მოვისმინეთ კონკრეტული შეფასებები, რაც ჰქონდა სახალხო დამცველს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ და რეგულარულად ითანამშრომლებენ. "ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მალე დაიწყოს საქმიანობა. პირველი სხდომა ხვალ გვექნება, მაგრამ მანამდე ჩვენ მაქსიმალურად ვხვდებით ყველა იმ პირს, რომელიც შეიძლება იყოს დაინტერესებული ან ჩართული ამ პროცესში.
შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ მჭიდროდ და რეგულარულად. დღეს ასევე მოვისმინეთ კონკრეტული შეფასებები, რაც ჰქონდა სახალხო დამცველს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს მჭიდრო თანამშრომლობა საგამოძიებო კომისიასა და სახალხო დამცველს შორის," -განაცხადა სერგი კაპანაძემ