პოპ–პორტრეტები: ნოდი ჰოლდერი – მყვირალა, ჭყივანა და წივანა, მაგრამ დიდი მომღერალი...

პოპ–პორტრეტები: ნოდი ჰოლდერი – მყვირალა, ჭყივანა და წივანა, მაგრამ დიდი მომღერალი...

 

1970 წლისათვის როკ მუსიკა თითქოს საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ძირითადი მიმდინარეობებიც საუკეთესო ჯგუფებით „დაკომპლექტდა“.  „70-ელები” ახალ მუსიკალურ იდეებს იმპროვიზაციულობის სხვადასხვა დონეზე, შესანიშნავად უთანხმებდნენ ვირტუოზულ დაკვრას.

ღრმააზროვანი როკის ძირითადი მიდგომა ბლიუზურ საფუძველს ეყრდნობოდა, ხოლო მისი მოკლების შემთხვევაში კი მაშინათვე ვლინდებოდა როგორც ტრადიციული კლასიკური მუსიკის ძირები, ასევე სტრავინსკისეული შემოქმედებითი მიდგომა, ვის ზეგავლენაზეც უსაუბრია მრავალ მუსიკოსს ფრენკ ზაპათი დაწყებულს, როჯერ გლოვერით დამთავრებულს.

მაგრამ ჰენდრიქსის მერე, თურმე დარჩენილა სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც მომავალში ე.წ. გლემ როკი შეეცადა. ამ მარტივ და ერთი შეხედვით უპრეტენზიო და პრიმიტიულ მიმდინარეობას კი დევიდ ბოუისა და მარკ ბოლანის თაოსნობით, თურმე  ბრიტანეთის მომავალი ჰიტ პარადი უნდა წარედგინა მუსიკალური სამყაროს წინაშე.

თავად განსაჯეთ; ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში შექმნილ Slade–ს, თურმე Rolling Stones-ის, Led Zeppelin–ისა და Deep Purple-ს მწვერვალზე ყოფნისას, ჩარტებში ერთდროულად სამი სიმღერა უნდა ჰქონოდა, სხვადასხვა დროს ექვსი პირველადგილოსანი ჰიტი შეექმნა და დაშლილიყო იმის გამო, რომ მომღერალს, სამწუხაროდ ხმა დაუჯდა და ვეღარ მღერის...

ჩვენ ვიცნობთ ელვისს, ვიცნობთ ჯონ ლენონს, მიკ ჯაგერს, როჯერ დოლტრის, იან გილანს, რობერტ პლანტს, როდ სტიუარდს, რონი დიოს, ოზის, დევიდ კოვერდეილს, მაგრამ ვინ არის ნოდი ჰოლდერი? საიდან ასეთი მძლავრი, შეიძლება ტემბრის მხრივ ბევრისთვის მიუღებელი, მაგრამ გულგრილად მაინც რომ ვერ დარჩები, ისეთი სიმღერის სტილი?

როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი დიდი როკ მომღერლების საკონცერტო შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნებისმიერ მათგანს ვუნახავთ შედარებით სუსტად ნამღერ კონცერტს ან თუნდაც მცირეოდენ ფრაგმენტს ამა თუ იმ კონცერტიდან. აი ჰოლდერის შემთხვევაში კი ცოტა დაფიქრება მოგვიწევს. ლაივ ალბომს თავი რომც დავანებოთ და მაგალითად 1972 წელს ჩაწერილ სტუდიურ ალბომ Slayed?–ს მივაშუროთ, პირველივე სიმღერა – How Do You Ride გაგვაოცებს ზღვა ენერგეტიკითა და მომღერლის მიერ თითქოს სრულად დაპყრობილი საუნდით, რასაც ვერანაირი ხმის ჩამწერი ტექნიკა ვერ უზრუნველყოფს ვერც დღეს, ვერც მითუმეტეს 40 წლის წინათ. ჰოლდერი ჭყივის, ჰოლდერი წივის, ჰოლდერი ჯღავის, ჰოლდერი ხავის, მაგრამ რაც მთავარია ჰოლდერი მღერის...

უცნაურია, მაგრამ იგი ჩინებული მელოდისტია. ლამაზი სიმღერების შექმნაში მას ყოველთვის ხელს უწყობდა Slade–ს ზოგჯერ ვიოლინოზე და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი,  ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი როკ ბას გიტარისტი ჯიმ ლი. სამწუხაროდ მისი სახელიც ქართველი როკ მუსიკის მოყვარულთათვის ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი Do The Dirty-ში ამ მუსიკოსის დაკვრა სრულიად საკმარისია მისი მაგალითად The Who–ს ჯონ ენტუაისტლის დონეზე დასაყენებლად.

ტანდემმა ალბომ Slayed?–ში ზემოთხსენებული გახსნითი როკ’ნ’როლის გარდა, Look At Last Night და ბრიტანული ჩარტების შესაბამისად მეორეადგილოსანი Gudbuy T'Jane და გამარჯვებული Mama Weer All Crazee Now წარმოადგინა. ჟურნალ New Musical Express-მა კი Slayed? ბრიტანეთის ყველა დროის უდიდეს როკ’ნ’როლ ალბომად შერაცხა. ნოდი ჰოლდერი აქ და ნებისმიერ სხვა ალბომში ჯგუფის ჭეშმარიტი ლიდერია, რადგან Slade –ს პერიოდის როკ ჯგუფებში, მაგ. Queen–ში ფრედი მერკურის ბრაიან მეი ეხმაურებოდა, UFO-ში ფილ მუგს მაიკლ შენკერი. აქ კი, ჰოლდერის გარეშე Slade უბრალოდ რომ ვერ იარსებებდა, ეს გასული საუკუნის 90–ების ექსპერიმენტმა დაგვანახა, როდესაც კოლექტივში სხვა მომღერალი გამოჩნდა.

ნოდი ჰოლდერის მჭექარე ხმის შესახებ ბრიტანულმა როკ საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1966 წელს შეიტყო, როდესაც იგი დრამერ დონ პაუელთან, სოლო და ბას გიტარისტ დეივ ჰილთან და კლავიშებზე შემსრულებელ და ვიოლინისტ ჯიმ ლისთან ერთად ცოტა ხანში Slade –ად ქცეულ ჯგუფში აღმოჩნდა და ტრადიციული როკ’ნ’როლის ვოკალურ გადმოცემას საოცრად შეუპოვრად და უკომპრომისოდ შეუდგა. მალე Steppenwolf–ის Born To Be Wild-ის ქავერიც გამოჩნდა და თითქოს ყველაფერი მზად იყო 70–იანი წლების როკ’ნ’როლ სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად. თანაც ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შემდეგ, სახელოვანმა პროდიუსერმა ბრაინ ჩაზ

ჩენდლერმა მზერა სწორედ ამ კოლექტივზე შეაჩერა. ამ უკანასკნელს კი  ბევრი რომ არაფერი შეშლია, Jimi Hendrix Experience–ს მაგალითიდანაც ვიცით.

გასული საუკუნის 70–ების დასაწყისი Slade –მა მხოლოდ წარმატებებს დაუკავშირა. ჯგუფს გამოუჩნდა თაყვანისმცემელთა უდიდესი რაოდენობა, ვისაც ეზარებოდა King Crimson–ისა და Black Sabbath-ის მოსმენა, ეძინებოდა ერიკ კლაპტონზე და არც Slade –ის გლემ როკ კონკურენტ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლობა იზიდავდა. მარკ ბოლანის უდიდესი პოპულარობის მიუხედავად, ნოდი ჰოლდერის იმიჯი, რომელიც თავისი ბაკენბარდებით ინგლისელ მეზღვაურს უფრო წააგავდა, გაცილებით მისაღები უნდა ყოფილიყო უიკენდზე სტადიონებიდან მომავალი შეზარხოშებული ინგლისელი გულშემატკივრისათვის, ვიდრე ვთქვათ პრანჭია დევიდ ბოუისა, რომელმაც აღარ იცოდა სცენიდან როგორ მოეხიბლა პუბლიკა საკუთარი სილამაზით...

Slade –ის საკმაოდ მოხულიგნო იმიჯმა და გლემ როკ კოლექტივთათვის დამახასიათებელმა ექსტრავაგანტულმა ჩაცმულობამ, 70–ების მეორე ნახევარშიც შესანიშნავად იმუშავა, რადგან თუნდაც Sex Pistols, ნოდი ჰოლდერის ტიპაჟს დაჩრდილვით ვერ დაემუქრებოდა. ჰოლდერს ხომ ეს ყველაფერი ისედაც განვლილი ჰქონდა და თვითმიზნად მაინცდამაინც არასოდეს  ჰქცევია საკუთარი თავის ამრევად წარმოჩენა. მას ეს ბუნებრივადაც კარგად გამოსდიოდა.

უცნაურია, მაგრამ ჯგუფს პოპულარობა არც პოსტ პანკურ ერაში დაუკარგავს და 1981 წლიდან მოყოლებული, Slade პრაქტიკულად კლასიკ როკ ბენდად ჩამოყალიბდა, როგორც სტაბილური ხელწერიდან, ასევე ოდნავ შესამჩნევი დაღვინებიდან გამომდინარე, რამაც დაამშვენა კიდევაც კოლექტივის როკ’ნ’როლური ხელწერა. სიმღერებს უკვე მხოლოდ ჰოლდერ–ლის ტანდემი ჰქმნიდა. მათი ნამოქმედარის მრავალფეროვნების სპექტრის შესახებ კი თუნდაც 4 სხვადასხვა ალბომში შეყვანილი ისეთი სიმღერები მეტყველებს, როგორიცაა Rock’n’Roll Preacher, My Oh My, Myzsterious Mizster Jones, Ooh Lala In L.A… პირველი შესანიშნავი როკ’ნ’როლია, რომელიც ამ ჟანრის უკვდავებაზე მეტყველებს შემაკავშირებელი ხიდის სახით რიჩი ბლეკმორის Rainbow–ს Long Live Rock’n’Roll–სა და Twisted Sister-ის You Can’t Stop Rock’n’Roll–ს შორის. My Oh My ულამაზესი როკ ბალადაა ნოდი ჰოლდერის მჭექარე და უცნაურია, მაგრამ იმავდროულად ბავშვური და თბილი ხმით, Myzsterious Mizster Jones 70–ების Slade–თან გვაახლოვებს, ხოლო Ooh Lala In L.A კი თითქოს Slade–ის ბედნიერი, მაგრამ მაინც სევდიანი დასასრულისკენ მიგვანიშნებს. ნოდი ჰოლდერი ხომ 1991 წლიდან მხოლოდ ეპიზოდურად თუ გამოჩენილა ჯგუფთან ერთად სცენაზე. როგორც ჩანს, თავმოყვარე მომღერალმა მრავალი სხვა როკ მომღერლისაგან განსხვავებით, გადაწყვიტა, რომ თაყვანისმცემლებს საუკეთესო ფორმაში დამშვიდობებოდა.

ნოდი ჰოლდერს ხშირად იწვევენ ხოლმე სცენაზე სხვადასხვა ტიპის დაჯილდოებების ცერემონიალებზე. Slade –ის სახელოვან მომღერალს ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, ხშირად იხსენებს მუსიკალურ წარსულს და განიცდის საყვარელ საფეხბურთო კლუბ „ვულვერჰემპტონ უონდერერსის“ არადამაჯერებელ გამოსვლებს ინგლისის პრემიერლიგაში.