გუშინ, მოსაღამოებულს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ლეგენდარული ჯაზ-კვარტეტი „მანჰეთენ თრანსფერი“ ჩამოიყვანა.
დამხვდურთა შორის იყვნენ ამ ვიზიტის ორგანიზატორების: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „ისთერნ ფრომოუშენისა“ და ფესტივალ „საჩუქარის“ წარმომადგენლები.
იქვე შეამჩნევდით ჟურნალისტთა მოკრძალებულ ჯგუფს, რომლებიც საათნახევრის ლოდინის შემდეგ ამერიკელი მუსიკოსების წამიერი, შორეული ღიმილითა და მისალმებით დაჯილდოვდნენ.
კონტრაქტის თანახმად, მასმედიას ეკრძალებოდა ჯგუფთან მიახლოება, ხელით შეხება, აპარატების გადაჭარბებული ჩხაკუნი და რაკურსების თავისუფალი შერჩევა. ინტერვიუზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
ჟურნალისტებს ინსტრუქტაჟი ქცევის ნორმების თაობაზე, ეტიკეტის დაცვაზე სახელდახელოდ ჩაუტარდათ. ამასთან, მათ შეიტყვეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონცერტის მსვლელობისას. ფოტო თუ ვიდეოგადაღების რეგლამენტი ათი წუთით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა, ნათების გარეშე.
მეთერთმეტე წუთზე, დაცვა შესაბამის ღონეს იხმარს ურჩი ფოტოკორესპონდენტების “ასალაგმად“. სხვათა შორის, იგივე ეხება არააკრედიტებულ ფოტოხელოვნებსა და მოყვარულებსაც. ათი სანუკვარი წუთის გასვლის შემდეგ, თითოეულმა კორესპონდენტმა დარბაზი უნდა დატოვოს, აპარატურა ჩააბაროს და უკანმიბრუნებულმა მშვიდად მოუსმინოს ჯაზ-კვარტეტს.
როგორც ჩანს, „მანჰეთენ თრანსფერთან“ მისასვლელი გზები, მართლაც რთულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აკრედიტება პასპორტების ნომრებზე დაყრდნობით გაკეთდა, აკრედიტებულთა რიცხვი შეზღუდულია, ხოლო ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, დავრწმუნდით, რომ საქმე სერიოზულ, ნამდვილ ვარსკვლავებთან გვაქვს.
მათ „ვარსკვლავობას“ ასეთი ფაქტებიც ადასტურებს - წინასწარ შემოთვლილი მენიუ, საუკეთესო სასტუმრო (ასეთი „ვილა ბერიკა“ აღმოჩნდა), სადაც ჯგუფის გარდა,სხვა არავინ იცხოვრებს.
შემდეგ: ერთს უალკოჰოლო ლუდი (რომლის შოვნაც ორგანიზატორებს საკმაოდ გაუჭირდა), მეორეს - ვერცხლის დანა - ჩანგალი, მესამეს - ფაიფურის ყავის სერვიზი (ეს ყველაფერი კულისებში) და სხვა მსგავსი „უცნაურობები“, რაც ჩვენებურ „ვარსკვლავებს“ აზრადაც არ მოუვათ.
სანამ ჟურნალისტები ამგვარი ინფორმაციის გაცვლით იქცევდნენ თავს, აეროპორტის კიბეებზე სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი, ყვავილებით ხელდამშვენებული „მანჰეთენელები“ გამოჩნდნენ. გაისმა ტაში, მისალმებები. გაიოზ კანდელაკმა და რეზო ამაშუკელმა, მუსიკოსებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ჯაზ-კვარტეტი დუეტად ჩაჯდა გაკრიალებულ ლიმუზინებში და სასტუმროსკენ გაეშურა. აეროპორტის დაცვა და მასმედია ხელის ქნევით ემშვიდობებოდა მათ.
ფესტივალი „საჩუქარი“ 1 ოქტომბერს „მანჰეთენ თრანსფერის“ კონცერტით დაიხურა.