კობა ნარჩემაშვილი: ვითარებამ დაგვანახა, რომ გამომძიებლების კვალიფიკაცია დღესაც დაბალია

კობა ნარჩემაშვილი: ვითარებამ დაგვანახა, რომ გამომძიებლების კვალიფიკაცია დღესაც დაბალია

ფაქტია, რომ დღევანდელი სახით საგამოძიებო სამსახურების და შესაბამისად, მთელი სამართალწარმოების შენარჩუნება სათანადო შედეგებს არ იძლევა და გამოძიების რეფორმირება აუცილებელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კობა ნარჩემაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ საგამოძიებო სამსახურების რეფორმა სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს. 

ამასთან, კობა ნარჩემაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებული სამარრთალწარმოების პროცესებზე ისაუბრა. 

„სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალურად პოლიტიზირებამ და რეპრესიულობამ ცხრა წლის განმავლობაში უკიდეურესად ნეგატიურად იმოქმედა გამომძიებლების კვალიფიკაციაზე. გამოძიების სტადიაზე სამართალწარმოების პროცესის ზერელობა და ზედაპირულობა მემკვიდრეობად ერგო ახალ ხელისუფლებას და გამოძიების ჩამტარებელ ორგანოებს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო. ასეთ ვითარებში სასამართლოებმა, რომლებიც ახალი ხელისუფლების დროს გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან, აპელირება დაიწყეს გამოძიების დაბალ ხარისხზე, მტკიცებულებების არარსებობასა ან არასაკმარისობაზე. შედეგად მივიღეთ მრავალი გამამართლებელი განაჩენი და მართლმსაჯულებას თავდაღწეული ბევრი სისტემური ბოროტმოქმედი. ფორმალურად გარკვეულწილად, მოსამართლეები მართლებიც იყვნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მათი გადაწყვეტილებები ემთხვეოდა ან დღესაც ემთხვევა მათ პოლიოტიკურ სიმპათიებს. ვითარებამ დაგვანახა, რომ გამომძიებლების კვალიფიკაცია დღესაც დაბალია. ფაქტია, რომ დღევანდელი სახით საგამოძიებო სამსახურების და შესაბამისად, მთელი სამართალწარმოების შენარჩუნება არ იძლევა სათანადო შედეგებს და გამოძიების რეფორმირება აუცილებელია“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, საფუძველი უნდა დაედოს ახალი ტიპის ერთიანი საგამოძიებო სამსახურის შექმნას. 

„რა თქმა უნდა, საზღვარგარეთის ქვეყნების მოდელების გადმოღება მთლიანად არ უნდა მოხდეს, რადგან გამოძიება სერიოზული საქმეა და მისი რეფორმირების დროს საკუთარი გამოცდილებისა და ტრადიციების უგულებელყოფა დაუშვებელია. ჩემი აზრით, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა რაც სამართლაწარმოების, საბოლოო ჯამში, კი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი პირობაა, უნდა დაედოს საფუძვლად ახალი ტიპის ერთიანი საგამოძიებო სამსახურის შექმნას, რომელიც გამოიძიებს სხვადასხვა კატეგორიის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე საქმეებს. აღნიშნული სამსახურის უმთავრესი მიღწევა იქნება გამოძიების სპეციალიზაციის მაღალი დონე, რაც ფართოდ არის დამკვიდრებული წამყვან ცივილიზებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა.