"ეს იყო ძალიან გულღია შეხვედრა ჩვენს სულიერ მამასთან, ძალიან ბრძენ კაცთან, რომელმაც ყველას შეგვახსენა, რომ მთავარია საქართველოს და მისი მთლიანობის ინტერესები"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რევანში და შურისძიება არ იქნება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ოპოზიცია უწმინდესის პოზიციას იზიარებს.

„ეს იყო ძალიან გულღია, გულწრფელი საუბარი ჩვენს სულიერ მამასთან, ძალიან ბრძენ და ძალიან გამოცდილ კაცთან, ვინც დაგვეთანხმა იმაში, რომ არჩევნები და საერთოდ პოლიტიკა უნდა იყოს კულტურული, ცივილიზებული ურთიერთობის სფერო. არ შეიძლება სიძულვილის, ცილისწამების ფრქვევა, როგორც ამას ადგილი აქვს დღეს ხელისუფლების მხრიდან.

ჩვენ ყველანი უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ დემოკრატიული არჩევნები იყოს რუტინული საქმე, ჩვეულებრივი ამბავი და ოპოზიციაში გადასვლა არ იყოს ტრაგედია არც ერთი ხელისუფლებისთვის. ხალხი ამ დროს იღებს მაქსიმუმს და მთავრობები არსებობენ ხალხისთვის.

როდესაც მეორეჯერ შეიცვლება ხელისუფლება, მესამედ შეიცვლება, ცხოვრება ყველასთავის გაუმჯობესდება. აღარ იქნება კორუფცია, ძალიან შესუსტდდება ყვცელა ის ნეგატიური მოვლენა, რაც ხალხს აწუხებს. პოლიტიკაში არავინ არ უნდა იყოს იმისთვის, რომ სასახლეები აიშენოს, ან ნარკოპლანტაციები მოიყვანოს. აქ საუბარია, იმაზე რომ საქართველო დღეს არის ისტორიული მომენტის წინაშე და მან უნდა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უმთავრესი, რომელიც მე პირადად განმაწყობს მშვიდი და თავდადებული ბრძოლისთვის.

ეს არის ის, რაც ჩვენ მოვუყევით პატრიარქს. მან, რა თქმა უნდა, დაგვლოცა და ყველას შეგვახსენა ის, რომ მთავარია საქართველოს ინტერესები, მისი მთლიანობის ინტერესები ასევე ის, რომ გამარჯვების შემდეგაც კი საერთო ენა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთთან და ეს სწორია. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება არანაირი რევანში, არანაირი შურისძიება არ იქნება. ჩვენ არ გვაქვს ამაზე დასაკარგი დრო,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.