საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი UNICEF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევას ეხებოდა.
„იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე“, - განაცხადა კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა ესაუბრათ.