წინასწარი ინფორმაციით, 17-კაციან საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

წინასწარი ინფორმაციით, 17-კაციან საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე წინასწარი კონსულტაციების თანახმად, 17-კაციან კომისიაში უმრავლესობა 5 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “ქართული ოცნებიდან“ კომისიაში შევლენ: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, მამუკა მდინარაძე. უმრავლესობაში კონსულტაციები კიდევ ერთი წევრის შერჩევის საკითხზე მიმდინარეობს. 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს კომისიაში შესვლაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებისთვის“ ერთის ნაცვლად, შეთავაზებულია ორი ადგილი, ხოლო კიდევ ერთი ადგილი განსაზღვრულია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი კომისიაში არც ეს სუბიექტები შევლენ და თავისუფალი ადგილი დარჩება, მას “ქართული ოცნება“ შეავსებს. 

კონსულტაციები კომისიის დაკომპლექტების საკითხზე 16:00 საათმდე გაგრძელდება. 

როგორც ცნობილია, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 17-კაციან კომისიაში 9 ადგილი “ევროპული საქართველოს” წევრებს ექნება.

უმცირესობა საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.