თუ მთავრობამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, კრიზისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განმუხტავს

თუ მთავრობამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, კრიზისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განმუხტავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ, თუ მთავრობამ საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, კრიზისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განმუხტავს. დეპუტატი ფიქრობს, რომ უნდობლობის შემთხვევაში, უავტორიტეტო სტრუქტურები ქვეყანას ვერ გაუძღვებიან.

„დავაზუსტებ, რომ ჩემი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე არის დაკავშირებული მთავრობის ავტორიტეტთან. თუ მთავრობა შეძლებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ ეს რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტი იქნება, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ საზოგადოების ნდობის მოპოვებას, მაშინ შესაბამისად ორი უავტორიტეტო ორგანო, როგორიც არის პარლამენტი და მთავრობა, ამ ქვეყანას ვეღარ გაუძღვება. ასეთ დროს, საჭიროა კრიზისი განიმუხტოს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებებიც და ახალი მთავრობაც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი განმარტებით, ნდობის ინდიკატორი საზოგადოების განწყობა უნდა იყოს, რომელსაც ადვილად იგრძნობს ნებისმიერი მაჟორიტარი ამომრჩევლებთან კონტაქტისას. გარდა ამისა, ჭიჭინაძის აზრით, მოქალაქეთა განწყობა მმართველი გუნდის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოჩნდება.

რაც შეეხება მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმას, ჭიჭინაძე რეფორმების ამ ნაწილს მხარს უჭერს, თუმცა გადაწყვეტილებას უშუალოდ სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის შესახებ მოგვიანებით მიიღებს, კაბინეტის შემადგენლობისა და მინისტრობის კანდიდატების ხედვების შესაბამისად.