ოპოზიციური პარტიების ნაწილის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მთავარი სლოგანია "ნუ მომკლავ". ასევე, ორგანიზატორთა გზავნილია შეიცვალოს სისტემა და დაისაჯონ სისტემის დამნაშავე პირები.
ამჟამად აქციაზე სიტყვით გამოდიან რიგითი მონაწილეები. საპროტესტო აქციაზე იმყოფება ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
აქციას ცოტა ხნის წინ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები და შვილმოკლული მშობლები შეუერთდნენ.
საპროტესტო აქცია 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ერთი საათით გვიან დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამის მიზეზი რეგიონებიდან მომავალი ხალხია, რომელთაც თბილიში ჩამოსვლა დააგვიანდათ. რეგიონებიდან დედაქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მხარდამჭერები და თანამოაზრეები მიკროავტობუსებით მოდიან.