„საჩუქარის“ თავს უცნაური ამბები ხდება

„საჩუქარის“ თავს უცნაური ამბები ხდება

ერთნი ამბობენ, რომ ქეთი დოლიძე მამისეული ბინის დაგირავებას აპირებს, მეორენი კი - „საჩუქარს“ მსახიობთა ხელფასების „ათვისებას“ სწამებენ

საერთაშორისო „საჩუქრები“ ჯერ სანახევროდაც არ არის დარიგებული, მაგრამ სკანდალური ამბები ფესტივალის შესახებ უკვე საინფორმაციო საშუალებების ყურს მისწვდა.

გუშინ, დღის პირველ ნახევარში სასოწარკვეთილმა ქეთი დოლიძემ ჟურნალისტებს ფინანსური შეჭირვების შესახებ აუწყა.

„ბილეთი პრაქტიკულად არ იყიდება. გააღებენ თეატრის კარს და ყველა მსურველს უშვებენ. მესმის, რომ  ყველას არ აქვს საშუალება ბილეთის ფული გადაიხადოს, მაგრამ უნდა გავიგოთ: სახელმწიფომ ფესტივალს 150 ათასი  გადმოურიცხა. არადა, ფული აღარ გვაქვს. შემოსავალი რაღაცით ხომ უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა დოლიძემ.

ფესტივალის დირექცია მიმართავს სპონსორებს, რომელთაც იკისრეს ფესტივალის დაფინანსება, მაგრამ დღემდე კაპიკი არ გადმოურიცხიათ. ბუკლეტი კი სავსეა ნაირგვარი ბანკებისა და ფირმების დასახელებით. თავის დროზე თითოეულ მათგანს 2-3 ათასი დოლარი უნდა გაეღო „საჩუქარის“ ორგანიზებისთვის, მაგრამ დღემდე ეს პირობა არ შეუსრულებიათ. სამაგიეროთ, დოლიძემ წინასწარ გადაუხადა მადლობა: „თიბისი“ ბანკს, „საქართველოს ავიახაზებს“, სასტუმრო  „შერატონ მეტეხი პალასს“, ქალაქის მერიას და რამდენიმე ორგანიზაციას.

შეპირებული 150 ათასი, რომელსაც სახელმწიფო ხაზინიდან „საჩუქარის“ კარიბჭემდე ვერა და ვერ მიაღწია, კვლავ ათასგვარი საუბრების საგანია.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, ქეთი დოლიძე მამისეული სახლის დაგირავებას აპირებს, რათა ფესტივალი არ შეჩერდეს. ეს არათეატრალური ამბები დღის პირველ ნახევარში განვითარდა.

მეორე ნახევარში კი საინფორმაციო საშუალებებმა სრულიად სხვა შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს: მარჯანიშვილისა და რუსთაველის მსახიობებმა ხელფასები ვერ მიიღეს იმის გამო, რომ სახელმწიფომ თანხები ფესტივალს გადაურიცხა. ამ ფაქტმა, როგორც ჩანს, მსახიობთა გაღიზიანება გამოიწვია.

ფესტივალის ორგანიზატორები კი ამ ფაქტს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მათ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის არაფერი „წაურთმევიათ“.

გუშინ რუსთაველის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ აღნიშნა, რომ თეატრი კატასტროფულ მდგომარეობაშია. სახელმწიფოს არ ძალუძს თუნდაც იმ 200 ათასი ლარის გადახდა, რომელსაც რისკის ზონაში მომუშავე მშენებლები ითხოვენ. იქვე ირიბად ითქვა, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში თანხის ხარჯვას სჯობდა, სახელმწიფოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი გადაერჩინა. შენობა ხომ ისტორიული მნიშვნელობისაა.

ეს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ბედს. ქეთი დოლიძის თქმით, „საჩუქარს“ უამრავი მტერი ჰყავს, თუმცა გაუგებარია, რატომ.

„პარლამენტის წევრებიდან დაწყებული და თეატრის მსახიობებით დამთავრებული, ყველა ბილეთს და ყურადღებას ითხოვს. ფესტივალზე ჩამოსულ უამრავ საპატივცემულო პიროვნებას კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს. არადა, ჩვენთან ჩამოვიდნენ უდიდესი თეატრალური ფესტივალების -  ედინბურგისა და ავინიონის დირექტორები თუ პროგრამების ხელმძღვანელები“, - აღნიშნა დოლიძემ.

ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ფესტივალის დირექციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც ბილეთები 10-15 ლარად შეაფასა. ამან უფრო დააფრთხო ისედაც ჯიბეგაცარიელებული თეატრალები, რომლებიც შარშანდელ ფესტივალზე 2 ლარს ძლივს იმეტებდნენ. თუმცა, ფესტივალის გახსნიდან დღემდე, დირექცია ითვალისწინებდა მაყურებლის მდგომარეობას და უფასოდ უშვებდა დარბაზში.

„საჩუქარის“ დირექციამ თხოვნით მიმართა მასმედიას, რომ თეატრალური სანახაობის მოყვარულებს ამცნოს: ხვალიდან ბილეთების ფასი ყველა წარმოდგენაზე ძირითადად 2-3 ლარი იქნება. თუმცა მოვლენენი ისე ვითარდება, რომ კაცმა არ იცის გაიმართება თუ არა სპექტაკლები საერთოდ, ან რა ბოლო ექნება „საჩუქარი-2“ -ის ირგვლივ ატეხილ ხმაურს.