საქართველოს პარლამენტი – ლიკვიდატორ-გამყიდველების უკანასკნელი ლუკმა?
26 ივლისი, 2012
დავით ზარდიაშვილი
სააკაშვილის რეჟიმის ლივიდატორ-გამყიდველობა საქვეყნოდ კიდევ ერთხელ არის თავხედურად დემონსტრირებული - საინფორმაციო სააგენტოები პარლამენტის შენობის დაშლისა და მისი ნაწილ–ნაწილ გაყიდვის შესახებ იტყობინებიან. პარლამენტის ქუთაისში გადატანის პროცესი, მისთვის სრულიად შეუფერებელი და შურაცხმყოფელი ადგილის მიჩენა, სინამდვილეში პარლამეტის გაძევებისა და მოსპობის ბოროტი განზრახვაა. ეს არ არის ოდენ პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლა, რაც ვითომდა დეცენტრალიზაციის მიზნით კეთდება.
მმართველობითი სისტემის გარდაქმნის კონტექსტში დეცენტრალიზაცია ცენტრალური ხელისუფლების მმართველობითი უფლებამოსილებების, აგრეთვე შესაბამისი რესურსების ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადაცემას ნიშნავს. პარლამენტის ქუთაისში გადატანით კი არც ქუთაისის თვითმმართველობის უფლებამოსილებები გაზრდილა და არც ამ ქალაქის საკუთარ რესურსებს შემატებია რამე. ამიტომ, აბსურდია იმის მტკიცება, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ადგილსამყოფელის შეცვლა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციაა.
არც ვითომ მეორე დედაქალაქის, ახალი საპარლამენტო ცენტრის შექმნის ვაი– მცდელობას არა აქვს რაიმე რაციონალური დასაბუთება. საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ავტომატურად არ ნიშნავს განვითარებას. პირიქით - ქალაქი, რომელსაც ხელოვნურად დაეკისრება უჩვეულო ფუნქცია, ბუნებრივი განვითარების გზას ასცდება. ქუთაისს, პარლამენტის უცნაური, ექსცენტრული შენობის გარდა, უბრალოდ არა აქვს არავითარი სხვა რესურსი, რომ მან საპარლამენტო დედაქალაქის ფუნქცია ზიდოს. ყველა ცენტრალური პოლიტიკური დაწესებულება, ყველა გავლენიანი ინსტიტუცია და პოლიტიკური ცენტრის მთელი ინფრასტრუქტურა – მათ შორის საელჩოები, საერთაშორისო მისიები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ელიტები, თავად პოლიტიკოსები (კაკოიე ბობოხიძეს თუ არ ჩავთვლით) თუ მათი მომსახურე ტექნოკრატია თბილისში რჩება.
ძალიან რთულია, ალბათ - წარმოუდგენელიც, რომ ეს გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუციები, პოლიტიკოსებთან ერთად, ასევე, პოლიტიკური ცენტრის არსებული ინფრასტრუტურა ქუთაისში გადაბარგდეს. პარლამენტის ქუთაისში გადატანით პოლიტიკოსებსა და მათ მომსახურე პერსონალს აქეთ–იქით უმიზნო წანწალის ვალდებულება დაეკისრათ, დროის მნიშვნელოვან ნაწილს გზაში გაატარებენ და ისედაც მწირ რესურსებს უფრო უყაირათოდ დახარჯავენ. მათი ისედაც დაბალი პროდუქტიულობა უფრო შემცირდება. მეტი არაფერი.
ქუთაისში პარლამენტის განთავსება მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის (მათ შორის – დღევანდელი „მიჩმორებული“ თუ კაკოიეს მსგავსი, ძალად გაძველბიჭებური პარლამენტარებისათვისაც) წელს ქვემოთ მიყენებული დარტყმაა, უფრო სწორედ – თავგასული ვირის წიხლია და არა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა.
საქართველოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არ უნდა მოიწადინოს სააკაშვილმა, იყო, არის და კვლავაც იქნება თბილისი. ეს მარტივი ჭეშმარიტება გადასინჯვას არ ექვემდებარება. სამაგიეროდ, აშკარაა სააკაშვილის ავადმყოფური ჟინი – თავიდან მოიშოროს ყველაფერი, რაც მის პარპაშს ხელს უშლის. პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და საკანონმდებლო ხელისუფლება, მისთვის უადგილო და საერთოდ, საზრისის არმქონეა. ერთადერთი ინსტანცია, რომელიც სრულ და შეუზღუდავ ძალაუფლებას უნდა ფლობდეს, თავად მისი უჩაყლაყებულესობაა. მისი ძალაუფლება თვით–მპყრობელურია. მას საფუძვლიანად მიაჩნია, რომ სააკაშვილი მხოლოდ სააკაშვილისგანვე თუ იქნება შეზღუდული და არმც და არამც ვიღაც პარლამეტარების, თუ მოსამართლეების მოჩვენებითი ხელისუფლებით. იგი სინამდვილეში უფრო იმპერატორია, ვიდრე პრეზიდენტი. მაგრამ, სააკაშვილისაგან განსხვავებით, თვით რომის იმპერატორიც კი არ ყოფილა ყოვლისშემძლე, იგიც კი იძულებული გხლდათ პუბლიკის, რომის ხალხისა და მისი სენატის ნებისათვის ანგარიში გაეწია, რათა ცეზარივით არ აღსრულებულიყო.
სააკაშვილს ძალიან სურს, მაგრამ ცეზარი ვერასდროს გახდება, თუნდაც იმიტომ, რომ ცეზარი რომის ნების სრულქმნილი განსხეულებაა. ხოლო სააკაშვილის სამარცხვინო სახელისუფლებო სისტემა – მხოლოდ თავკერძობისა და სააკაშვილის თანაზიარი კორპორაციის ბოროტი ნების უკონტროლო პარპაში.
ძალაუფლების გაყოფასა და განაწილებას სააკაშვილი იდეაშიც ვერ დაუშვებს. მან საკუთარი კეთილი ნებით ეს ძალაუფლება შეიძლება კორპორაციის ოლიგარქებს მხოლოდ გაუზიაროს, უბოძოს როგორც წყალობა და არამც და არამც – გაუყოს. კორპორაციის ნება სააკაშვილის ნებასთან არის გაიგივებული. ოლიგარქიული ავტოკრატია – ეს არის სააკაშვილის მმართველობის სისტემა. ხოლო ამ სისტემის „დეცენტრალიზაცია“ და, საერთოდ, მისი ლეგალურ ფორმაში მოქცევა, მისი ინსტიტუციონალიზება არასდროს გამოვა და არც უნდა ველოდოთ.
ყველა ინსტიტუტი - პარლამენტი, მთავრობა თუ სასამართლო, საკრებულო თუ გამგეობა ოლიგარქიული ავტოკრატიის შენიღბვას ემსახურება და დემოკრატიის უბადრუკ ნიღაბს წარმოადგენს. მწარედ ცდება, ვინც დღევანდელ რეჟიმს „ჰიბრიდულ დემოკრატიას“ უწოდებს, რადგან სინამდვილეში აქ ძალაუფლების წყარო თვით–მპყრობელი სააკაშვილია და არა ხალხი, რომელიც მისი „უმაღლესობისაგან“ უფლებების მატარებელ სუბიქტად აღიარების პატივსაც ვერაფრით ეღირსა. ხოლო ხალხის მონაწილეობაზე ძალაუფლების განხორციელებაში ხომ ლაპარკიც ზედმეტია.
ასეთ სისტემაში, ბუნებრივია, ნამდვილი პარლამენტის ადგილი არ არსებობს. ისიც ცხადია, რომ დღევანდელი პარლამენტი მხოლოდ კარიკატურაა ნამდვილი პარლამენტისა. იგი ყველაფერია, გარდა ხალხის მანდატით აღჭურვილი უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსი. უკანასკნელ სულელსაც ვეღარ დააჯერებენ, რომ პარლამენტარი ხალხის წარგზავნილია საქვეყნო საკითხებზე სამსჯელოდ და საკანონმდებლო გადაწყვეტილების მისაღებად.
განა ცხადი არ არის და ვინმესთვის კიდევ დასამტკიცებელია, რომ დღევანდელი დეპუტატები – არა ხალხის, არამედ სააკაშვილის წარგზავნილები არიან სწორედ ხალხის წინაშე სალაყბოდა და საოინბაზოდ? ისინი მხოლოდ თვით–მპყრობელობის ნებას გამოხატავენ, ამ ნებას აკანონებენ და არა ხალხისას. დღევანდელი ფსევდო–პარლამენტი სააკაშვილის თვით–მპყრობელობის ნაწილია, მისი დეტალია, მაგრამ ვინ იცის, რა იქნება ხვალ? არა უსახური თუ სახიჩარი დღევანდელი პარლამენტარები, არამედ თავად პარლამენტი და პარლამენტარიზმის იდეა არის საშიში სააკაშვილისათვის. ამ საშიშ იდეას იგი გამუდმებით ებრძვის და ქუთაისში პარლამენტის გადატანით სინამდვილეში პარლამენტის გაძევებისა და მოსპობის დაუოკებელ ჟინს ნიღბავს.
მთავრობის სახლი, რომელიც საქართველოს გულის გულში – რუსთაველის პროსპექტზე აღმართულა, სააკაშვილის ავტოკრატიის პირობებშიც კი სიმბოლურად მაინც განასახირებდა ხალხის წარმომადგენლობითი ხელისუფლების ცოცხალ იდეას. სწორედ პარლამენტარიზმის, ხალხის წარმოამდგენლობითობის და მისი ნების უზენაესობის ეს იდეა აქცევს ამ ალაგს ცენტრალურ და საკრალური მნიშვნელობის ადგილად სრულიად საქართველოსათვის. ამიტომ არის იგი სახალხო მანიფესტაციების ბუნებრივად, იმთავითვე არსებული უპირობოდ მთავარი არენა. როგორც ყველა გზა რომში მიდის, ასევე ყველა პოლიტიკური პროცესიც ამ გულის–გულისკენ – მთავრობის სახლისკენ, პარლამენტისკენ, რუსთაველის პროსპექტისკენ მიიმართება. მთავრობის სახლის სივრცე საქართველოსათვის იგივე მნიშველობისაა, როგორისაც ანტიკურ დემოკრატიაში – აგორა. სწორედ მთავრობის სახლთან მოხდა საქართველოს უახლოსესი ისტორიის ყველა საბედისწერო მოვლენა. ეს ის ადგილია, სადაც ხელახლა იშვა და მიუხედავად სააკაშვილისა, კიდევ ფეთქავს ქართული სახელმწიფოს გული.
სააკაშვილის თვით–მპყრობელობისათვის სასიკვდილოა აგორა, ის საჯარო სივრცე, სადაც მისი უდიდებულესობა – ხალხია გამეფებული. პარლამენტის ქუთაისში გადატანით იგი სწორედ ამ საჯარო სივრცის მოსპობას ლამობს და მას სწორედ ქართული აგორას დასამარება სწადია. აგორას დასამარება ერი–სახელმწიფოს იდეას საბოლოოდ უთხრის ძირს და კორპორაციის ბატონობას სამარდჟამოდ ამკვიდრებს. საქართველოს მთავრ პროსპექტზე, რომელიც საქართველოს პოლიტიკური გულია, საქართველოს სახელმწიფო სეფე–დროშა არასდროს უნდა ფრიალებდეს – ამ ჟინის მოკვლა სწადია საკუთარი თვით–მპყრობელობით შეპყრობილ სააკაშვილს.
პარლამენტისა და საერთოდ, პარლამენტარიზმის ლიკვიდაციის პროცესის ნამდვილი მიზანი სააკაშვილის კორპორაციის მიერ დადგმული აბსურდით ინიღბება. ეს რეჟიმის ხელწერაა – ბატონობას იგი ერი–სახელმწიფოს ლიკვიდაცია–გაყიდვით კვებავს და ინარჩუნებს, ხოლო თავის გამყიდველ–ლიკვიდატორობას აბსურდის კვამლით ნიღბავს.
ეს კვამლი, საბედნიეროდ, იფანტება და ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოაშკარავებულია. ყველასთვის ცხადი ხდება, რომ კორპორაციას ერი–სახელმწიფოს ბოლომდე ლიკვიდაცია და ქართველი ხალხის ქონების სრულად მითვისება–გაყიდვა, ხოლო თითოეული ქართველი მოქალაქის, ზედმეტ ადამიანად, მიუსაფარ ბოგანო–მათხოვრად გადაქცევა სწადია. ლიკვიდატორ–გამყიდველთა სწორედ ეს დაუცხრომელი ჟინი არის პარლამენტის ქუთაისში გადატანის ნამდვილი კონტექსტიც და არა ვითომ დეცენტრალიზაცია ან ქუთაისის განვითარება. ვინ დაიცავს პარლამენტს და შეაჩერებს მათ?
მთავრობის სასახლე უნდა გახდეს ის ბოლო ლუკმა, რომელიც ლიკვიდატორ–გამყიდველებს ყელში გაეჩხირებათ. პარლამენტის მონელების საშუალება მათ აღარ უნდა მიეცეთ. ამ საარჩევნოდ საკითხი უკვე ასე დგას: ან ქართველი ხალხი, ან - ლიკვიდატორ–გამყიდველი კორპორაცია.
ლიკვიდატორ–გამყიდველთა კორპორაცია უნდა დამარცხდეს არჩევნებში და საბლოოდ – უნდა დაინგრეს. მხოლოს ასეა შესაძლებელი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ საერთოდ –ქართული სახელმწიფოს გადარჩენაც.
„ახლა მაინც გამოვიჩინოთ სამოქალაქო აქტივობა და წინ აღვუდგეთ ამ უმსგავსობას. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის აპარატის რამდენიმე თანამშრომელს, რომ პარლამენტის წინ გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია პარლამენტის შენობის აგურ-აგურ გაყიდვის გამო. თანამშრომლების ნაწილს ეშინია, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ, აპარატის თანამშრომლებს რომლებიც მიტინგზე იმყოფებოდნენ საკუთარი ფოტოები დაუდეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს უკანონობა იყო, მაგრამ, კანონი და სამართალი ნაციონალური მოძრაობისთვის არ არსებობს. ადრე ფასადურ დემოკრატიას მაინც აშენებდნენ, ახლა კი ყველაფერი თავზე დაიმხეს“. „პარლამენტის აპარატის არც ერთი თანამშრომელი რომელიმე პარტიის წევრი არ არის, მაგრამ მოქალაქეები ხომ არიან? ხომ შესტკივათ გული თუნდაც საკუთარ ოჯახებზე? როგორ შეიძლება გაჩუმდნენ მათთვის უმნიშვნელოვანეს დროს? - კითხულობს ქეთევან ტომარაძე.