თუკი ვინმე ცდილობდა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ეს იყო „დიფ სთეითი“. დღეს, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს

თუკი ვინმე ცდილობდა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ეს იყო „დიფ სთეითი“. დღეს, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაქტებზე დაყრდნობით გაეცეს პასუხი თითოეულ ცრუ ბრალდებას, რომელიც ე.წ. „მეგობარ აქტშია“ წარმოდგენილი. „მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს ფაქტები და საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იმ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული  ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ გამოქვეყნდა. 

„კერძოდ, საქართველოში 2012 წლის შემდეგ:

-მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;

-ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და ათჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო და რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის აღიარებული და დადასტურებული; 

-აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 25-ე ადგილს იკავებს;

-ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო პლურალიზმის უმაღლესი ხარისხით, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული. მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, საქართველოს შეუძლია მაგალითი მისცეს აშშ-ს და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაშიც მედია, პრინციპულად, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლდება და იმართება;
-ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე „დიფ სთეითის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის სრულ პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარებოდა. ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი ჩინოსნების, NGO-ებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსში“ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს. „დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრის“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროპაში მე-9 ადგილს იკავებს. სამჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ საჩივრების რაოდენობა. ამის საპირისპიროდ, საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე, ხოლო მოგვიანებით, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო, მას ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოგვიანებით ქართველი მოსამართლის ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;

-საქართველოს აქვს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის „კორუფციის არარსებობის ინდექსში“ კი, საქართველო მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში მე-18 ადგილზეა;

-საქართველოში ტარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიფ სთეითს“ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია, ორივე საპარლამენტო არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ რაიმე არსებითი დარღვევის შესახებ ვერავინ ვერავითარი ფაქტი და მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით ჩატარდა, რომლის შემდგომი აუდიტიც, ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. აღნიშნულის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველზე შეინარჩუნა, რასაც „დიფ სთეითმა“ მწვანე შუქი აუნთო;

-სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა. საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი შეკრების უფლება. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლებამ ისე შეძლო მოეგერიებინა კონსტიტუციური წყობილების დამხობის უკიდურესად ძალადობრივი ხუთდღიანი მცდელობა, რომ შეკრებების დაშლისას, არცერთი მომიტინგის ჯანმრთელობას რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დამჩნევია, მაშინ როცა მოძალადეთა ქმედებით ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანების ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს. შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი ისტორიის მანძილზე, სავარაუდოდ, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა“-აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ  2020 წლიდან დღემდე „დიფ სთეითი“ ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულებები საჯარო წყაროებშიც მრავლად მოიპოვება.

„თუკი ვინმე ცდილობდა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ეს იყო „დიფ სთეითი“ და მისი ინსტიტუციები. აღსანიშნავია, რომ 2023-24 წლებში საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი ვითარდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გარშემო, რომლებიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობას და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამასთან, 2020 წლიდან დღემდე „დიფ სთეითი“ ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულებები საჯარო წყაროებშიც მრავლად მოიპოვება.
ყველა ეს ფაქტი არა მხოლოდ უტყუარად ადასტურებს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, რომელიც საქართველომ 2012 წლის შემდეგ განიცადა, არამედ იმის დასტურიცაა, რომ დღეს საქართველო, თავისი არსით, არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.“-წერია განცხადებაში.