ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს. 

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სწორ პოზიციად აფასებს, თუმცა, ოპოზიციისთვის ამ თანამდებობის დათმობაში დიდ რისკებს ხედავს. დეპუტატის განმარტებით, რისკები მდგომარეობს იმაში, რომ დღეს საქართველოს კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე გავაჟღერე. ამ თანამდებობაზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილი მიმაჩნია. თუ ეს არა, მაშინ კარგი ვარიანტია ის, რაც თავად ბატონმა ბიძინამ შემოგვთავაზა - დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციისთვის ამ თანამდებობის დათმობას, ეს მაღალი დემოკრატიის მანიშნებელია, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დღეს ამის გაკეთება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები ქვეყნის სტაბილურობას ეხება. 

როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა განცხადა, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიცია არ არსებობს. ეს ყველამ კარგად ვიცით. დღეს ოპოზიციური აზრი გამოიხატება მხოლოდ ლანძღვა-გინებით და არა აკადემიური კრიტიკით ან კონკრეტულის შემოთავაზებით. ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა სიძულვილის ენით მოსაუბრე ოპოზიციას დავუთმოთ? ვფიქრობ, ამით საფრთხის წინაშე ვაყენებთ სახელმწიფოს სტაბილურობას“, -აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ საქართველოში როგორც ეკონომიკა, ასევე პოლიტიკური ინსტიტუციები ღარიბია, სრულიად ეთანხმება. 

„ამ პირობებში რამდენად გამართლებული იქნება მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ქმედება, როდესაც მოცემულობა ხელს არ გიწყობს?! ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკოსი, განურჩევლად პოზიციისა, სახელმწიფოს ინტერესებზე იზრუნებს. მაღალი დონის პოლიტიკის წარმოებას მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურა სჭირდება, რაც დღეს ნამდვილად დეფიციტია ქვეყანაში“, - განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.