გიორგი გამსახურდია ალავიძემ დააწინაურა

გიორგი გამსახურდია ალავიძემ დააწინაურა

ექს-პრეზიდენტის უმცროსი ვაჟიშვილის პოლიციაში მუშაობის დაწყებაზე საზოგადოებას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა.

ერთი ნაწილი ამტკიცებდა, გიორგი გამსახურდიამ ამით დედას ერთგვარი პროტესტი გამოუცხადა და სწორედ იმ უწყებაში დაიწყო მუშაობა, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ყველაზე მეტად ეჯავრებოდა. მეორე ნაწილი კი (ძირითადად, ექს-პრეზიდენტის მომხრეები) ამ გადაწყვეტილებას უმცროსი გამსახურდიას საიდუმლო ჩანაფიქრით ხსნიდა, თუმცა, ვერ აკონკრეტებდნენ, ასეთი რა ჩანაფიქრი შეიძლება ჰქონოდა გიორგი გამსახურდიას, მაგრამ რატომღაც ეჭვიც კი არავის შეჰპარვია, რომ გამსახურდია შსს-ში წარმატებებს მიაღწევდა.

გიორგი გამსახურდიას პოლიციაში მუშაობის ქრონოლოგია დღემდე ასე ვითარდებოდა: იგი პოლიციაში 1998 წელს, სპეცდანიშნულების ნაწილში იწყებს მუშაობას, 1999 წლის 27 იანვრიდან კი, სოსო ალავიძის უშუალო განკარგულებით, გამსახურდია ქალაქის სამმართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში უფროს ინსპექტორად დაინიშნა.

ამბობენ რომ ალავიძე გამსახურდიას დაწინაურებას აპირებს. სახელდება კონკრეტული სამსახურიც. თავად გიორგი გამსახურდია კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება მანანა არჩვაძეს, მან ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა.

„ალიას“ ხელთ არსებული ინფორმაცია კი ასეთია: გიორგი გამსახურდია რამდენიმე დღეში ისანი-სამგორის პოლიციაში სამძებრო განყოფილების უფროსად დაინიშნება. უფრო ზუსტად, ალავიძემ  ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა უკვე გადაწყვიტა, საბუთებს მხოლოდ ოფიციალური გაფორმება აკლია.

„ალიას“ მცდელობა, თავად ალავიძესთან დაეზუსტებინა ეს ინფორმაცია, არ მოხერხდა. პრეს-ცენტრმა ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ მსგავსი რამ სამინისტროშიც მოისმინა. საბოლოოდ კი მაინც გაირკვა, რომ გამსახურდია ახალ თანამდებობაზე, შეიძლება მართლაც დაინიშნოს.

ზაზა ბურჯანაძე,  კადრების  სამმართველოს  უფროსი:

- ასეთი წინადადება არის , მაგრამ ჯერ საბუთები ოფიციალურად არ მომსვლია.

ინფორმაცია ვისგან გაქვთ?

- რა მნიშვნელობა აქვს.

ე.ი. შეიძლება დაინიშნოს კიდეც?

- ხვალ უფრო ზუსტად მეცოდინება, ყოველ შემთხვევაში, საუბარი ამის შესახებ არის.