ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩანაწერების ომი“ - ალბათ, ასე შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც ბოლო პერიოდში ხდება.
ამ ჩანაწერების ომმა კიდევ ერთხელ დაყო ჩვენი საზოგადოება ორ ბანაკად. შესაბამისად, ჩანაწერებთან დამოკიდებულება გახდა იმის ინდიკატორი, თუ რომელ „მეინსტრიმს“ მიგაკუთვნებენ - სახელისუფლებოს თუ ოპოზიციურს, „კარგ ბიჭებს“ თუ „ცუდ ბიჭებს“ და ა.შ.
ამბობენ, რომ სიმარტივე სირთულის უმაღლესი ფორმა არისო და მოდით, ჩვენც მარტივად შევხედოთ ამ „ჩანაწერების ომს“, რომელიც არცთუ ურიგო პოლიტტექნოლოგების დადგმულია, მაგრამ სტილი იმდენად ტკივილამდე ნაცნობი, რომ მაშინვე მიხვდები, ვისი ნახელავია.
რა ვქნათ, ვერ ქაჩავს ამის იქით ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და პოლიტტექნოლოგებიც მას არგებენ თავიანთ პროდუქტს, რომელშიც დამკვეთი ფულს იხდის.
„ჩანაწერების ომმა“ საზოგადოებაში უნდა შექმნას განცდა, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები კანონებით კი არ იმართება, არამედ ე.წ. „გაგებებით“, რომ უკან მოტოვებული „90-იანი წლები ბრუნდება“ და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, მიმხვედრი მიხვდება. საზოგადოების კონდიციამდე მიყვანა უნდა მოხდეს არჩევნების დღემდე, რომ შემდეგ დაიწყოს მეორე ეტაპი - „კონდიციამდე“ მისული ხალხის სახლებიდან გარეთ გამორეკვა და მიტინგზე დაყენება - გავუშვათ „ცუდი ბიჭები“ და მოვიყვანოთ „კარგები“ სლოგანით.
ხომ ასე ხდებოდა 2003-შიც?!" - წერს ანჯაფარიძე.