არ ვიცი რატომ, მაგრამ 1936-1939 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომი, მილიონი ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა, ჩემში კორიდის ასოციაციას იწვევს. კორიდისა, სადაც მამაცი ტორეადორი გამძვინვარებულ ხარს შებმია შეურიგებელ ბრძოლაში.
კორიდას მოტრფიალენიც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. ვერავის განვსჯი, მაგრამ ჩემთვის ძველებურად მოხდენილ სამოსში გამოწყობილი ესპანელი კაბალიერო - ტორეადორი ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების სიმბოლოა. ხარი კი,ზემოთ აღნიშნულ ფასეულობათა და ყოველივე ზნეობრივისა თუ სულიერის გასანადგურებლად მომართულ რევოლუციას განასახიერებს.
მართალია, ათას წელზე მეტი ხნის წინ პირინეის ნახევარკუნძულზე გაჩენილი კორიდა რომაელთა მიერ დანერგილი სისხლიანი სანახაობების გამოძახილია, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ ტორეადორისა და ხარის ორთაბრძოლა ესპანეთის ისტორიის ანარეკლიცაა. იმ ესპანეთისა, რომელსაც უძველესი დროიდან უხდებოდა შეურიგებელი ბრძოლა ენის, მამულისა და სარწმუნეობის გადასარჩენად.
ოდესღაც უდიდესი მსოფლიო იმპერიის მემკვიდრე - ესპანეთის სამეფოში მომძლავრებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა ფატალური ხასიათი XIX საუკუნის დასაწყისში მიიღო. ქვეყანა ოკუპირებულ იქნა მეზობელი საფრანგეთის მიერ. დამოუკიდებლობის აღდგენამ ვერ შეარბილა ესპანეთის დაღმასვლა. ერთიმეორეს მისდევდა გადატრიალებები, შეთქმულებები და შიდა ომები (რომლებიც კარლისტური ომების სახელით არიან ცნობილნი). დამხობილი და გაძევებულ იქნენ ესპანეთიდან დედოფალი მარია-კრისტინა, მოგვიანებით კი მეფე ალფონსო XII.
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ანტონიო კანოვას დელ კასტილიოს ძალისხმევით, 1876 წელს მიღებული იქნა დემოკრატიული კონსტიტუცია და ვითარება ერთგვარად განიმუხტა, სტაბილურობამ ქვეყანაში ვერ დაისადგურა.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX –ის დასაწყისში ესპანეთი დამცირებულ და ღირსებაშელახულ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც კატასტროფულად დამარცხდა ხანმოკლე ომში „ამომავალ“ მსოფლიო იმპერიასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ ომის შედეგად, სადაც ამერიკელები კუბელ სეპარატისტებს ეხმარებოდნენ, ესპანეთმა კუბასთან ერთად სხვა ოკეანისმიღმა ტერიტორიებიც დაკარგა (ფილიპინები და კუნძული გუამი).
რევოლუციონერებმაც ამ დროს წამოყვეს თავი. მარქსისტებმა ესპანეთის სოციალისტური-მუშათა პარტია დაარსეს, ანარქისტებმა კი შრომის ნაციონალური ფედერაცია.
ერთი სიტყვით, 1920-იანი წლების მიჯნაზე ესპანეთი განსაცდელში იყო. მისი მერყევი მეფე ალფონსო XIII ვერ აუდიოდა პერმანენტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისებს.
სუსტი სახელმწიფო, როგორც წესი, შინაგანი კრიზისების განმუხტვას სამხედრო ავანტიურების საშუალებით ცდილობს. ესპანეთიც ჩაება გაუთავებელ კოლონიურ ომში მაროკოს ტერიტორიაზე, სადაც მის ორ ძირძველ ანკლავს მელილიასა და სეუტას მაროკოელი სეპარატისტების მხრიდან საფრთხე დაემუქრა. სწორედ მაროკოში გამოჩენილი საბრძოლო გმირობით გახდა ცნობილი ესპანეთში ფრანსისკო ფრანკო დება ამონდე.
შავ ლაქად შევიდა ესპანეთის ისტორიაში1921 წელი, როდესაც მისი ჯარები სასტიკად დამარცხდნენ მაროკოში. სამხედრო კატასტროფის ლოგიკური შედეგი იყო შიდაპოლიტიკური რყევების გაძლიერება. მემარცხენე და მემარჯვენე ძალების მიერ ინსპირირებული პუტჩის მრავალრიცხოვანი მცდელობები, რასაც 1923 წელს მეფის ალფონსო XIII-ს თანხმობით, გენერალ პრიმო დე რივერას მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება და სამხედრო-მონარქიული დიქტატურის დამყარება მოჰყვა.
„ნიჭიერი“ და „წესიერი“ დიქტატორი დიდი იშვიათობაა. როგორც წესი უნიჭონი და უზნეონი ჭარბობენ ხოლმე. არც მიგელ პრიმო დე რივერა იყო გამონაკლისი და დიქტატურამ ესპანეთში შვიდიოდე წელიც ვერ გაძლო ისე დაემხო1930 წლის იანვარში.
ალფონსო XIII ეცადა ქვეყნის მმართველობის აღდგენას1876 წლის პროგრესული კონსტიტუციის საფუძველზე. ესპანეთს რეალური შანსი გაუჩნდა წასულიყო დემოკრატიის გზით, მაგრამ საუბედუროდ სოციალურმა პოპულიზმმა იმძლავრა და რევოლუციურ გადატრიალების მოსამზადებლად შეიქმნა კომიტეტი, სამი მემარცხენე პოლიტიკოსის: მანუელ ასანიას, ნისეტო ალკალა სამორას და ალეხანდრო ლერუსის შემადგენლობით.
1931 წლის 12 აპრილს მუნიციპალური არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევებით, გაყალბებებითა და ესპანელ მემარცხენეთათვის ტრადიციად ქცეული ძალადობის ფონზე ჩატარდა. 12 აპრილსავე მთელი ესპანეთი მემარცხენეთა მხარდამჭერების მრავალათასიანმა დემონსტრაციებმა მოიცვა. გაისმოდა მონარქიის დამხობის მოწოდებები. 14 აპრილს რევოლუციური „ტრიუმვირატის“ ინიციატივით ხელისუფლება ძალადობრივად აიღო ხელში თვითმარქვია დროებითმა მთავრობამ, ნისეტო ალკალა სამორას ხელმძღვანელობით, სადაც უპირატესად სოციალისტები იყვნენ წარმოდგენილები. მონარქია დაემხო. ალფონსო XIII ქვეყნიდან გაიქცა. ესპანეთში რესპუბლიკა გამოცხადდა.
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თითქმის ყველა რევოლუციური ლიდერი, „ტრიუმვირატის“ სამივე წევრის ჩათვლით, მშვენივრად გრძნობდა თავს პოლიტიკაში მონარქიისა და პრიმოდერივერას დიქტატურის პირობებში. პარლამენტის წევრებიც იყვნენ და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ეკავათ საკმაოდ მაღალი თანამდებობები!
ესპანური რევოლუციის ზეობას ზღვარგადასულ სოციალურ პოპულიზმთან ერთად თავბრუდამხვევი სისწრაფითა და შესაშური შეუპოვრობით გატარებული ე.წ. „პროგრესული რეფორმებიც“ მოჰყვა, რომლებიც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხორციელდებოდნენ შემდეგი მიმართულებებით:
1. ქვეყნის ისტორიაში არნახული და რესპუბლიკური მთავრობის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სანქციონირებული ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის დევნა-შევიწროვება, რომელიც არა მარტო იდეოლოგიურ და ანტიკლერიკალურ ხასიათს ატარებდა, არამედ ხშირად ტაძრების ნგრევა-გადაწვისა თუ სხვა სახის ვანდალიზმის სახეს იღებდა;
2. ეროვნული არმიის დაკნინება და ფაქტობრივი დაშლა (გამოცდილი და ომგამოვლილი ვეტერანი გენერლებისა და ოფიცრების სამსახურიდან დათხოვნა, მათი გამოუცდელი მაგრამ პოლიტიკურად ერთგული, რევოლუციურიკადრებით ჩანაცვლება, ესპანეთის უდიდესი ქ. სარაგოსას სამხედრო აკადემიის დახურვა და ა.შ.);
3. სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან ეროვნული სულისა და ტრადიციული ღირებულებების აგრესიული გამოდევნა, კოსმოპოლიტურ - სოციალისტური იდეოლოგიის სასარგებლოდ;
4. რესპუბლიკური მთავრობის ღია თუ ფარული ხელშეწყობით, საკუთრების უფლების მასობრივი ხელყოფა;
5. ოპოზიციურად განწყობილ პირთა აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა (1931 წლის აგვისტოშივე შექმნილი ე.წ. „პასუხისმგებლობის საკითხების საპარლამენტო კომიტეტის“ მეშვეობით).
ლოგიკურად ჩნდება კითხვა. ზემოთ აღნიშნული საპარლამენტო კომიტეტის თაოსნობით, რატომ იდევნებოდნენ მონარქიულ რეჟიმთან თანამშრომლობისათვის მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები და სამხედროები, როდესაც მონარქიულ ხელისუფლებასა და დიქტატურასთან 1931 წლის რევოლუციამდე არანაკლებ ინტენსიურად თანამშრომლობდნენ რევოლუციური ხელისუფლების ლიდერები?
იმიტომ ხომ არა, რომ უკლებლივ ყველა რევოლუციის პარადიგმა ერთნაირად ბინძურია?
ესპანეთის რესპუბლიკური მთავრობის მიერ გატარებული ზემოაღნიშნული „რეფორმები“ მალე ზედმეტად რადიკალური აღმოჩნდა თვით „ტრიუმვირატის“ წევრებისთვისაც კი. რევულუციოინერებს ჯერ ნისეტო ალკალა სამორა გაემიჯნა. მოგვიანებით კი მის მაგალითს ალეხანდრო ლერუსმაც მიბაძა.
სამოქალაქო ომის დაწყებისათვის კი „ტრიუმვირატიდან“ რევოლუციურ ხელისუფლებას მხოლოდ მედიდური, შეურიგებელი და გაუწონასწორებელი მანუელ ასანია შემორჩა.
რესპუბლიკური მთავრობისადმი მხარდაჭერის კლება სულ უფრო შესამჩნევი გახდა, რასაც დაემატა ესპანეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირების - სამოქალაქო გვარდიის პუტჩი, გენერალ სან ხურხოს მეთაურობით.
მართალია მანუელ ასანიას რევოლუციურმა ხელისუფლებამ მოახერხა პუტჩის ჩახშობა, მაგრამ რესპუბლიკური მთავრობის უუნარობამ და არაკომპეტენტურობამ საკმაოდ არასასურველი გავლენა იქონია1933 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, სადაც მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა.
რევოლუციური ორწლეული, ანუ „პირველი რესპუბლიკის“ ეპოქა დასრულდა. ესპანეთის ახალი მთავრობა მკვეთრად გაემიჯნა მმართველობის რევოლუციურ მეთოდებს. სწორედ ამიტომ შეარქვა ამ პერიოდს ესპანეთის მემარცხენე პრესამ „შავი ორწლეული“.
არჩევნებში დამარცხების მიუხედავად ოპოზიციაში დარჩენილი რევოლუციონერები ყველაფერს აკეთებდნენ ვითარების დესტაბილიზაციისათვის, რომლის მწვერვალიც მათ მიერ ორგანიზებული შეიარაღებული აჯანყება გახდა ასტურიასა და კატალონიაში. მემარცხენე პარტიებმა და ადგილობრივმა სეპარატისტებმა კატალონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკაც კი გამოაცხადეს. სამთავრობო ჯარების ძალისხმევით კატალონიის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ სულ მცირე დროის განმავლობაში იარსება. უფრო ხანგრძლივი და სისხლიანი გამოდგა „სოციალისტური ჯანყის“ ჩახშობა ასტურიაში.
სამწუხაროდ, მემარჯვენე-ცენტრისტულმა მთავრობამ ვერ მოახერხა სტაბილურობის მიღწევა და პრეზიდენტმა ნისეტო ალკალა სამორამ 1936 წლის თებერვლისათვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
რევოლუციონერები არჩევნებისათვის მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ტრადიციულად უკეთ მოემზადნენ და მემარჯვენებისაგან განსხვავებით მოახერხეს კონსოლიდაცია. შეიქმნა მემარცხენე-რევოლუციური „სახალხო ფრონტი“, სადაც სოციალისტებთან და მემარცხენე რესპუბლიკელებთან ერთად კომუნისტები და ანარქისტებიც გაერთიანდნენ.
მართალია1936 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო ფრონტმა“ სულ მცირეოდენი უპირატესით გაიმარჯვა, მაგრამ 1931-1933 წლებში ესპანეთის რევოლუციური პარლამენტის მიერ საკუთარ „თარგზე მოჭრილი“ საარჩევნო კანონმდებლობის წყალობით (რომლის გაუქმება მემარჯვენეთა უნიათო და დემოკრატიული მმართველობის დროს ვერ მოესწრო), „სახალხო ფრონტს“ საპარლამენტო მანდატების დიდი უმრავლესობა ერგო.
ფაქტობრივად რევოლუციური რევანში გაყალბებული არჩევნების შედეგად შედგა.
აშკარა გახდა, რომ „მეორე რესპუბლიკის“, ანუ პროკომუნისტური დიქტატურის ხელმეორედ დამყარებას (თუნდაც1931-1933 წწ. „პირველი რესპუბლიკის“ ტერორის სავალალო გამოცდილების გათვალისწინებით) ძალიან დიდი ალბათობით შეიძლებოდა მოჰყოლოდა სამოქალაქო ომი.
შეიძლებოდა კი ესპანეთში სამოქალაქო ომის თავიდან აცილება?
თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლებოდა! მაშინაც კი, როდესაც რადიკალური სოციალიტის მანუელ ასანიას გასაპრეზიდენტებლად სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან ძალადობრივად გადააყენეს ნისეტო ალკალა სამორა.
თვით ახალმა პრეზიდენტმა ასანიამაც კი იგრძნო მისთვის სავალალო შედეგების მომტანი „ქარიშხალის“ მოახლოება და სოციალისტური პარტიის კონსტრუქციული ფრთის ლიდერთან ინდალესიო პრიეტოსთან ერთად სცადა ჩამოეყალიბებინა მემარჯვენე ოპოზიციისათვის მისაღები მინისტრთა კაბინეტი.
თუმცა, „მგზნებარე რევოლუციონერისა“ და მემარცხენე ექსტრემისტის ფრანსისკო ლარგო კაბალიეროს წინააღმდეგობის დაძლევა ესპანეთის პარლამენტში ვერ მოხერხდა და ტრაგედია გარდაუვალი გახდა.
ესპანური საზოგადოების პატრიოტულად განწყობილ ნაწილში საბოლოოდ განმტკიცდა აზრი იმის თაობაზე, რომ რევოლუციონერთა დარჩენა ხელისუფლებაში დაუშვებელი იყო. ურყევი გახდა მათში რწმენა იმისა, რომ „სახალხო ფრონტი“ კომუნისტური ინტერნაციონალის პირმშოს წარმოადგენდა და მისი საბოლოო მიზანი კომუნიზმის დამყარება და ესპანელი ერის განადგურება იყო.
საინტერესოა, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ის აქსიომა, რომ სამოქალაქო ომს არც ოპოზიცია აჩაღებს და არც „გარეშე ძალები“. სამოქალაქო ომის მიზეზი ყოველთვის ხელისუფლების წინდაუხედაობა, თავდაჯერებულობა და ზღვარგადასული სიხისტეა. დაუნდობელი, ოთხწლიანი ძმათამკვლელი ომიც ესპანეთში მხოლოდ და მხოლოდ მანუელ ასანიას რევოლუციურ-რესპუბლიკური მთავრობის აღვირახსნილი მმართველობის შედეგად გახდა გარდაუვალი.
სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ როდესაც თანამებრძოლებმა გენერალ ფრანკოს უსაყვედურეს ომის გაჭიანურება, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ჩემი უპირველესი მიზანი ომის მოგება კი არა ესპანეთის მტრების განადგურებაა“.
კაუდილიოს სიტყვა საქმედ იქცა. სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე, 1939 წელს, მიღებულ იქნა კანონი „ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ“, რომელსაც უკუძალა მიეცა. ამ კანონის თანახმად ესპანეთის უამრავი მოქალაქე, მანუელ ასანიას ხელისუფლების მესვეურთა და აქტივისტთა „თამადობით“, რევოლუციურ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის (1931 წლიდან 1939 წლამდე) სიკვდილით დაისაჯა.
მაინც რატომ დამარცხდა ასანიას ხელისუფლება?
რევოლუციონერთა დამარცხების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მანუელ ასანიას წინააღმდეგ აჯანყებულ ესპანურ არმიას ერის საუკეთესო ნაწილმა დაუჭერა მხარი. იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ეროვნული ღირსების ხელყოფა სიკვდილზე უარესი იყო.
სამოქალაქო ომის სისხლისღვრას ფრანკოს სიცოცხლეშივე (1959 წელს) ძმათა შორის შერიგება მოჰყვა. ამის სიმბოლო ესკორიალის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად „ბრძოლის ველზე დაცემულთა ველის“ გახსნა გახდა. მემორიალისა, სადაც 1936-1939 წლების სამოქალაქო ომში ორივე მხარეს დაღუპული ესპანელი მეომრები საერთო ძმათა სასაფლაოში გადაასვენეს.
ესპანელმა ერმა სულიერი განწმენდის სისხლიანი, მაგრამ ვაჟკაცური გზა აირჩია. ამ გზით მოიპოვეს მათ „ღირსების კორიდაში“ გამარჯვება. ამ გზით მოახერხეს ფრანკოს სიკვდილისთანავე საკუთარ ქვეყანაში, არა სინგაპურის ტიპის დესპოტიის, არამედ ევროპული დემოკრატიის აშენება.
ესპანელებმა შექმნეს ისეთი სახელმწიფო: სადაც ტოლერანტულობა და განსხვავებული აზრის პატივისცემა ცხოვრების წესია;
სადაც პოლიცია და სპეცსამსახურები არ არიან დაკავებულნი განსხვავებულად მოაზროვნე თანამემამულეთა დევნა-შევიწროვებით;
სადაც სასამართლო ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანია;
სადაც ხელისუფლება არ აწარმოებს მონოპოლიზებული ელექტრონული თუ სხვა მედია საშუალებებით საკუთარი მოსახლეობის უსირცხვილო ზომბირებას, არ „აპატიმრებს“ სატელიტურ თეფშებს და მშვიდობიანად გადადის ოპოზიციაში თავისუფალ და გაუყალბებელ არჩევნებში დამარცხების შემდეგ;
სადაც ხელისუფლება და ოპოზიცია, პოლიტიკური ქიშპის მიუხედავად, ხელი ხელ ჩაჭიდებული იღწვის საყვარელი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ამიტომაცაა ესპანეთი ღირსეული, თავისუფალი, ამაყი და თავმოყვარე ხალხის სამშობლო.