მთავარი ის არ არის, რომ მირზა სუბელიანმა არ შეატყობინა შესაბამის სამსახურებს დანაშაულის შესახებ - მთავარია ის, თუ რა გავლენა მოახდინა მან გამოძიების მსვლელობაზე, - ამის შესახებ სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის დაკავებას. ადვოკატის განმარტებით, სუბელიანის ქმედებაში გაცილებით მეტი დანაშაული შეინიშნება, რაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ საგამოძიებო ორგანოებმა.
"გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - რა ფორმით და როგორ მოახდინა მირზა სუბელიანმა გავლენა გამოძიებაზე. დანაშაულის ნიშნები ამ კუთხით სავარაუდოდ, იკვეთება და ძიებაც ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ დაკავებულია მირზა სუბელიანი, თუმცა მთავარი არ არის, რომ მან დანაშაული არ შეატყობინა. რა იყო მისი ძირითადი დაინტერესება? მხოლოდ ის, რომ მისი შვილის კლასელი დაეფარა? ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და შემდეგ მივალთ იქამდე, თუ ვინ არის მკვლელი, რომელიც დღემდე დაფარულია. გვყავს გარდაცლილი, რომელსაც 12 ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩვენ გვაქვს საქმე მოზარდებს შორის ისეთ სასტიკ მკვლელობასთან, როდესაც რამდენიმე ბავშვი ერთ ბავშვს აყენებს ჭრილობებს და დაფარულია მკვლელი. საგამოძიებო ორგანოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, გაარკვიოს რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს", - განაცხადა ლონდარიძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.