საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონII თავისი არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლის უკანასკნელი ღამე 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო სენაკში გაატარა.
კირიონი წინა დღეს, დილის ხუთ საათზე ეტლით გაემგზავრა მარტყოფში. მასთან ერთად იმყოფებოდა სამი პიროვნება- საქართველოს ეკლესიის ობერპროკურორი ქრისტეფორე კაპანაძე, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი და ვასილ კბილაშვილი. ეკიპაჟი ქალაქიდან ახალი გასული იყო, როდესაც პატრიარქს გაახსენდა, რომ რეზიდენციის სამუშაო კაბინეტში მაგიდაზე დარჩა რამდენიმე წიგნი. კირიონს კი მათ გარეშე წასვლა არ სურდა, რადგან იმხანად ახალ გამოკვლევას წერდა და სამეცნიერო ლიტერატურა უეჭველად ესაჭიროებოდა.სხვა გამოსავალი არ იყო. ქრისტეფორე კაპანაძე უკან დაბრუნდა იმ ვარაუდით, რომ წიგნებს წამოიღებდა და იმავე საღამოს თუ არა, მეორე დღეს მაინც ავიდოდა მარტყოფში. დანარჩენებმა გზა განაგრძეს.
თანმხლებთა მონათხრობის მიხედვით მეტნაკლები სიზუსტით შეიძლება პატრიარქის უკანასკნელი სამუშაო დღის აღწერა. ეტლი დაახლოებით დღის 11 საათზე მივიდა მონასტერში. ლოცვის შემდეგ კირიონი წიგნებს ჩაუჯდა და მუშაობას შეუდგა. საღამოს კიდევ ილოცა და დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე დასაძინებლად დაწვა. მისი მოსასვენებელი ოთახის მომიჯნავე წინკარში არქიმანდრიტ ტარასის ეძინა.
როგორც წესი, კირიონი უთენია იღვიძებდა, მაგრამ იმ დილით, რატომღაც, ჩვეული რეჟიმი დაირღვა. არა თუ ხუთი, ექვსი და შვიდი საათი შესრულდა, მისი საძინებლიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა. მონასტრის ბერებმა და თანმხლებმა პირებმა ჯერ გადაწყვიტეს, რომ ნაავადმყოფარი პატრიარქისთვის სიმშვიდე არ დაერღვიათ, თუმცა მისი გაჭიანურებული ძილი მეტად საეჭვოდ მოეჩვენათ. გარკვეული ყოყმანის შემდეგ მაინც გაბედეს და საძინებლის კარი უკითხავად შეაღეს. მათ თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა- ტყვიით გულგანგმირული პატრიარქი საწოლზე გულაღმა იწვა, სახე და მთელი სამოსი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. გარდაცვლილის გვერდით, საბანზე ”ბრაუნინგის” სისტემის ტყვიებით სავსე, მაგრამ დამცავჩაკეტილი რევოლვერი იდო...
არქიმანდრიტი ტარასი სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში და რამდენიმე საათის შემდეგ საკათოლიკოსო საბჭოს მოახსენა მომხდარის შესახებ. საბჭომ, თავის მხრივ, გადაწყვიტა, საქმის კურსში ჩაეყენებინა მთავრობა (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა სულ რაღაც ერთი თვის გამოცხადებული იყო და ახალი სახელისუფლებო სტრუქტურები უკვე შედგომოდნენ საქმიანობას). ამასთან, იქვე გადაწყდა სპეციალური კომისიის შექმნათბილელი მიტროპოლიტის ლეონიდის თავმჯდომარეობით, რომელსაც განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინა.
ხაზგამით უნდა აღინიშნოს ერთი მეტად საინტერესო დეტალი. საკათოლიკოსო საბჭოს სხდომის დამთავრებისთანავე მიტროპოლიტმა ლეონიდმა, რომელიც პატრიარქის თანამოსაყდრედ ითვლებოდა, მთავრობის თავმჯდომარეს ასეთი დეპეშა გაუგზავნა- ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სახელით პატივისცემით გაცნობებთ, რომ ამა თვის 27-ს (ივნისი), დილის 7 საათზე, მარტყოფის წმინდა ანტონის მონასტერში უეცრად გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონII”.
მაშ ტყვიებით დაცხრილული სხეული, სისხლი და რევოლვერი?
ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?
მართალია, ეს დეპეშაა და ტელეგრამის სტილი ამბის ვრცელ აღწერილობას არ ითვალისწინებს, მაგრამ ასეთი მშრალი კონსტატაცია (”მოულოდნელად გარდაიცვალა”) მაინც ამოვარდნილი ჩანს სიტუაციის კონტექსტიდან. მით უფრო, თანამედროვეთაგან ბევრმა არც დაიჯერა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი საკუთარი ნებით, უეცრად გამოეთხოვა წუთისოფელს.
ქვემოთ დავინახავთ, რომ იმდროინდელ საეკლესიო ელიტაში ბევრი ვინმე ცდილობდა, შეემოკლებინა ბედისგან ისედაც ნაგვემ-ნატანჯი კირიონის წუთისოფელი. ამ ადამიანებმა მარჯვედ გაართვეს კიდეც თავი ჩაფიქრებულ გეგმას.
რა მოხდა მარტყოფში?
ვისმა ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე ქვეყნისთვის დამაშვრალ მამულიშვილს?
ყოველივე ამის ასახსნელად, უპრიანია, უკან დავიხიოთ და რამდენიმე მივიწყებული ფაქტი გავიხსენოთ კირიონ II ხანმოკლე (ცხრათვიანი) მწყემსმთავრობის ისტორიიდან.
+ + +
1917 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს დარბაზში, სხდომის მიმდინარეობის დროს უცერემონიოდ შეიჭრა ვინმე დავით დავიდოვი (დავითაშვილი) და იქ მყოფ ეკლესიის ობერპროკურორ ქრისტეფორე კაპანაძეს მუქარით მიმართა:
-აბა, ერთი გაიმეორე, რა თქვი შენ გუშინ ჩემზე!
-ის ვთქვი, რაც ვიცოდი და რისი თქმაც საჭიროდ მივიჩნიე.
-შეკითხვაზე პასუხი გამეცი!
-მე არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს და რაც გუშინ ვთქვი, ახლაც შემიძლია გავიმეორო- თქვენი უღირსი საქმიანობა წარსულში კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის და ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველი. ახლა კი, თუ შეიძლება, მიბრძანდით და მუშაობის გაგრძელების საშუალება მოგ...
გაცოფებულმა დავითაშვილმა ობერპროკურორს წინადადების დასრულება აღარ აცალა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი. ქრისტეფორე კაპანაძემ სახის არიდება ვერ მოახერხა და უკან გადავარდა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ქამარში გარჭობილი რევოლვერი დააძრო და ვინ იცის, რით დამთავრდებოდა საქმე, მაგრამ უკანასკნელ წამს საბჭოს წევრმა დავით ჩიქოვანმა იმარჯვა და შებოჭა იგი. გავეშებულ მოძალადეს, რომელიც უშვერი სიტყვებით იგინებოდა, ძლივს დაატოვებინეს დარბაზი, ლამის გრძნობადაკარგული ობერპროკურორის მოსასულიერებლად კი ექიმის მოყვანა გახდა საჭირო.
ყოველივე ეს საქართველოს ახლად ავტოკეფალიააღდგენილი სამოციქულო ეკლესიის პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონII-ისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების თვალწინ მოხდა, რომელთა შორის, სასულიერო პირებთან ერთად, რამდენიმე საერო მოღვაწეც ერია.
რა იყო ამ, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ინცინდენტის მიზეზი?
ამის გასარკვევად უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე წინა დღეს, 1917 წლის 5 ოქტომბერს.
...დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის- საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველის არჩევა. კათოლიკოსი ალექსანდრე ნიკიტინის დასახელებას უჭერდა მხარს. დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინცაძემ მოულოდნელად დავით დავითაშვილის კანდიდატურა წამოაყენეს. წინადადებამ კირიონი უკიდურესად ააღელვა, თუმცა რაღაც მანქანებით თავის შეკავება მაინც შეძლო. მას იმედი ჰქონდა, რომ საბჭოს წევრები ამ მეტად საეჭვო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის კანდიდატურის განხილვაზე უარს იტყოდნენ, მაგრამ ამაოდ. საკითხთან დაკავშირებული კამათის შედეგად გაირკვა, რომ დავითაშვილის არჩევის მომხრეები უმრავლესობას წარმოადგენდნენ და კენჭისყრის დროს ხმის მიცემასაც აპირებდნენ. აქ კი ვეღარ მოითმინა კირიონმა და ხმამაღლა განაცხადა- თუ თქვენ ამ პიროვნების დანიშვნას კენჭს უყრით, მე კათოლიკოსის ხარისხს ავიყრიო.
სხდომაზე უხერხული სიტუაცია შეიქმნა. კირიონის აღსაყდრებიდან სულ რაღაც 4 დღე იყო გასული (იგი 1917 წლის 17 სექტემბერს აირჩიეს, ხოლო კურთხევის ცერემონიალი1 ოქტომბერს გაიმართა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე) და მისი უეცარი გადადგომა წარმოუდგენელ სკანდალს გამოიწვევდა. საბჭოს წევრები შეყოყმანდნენ. ამით ისარგებლა ობერპროკურორმა, ზემოთ ნახსენებმა ქრისტეფორე კაპანაძემ და დამსწრეთ ემოციურად მიმართა:
-ხალხნო, რას სჩადიხართ? გაოცებული ვარ ზოგიერთი ღვთისმსახურის მიერ აქ გამოხატული პოზიციით და გულმავიწყობით. თქვენ რა, არ იცით და მე უნდა შეგახსენოთ, ვინც ბრძანდება ბატონი დავითაშვილი? ესარის ეგზარქოსების კანცელარიის ვირთხა და გამოაშკარავებული ჯაშუში. ამ ადამიანს ცხოვრებაში არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ ”დანოსებს”წერდა პატრიოტ ქართველ სასულიერო მოღვაწეებზე. ახლა კი თქვენ გინდათ, რომ ასეთი პიროვნება საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად ავირჩიოთ?
დავითაშვილის კანდიდატურა ჩავარდა და საბჭოს საქმეთა მმართველად ალექსანდრე ნიკიტინი აირჩიეს (ტომით რუსი, ცნობიერებით ქართველი, ქართულის შესანიშნავი მცოდნე და პატრიოტულად განწყობილი პიროვნება).
დავითაშვილმა, ცხადია, იმ დღესვე შეიტყო მომხდარის შესახებ და ქრისტეფორე კაპანაძეზე შურისძიება ჩაიდო გულში.
დანარჩენი უკვე იცით...
+ + +
საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე მომხდარი ფაქტი კირიონის აღსაყდრებასთან დაკავშირებული ერთადერთი სკანდალი არ იყო, რის შესახებაც ინფორმაცია იმ დღეებშივე გავრცელდა და ქართული ინტელიგენციის მოწინავე წრეების აღშფოთება გამოიწვია.
1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევის ცერემონიალი გაიმართა. წირვის დამთავრების შემდეგ, როდესაც კირიონმა მრევლი დალოცა და მღვდელმთავრებთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა, ვიღაც უცნობმა პატარა გაკეცილი ბარათი მიაწოდა. პატრიარქი გულისხმიერი ადამიანი იყო. მან უცნობი ჩვეულებრივ მთხოვნელად ჩათვალა და იქვე გაშალა ფურცელი, რათა მისი სათხოვრის არსში გარკვეულიყო. ქაღალდზე გაკრული ხელით მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა- ”თქვენო უწმინდესობავ! როგორც კი სვეტიცხოვლიდან გახვალთ, ხალხში გარეული მკვლელი რევოლვერიდან გესვრით”. კირიონმა მღელვარება არ შეიმჩნია, მაგრამ ბარათის შინაარსის შესახებ ახლოს მდგომმა რამდენიმე პიროვნებამ მაინც შეიტყო. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცეებმა პატრიარქს ურჩიეს, სიტუაციის გარკვევამდე ტაძარი არ დაეტოვებინა. სწორედ ამ მომენტში მასთან წესრიგის დამცველი რაზმის მეთაური ყარამან კიკნაველიძე მიიჭრა და რევოლვერგაშიშვლებულმა შესძახა- ”გამომყევით, თქვენო უწმინდესობავ და ვნახოთ, ვინ გაბედავს სროლას.” რაზმის წევრები კირიონს შემოეხვივნენ და უსაფრთხოდ გამოიყვანეს სვეტიცხოვლიდან. მართალია, ინცინდენტი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ საზოგადოებაში მაშინვე გავრცელდა ხმები ეკლესიაში ახალი პატრიარქის წინააღმდეგ განწყობილი რადიკალური ოპოზიციის არსებობის შესახებ.
+ + +
1905 წელს, როდესაც პატრიოტულად განწყობილი სამღვდელოების მოწინავე წარმომადგენლებმა (პირველ რიგში- ეპისკოპოსმა კირიონმა და ლეონიდმა) აქტიური მოქმედება წამოიწყეს საეკლესიო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ავადსახსენებელ დეკანოზ ვოსტორგოვს ცინიკურად უთქვამს- ”რად გინდათ ქართველებს ავტოკეფალია, ხომ მაშინვე დაჭამთ ერთმანეთსო”.
სამწუხაროდ და ფატალურად აუხდა ქვეყანას ეს წინასწარმეტყველება.
1917 წლის 12 მარტს, როდესაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო ელიტაში უკვე ცხადად იგრძნობოდა მოახლოებული ქარიშხლის ნიშნები. სამღვდელო დასიცა და შედარებით მაღალი რანგის იერარქებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი, რომლებსაც, პირობითად, კირიონისტებად და ლეონიდისტებად ნათლავდნენ. მომავალი საეკლესიო ყრილობის წინ ორივე გუნდი გულმოდგინედ ემზადებოდა მისთვის სასურველი კათოლიკოს-პატრიარქის გასაყვანად.
ასეთი კანდიდატი ორი იყო, ეპისკოპოსები- კირიონი და ლეონიდი.
დიახ, ჟამთა ვითარებამ და ქართული ეკლესიის დამოუკიდებელ ორგანიზმად ჩამოყალიბების პერსპექტივამ ისე მოიტანა, რომ არც თუ შორეულ წარსულში ავტოკეფალიისთვის მებრძოლ სასულიერო მოღვაწეთა ეს ორი აღიარებული ლიდერი საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდა.
ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვდა, როგორ ხმალამოღებული იბრძოდნენ კირიონი და ლეონიდი ავტოკეფალიისთვის, ამხელდნენ ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას და აქტიურად უპირისპირდებოდნენ რუსეთის უწმინდესი სინოდის მიერ ქართული ეკლესიისთვის თავსმოხვეულ უცხო, მიუღებელ ადმინისტრაციულ სისტემას. ისინი სოლიდარულები იყვნენ ამ უთანასწორო ბრძოლაში და ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევიათ უკან, იმის მიუხედავად, რომ მათ წინააღმდეგ ცარიზმმა მთელი სიმკაცრით აამოქმედა რეპრესიული აპარატი. შერისხვისა და დევნის სიმწვავე განსაკუთრებით კირიონმა იწვნია. მეფის მოხელეები ხვდებოდნენ, რომ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული მღვდელმთავარი სერიოზულად აფერხებდა რეგიონის გამარუსებელ პოლიტიკას და 1902 წლიდან მოყოლებული საერთოდ ჩამოაცილეს საქართველოს. იგი ჯერ კამენეც-პოდოლსკში გადაიყვანეს, შემდეგ კი ხერსონის, ორიოლისა და კოვნოს ეპარქიებს განაგებდა. 1908-1914 წლებში უწმინდესი სინოდის წარდგინებით იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ საერთოდ ჩამოართვა ღვთისმსახურების უფლება და კამენეც-პოდოლსკში გადაასახლა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ... გამონაკლისი იყო 1906 წელი, როდესაც კირიონი სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა, მაგრამ ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და რამდენიმე თვის შემდეგ ისევ რუსეთში გადაიყვანა დაუმორჩილებელი ეპისკოპოსი.
ინფორმაცია კირიონის დევნის შესახებ ფართოდ გახმიანდა არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში, არამედ ევროპაშიც. სხვათა შორის, ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა ცნობილმა ქართველმა კათოლიკე სასულიერო მოღვაწემ, იტალიაში მცხოვრებმა მიხეილ თამარაშვილმა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა საგანგებო წერილითაც კი მიმართა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ თავმჯდომარეს ხომიაკოვს, რათა ამ უკანასკნელს ხმა აემაღლებინა კირიონის შევიწროების თაობაზე. ამ კუთხით საკმაოდ იაქტიურა დუმის ქართველმა დეპუტატმა ევგენი გეგეჭკორმაც, მაგრამ ამაოდ. შერისხულ ეპისკოპოსს მხოლოდ 1915 წელს აღუდგინეს ღვთისმსახურების უფლება, თუმცა საქართველოში დაბრუნებაზე უარი განუცხადეს.
კირიონის გარეშე დარჩენილი ქართული სამღვდელოების აღიარებულ ლიდერს გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდი წარმოადგენდა. ქუთათელ ანტონთან (გიორგაძე) ერთად სწორედ მის მხრებზე გადაიარა ცარიზმის დამხობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების სიმძიმემ. სწორედ მან განახორციელა ამ აქტის მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოები და, ბუნებრივია, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ითვლებოდა კიდეც პატრიარქობის რეალურ კანდიდატად. ლეონიდს მხარს უჭერდა არაერთი სასულიერო იერარქი, რომლებმაც უახლოეს მომავალში თვალსაჩინო როლი ითამაშეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში და ორმა მათგანმა კათოლიკოს-პატრიარქის პოსტიც კი დაიკავა.
თუმცა, ლეონიდის მომხრეებმა იცოდნენ, რომ სასულიერო წრეებში ბევრი ვინმე კირიონის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ავტოკეფალიის გამოცხადების პირველსავე დღეებში გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ საგანგებო დელეგაცია აპირებდა დევნილი ეპისკოპოსის ჩამოყვანას საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ინფორმაცია გამართლდა. ქართველ მორწმუნეთა და საეკლესიო მოღვაწეთა ერთი ჯგუფი ქრისტეფორე კაპანაძის ხელმძღვანელობით კამენეც-პოდოლსკში ჩავიდა და კირიონს სამშობლოში დაბრუნება სთხოვა.
მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ერთბაშად არ დათანხმებულა. იგი კარგად იყო ინფორმირებული ქართულ ეკლესიაში არსებული მდგომარეობისა და დინებების შესახებ. იცოდა, რომ ლეონიდი დაუფარავად ემზადებოდა უზენაესი მწყემსმთავრის პოსტის დასაკავებლად. ასეთ სიტუაციაში საქართველოში ჩასვლა ღია დაპირისპირებას ნიშნავდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა ქართული ეკლესისი მთლიანობასა და სიმტკიცეზე მლოცველი მოღვაწის ინტერესებში. მას ასეთი სიტყვებიც კი უთქვამს- ”ლეონიდი და მისი მომხრეები მოსვენებას არ მომცემენო”, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დაეთანხმა. ძნელი სათქმელია, რამ მოახდინა საბოლოო გავლენა კირიონის გადაწყვეტილებაზე, სამშობლოს მონატრებამ, დელეგაციის წევრთა დამაჯერებელმა არგუმენტებმა თუ ორივემ ერთად. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. 1917 წლის აგვისტოში დევნილი მღვდელმთავარი საქართველოში დაბრუნდა.
ეპისკოპოსმა ლეონიდმა და მისმა მომხრეებმა გაითვალისწინეს მოვლენების ამგვარი განვითარების პერსპექტივა და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს კირიონთან მოსალოდნელ დაპირისპირებაში უპირატესობის მოსაპოვებლად. ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე შეიქმნა ეკლესიის მართვის დროებითი ორგანო, რომელსაც იმავე წლის სექტემბერში დანიშნულ საეკლესიო ყრილობამდე უნდა ეხელმძღვანელა ეპარქიებისთვის. საბჭოს თავმჯდომარედ სწორედ ლეონიდი დანიშნეს. წევრთა უმრავლესობასაც მისი მომხრეები შეადგენდნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა დროებითი მართველობის მდივანი, ჩვენს მიერ უკვე სკანდალურად ცნობილი დავით დავითაშვილი, რომელიც დაუფარავად მტრობდა კირიონს და ათასნაირ ინტრიგას ხლართავდა მისი სამშობლოში დაბრუნების შესაფერხებლად. ეს მტრობა დევნილი ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა. ამისი ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დავითაშვილის მიერ მომზადებულ-რედაქტირებულ ოქმებში შეგნებულადაა დამახინჯებული სხდომებზე კირიონის მიერ გამოთქმული აზრები და გამოხატული პოზიცია. დროებითი მმართველობის მდივანი (არა მხოლოდ იგი) ხმებს ავრცელებდა, რომ კირიონი რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რათა ხელი შეეშალა ქართული ეკლესიისთვის რეალური დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში...
1917 წლის სექტემბრის საეკლესიო ყრილობის წინ ლეონიდის მომხრეთა პოზიცია გაცილებით მყარად გამოიყურებოდა. მათ უმრავლესობა ჰქონდათ როგორც დროებით მართველობაში, ასევე საკათოლიკოსო საბჭოში, რომლის დებულების პროექტი სწორედ აღნიშნულმა ყრილობამ დაამტკიცა. მეტიც, ყრილობამდე სრულიად შეგნებულად დაანაწევრეს მცხეთა-თბილისის ეპარქია. თბილისი გამოიყო დამოუკიდებელ საეკლესიო-ადმინისტრაციულ ერთეულად, ხოლო თბილელი მიტროპოლიტის ტახტი ლეონიდმა ჩაიბარა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებული დებულების თანახმად სწორედ თბილელი მიტროპოლიტი ცხადდებოდა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრედ, ძნელი მისახვედრი არაა, რამდენად მტკიცე იყო ლეონიდის პოზიცია. გამარჯვების შემთხვევაში იგი კათოლიკოს-პატრიარქი ხდებოდა, დამარცხების შემთხვევაში რჩებოდა თბილელის კათედრა, თანამოსაყდრეობა და გარანტირებული უმრავლესობა საკათოლიკოსო საბჭოში.
უსიამოვნო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა პართენ გოთუას მეთაურობით თხოვნით მიმართა მიტროპოლიტს, რომ უარი ეთქვა კენჭისყრაზე და კანდიდატურა მოეხსნა კირიონის სასარგებლოდ. გამარჯვებაში დარწმუნებულმა ლეონიდმა ეს წინადადება, რა თქმა უნდა, უარყო. ყრილობის წინა პერიოდში მისი მომხრეები ყველა საშუალებით ცდილობდნენ, დელეგატთა თვალში სახელი გაეტეხათ კირიონისთვის...
კირიონი ყველაფერს ამას ხედავდა და გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას. სწორედ იმ დღეებში უთქვამს ოპონენტთა ინსინუაციებით გაოგნებულ მღვდელმთავარს ცნობილი სიტყვები:- ”ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდან თვალს გადევნებდით, ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვამხრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია”-ო.
ფოტოზე: საგანგებო საეკლესიო კრება. პირველ რიგში, მარცხნიდან მესამე (ცილინდრით ხელში) დავით დავიდოვი (დავითაშვილი)