ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატი გამოეხმაურა სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას და აღნიშნა, რომ სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე, ამიტომ მათ მიერ აღიარება, რუსეთის ინტერესებშია.
„სირია რუსეთზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება. ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელოდებიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. ასე რომ, ეს შესაძლებელია. სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს. მათ არ სურთ დაუშვან პრეცედენტი, როცა ერთ შემთხვევაში აღიარებენ და მეორე შემთხვევაში მოუწევთ იმის ახსნა, თუ რატომ არ მოქმედებენ თანმიმდევრულად. ეს შეეხება ირანსაც, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს აერთიანებს“, - განაცხადა დიპლომატმა.