიერვე წაქეზებული ლეონიდე მალევე დაადგა კათოლიკოს-პატრიარქთან რადიკალური კონფრონტაციის გზას და ამ მეტოქეობამ ფრიად სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.
თბილელი მიტროპოლიტის მხრივ პირველი და მკაფიოდ გამოხატული არაკეთილმოსურნე ჟესტი იყო ის ფაქტი, რომ მან კირიონის მიერ დაწუნებული, სკანდალურად ცნობილი დავით დავითაშვილი დემონსტრაციულად დანიშნა საკუთარი კანცელარიის გამგედ. უნდა ითქვას, რომ დავითაშვილი ძალიან ბნელი პიროვნება იყო და, ჩანს, მას ხელისუფლების მაღალ წრეებშიც ჰყავდა მფარველები. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ობერპროკურორთან მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, აშკარა სამხილების არსებობის მიუხედავად, მალევე შეწყდა და ეგზარქოსების ნაჯაშუშარის პასუხისმგებლობაში მიცემა არავის მოსვლია აზრად.
ბუნებით ავანტურისტმა და მფარველობით წახალისებულმა დავითაშვილმა ისე იგრძნო თავი, როგორც ჭიაყელამ ნეხვში. იგი არა მხოლოდ ინტრიგების ქსელს ხლართავდა კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, არამედ ფიზიკური ხელყოფითაც ემუქრებოდა მას. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ერთი მოგონების თანახმად ( მისი ავტორია ეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში ვასილ კარბელაშვილი), 1918 წლის მაისში დავითაშვილი რევოლვერით კიდევ ერთხელ შეუვარდა კაბინეტში კირიონს, მაგრამ არქიმანდრიტმა მირიანმა და მორჩილმა გერმოგენმა კინწისკვრით გამოაძევეს გარეთ. თბილელი მიტროპოლიტის კანცელარიის გამგე ერთადერთი არ იყო, ვინც ძალადობრივი გზით ცდილობდა კათოლიკოს-პატრიარქზე ზემოქმედების მოხდენას. ანალოგიურად მოიქცა დეკანოზი ქრისტეფორე, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ეპისკოპოსად კურთხევას. რაკი მიზანს ვერ მიაღწია, ეს უკანასკნელი კაბინეტში მიეჭრა კირიონს და საცემადაც გაიწია მასზე...
იმავე ქრისტეფორემ შემდეგნაირად შეაფასა კათოლიკოს-პატრიარქის ტრაგიკული დაღუპვა- ”ძაღლი იყო და ძაღლური სიკვდილი ხვდა წილადო”.
მძიმე მოსასმენია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას- აღნიშნულმა დეკანოზმა ქრისტეფორემ ათიოდე წლის შემდეგ იმით გამოიჩინა თავი, რომ ღიად შეეკრა საბჭოთა ხელისუფლებას სულკურთხეული კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ. 1927 წელს იგი თვითონაც გახდა საქართველოს ეკლესიის მეთაური და ხუთი წლის განმავლობაში მართავდა მას კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის სახელწოდებით (ერისკაცობაში- ქრისტეფორე ციცქიშვილი).
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არსებული მასალებით, კირიონის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ირიცხებოდა იმ დროისთვის დეკანოზი და მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძეც (1932-1952 წლებში), აგრეთვე- დეკანოზი კორნელი კეკელიძე (შემდეგში ცნობილი აკადემიკოსი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი).
ლეონიდემ და მისმა მომხრეებმა გადაწყვიტეს, ესარგებლათ საეკლესიო ყრილობის მიერ დამტკიცებული საკათოლიკოსო საბჭოს დებულებით და, ფაქტობრივად, უუფლებო გაეხადათ პატრიარქი, რომელსაც ნაბიჯიც ვერ უნდა გადაედგა მათი ნებართვის გარეშე.
საპატრიარქოს არქივში დაცული მასალების მიხედვით დღეისთვის კარგადაა ცნობილი ამ სამარცხვინო დაპირისპირების დეტალები.
მაგალითად, ლეონიდეს მომხრეებმა დაუფარავი უკმაყოფილება გამოთქვეს ახლადარჩეული კირიონII-ის საპატრიარქო რეზიდენციაში დაბინავების გამო, რადგან თვითონაც იმავე სასახლეში იყვნენ დაბანაკებული.
თბილელი მიტროპოლიტი სიონის საკათედრო ტაძარში ატარებდა წირვას, კათოლიკოს-პატრიარქი კი იძულებული იყო, ანჩისხატში ეწირა.
ლეონიდე ეჭვქვეშ აყენებდა კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციას თბილელის სამწყსოში შემავალ ტერიტორიაზე, რომლის საზღვრები ხეირიანად არც იყო დადგენილი. ამისი ნათელი დასტურია 1918 წლის მარტში კირიონსა და ლეონიდეს შორის მომხდარი კონფლიქტის ისტორია, რომელიც რამდენიმე სასულიერო პირის ხელდასხმასთან იყო დაკავშირებული.
კერძოდ- საკათოლიკოსო საბჭოს 10 მარტის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა წამოაყენა წინადადება, რომ არქიმანდრიტისა და მღვდლის ხარისხებში აეყვანათ მცხეთის ჯვრის მონასტრის მღვდელმონაზონი მირიანი (ბექაური) და დიაკონი ტიმოთე (ბაკურაძე). ამას თბილელი მიტროპოლიტის გაღიზიანებული რეაქცია მოჰყვა. ლეონიდემ განაცხადა, მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის (იგულისხმება, რომ მისი სასულიერო პირების ხელდასხმა თბილელი მიტროპოლიტის პრეროგატივაა), ხოლო მირიანის არქიმანდრიტობა და ტიმოთეს მღვდლობა ნაადრევად მიმაჩნიაო. ამ, ერთი შეხედვით, ორდინარულმა საკითხმა ისეთი ცხარე კამათი გამოიწვია, თითქოს დასახელებული პირების ხელდასხმით მთელი ეკლესიის ბედი წყდებოდა. გაოგნებულმა და განრისხებულმა კირიონმა მირიანისა და ტიმოთეს კურთხევას მაინც მოაწერა ხელი, თუმცა კონფლიქტი ამით როდი ამოიწურა. 23 მარტს, საკათოლიკოსო საბჭოს მომდევნო სხდომაზე (მას კირიონიავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებეოლმა ლეონიდემ მომხრეთა მხარდაჭერით გააუქმა ორი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება. მეტიც- მან მამა მირიანსა და ტიმოთეს საერთოდ აუკრძალა მღვდელმსახურება...
ეს იყო წარმოუდგენელი სკანდალი და ღია დაუმორჩილებლობა, რომლის რეაგირების გარეშე დატოვება კათოლიკოს-პატრიარქს არ შეეძლო. 28 მარტს, მომდევნო სხდომაზე მან დასახელებულ პირებს ისევ აღუდგინა მღვდელმსახურების უფლება, თუმცა მომხდარი ფაქტი თვალნათლივი დასტურია, რამდენად არაჯანსაღი ვითარება სუფევდა საკათოლიკოსო საბჭოში.
ალბათ იკითხავთ- რატომ გახდა ლეონიდესა და მისი მომხრეებისთვის ესოდენ პრინციპული მამა მირიანისა და ტიმოთეს ხელდასხმის საკითხი? იქნებ არსებობდა რაიმე ინფორმაცია მათი, როგორც მღვდელმსახურთა არაკვალიფიციურობის, ან უღირსი საქციელის შესახებ? ამის თაობაზე არანაირი ცნობა არ გაგვაჩნია. დაპირისპირების მთავარი მიზეზი პრიმიტიულად მარტივი იყო- მირიან ბექაური კათოლიკოს-პატრიარქის ერთგული და სანდო პიროვნება გახლდათ (გავიხსენოთ, სწორედ მან გამოაძევა გარეთ კაბინეტში შეჭრილი, რევოლვერმომარჯვებული დავითაშვილი), ტიმოთე ბაკურაძე კი, თანამედროვე ტერმინოლოგიით თუ ვისარგებლებთ, კირიონის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა წინასაარჩევნო პერიოდში.
+ + +
კირიონII-ის წინააღმდეგ ატეხილი ისტერიის აპოგეას ჟურნალ ”ახალი სიტყვის” სარედაქციო კოლეგიის საქმიანობა წარმოადგენდა.
იოლი სათქმელია- ჟურნალი. შეიძლება კი ასე ვუწოდოთ თუნდაც კანონის მოთხოვნათა საფუძველზე რეგისტრირებული ჯგუფის მიერ გამოცემულ პერიოდულ ორგანოს, რომელიც, საბედნიეროდ, მხოლოდ 8 ნომერი დაიბეჭდა, მაგრამ მცირე ხნის განმავლობაშიც მოასწრო უამრავი სიბინძურე შეეფრქვია კათოლიკოს-პატრიარქისთვის?
დღეისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ”ახალი სიტყვის” უკან თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე იდგა. მან უზრუნველყო ფინანსურად გამოცემა და ამ საქმის მოგვარება დავით დავითაშვილს მიანდო, დანიშნა რედაქტორად დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი. მანვე შეარჩია სარედაქციო კოლეგიის წევრებად ეგზარქოსობის პერიოდში სახელგატეხილი სასულიერო პირები- ივანე რატიშვილი, ილია შუბლაძე და ანტონ თოთიბაძე, რომლებიც პათოლოგიური ზიზღით იყვნენ გამსჭვალული კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. ეს ადამიანები ჟურნალის ფურცლებზე ათავსებდნენ საზიზღარ პასკვილებს კირიონის წინააღმდეგ, ავრცელებდნენ ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებრივი აზრი აემხედრებინათ მის წინააღმდეგ.
”ახალი სიტყვის” აქტიური კორესპონდენტი, მღვდელი ილია შუბლაძე ეგზარქოსობის დროს სამრევლო სკოლების მეთვალყურედ მსახურობდა და ხელმძღვანელობის საამებლად ყოველნაირად უჭერდა მხარს მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას. ქართველიო, ამტკიცებდა იგი ვოსტორგოვის ჟურნალში, როდესაც ქართულად წერს, რუსულად ფიქრობს და ისე წერსო. ივანე რატიშვილმა კი ერთხელ, ანჩისხატში წირვის დროს კინტოებად მოიხსენია კირიონი და მისი მომხრეები. იმის მიუხედავად, რომ ბოლომდე საქმის კურსში იყო ამ ადამიანების ბნელი წარსულის შესახებ, ლეონიდი სრულიადაც არ აპირებდა მათ მოცილებას. პირიქით, როდესაც 1918 წლის მაისში ფინანსური პრობლემების გამო ”ახალი სიტყვის” გამოცემა შეფერხდა, თბილელი მიტროპოლიტის ენერგიული ჩარევით ეკლესიათა ნაწილმა შეწირულობის სახით გაიღო თანხა ბეჭდვის გასაგრძელებლად.
დაბეჯითებით მტკიცება ძნელია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ”ახალ სიტყვაში” გამოქვეყნებული ზოგიერთი პასკვილის უკან თვითონ ფსევდონიმს ამოფარებული ლეონიდი იდგა.
”ახალი სიტყვა”, ზოგადად, სასულიერო მიმართულების თემატიკის გაშუქებას ემსახურებოდა, მაგრამ, რეალურად, რუპორს წარმოადგენდა კირიონის მოწინააღმდეგეთა ხელში. ჟურნალის რვავე ნომერში დაიბეჭდა აშკარად არაკეთილმოსურნე, მტრული და ცილისმწამებლური პუბლიკაციები კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ. სარედაქციო კოლეგიამ მას ბრალად დასდო აბსოლუტიზმისა და მონარქიის დამყარება საეკლესიო მართვა-გამგეობაში. ოპონენტების აზრით, პატრიარქს უფლება არ ჰქონდა, ჩარეულიყო სასულიერო სასწავლებლების ავტონომიაში. მას საბჭოს წევრებისთვის საყვედურის გამოცხადებაც კი ეკრძალებოდა. ”ჩვენ მანამ არ მოვისვენებთ, სანამ ჩვენი უფროსები არ იწამებენ წმინდა კოლეგიურ გამგეობას, სანამ იგინი არ მიეჩვევიან პატივით მოეპყრონ უმრავლესობის აზრს”-ო, აღნიშნავდა დეკანოზი ქრისტეფორე.
ლეონიდის მომხრეთა ენაზე უმრავლესობის სურვილის გათვალისწინება ნიშნავდა კათოლიკოს-პატრიარქის მარიონეტად გადაქცევას, საეკლესიო ხარისხებისა და წოდებების უპრაგონოდ ჩამორიგებას, სახელგატეხილი ადამიანებისთვის თბილი ადგილების ბოძებას და ერის სულიერი მწყემსის ნომინალური სტატუსით დაკმაყოფილებას (ისიც დროებით).
სარედაქციო კოლეგია შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ აგდებით არ მოეხსენიებინა კირიონII. 1918 წლის მარტში, საეკლესიო ავტოკეფალიის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ საჟურნალო სტატიაში ირონიულად იყო აღნიშნული- ”ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა დაგვირგვინდა იმით, რომ ეგზარქოსის კარეტით იმის მაგივრად კათოლიკოსი დასეირნობს თბილისის ქუჩებში”-ო. ვინმე გრიგოლ ხერხეულიძე კი საჯაროდ ამტკიცებდა- კირიონII გაუნათლებელი პიროვნებაა, რომელმაც ხეირიანად ხუცური ანბანიც კი არ იცისო. ”მირონის კურთხევას დავესწარი დიდ ხუთშაბათს- მწირველი ბრძანდებოდა კათოლიკოსი. თავის დროზე მოართვეს წიგნი, რომ წაეკითხა შესაფერისი, მირონის საკურთხი ლოცვები... ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი, რომ ვხედავდი და მესმოდა, თუ როგორ ბორძიკობდა ყოველ სიტყვაზე კათოლიკოს-პატრიარქი, როგორ ჩერდებოდა სიტყვების ამოსაკითხად და ბოლოს მრავალს მათგანს მაინც გადამახინჯებულ, გადასხვაფერებულ ამბობდა”-ო, წერდა იგი...
ასე აიგდო სასაცილოდ ჟურნალის კორესპონდენტმა კათოლიკოს-პატრიარქის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა (გამუდმებულმა თავდასხმებმა და მის წინააღმდეგ გაჩაღებულმა კამპანიამ კირიონზე დამთურგნელად იმოქმედა. 1918 წლის გაზაფხულზე მას დამბლა დაეცა, რის გამოც მოძრაობა უჭირდა და მეტყველების უნარიც შეეზღუდა)
სასაცილოა, მართლა სატირალი რომ არ იყოს.
უვიცობა დასწამეს თვალსაჩინო სასულიერო მოღვაწეს, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, სწავლულს, რომლის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ასეული თეოლოგიური და ისტორიულ-ფილოლოგიური ხასიათის გამოკვლევა და ორმოცამდე წიგნი, მათ შორის 1910 წელს რუსულ ენაზე გამოცემული პოლემიკური ხასიათის ნაშრომი ”ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”, რასაც თავის დროზე დიდი ხმაური და ვნებათა ღელვა მოჰყვა (სხვათა შორის, 1918 წლის 26 ივნისს, მარტყოფის მონასტერში კათოლიკოს-პატრიარქი სწორედ ამ მონოგრაფიის ქართულ ვერსიაზე მუშაობდა). კირიონს, როგორც სწავლულს, იცნობდნენ და ანგარიშს უწევდნენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ რუსი და ევროპელი მეცნიერებიც.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სიონის საკათედრო ტაძარი თბილელი მიტროპოლიტის სამწირველო ალაგად ითვლებოდა. ლეონიდემ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდეგაც კი არ დათმო სიონი, რის გამოც კირიონი იძულებული იყო, ანჩისხატში ეწირა. ბოლოს, როგორც იქნა, მას ამის შესაძლებლობაც მიეცა, რასაც მყისვე მოჰყვა ”ახალი სიტყვის” გესლიანი გამოხმაურება. ”ჯაჭვაძის” ფსევდონიმს ამოფარებულმა ანონიმმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით- ”კირიონ კათოლიკოსის წირვა და სიონის წაბილწვა”, რომელიც ”შთამაგონებელი” მოწოდებით დააგვირგვინა- ”დრო არის, კათოლიკოსის თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს, მან საკმარისად შეგვარცხვინა ქვეყანაზე”-ო.
ისეთი ფართო რეზონანსის მქონე ფაქტსაც კი, როგორიც იყო სამშობლოსათვის გვემული კათოლიკოს-პატრიარქის იდუმალებით მოცულ ვითარებაშიგარდაცვალება, ”ახალი სიტყვა” მხოლოდ ორიოდე მშრალი წინადადებით გამოეხმაურა. ამაში გასაკვირი არც არაფერია. ისინი, ვის პოზიციასაც ჟურნალის სარედაქციო კოლეგია გამოხატავდა, დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ კირიონის სიკვდილს და მზად იყვნენ, უხმაუროდ, განსაკუთრებული ცერემონიალის გარეშე იქვე, მარტყოფის მიწისთვის მიებარებინათ ერის სულიერი მწყემსი. მიზეზად კი ის მოიდეს, არაქრისტიანულად აღესრულა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრაო.
ასეთი ხმები ფართოდ გავრცელდა მაშინ და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სწორედ ლეონიდეს გუნდის წევრები აქტიურობდნენ, თუმცა, ობიექტურად, არანაირი საფუძველი არ არსებობდა კირიონის თვითმკვლელობის ვერსიის დასაჯერებლად. ექსპერტიზამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიები სხვა იარაღიდან იყო ნასროლი და არა იქვე დადებული, დამცავჩაკეტილი ”ბრაუნინგიდან”. წარმოუდგენელი იყო, ცოტა ხნის წინ დამბლადაცემულ და მოძრაობის უნარშეზღუდულ მოხუცს საკუთარ სხეულზე რამდენიმე ტყვია დაეხალა, მერე რევოლვერის დამცავი ჩაეკეტა და გვერდით გადაედო.
სწორედ ამიტომ იყო, რომ საზოგადოებამ არ მიიღო თვითმკვლელობის ვერსია. ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელთა ძალისხმევით კირიონის ცხედარი მარტყოფიდან თბილისში ჩამოასვენეს და სათანადო პატივით დაკრძალეს სიონში.
+ + +
თუ რამდენად იყო პათოლოგიური ზიზღით შეპყრობილი კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ სასულიერო ელიტის ერთი ნაწილი, კარგად ჩანს საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცული წერილიდან- ”კათოლიკოსი კირიონი და მისი ღვაწლი-მოღვაწეობა”, რომლის ავტორია ”ახალი სიტყვის” რედაქტორი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი. სავარაუდოდ, იგი სწორედ ამ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად დაიწერა, მაგრამ კირიონის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ავტორმა თავი შეიკავა მისი პუბლიკაციისგან. აღნიშნული წერილი საარქივო ფონდებში გამოავლინა და მკითხველი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა პროფ. სერგო ვარდოსანიძემ.
აი ეს წერილიც.
”ნიკოლოზII-ის წინააღმდეგ წერა, ვიცით, არ შეიძლებოდა აშკარად. არამც თუ მის წინააღმდეგ, უბრალო ბოქაულის მოქმედებას თუ შეეხებოდით და კრიტიკას გაუკეთებდით, მოღალატედ გამოგაცხადებდნენ. ასეთივე სენი სჭირთ ყოველ თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს, მათის აზრით, ნება აქვთ ქმნა ყოველივე ცუდისა და სხვას კი არა აქვს ნება თქმა მათ მიერ ჩადენილ სიცუდისა. მაგრამ ნიკოლოზის თვითნებობასაც მოეღო ბოლო, რადგან ვერ შეიგნო დროზე გამაფრთხილებელი რჩევა, რომელსაც აძლევდნენ მას მისი კეთილის მყოფელნი.
თვითმპყრობელობის სენით შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფს უდავოდ ეკუთვნის კათოლიკოსი კირიონი. ამის საბუთი ბევრი იქმნა გამოქვეყნებული, მაგრამ ყველაზე უფრო დამამტკიცებელი საბუთია ჟურნ. ”ახ. სიტყვის” მერვე ნომერში გამოქვეყნებული პროტესტი, წარმოდგენილი საკათ. საბჭოს წევრებისგან კათოლიკოსისადმი მისი მოქმედებისა გამო. ვინც იცნობს კათოლიკოს კირიონის წარსულ მოღვაწეობას, იმას არ გაუკვირდება დღევანდელი მისი ქცევა. გადავავლოთ თვალი მის წარსულს ღვაწლს, რომ ყოველივე ნათელი იქმნეს.
კათოლიკოსი კირიონ გვარად საძაგლიშვილია (როგორ მოგწონს, მკითხველო, გვარზე ამგვარი ხაზგასმა? ავტ.). პირვანდელი მისი მოღვაწეობა დაიწყო თელავისა და გორის სასულიერო სასწავლებლებლებში, სადაც დღესაც არის დარჩენილი კვალი ამ მოღვაწეობისა, მაგრამ ამაზე ეკითხოს თელაველებსა და გორელებს გ. საძაგლიშვილმა 1896 წლის მიწურულში მიიღო ბერობა. კურთხეულ იქმნა ეგზარქოს ვლადიმირის, შემდეგში კიევის მიტროპოლიტის მიერ, რომელსაც იღუმენმა კირიონმა 1897 წელს შეასხა ქება. ”Духовн. вестник грузинского екзархата”-ის ნომრებში, ქართლში ”მოციქულებრივი მოგზაურობისათვის”. ჩვენ ვიცით ეგზარქოსმა ვლადიმერმა რა სიკეთეც უყო ქართულ ეკლესიას თავის აქ, თუ პეტროგრად-კიევში მიტროპოლიტად ყოფნის დროს.
შემდეგ მომავალმა კათოლიკოსმა მიიღო გორის ეპისკოპოსობა. ამ დროს იმერეთის კათედრა იყო დაჭერილი ლეონიდესა და გურია-სამეგრელოსი ალექსანდრეს მიერ. არც ერთი არ აპირებდა იმ ხანად სიკვდილს და კირიონს კი ესაჭიროებოდა ფრთების გაშლა. ამისთვის ითხოვა თავის რუსეთში გადაყვანა. მამულის მოყვარული ადამიანი ამჯობინებდა თავისს სამშობლოში სამსახურს უცხო ქვეყანაში აღმატების სურვილს, მაგრამ კაცია და ბუნებაო...
პირველ ხანებში იმედი არ გაუმართლდა კირიონს. მისცეს მხოლოდ ქორეპისკოპოსობა რუსეთში, მაგრამ მერე ”დაიმსახურა” ქ. ორიოლის კათედრა. დადგა 1905 წელი. იაპონიამ რიგიანად შებერტყა ფუყი-ბუმბერაზი-რუსეთი. რუსეთის თვითმპყრობელობა შეირყა. სხვა და სხვა ხალხებმა წარუდგინა რუსეთის მთავრობას მოთხოვნილებანი. საქართველოს სამღვდელოებამაც წამოაყენა მოთხოვნილება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ჯერ იმერეთის სამღვდელოებამ, ეპისკოპოსი ლეონიდის მეთაურობით გამოიტანა თავის საეპარქიო კრებაზე დადგენილება ამის შესახებ მარტში და მერე ქართლ-კახეთის სამღვდელოებამ 1905 წლის მაისის კრებაზე, როდესაც მოხდა ყველასაგან სამახსოვრო ამბები. ეპ. კირიონს ამ მოთხოვნილებათა შექმნაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არც სიტყვით, არც საქმით. ესმა კი რა ორიოლში, საქართველომ ავტოკეფალიის საკითხი წამოაყენაო, ითხოვა მაშინდელისთვის დაცლილი სოხუმის კათედრა, რაიცა სინოდმა მისცა, რომ ამით ქართველების გული მოეგო და ავტოკეფალიის მოთხოვნილების სურვილი გაენელებია. ამრიგად, კირიონი გამოეშურა საქართველოში, სხვამ არავინ დამასწროს კათოლიკოსობის მიღებაო. 1906 წელში კირიონი და ლეონიდი გაწვეული იქმნენ სინოდში ჩვენი ეკლესიის საქმეზე. არ ვიცით როგორ, რის და ვის საშუალებით, ეპისკოპოსმა კირიონმა მიიღო დაპირება მაშინდელი ობერ-პროკურორისაგან, რომ, თუ საქართველოს სამღვდელოება დაკმაყოფილდება ამით, შენ ეპისკოპოს კირიონს დაგნიშნავთ ეგზარხოსად. ამ წინადადებით მოევლინა ეპისკოპოსი კირიონი თბილისში საქართველოს სამღვდელოების დელეგატებს, რომელთაგანაც კატეგორიული უარი მიიღო ამ კომბინაციაზე. ეს უარი გამომდინარეობდა იმ დავალებისაგან, რომელიც დაეკისრა ორთავე ეპისკოპოსს, კირიონს და ლეონიდს, მოეთხოვათ ავტოკეფალია და არ გაემართათ სინოდთან რაიმე ვაჭრობა.
სინოდის ობერ-პროკურორს ეგონა, რომ კირიონი დაითანხმებდა ქართველ სამღვდელოებას და საზოგადოებას დაკმაყოფილებულ იყვნენ რუს ეგზარხოსის ქართველით შეცვლით და როდესაც დაინახა, რომ კირიონმა ეს ვერ შეძლო, აიღო და სოხუმითგან სადღაც ქორეპისკოპოსად გადაიყვანა რუსეთში. ამ თანამდებობას კირიონმა თავი დაანება თავისით და სინოდმა მისცა საცხოვრებლად რომელიღაც მონასტერი.
ამასობაში საქართველოში მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი. ამ მკვლელობაში მონაწილეობა უსაბუთოდ და განუკითხავად დააბრალა სინოდმა, სხვათა შორის, ეპისკოპოს კირიონს და არქიმანდრიტ ამბროსის. ამის გამო ამბროსი უეცრად გაგზავნეს სანაქსარის მონასტერში (მგონია რიაზანის გუბერნიაში) და დაუმორჩილეს სასტიკ რეჟიმს. ასეთსავე მდგომარეობაში, როგორსაც განიცდიდა ყოვლად-პატივცემული და სპეტაკი ადამიანი არქიმანდრიტი ამბროსი, დღევანდელი ღირსეული მოადგილე ჭყონდიდელ მიტროპოლიტთა, ჩააყენეს ეპისკოპოსი კირიონიც. შემდეგში კირიონმა მოახერხა ეპისკოპოსობის მიღება პოლოცკში. ხოლო მხცოვანი და ფრიად განათლებული არქიმანდრიტი ამბროსი არ აღირსა სინოდმა ეპისკოპოსობის ხარისხს... რამდენადაც ვიცით, სინოდის წარმომადგენლებთან არქიმანდრიტ ამბროსის ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და ამიტომაც ვერ დაიმსახურა უფროსთა ყურადღება...
მოხდა 1917 წლის 27 თებერვლის რევოლუცია რუსეთში. 12 მარტისათვის გადაწყდა გამოცხადებულიყო მცხეთაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ დღისათვის გამოიწვიეს პოლოცკიდან ეპისკოპოსი კირიონი, რომელმაც პასუხი გამოაგზავნა: შემატყობინეთ, რაზე მიბარებთო, და არ მოვიდა. შემდეგ, როცა გაიგო ავტოკეფალიის გამოცხადება, გასწია სინოდში და იქითგან მოციქულად მოგვევლინა სინოდისა და ობერ-პროკურორისაგან (გზის ხარჯიც მიიღო მათგან). ობერ-პროკურორის დავალებით საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობას წინადადება მისცა, მიეღო ნაციონალური ავტოკეფალია, ეს ჯობია ტერიტორიულსაო. როდესაც აგრძნობინეს, რომ არ ეწარმოებია ობერ-პროკურორთან არავითარი შუამდგომლობა საქართველოს ეკლესიის დროებითის მმართველობის დაუკითხავად, ეპისკოპოსმა კირიონმა მთელს კრებულის მმართველობას პირში მიახალა, თქვენ ვინა ხართ, ან რა მნიშვნელობა აქვს 12 მარტის თქვენს ნამოქმედარსაო. გაიბუტა და გაიქცა ჯერ პეტერბურგში და იქითგან პოლოცკში. რომ შეატყო ავტოკეფალიის საქმე აღარც ისე უიმედოაო, აგვისტოში ისევ მოვიდა ტფილისში. შემდეგ კი მედავითნე დიაკონთა წყალობით მიიღო კათოლიკოსობა... აი, მოკლედ, მოწამებრივი ღვაწლი კირიონII-ისა. ეპარქიების ძებნა რუსეთის სივრცეზე, სინოდთან და ობერ-პროკურორებთან ვაჭრობა, მათ მიერ მოციქულად მოვლინება საქართველოში, აქ მტკიცება, რომ სინოდსა და ობერ-პროკურორებს დიდად ჰყავთ მიჩნეული იგი, ხოლო იქ, სინოდში რწმუნება, რომ აქ საქართველოში დიდად მიღებული ჰყავს ყველასა,- აი, ტაქტიკა კირიონისა. ამის საბუთი, მგონია, საკმარისად არის წარმოდგენილი ზემოთ.
როგორი ყალბიც არის მოწამებრივი შარავანდედი კირიონII-ისა, ისეთივეა მისი მეცნიერული შარავანდედიც. საზოგადოებაში გავრცელებულია ყალბი აზრი, როგორც მისი მოწამეობრიობისა, ისე მეცნიერობისა. ბრბო ბრიყვია. საკმარისია გაიგონოს ამა და ამ კაცმა რაღაც სქელი წიგნი დაწერაო, რომ მეცნიერების სიგელი მისთავაზოს. თუ რა შინაარსისაა ეს ”მეცნიერული” ნაშთი, არავინ უკვირდება”.
ფოტოზე: ლეონიდე ოქროპირიძე და კირიონ საძაგლიშვილი, 1906 წ. პეტერბურგი