გუშინწინ, საღამოს 10 საათზე, გამომცემლობა „სამშობლოსთან“ ექვსი დაუდგენელი პირი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს, ლაშა ნადარეიშვილს და მის კოლეგას დავით ოქროპირიძეს თავს დაესხა.
ბოროტმოქმედებმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს ნადარეიშვილს
„რეზონანსი“ დაუკავშირდა „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს და მომხდარ ფაქტზე კომენტარი სთხოვა.
„ბოროტმოქმედებს ჩემი ფიზიკური განადგურებით პრესის მუშაკთა დაშინება უნდოდათ. შესაძლებელია, ისინი რომელიმე საგაზეთო პუბლიკაციამ გააღიზიანა,“- ლაშა ნადარეიშვილის თქმით, ძნელია იმის მტკიცება, კონკრეტულად რომელმა წერილმა „გადააწყვეტინა“ ჯერ კიდევ გაურკვეველ ძალებს მასთან ფიზიკური ანგარიშსწორება.
საინტერესოა, რომ ბოროტმოქმედებები ფიზიკურად არ იცნობდნენ ნადარეიშვილს. თავდასხმისას მათ უმისამართოდ დაიძახეს - ბატონო ლაშა! „ასავალ-დასავალის“ რედაქტორმა მათკენ გაიხედა. ამით კი თავდამსხმელებმა იცნეს თავიანთი მსხვერპლი.
ისინი პირველად ოქროპირიძესთან მივიდნენ და პისტოლეტი თავში ჩაარტყეს. იარაღი მიწაზე დავარდა. ოქროპირიძე იარაღის აღებას შეეცადა, მაგრამ მას ბოროტმოქმედმა დაასწრო და ფეხი ჩაარტყა.
„თავდამსხმელები ჩემს ეზოში შეთრევას ცდილობდნენ, დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ მოვეკალი. მე არ დავნებდი. მართალია ქუჩაში გამვლელები ყურადღებას არ გვაქცევდნენ, მაგრამ, მათი შიშით ისინი მიიმალნენ“. - ნადარეიშვილმა ბოროტმოქმედების სახეები ვერ დაიმახსოვრა.
ელენე თევდორაძის თქმით, პრესის შესახებ მოქმედ კანონში არ არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რიგით ჟურნალისტთა უსაფრთხოებას, საუბარი არ არის რედაქტორებზე. იურისტ ექსპერტთა თქმით, კანონი ერთნაირად იცავს ჟურნალისტებს. (ისიც ადამიანია), სხვა პროფესიის ადამიანებს თუ „ჩინოსნებს“, უბედურება ის არის, რომ ის, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ერთნაირად არ ვცელდება.
რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტებზე დაწყებული აგრესია საქართველოსაც მოედო. როგორც ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საკითხთა მოწესრიგებასთან ერთად, ვერც ადამიანების უსაფრთხოების საკითხებს აგვარებს ნორმალურად. რა თქმა უნდა მასმედია დღევანდელი დღიდან შეეცდება თვალყური ადევნოს ამ ფაქტთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის პოლიციის მიერ დაწყებულ მოკვლევას.
როგორც პოლიციაში სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, მათ არაფერი გაუგიათ რედაქტორზე თავდასხმის შესახებ და საერთოდ, მათი ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ჩვენ შევიტყვეთ , რომ დაზარალებულებს ახსნა-განმარტება მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსმა ჯუმბურიამ ჩამოართვა.
რა თქმა უნდა, თუ ეს საქმე არ გაიხსნება, ხვალ განაწყენებულ რესპოდენტებს ჟურნალისტების მიმართ „შეიარაღებული ამხედრების“ უფრო დიდი იმედი მიეცემათ და მასმედიის წინააღმდეგ აგრესია შესამჩნევად გაიზრდება. მერე, დარეკავ პოლიციაში (ვისი იმედიც უნდა გქონდეს) და გეტყვიან, ჩვენ არაფერი ვიცით და არაფერი გაგვიგია. მართალია, ამჯერად პრეზიდენტის მიმართ ტერაქტი არ მოუწყვიათ, მაგრამ სამართალდამცავები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ, თუ ეს საქმე არ გაიხსნა, ქვეყანაში ჟურნალისტთა დევნა არანაკლებ დიდ დესტაბილიზაციას შექმნის, ვიდრე ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლის ფიზიკური განადგურება. თუ ძალოვნები ამ საქმეს ვერ გახსნიან, ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ თავდასხმა მათივე ინსპირირებულია.
სხვათა შორის, დაზარალებულებისადმი დიდი ყურადღება პოლიციელებს არ გამოუჩენიათ. ლაშა ნადარეიშვილი არ გამორიცხავს თავდასხმის გამეორებას, მის სამუშაო ოთახთან კი ერთი პოლიციელიც არ დაუყენებიათ.
„მე კი არა, პრეზიდენტს ვერ იცავენ ნორმალურად“, - ხუმრობს დაზარალებული რედაქტორი.
არსებობს ვერსია, რომ „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მასზე განაწყენებული ჩინოსნების შეკვეთით სცემეს.
ხსენებულ გაზეთში არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა წერილი მეძავზე, სადაც გაკრიტიკებულია პოლიცია. მას უმალ გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა თანამშრომლები. შესაძლებელია, თაცდასხმა რედაქტორზე ამის გაგრძელება იყო.