ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, მამასახლისოვის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3500 მ2 ფართობზე დაიგება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.
გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ნუცუბიძის III მ/რ-ში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ. ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო, რაზეც 110 000 ლარი დაიხარჯა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში კი, ნუცუბიძის III მ/რ-ის მე-16 კორპუსში ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა.
გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე დამცავი კედელი აშენდა და შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.
დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.