ვერ მოგცემთ საშუალებას, რომ როდესაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწვეული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები კითხვებს ვერ პასუხობენ, თქვენ ამაში ჩაერიოთ და პასუხების გაცემაში დაეხმაროთ, - ამ განცხადებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.
“ნამდვილად არ მოგცემთ საშუალებას, რომ სიმართლის დადგენაში ასეთი ხრიკებით ჩაერიოთ. ძალიან თანაბარი წესების პირობებში, როდესაც კითხვებისათვის თანაბრად განსაზღვრული დრო გაქვთ, როდესაც არის საშუალება, რომ კითხვები მორიგეობით დაისვას, თქვენ მოგცეთ უფლება, რომ ჩვენს შეკითხვებში ჩაერიოთ. ამის უფლებას არ მოგცემთ! საზოგადოებამ განსაჯოს, რა არის ამ ყველაფერში გამაღიზიანებელი - სერგი კაპანაძის ტონი თუ პოლიციელის ტონი, რომელიც ატყუებს არა მხოლოდ კომისიას, არამედ მთელ საზოგადოებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ.
კომისიის სხდომაზე ეკა ბესელიამ კომისიის მუშაობა გააკრიტიკა და კოლეგები წესების უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ანალოგიური შინაარსის კრიტიკული განცხადებები “ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ საგამოძიებო კომისიაში - კომისია თავისი შინაარსით და კანონისადმი უპატივცემულობით ნელ-ნელა სანდოობას კარგავს, - მიმართა ბესელიამ “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.