ნამდვილად იყო საუბარი, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი - ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც არ არის მავნებლურ-სექტანტური სენით შეპყრობილი

ნამდვილად იყო საუბარი, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი - ეს უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც არ არის მავნებლურ-სექტანტური სენით შეპყრობილი

საუბარი იმის თაობაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, გუნდში ნამდვილად იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს საგანგებო მნიშვნელობის საკითხები ეხება, მაგრამ არ ეხება მთავრობისა და სამთავრობო სტრუქტურების მართვა, რაც ადრე იყო. დეპუტატის თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს პარტიამ გადაწყვეტილება, თუ რა უფრო მართებული იქნება - საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება თუ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა. 

“საუბარი იმის შესახებ, რომ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, გუნდში ნამდვილად იყო. ეს უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ესმის, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში და არ არის მავნებლურ-სექტანტური სენით შეპყრობილი, რაც “ნაციონალური მოძრაობას“ და სხვათა შორის, ახალ “ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს. ამ თემაზე დეტალური განხილვა არ იყო - ამის შესახებ მოსაზრება უბრალოდ გამოითქვა, თუმცა ითქვა მეორეც, რომ ეს არასწორია. საზოგადოებაშიც ასე არის აზრი გაყოფილი. პირადად მე მათ რიგებს განვეკუთვნები, ვინც საკითხის სიღრმისეულ განხილვამდე იცდის. გადაწყვეტილების გამოტანას არ ვიჩქარებ. პარტია “ქართულ ოცნებას“ გააჩნია ადგილობრივი მმართველობის სრული ბერკეტი, მაჟორიტართა სრული შემადგენლობა ყველა რაიონიდან, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ერთი პარტიის ხელში დიდი ბერკეტია, მეორეს მხრივ კი, ფაქტიურად ოპოზიცია არ არსებობს, არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ სექტას დაემსგავსა და რომელთა პოზიცია, აქტიობები მიმართულია მხოლოდ იქეთკენ, რომ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ. ეს მათ შორის ეხება საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას. ეს არის ფაქტორები, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია, რომ სტაბილურობისათვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს “ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი წამოვიდეს, რომელიც არ იქნება ქედმოხრილი, თავდახრილი ყველა საკითხზე და იქნება ზუსტად იმ ფასეულობების მიმდევარი, რის დამკვიდრებასაც “ქართული ოცნება“ ცდილობს - ეს არის დამოუკიდებელი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და კონსტიტუციის ზედმიწევნით დაცვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.