„მეტი სარგებელი ხალხს!“ – გვამცნო მმართველმა პარტიამ და ისიც დააკონკრეტა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს. ისინი, რომლებმაც „მილიონი სამუშაო ადგილი“ 12 წლის წინ უკვე „შექმნეს“, ახლა უმუშევრობის განახევრებას გვპირდებიან! დაზღვევა ექნება ყველას! გაორმაგდება სოფლის მეურნეობა! ყველა ოჯახი მიიღებს 1000–ლარიან ვაუჩერს!
მათივე დოკუმენტის თანახმად, – „ამ ხელშეკრულებით „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს – დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნით, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და სოფლის მეურნეობის განვითარებით მივაღწევთ საერთო მიზანს – მეტი სარგებელი ხალხს!“
„ხელშეკრულება თბილისთან“, რომელიც სააკაშვილმა 2002 წელს გააფორმა, 2003 წლის „რევოლუციურ“ ჟრიამულში დაივიწყა და ახლა, 9 წლის შემდეგ ანალოგიურ შეუსრულებად კონტრაქტს სრულიად საქართველოს სთავაზობს. 2002 წლის ივნისში სააკაშვილის ხელშეკრულებაში ეწერა: „თუ ჩვენ ვერ შევძლებთ აღნიშნული დაპირების შესრულებას, ერთი წლის შემდეგ, 2003 წლის ივნისში ვადაზე ადრე გამოვალთ თბილისის საკრებულოდან და აღარ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მიხეილ სააკაშვილი“.
მაშინდელი დაპირებებიდან მხოლოდ რამდენიმე რომ გავიხსენოთ, მთელი ამ აფერის შინაარსი თვალსაჩინო გახდება:
„ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხებს პენსიონერთა, ინვალიდთა, მრავალშვილიან დედათა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, პოლიტრეპრესირებულთა და მათი შვილების მეტროთი, ტროლეიბუსით და ტრამვაით უფასო მგზავრობისთვის“.
ნახსენები სამი ტრანსპორტიდან თბილისში დაპირების ავტორთა მეცადინეობით ორი აღარ არსებობს, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირებს და ვეტერანებს რა დღეც დააწია „ნაცმოძრაობამ“, ყველას გვახსოვს.
„ქალაქის ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ 16 წლამდე მოზარდებისა და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ყველა სახის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას“.
ზუსტად ერთ წელიწადში სააკაშვილი არა მარტო თბილისის, არამედ სრულიად საქართველოს ბიუჯეტს დაეპატრონა, მაგრამ ამ დაპირების შესრულება არც უფიქრია!
„არ დავუშვებთ გაზისა და წყლის ტარიფის ზრდას“.
ეს, ალბათ, ყველაზე ცინიკური დაპირებაა, რომელიც ზუსტად საპირისპიროდ აასრულა სააკაშვილმა. და ბოლოს, 2003 წლის შემდეგ, ფიცის მიუხედავად, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, „ნაციონალებმა“ 2003 წლის გარდა, ყველა მომდევნო არჩევნები გააყალბეს და საკუთარი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე აიყვანეს!
ახლა ისინი ხალხს მეტ სარგებელს პირდებიან. „მეტი სარგებელი ხალხს“ – ამ სახელწოდების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, რომელიც სულ 52–მა მომხმარებელმა მოიწონა, მმართველი პარტია გვთავაზობს: „თუ ვინმეს გინდათ მეტი სარგებელი, პირადში მოგვწერეთ“. ეს რომ „ქართულ ოცნებას“ გაეკეთებინა, ამას, ცხადია, მოგელაძე ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევდა, მაგრამ ამ შემპარავი წინადადების ავტორი ხომ მმართველი პარტიაა, თანაც თავადვე გაგვაფრთხილა, რომ სულ ცოტა, კიდევ ოთხ წელიწადს სხვას არავის უნდა ველოდეთ! არადა, თვით გიგა ნასარიძე ამტკიცებს, „საქართველო არ იყიდებაო“! აბა, სარგებელი რა არის, გიგა?
სიტყვა სარგებელი ძირითადად მოგების მნიშვნელობას ატარებს. ბოლო 8 წელი მოგებაში მხოლოდ „ნაციონალები“ რომ იყვნენ, ეს თვალსაჩინოა. ახლა ხალხისთვის საკუთარი მოგების განაწილების მათი სურვილი მეტად საეჭვო ხასიათისაა. თუმცა ამას თავი ვანებოთ და ახალი „ნაციონალური“ სლოგანის წარმომავლობაზე ვისაუბროთ. საერთოდ არ უნდა იცოდე ქართული ხასიათი, რომ ფსონი მოგებაზე დადო. კალამბურივით გამოვიდა, ამიტომ სიტყვა „მოგება“ ბრჭყალებში ჩავსვათ!
ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ ქართველებს მოგება, გამარჯვება არ გვიყვარს. მაგრამ ეს ის მოგება არ არის; მოგება, გამარჯვება განუყოფელია, იგი არ შეიძლება იყოს „მეტი“ ან „ნაკლები“. მეტი ან ნაკლები „მოგების“ იმ მნიშვნელობას აქვს, რომელიც მატერიალურ მომგებიანობას გულისხმობს. ეს საბანკო ტერმინია, ხოლო ბანკი ყოველთვის თავად სარგებლობს. უფრო გასაგები რომ იყოს, სიტყვა „მოგების“ რუსული შესატყვისს ჩავხედოთ: ეს კი „ვიგოდაა“. აბა, სინჯეთ და რომელიმე ქართველს, ან საქართველოში გაზრდილ ნებისმიერ კაცს (თუგინდ ქალს) „ვიგოდნიკი“ უწოდეთ, ნახავთ, რა პასუხსაც მიიღებთ!
პრაქტიკულად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ ახალი ხელშეკრულებით ყველას „ვიგოდნიკი“ გვიწოდა. გიგა ნასარიძე კი გაიძახის, „საქართველო არ იყიდებაო“, მაგრამ მეტი სარგებლის შეთავაზება ყიდვას არ გულისხმობს? თანაც, „პირადში მოგვწერეო“, გვთავაზობენ!
საარჩევნო სლოგანი გაცილებით უფრო მეტზე მეტყველებს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. 1999 წელს ასლან აბაშიძემ უცხოელი PR-მენეჯერები მიიწვია. საარჩევნო ბიულეტენში მაშინდელ “მოქალაქეთა კავშირს“ და „აღორძინებას“, შესაბამისად, პირველი და მეორე ნომერი ჰქონდა. „აღორძინების“ სლოგანი ასე ჟღერდა: „ორი სჯობია ერთს“! ამ სლოგანის ავტორებს არ ესმოდათ ქართული ხასიათი, იმიტომ რომ ჩვენთვის ხანდახან ერთ ტანკს მეტი ძალა აქვს, ვიდრე ორს. „მოქალაქეთა“ შტაბმა მყისიერად გამოიყენა ეს არაქართული სვლა და საკუთარი სლოგანი დაუპირისპირა: „დედა ერთია, სამშობლო ერთია“!
ქართულ ხასიათს არც მიშას PR-მენეჯერები იცნობენ. აქედან არის ეს „სარგებელიც“. სარგებლით ფულის გამსესხებელს „მევახშე“ ეწოდება. მევახშე კი საპატიო პროფესიად არასოდეს ითვლებოდა საქართველოში. მატერიალური სარგებელი არ მოაქვს სამშობლოსთვის თავგანწირვას, მოხუცის მიმართ სიბრალულსა და თანადგომას, ავადმყოფი ბავშვის შეწევნას, ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაზეც იდგა და დგას საქართველო. თავმოყვარე ხალხი (არადა, ნამდვილად ასეთები ვართ, ნასარიძეების გარდა) ამ სლოგანის ავტორებს ხმას არ მისცემს. ის 52 „დამლაიკებელი“, რომელიც ფეისბუქში ამ გვერდს ჰყავს, – სათვალავში არ არის.