ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს

ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვდრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე რჩება.

„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა ჩამოიშალოს“, – განაცხადა მან.

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას ვადა 10 ივნისამდე აქვს.

„აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი; ვინც დანაშაული ჩაიდინა; რომელმა გამომძიებელმა, რა დანაშაული ჩაიდინა; რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა;  ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს; ვინ მფარველობდა გენპროკურორს და აბსოლუტურად ყველაფერი“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ის დააკვირდება 10 დღის განმავლობაში რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, თუმცა ამის პარალელურად აქციები კვლავ გაგრძელდება.

„შევხედავ  კონკრეტულ ნაბიჯებს 10 დღის განმავლობაში. იგივე პოზიცია მაქვს, მე არც სახლში ვაპირებ წასვლას, იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც და იგივე პოზიცია მაქვს ბოლომდე.

აქციები გაგრძელდება რა თქმა უნდა, აქციები პარალელურად გაგრძელდება“, – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან,  მისი თქმით, პრემიერმა უთხრა, რომ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,  გადადგება თუ არა.

„საბოლოო სიტყვა ის მითხრა, მე გადავდგები თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით,  10 რიცხვამდე თუ  კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, აქედანვე მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს“, – განაცხადა სარალძემ.