ამერიკის შეიარაღებული შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი მეორედ იყო წინაპრების მიწაზე.
„მე აქ ორი დაუვიწყარი დღე გავატარე, - იტყვის შალიკაშვილი ვიზიტის დასასრულს, - მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ტურისტად ჩამოვალ და გაცილებით მეტ ხანს დავრჩები.“
მისი საქართველოში ჩამოსვლა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის ამოწურვას დაემთხვა. ეს ორი მოვლენა, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ უკავშირდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათაგან არც ერთი არ შეუსრულებია და საქართველო კონფლიქტში საერთაშორისო ძალების ჩართვას ცდილობს, მაშინ შალიკაშვილის ვიზიტი სხვა დატვირთვას იძენს.
ამერიკის არმიის გენერალი, რომელმაც თავის დროზე ბრწყინვალედ შეიმუშავა ცნობილი ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“, დღეს აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სამხედრო სწავლებები ჩატარდეს.
„პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან, თავდაცვის მინისტრთან ვარდიკო ნადიბაიძესთან და ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრები დამამახსოვრდა. - აღნიშნა შალიკაშვილმა, - მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საგვარეულო მამულებისა და ბაბუის საფლავის მონახულებამ მოახდინა. მე ფესვები საქართველოს ამ კუთხეში მაქვს...“
გუშინ კახეთში მალხაზ შალიკაშვილს 30 ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი ექვსი საათის მანძილზე ახლდა.
ვიზიტის პროგრამის ბოლო პუნქტი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით გამართულ საზეიმო სადილს ითვალისწინებდა.
დილიდან მშიერ ჟურნალისტებს საზეიმო სადილის დროს გარეთ დალოდება სთხოვეს. რამდენიმე კილომეტრის რადიუსით კი არც ერთი რესტორანი და სასადილო არ არის.
ფაქტობრივად, ორგანიზატორებმა ჟურნალისტებზე არ იზრუნეს და მშიერი დატოვეს.
ჟურნალისტებმა უყურადღებობის გამო პროტესტის ნიშნად შალიკაშვილი კახეთში გათვალისწინებულზე ერთი საათით ადრე მიატოვეს და თბილისში დაბრუნდნენ.
საქართველოში ამერიკის საელჩოს შენობაში გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციას კახეთში ნამყოფი 30 ჟურნალისტიდან მხოლოდ 10 დაესწრო.
მათ შალიკაშვილს სთხოვეს „ქართული მხარისთვის პოლიტიკურ და სამხედრო გამოცდილებასთან ერთად პრესასთან ცივილიზებული ურთიერთობის გამოცდილებაც“ გაეზიარებინა.